საქართველოს უზენაესი სასამართლო
ადმინისტრაციული კომიტეტი
"საერთო სასამართლოების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სისტემაში იქმნება ადმინისტრაციული კომიტეტი, რომელიც შედგება 9 წევრისაგან.
ადმინისტრაციული კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს და თანამდებობიდან გაათავისუფლოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი და საბჭოს სხვა წევრები;
ბ) საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის სხდომებს შორის შუალედში საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის წარდგინებით საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგიის შემადგენლობაში აირჩიოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები;
გ) მიიღოს გადაწყვეტილებები და შეიმუშაოს აქტები საერთო სასამართლოების ადმინისტრირების საკითხებზე, აქტები დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციას.
ადმინისტრაციული კომიტეტის შემადგენლობას ირჩევს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენცია 3 წლის ვადით. ადმინისტრაციული კომიტეტის წევრი, თუ ის არ არის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, არ შეიძლება იყოს სასამართლოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის პირველი მოადგილე, მოადგილე, კოლეგიის ან პალატის თავმჯდომარე.



