Untitled Document



საძიებო სიტყვა (KA)
პროგრამის მოხმარების წესები

დახურვა

1. აირჩიეთ სამართლის დარგი რომელშიც აპირებთ კითხვა -

პასუხის მოძიებას (სამოქალაქო-ადმინისტრაციული, სისხლის)

2. აირჩიე საძიებო ველი - სად უნდა იქნას მოძიებული თქვენი

საკვანძო სიტყვა, (”კითხვაში” თუ ”პასუხში”)

3. საძიებო სიტყვის გრაფაში ჩაწერეთ ის სიტყვა სიტყვათა

ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ვეძებთ კონკრეტულ

შეკითხვას ან პასუხს ”მაგ. სიტყვა ”სარჩელი” ან

სიტყვები ”სარჩელი” და ”უარი”.

4. ძებნის ფუნქციის გამოყენების შემდეგ მიიღებთ კითხვების

ან პასუხების ჩამონათვალს, რომელიც შეიცავს თქვენს მიერთ

შერჩეულ საკვანძო სიტყვას ან სიტყვათა ერთობლიობას;

5. სასურველი შეკითხვის დაკლიკვით თქვენ მიიღებთ სრულ

პასუხს ამ შეკითხვაზე;


 
 

როგორ ხდება იურიდიული ფაქტის დადგენა, რა ფაქტებს ადგენს სასამართლო და რა ფორმით უნდა მოხდეს სასამართლოსათვის მიმართვა (უდავო წარმოება) ?

უდავო წარმოება განხვავდება სასარჩელო სამართალწარმოებისაგან იმით, რომ ასეთი კატეგორიის საქმეზე არა აქვს ადგილი დავას მხარეთა შორის უფლების თაობაზე. Aამ დროს, დაინტერესებული პირი სასამართლოს მიმართავს არა მოპასუხესთან დავის განხილვა-გადაწყვეტის თხოვნით, არამედ ამა თუ იმ ფაქტის დადგენა-დადასტურების მოთხოვნით. ასეთ სამართალწარმოებაში მონაწილეობს მხოლოდ ერთი პირი, განმცხადებლის სახით, აქ არც მოპასუხე და არც მესამე პირები არიან წარმოდგენილნი.
უდავო წარმოების წესით სასამართლო განიხილავს შემდეგ საქმეებს: იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენის შესახებ; მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარებისა და მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ; მოქალაქის ქმედუუნაროდ და შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ; დაკარგულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენის შესახებ (გამოწვევითი წარმოება); ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ; შვილად აყვანის შესახებ; ბავშვის მიტოვებულად აღიარების შესახებ.
უდავო წარმოების წესით საქმეებს სასამართლო განიხილავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის XXXV–XLII თავებით განსაზღვრული წესით. უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას, სასამართლო იწვევს ამ საქმის განხილვით დაინტერესებულ პირებს.
მაგალითი: გარდაცვლილ ვანოს დარჩა ერთადერთი პირველი რიგის მემკვიდრე, შვილი ნუგზარი. Mმამის გარდაცვალების შემდეგ ნუგზარმა გააგრძელა ვანოს საკუთარ ბინაში ცხოვრება, იგი ბინის ყოველგვარ კომუნალურ გადასახადს იხდიდა თავის სახელზე. თუმცა, ნუგზარმა ვერ მოიცალა და სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრულ ექვს თვიან ვადაში ვერ შეძლო მამის დანაშთ ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის მიღება.
მამის გარდაცვალებიდან მესამე წელს მან განცხადებით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა უდავო სამართალწარმოების წესით გარდაცვლილი მამის, ვანოს მემკვიდრეობის მიღების ფაქტისა დადგენა.

ნუგზარიმ ამ განცხადებას თან უნდა დაურთოს თავის დაბადების მოწმობა და ასევე ყველა ის საბუთი,რომლითაც დასტურდება რომ იგი არის გარდაცვლილი მამის, ვანოს შვილი. მან ასევე უნდა წარუდგინოს სასამართლოს ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, რომლითაც დასტურდება სამკვირო ქონებაზე მამკვიდებელი ვანოს საკუთრების უფლება; ასევე ვანოს გარდაცვალების მოწმობა; მეზობლების და სხვა პირთა (მაგ: ნათესავების) ახსნა-განმარტებები, რომლებიც ადასტურებენ ნუგზარის მიერ სამკვიდროს მიღების და დაუფლების ფაქტს და ასევე იმასაც, რომ მამკვიდრებელ ვანოს ნუგზარის გარდა სხვა მემკვიდრე არ დარჩენია. ნუგზარმა განცხადებას თან უნდა დაურთოს ასევე სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდის ქვითრის დედანი.

მოცემულ შემთხვევაში, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ნუგზარის განცხადებაში მითითებული გარემოებები საქმის მასალებით დასტურდება, იგი დააკმაყოფილებს მის განცხადებას.

გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ თუ უდავო წარმოების წესით საქმის განხილვისას, აღიძვრის დავა ისეთი უფლებების შესახებ, რომლებიც სასამართლოს უწყებრივად ექვემდებარება, სასამართლო განცხადებას განუხილველად დატოვებს და დაინტერესებულ პირებს განუმარტავს, რომ მათ უფლება აქვთ წარმოადგინონ სარჩელი საერთო საფუძველზე. მაგალიდად, ეს იქნება ის შემთხვევა, თუ სასამართლო ნუგზარის განცხადების განხილვისას გამოარკვევს, რომ მამკვიდრებელ ვანოს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ასევე მეორე შვილი, მარი, რომლის თაობაზეც განმცხადებელმა არ მიუთითა და რომელსაც ნუგზარის თანაბარი უფლებები გააჩნია მამის დანაშთ ქონებაზე.

თუ მარი უარს აცხადებს თავის წილ სამკვიდრო ქონებაზე, მაშინ ნუგზარმა უნდა მიუთითოს ამის შესახებ განცხადებაში და წარუდგინოს სასამართლოს მარის სანოტარო წესით დამოწმებული უარი სამკვიდრო ქონების მიღებაზე.

მემკვიდრეობის მიღების ფაქტის გარდა, სასამართლოს მიერ ხდება ასევე შემდეგი იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დადგენა: პირთა ნათესაური კავშირის დადგენის შესახებ; პირის კმაყოფაზე ყოფნის ფაქტის დადგენის შესახებ; შვილად აყვანის, ქორწინებისა და განქორწინების ფაქტების დადგენის შესახებ; უფლების დამდგენი საბუთის იმ პირისადმი კუთვნილების ფაქტის დადგენის შესახებ, რომლის სახელი, მამის სახელი ან გვარი, რაც საბუთებშია აღნიშნული, არ ემთხვევა მის პასპორტში ან დაბადების მოწმობაში აღნიშნულ სახელს, მამის სახელს ან გვარს; მემკვიდრეობის გახსნის ადგილის დადგენის შესახებ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 313-ე მუხლი განსაზღვრავს იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენისათვის აუცილებელ პირობებს, კერძოდ, სასამართლო იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტებს ადგენს მხოლოდ ამ ფაქტების დამადასტურებელი საბუთების სხვა წესით მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში.
განცხადება იურიდიული მნიშვნელობის ფაქტის დადგენის შესახებ შეიტანება სასამართლოში, განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს ამ ფაქტის დადგენა, აგრეთვე წარმოდგენილი უნდა იყოს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ განმცხადებლის მიერ სათანადო საბუთების მიღების ან დაკარგული საბუთების აღდგენის შეუძლებლობას.

სასამართლოს გადაწყვეტილება ფაქტის დადგენის შესახებ, რომელიც რეგისტრირებული უნდა იქნეს მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანოში ან სხვა ორგანოში, წარმოადგენს საფუძველს ასეთი რეგისტრაციისა და გაფორმებისათვის, მაგრამ ვერ შეცვლის ამ ორგანოების მიერ გასაცემ დოკუმენტებს.

უდავო წარმოების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან მოქალაქის გარდაცვლილად გამოცხადების შესახებ განცხადების განხილვა.
ასეთი განცხადება შეიტანება სასამართლოში დაინტერესებული პირის მიერ, განმცხადებლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. მასში უნდა აღინიშნოს, თუ რა მიზნისათვის სჭირდება განმცხადებელს მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება და მისი გარდაცვლილად გამოცხადება, აგრეთვე ის გარემოებანი, რომლებითაც დასტურდება მოქალაქის უგზო-უკვლოდ დაკარგვა, ანდა რომლებიც უგზო-უკვლოდ დაკარგულს სიკვდილის საფრთხეს უქმნიდნენ ან საფუძველს იძლევიან მისი დაღუპვის ვარაუდისათვის, გარკვეული უბედური შემთხვევის შედეგად.

სასამართლო განხილვისათვის საქმის მომზადებისას, მოსამართლე გამოარკვევს, თუ რომელ პირებს შეუძლიათ მიაწოდონ ცნობები დაკარგულის შესახებ, აგრეთვე გამოკითხავს სათანადო ორგანოებს დაკარგული პირის შესახებ, მისი უკანასკნელი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის მიხედვით.

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ უგზო-უკვლოდ დაკარგულის ქონება, მინდობილი საკუთრების სახით, გადაეცეს სამართავად მის კანონით მემკვიდრეებს.

სასამართლო გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე გამოცხადებულია გარდაცვლილად, წარმოადგენს საფუძველს იმისათვის, რომ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის ორგანომ შეიტანოს ჩანაწერი ამ მოქალაქის გარდაცვალების შესახებ მოქალაქეობრივი მდგომარეობის რეგისტრაციის წიგნში.

საქმე იმ მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, რის გამოც მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ ოჯახს, შეიძლება აღძრან მისი ოჯახის წევრებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა.
საქმე ფსიქიკური აშლილობის გამო მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, შეიძლება აღძრან სასამართლოში მისი ოჯახის წევრებმა, კანონიერმა წარმომადგენელმა, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოებმა, აგრეთვე ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებებმა.
განცხადება მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, შეტანილ უნდა იქნეს სასამართლოში ამ მოქალაქის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, ხოლო თუ ეს პირი მოთავსებულია ფსიქიატრიულ-სამკურნალო დაწესებულებაში, მაშინ - სამკურნალო დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

განცხადებაში მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ მითითებული უნდა იქნეს ის გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ პირი, რომელიც ეძალება ალკოჰოლს ან ნარკოტიკულ ნივთიერებებს, მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში აყენებს საკუთარ ოჯახს.

განცხადებაში მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ უნდა აღინიშნოს ის გარემოებანი, რომლებიც ადასტურებენ ფსიქიკურ აშლილობას, რის გამოც მას არ შეუძლია, რომ შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა ან განაგოს იგი.

თუ არსებობს საკმაო ცნობები მოქალაქის ფსიქიკური აშლილობის შესახებ, განმცხადებელს უფლება აქვს, საქმის მომზადების სტადიაზე, სასამართლოს წარუდგინოს მის მიერ მოწვეული ფსიქიატრიული ექსპერტის დასკვნა ამ მოქალაქის ფსიქიკური მდგომარეობის თაობაზე. განსაკუთრებულ შემთხვევაში, თუ პირი, რომლის მიმართაც აღძრულია საქმე მისი ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, აშკარად თავს არიდებს საექსპერტო შემოწმებას, განმცხადებლის თხოვნით, სასამართლოს, თავის სხდომაზე ფსიქიატრის მონაწილეობით, შეუძლია გამოიტანოს განჩინება ფსიქიატრიულ ექსპერტიზაზე მოქალაქის იძულებით გაგზავნის თაობაზე.

საქმეს მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად აღიარების შესახებ, სასამართლო განიხილავს ამ მოქალაქის და მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით.

საქმეს მოქალაქის ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ, სასამართლო განიხილავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის სავალდებულო მონაწილეობით. მოქალაქეს, რომელიც აღიარებულ უნდა იქნეს ქმედუუნაროდ, დაიბარებენ სასამართლო სხდომაზე, თუ ეს შესაძლებელია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.

განმცხადებელი მოქალაქის შეზღუდულ ქმედუნარიანად ან ქმედუუნაროდ აღიარების შესახებ გათავისუფლებულია საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია შეზღუდულ ქმედუნარიანად, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მზრუნველის დასანიშვნავად.
სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მოქალაქე აღიარებულია ქმედუუნაროდ, წარმოადგენს საფუძველს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მეურვის დასანიშნავად.

უდავო წარმოების ერთ-ერთ სახეს მიეკუთვნება ასევე დაკარგულ ან განადგურებულ საწარმდგენლო ფასიან ქაღალდსა და საორდერო ფასიან ქაღალდზე უფლების აღდგენა (გამოწვევითი წარმოება).

პირს, საწარმდგენლო ფასიანი ქაღალდის ან საორდერო ფასიანი ქაღალდის დაკარგვისას ან განადგურებისას, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, შეუძლია სთხოვოს სასამართლოს დაკარგული ან განადგურებული ფასიანი ქაღალდის ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.

ამგვარი წესით ხდება დაკარგული დაზღვევის მოწმობის (პოლისის), იპოთეკის მოწმობის, სასაწყობო ან საგირავნო მოწმობის და ა.შ. ძალადაკარგულად გამოცხადება და მასზე უფლების აღდგენა.

განცხადება შეტანილი უნდა იქნეს სასამართლოში, ამ მუხლში მითითებული საბუთის გამცემი დაწესებულების ადგილმდებარეობის მიხედვით.

განცხადებაში უნდა აღინიშნოს დაკარგული ან განადგურებული საბუთის განმასხვავებელი ნიშნები, საბუთის გამცემი დაწესებულების სახელწოდება, აგრეთვე საბუთის დაკარგვის გარემოებანი.

განცხადების მიღების შემდეგ, მოსამართლე გამოიტანს განჩინებას საბუთის გამცემი დაწესებულებისათვის (პირისათვის) ამ საბუთით ყოველგვარი გადახდისა და გაცემის წარმოების აკრძალვის, აგრეთვე განმცხადებლის ხარჯზე ადგილობრივ პრესაში პუბლიკაციის შესახებ.

უარი ასეთი განჩინების გამოტანაზე შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
საქმეს დაკარგული საბუთების ბათილად ცნობის შესახებ სასამართლო განიხილავს პუბლიკაციის დღიდან 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ, თუ საბუთის ხელთმქონისაგან არ შევიდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 332-ე მუხლში მითითებული განცხადება.
განმცხადებლის თხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სასამართლო გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ძალადაკარგულად გამოაცხადებს დაკარგულ საბუთს. ეს გადაწყვეტილება უფლებას აძლევს განმცხადებელს, რომ მიიღოს ანაბარი ან ახალი საბუთი, ძალადაკარგულად გამოცხადებული საბუთის ნაცვლად.

უდავო სამართალწარმოების წესით განიხილება ასევე განცხადება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ. ასეთი განცხადება სასამართლოში შეაქვს იმ პირს, რომელიც დაეუფლა ქონებას ფიზიკური პირის საცხოვრებელი ადგილის ან იურიდიული პირის ადგილსამყოფლის მიხედვით.
ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ განცხადებაში მითითებულ უნდა იქნეს: რომელი ქონება უნდა იყოს ცნობილი უპატრონოდ; როგორია ამ ქონების განმასხვავებელი ნიშნები, მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ მესაკუთრის მიერ ქონების მიტოვებას ამ ქონებაზე საკუთრების უფლების შენარჩუნების განზრახვის გარეშე; აგრეთვე მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ განმცხადებელი დაეუფლა ისეთ ქონებას, რომლის მითვისებაც კანონით არ იკრძალება და არ ირღვევა იმ პირის უფლებები, რომელსაც ამ ნივთის მითვისების უფლება ჰქონდა.
განცხადების მიღების შემდეგ სასამართლო ადგილობრივ გაზეთში აქვეყნებს ცნობას.

თუ პუბლიკაციის დღიდან 3 თვის განმავლობაში, სასამართლოში შევა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, მაშინ სასამართლო, თავისი განჩინებით, განუხილველად ტოვებს განცხადებას ქონების უპატრონოდ ცნობის შესახებ და წინადადებით მიმართავს განმცხადებელს, რომ აღძრას აღიარებითი სარჩელი იმ პირის მიმართ, რომელმაც განაცხადა თავისი უფლება ქონებაზე.

თუ დანიშნული ვადის გასვლამდე, სასამართლოში არ შევა განცხადება ქონებაზე უფლების შესახებ, სასამართლო განიხილავს საქმეს და გამოკითხავს იმ პირებს, რომელთაც შეუძლიათ ცნობების მიწოდება ქონების კუთვნილების შესახებ, აგრეთვე გამოითხოვს ცნობებს შესაბამისი ორგანოებიდან.

თუ სასამართლო სცნობს, რომ ქონებას არა ჰყავს მესაკუთრე, ან ეს ქონება მიტოვებულია მესაკუთრის მიერ იმ განზრახვის გარეშე, რომ შეინარჩუნოს ამ ქონებაზე საკუთრების უფლება, მას გამოაქვს გადაწყვეტილება მოძრავი ქონების უპატრონოდ ცნობისა და მისი იმ პირის საკუთრებაში გადაცემის შესახებ, რომელიც დაეუფლა ამ ქონებას.

უდავო სამართალწარმოების წესით შეიძლება ასევე განხილული იქნეს განცხადება შვილად აყვანის შესახებ, რომელიც შეიტანება სასამართლოში მშვილებლის ან შვილად ასაყვანის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

განცხადებაში შვილად აყვანის შესახებ მითითებული უნდა იყოს მონაცემები შვილად ასაყვანისა და მშვილებლის (მშვილებლების) შესახებ, აგრეთვე გარემოებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ შვილება ხდება ბავშვის კეთილდღეობისა და ინტერესებისათვის.

განცხადებას თან უნდა ერთვოდეს: მეუღლის თანხმობა, როცა ბავშვი შვილად აჰყავს ერთ-ერთ მეუღლეს; გასაშვილებელი ბავშვის მშობლ(ებ)ის თანხმობა, ასეთ(ებ)ის არსებობის შემთხვევაში. სასამართლოს, განმცხადებლის თხოვნით ან თავისი ინიციატივით, შეუძლია გამოითხოვოს საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, აგრეთვე განიხილოს საქმე დახურულ სასამართლო სხომაზე.

თუ სასამართლო სცნობს, რომ შვილად აყვანა შეესაბამება შვილად ასაყვანის ინტერესებს და ემსახურება მის კეთილდღეობას, იგი გამოიტანს გადაწყვეტილებას შვილად აყვანის შესახებ, რომელიც, განმცხადებლის თხოვნით, საჯაროდ არ გამოცხადდება.
სასამართლო, შვილად აყვანის შესახებ მისი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან 5 დღის განმავლობაში, რეგისტრაციისათვის უგზავნის ამ გადაწყვეტილებას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს, ამ გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.
შვილად აყვანა ნამდვილია სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან.