
2 მარტს კონსტანტინე კუბლაშვილმა უზენაეს სასამართლოში სტაჟირება გავლილ იურისტებს სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოს ბევრ სასამართლოში სტაჟირებას ათეულობით იურისტი გადის. სამი წლის წინ კი ეს ტრადიცია პირველად უზენაეს სასამართლოში დამკვიდრდა. ათეულობით სტუდენტი, სტაჟირების გავლის შემდეგ, სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებში დასაქმდა.
2009 წელს უზენაეს სასამართლოში სტაჟირება 50-მდე იურისტმა გაიარა, მათგან 15 უკვე დასაქმდა. სამმა სტაჟირებაგავლილმა იურისტმა მუშაობა უზენაეს სასამართლოში გააგრძელა.
სასამართლო ხელისუფლება ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდა ახალგაზრდა იურისტებთან ურთიერთობას.
სასამართლო აქტიურადაა ჩაბმული სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში. მათ შორის არის გადაცემა "ეტალონი". ამ გადაცემაში გამარჯვებული იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი უზენაეს სასამართლოში წარმატებული სტაჟირების გავლის პარალელურად, მთელი წლის მანძილზე ყოველთვიურ სტიპენდიასაც იღებდა.
წელს გადაცემა "ეტალონს" მხარდაჭერა თბილისის საქალაქო სასამართლომაც გამოუცხადა.
უზენაეს სასამართლოში სტაჟიორთა კონკურსი უახლოეს მომავალში ისევ გამოცხადდება.