
2009 წლის 30 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ მედიის წარმომადგენლებისთვის გამართულ პრესკონფერენციაზე გაწეული სამუშაოების შესახებ ისაუბრა. შეხვედრას ტელე-რადიო და ბეჭდური მედიის 50-მდე წარმომადგენელი ესწრებოდა.
როგორც კონსტანტინე კუბლაშვილმა წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, 2009 წელს სასამართლო რეფორმის დიდი ნაწილი, ორი მესამედი დასრულდა და სასამართლოებში ახალი სისტემა მოქმედებს.
"მოსამართლეთა შერჩევისა და დანიშვნის ახალი წესის ამოქმედება, მარტივი, ყველასათვის ხელმისაწვდომი და გასაგები სასამართლო სისტემის შექმნა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეფორმირება და სასამართლოების თანამედროვე დონეზე აღჭურვა _ ეს ის ძირითადი მიმართულებებია, სადაც რეფორმა დასრულებულად შეიძლება ჩაითვალოს", _ განაცხადა პრესკონფერენციაზე კონსტანტინე კუბლაშვილმა.
მისივე თქმით, რეფორმის ფარგლებში გატარებული ღონისძიებების შედეგად, სასამართლოებში საქმის წარმოება უფრო სწრაფი, ეფექტური და ხელმისაწვდომი გახდა. ჩატარებული კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ საქმეთა განხილვის ვადების მიხედვით, საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი პირველია.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის განცხადებით, სასამართლოებში მოწესრიგდა საზოგადოებასთან და პრესასთან კომუნიკაცია. ამოქმედდა სპიკერ- მოსამართლეების ინსტიტუტი, რომელიც გამართულად მუშაობს.
უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ 2010 წელს დაგეგმილ რეფორმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათგან ძირითადია მოსამართლეთა უვადო დანიშვნა, რომელიც კონსტიტუციაში აისახება, 2010 წლის 1 ოქტომბერს ამოქმედდება ახალი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი და შემოვა ნაფიცი მსაჯულების ინსტიტუტი.
მომავალ წელს რეფორმის პრიორიტეტი ასევე იქნება თანამედროვე აპარატურით სასამართლოების აღჭურვა და სასამართლოების ერთიან ელექტრონულ ქსელში ჩართვა. უკვე განხორციელებული და მომავალ წელს დაგეგმილი ღონისძიებები კიდევ უფრო შეუწყობს ხელს მართლმსაჯულების ხარისხის ამაღლებას და აქედან გამომდინარე, მოქალაქეებისთვის სასამართლოებთან ურთიერთობის უფრო მოხერხებულ და სწრაფ კომუნიკაციას.
პრესკონფერენციის შემდეგ ჟურნალისტებისთვის გაიმართა საახალწლო მიღება. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის სახელით ჟურნალისტებს საახალწლოდ სიმბოლური საჩუქრებიც გადაეცათ.