
3 თებერვალს უზენაეს სასამართლოს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები ესტუმრნენ. შეხვედრა ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ინიციატივით მოეწყო და დევნილ ბავშვებს უზენაეს სასამართლოში მინისტრი კობა სუბელიანიც ახლდა თან.
ბავშვებმა დაათვალიერეს უზენაესი სასამართლოს ისტორიული შენობა, ნახეს ისტორიული დარბაზი, პლენუმისა და დიდი პალატის დარბაზები. ასევე დაათვალიერეს ის საკნები, სადაც პატიმრებს პროცესის დაწყებამდე რამდენიმე საათი უწევთ ყოფნა.
თითქმის საათ-ნახევრის მანძილზე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე და ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი პასუხობდნენ ბავშვების შეკითხვებს.
`მსგავსი შეხვედრები ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენთვის და ყოველთვის მზად ვართ, მომავალ თაობას მოვუსმინოთ და გავიგოთ, თუ რა აინტერესებთ მათ. მე იმედი მაქვს, რომ თქვენ ძალიან მალე დაბრუნდებით თქვენს მშობლიურ მხარეში და იქ გააგრძელებთ სწავლას. მომავალში კი შესაძლოა რომელიმე თქვენგანი უკვე მოსამართლეც გახდეს და მოღვაწეობა უკვე გამთლიანებულ და გაერთიანებულ საქართველოში გააგრძელოთ.~ აღნიშნა ბავშვებთან შეხვედრისას კონსტანტინე კუბლაშვილმა.
შეხვედრის დასასრულს ბავშვებს სამახსოვრო საჩუქრები დაურიგდათ. ყველა მათგანს სპეციალურად სასკოლო ასაკის მოზარდებისთვის განკუთვნილი სასამართლოს მიერ მომზადებული ბროშურა `ბავშვი და სამართალი~ გადაეცა.