
ქართველი მოსამართლეები პროცესებს ჰარვარდის სკოლის კონცეფციის მიხედვით წარმართავენ. წიგნი, რომელიც უზენაესმა სასამართლომ მოამზადა, მხარეებთან მოსამართლის ურთიერთობის სტანდარტებს ადგენს.
როგორ უნდა ესაუბროს მოსამართლე პროცესის მონაწილეს, რომელიც საკუთარ პოზიციას ნათლად ვერ აყალიბებს, ან როცა პიროვნება პროცესზე საკუთარი პრობლემებით გაღიზიანებული და მოწინააღმდეგე მხარეზე გაბრაზებულია. როგორია მორიგების ფსიქოლოგიური ასპექტები. ამ და სხვა ბევრი საინტერესო რჩევის მიღება დაინტერესებულ პირებს სწორედ ამ სახელმძღვანელოს მეშვეობით შეუძლიათ.
წიგნის ძირითადი ნაწილი მოსამართლის მიერ დარბაზის მართვის პროფესიულ სტანდარტს ადგენს. აქამდე მოსამართლის მთავარ ცოდნად მიჩნეული იყო მხოლოდ დავის იურიდიული საკითხების გადაწყვეტა. მოსამართლე კი რომელსაც ემოციებით დატვირთული პროცესების მართვა უწევს, მარტო იურიდიული საკითხების ცოდნით მხარეებთან წარმატებული ურთიერთობის დამყარებას ვერ უზრუნველყოფს.
მხარეებმა თავი დაჩაგრულად და დამცირებულად რომ არ იგრძნონ და თითოეულ მათგანს შესაძლებლობა რომ მიეცეთ, სრულად და გასაგებად აღწერონ თავიანთი პრობლემები და ინტერესები, მათი პოზიციები სწორად რომ იქნას აღქმული პროცესის მონაწილეებისა და სასამართლოს მიერ ამ ყველაფრის შესახებ სწორედ სახელმძღვანელოშია მოთხრობილი.
კომუნიკაციური სტანდარტები ქართული და უცხოური გამოცდილების შეჯერების შედეგად შეიქმნა. მასში ჰარვარდის იურიდიული სკოლის კონცეფციაა გამოყენებული. ეს კონცეფცია მხარეთა შორის მორიგების პროფესიულ სტანდარტებს ადგენს. აღნიშნული კონცეფცია წარმატებულად იქნა გამოყენებული 1979 წელს ეგვიპტესა და ისრაელს შორის წარმოებული მოლაპარაკებებისას, სადაც მომრიგებლის როლს ამერიკის შეერთებული შტატები ასრულებდა.
მოსამართლეებისთვის განკუთვნილი წიგნი სწორედ მხარეებს შორის მორიგების წარმატებულად წარმართვას, პროცესებზე მხარეების პოზიციების გასაგებად წარმოჩენას, თანამედროვე კომუნიკაციური უნარ-ჩვევების გამოყენებას და საერთო ჯამში სასამართლო პროცესების სწრაფად და ეფექტურად დასრულებას შეუწყობს ხელს.