თბილისმა მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების,...

hdhds

თბილისმა მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა

გამოქვეყნებულია: 28/04/2017

მიმდინარე წლის  28-29  აპრილს, სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“  მოსამართლეთა ასოციაციების საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, სადაც ევროპის, ამერიკის შეერთებული შტატებისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემის წარმომადგენლებმა მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე იმსჯელეს. სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომელმაც მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული კონფერენციის ჩატარებას საქართველოში და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა ჩვენს ქვეყანაში სასამართლო სისტემის რეფორმის წარმატებით მიმდინარეობაში  საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან  თანამშრომლობას და მათი მხარდაჭერით შემუშავებული მართლმსაჯულების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ეფექტურად განხორციელების მნიშვნელობას.

კონფერენციაზე სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ, რომელმაც დეტალურად მიმოიხილა საკონსტიტუციო რეფორმის პროცესში საქართველოში  სასამართლო ხელისუფლებასთან  მიმართებაში განხორციელებული სიახლეები და ცვლილებები, რომლებიც სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის განმტკიცებას, დამოუკიდებელი და ეფექტიანი მართლმსაჯულების ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს. ,,რეფორმები უნდა გაგრძელდეს იმისათვის, რომ საბოლოოდ ჩვენ შედეგად მივიღოთ ევროპული ტიპის და ევროპული ხარისხის მართლმსაჯულების სისტემა საქართველოში“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

კონფერენციაში მონაწილეობდნენ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები, მემორანდუმის ხელმომწერი ქვეყნების (ესტონეთის, მოლდოვის, პოლონეთის, საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, ყაზახეთის), აგრეთვე, ლიტვის, ლატვიისა და გერმანიის მოსამართლეთა ასოციაციების წარმომადგენლები. მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების პირველი ოფიციალური შეხვედრა თბილისში 2010 წლის ოქტომბერში გაიმართა.

კონფერენციაზე საინტერესო მოხსენებები წარმოადგინეს აშშ-ის ფედერალური სასამართლოს მოსამართლემ ვირჯინიიდან ანტონი ჯ. ტრენგამ, პორტუგალიის მართლმსაჯულების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ მარიო ბელო მორგადომ, გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარემ იენს გნიზამ, ევროპის მოსამართლეთა საკონსულტაციო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გერჰარდ რაისნერმა, ლატვიის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ ივარს ბიჩკოვიჩმა, ლიტვის უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ  რიმვიდას ნორკუსმა, მართლმსაჯულების რეფორმის ევროკავშირის პროექტის ხელმძღვანელმა უკრაინაში დოვიდას ვიტკაუსკასმა, ასევე, ყაზახეთის, მოლდოვის, უკრაინისა და სხვა ევროპული ქვეყნების სასამართლო სისტემის წარმომადგენლებმა.

კონფერენციის მნიშვნელობა და საქართველოში განხორციელებული სასამართლო სისტემის რეფორმების ეფექტურობა უცხოელმა ექსპერტებმა დადებითად შეაფასეს.

 ,, გერმანია მხარს უჭერს საქართველოში დაწყებულ რეფორმებს და ვთვლი, რომ ეს რეფორმები ძლიერ მართლმსაჯულებას და ძლიერი იუსტიციის სისტემას განაპირობებს“, - აღნიშნა გერმანიის მოსამართლეთა კავშირის თავმჯდომარემ, იენს გნიზამ.

,,კონფერენციაზე საქართველოს გამოცდილებას გავეცანი და იმედი მაქვს, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა და პარლამენტი რეფორმების პროცესს შეუფერხებლივ გააგრძელებს“-განაცხადა აშშ-ის ფედერალურმა მოსამართლემ და საოლქო სასამართლოს მოსამართლემ, ვირჯინიიდან ანტონი ტრენგამ. 

მოსამართლეთა საქმიანობის შეფასების, სასამართლო მედიაციისა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების საკითხებზე მოსამართლეთა საერთაშორისო კონფერენციის ჩატარებაში საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოსა და მემორანდუმის ხელმომწერ ქვეყნების მოსამართლეთა ასოციაციების სამდივნოს ფინანსური მხადაჭერა გაუწიეს „გერმანიის საერთაშორისო სამართლებრივი თანამშრომლობის ფონდმა“ (IRZ), ევროსაბჭოს წარმომადგენლობამ საქართველოში (CoE), ევროკავშირის EU4Justice: სასამართლო მხარდაჭერის პროექტმა, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLOG) და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP).

ნოემბერი 2017

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2017
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930   

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi