სტრასბურგში CEPEJ-ს პლენარული სესია გაიმართა

gfn

სტრასბურგში CEPEJ-ს პლენარული სესია გაიმართა

გამოქვეყნებულია: 04/07/2018

2018 წლის 27-29 ივნისს, სტრასბურგში, გაიმართა ევროპის საბჭოს მართლმსაჯულების ეფექტიანობის კომისიის (CEPEJ) 30-ე პლენარული სესია, რომლის მუშაობაშიც მონაწილება მიიღო CEPEJ-ში საქართველოს წარმომადგენელმა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლემ ნინო ბაქაქურმა.

2018 წელს აღინიშნება CEPEJ-ის დაარსებიდან 15 წლის იუბილე, რასთან დაკავშირებითაც სესიის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატტაინი-დრაგონიმ. საიუბილეო ღონისძიებაში მონაწილეობდნენ აგრეთვე, CEPEJ-ის პირველი პრეზიდენტი ებერჰარდ დეში (გერმანია) და მესამე პრეზიდენტი  ჯორჯ სტეისი (დიდი ბრიტანეთი). 

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისიის პირველი სამუშაო დღე დაიწყო მართლმსაჯულების პროცესში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების თემის განხილვით,  რის შესახებაც პრეზენტაციები წარმოადგინეს კომისიის ექსპერტებმა.

სესიის მეორე და მესამე დღე მიეძღვნა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში მართლმსაჯულების მდგომარეობის შესახებ მორიგი ორწლიანი ანგარიშის განხილვას. აღნიშნული ანგარიში მოიცავს 2016-2017 წლების მონაცემებს და იგი ოფიციალურად გამოქვეყნდება 2018 წლის ოქტომბერში. ანგარიშის მოსამზადებლად კომისია საერთო სტატისტიკური კრიტერიუმებისა და შეფასების ფორმების გამოყენებით ყველა წევრი ქვეყნიდან აგროვებს და აანალიზებს რაოდენობრივ და ხარისხობრივ მონაცემებს მართლმსაჯულების სისტემის ცალკეული ინსტიტუტების ფუნქციონირების შესახებ, რის შედეგადაც იქმნება ზოგადი სურათი - რა მდგომარეობაშია ამა თუ იმ ქვეყნის მართლმსაჯულების სისტემა, როგორია მისი ეფექტიანობისა და ხარისხის მაჩვენებლები, ასევე რა ვითარებაა ამ თვალსაზრისით მთელი რეგიონის სისტემებში. ხდება კონკრეტული პრობლემების გამოკვეთა, როგორც ქვეყნებისთვის, ისე საერთო ევროპული მასშტაბით. აღნიშნულის საფუძველზე კომისია შეიმუშავებს სამოქმედო გეგმებს, დასკვნებს და ზოგად რეკომენდაციებს. იგი ასევე აქვეყნებს ანგარიშებს, სტატისტიკას, საუკეთესო პრაქტიკის ნიმუშებს და სახელმძღვანელო მითითებებს.

ორწლიანი ანგარიშის მომზადებასთან ერთად, 2008 წლიდან კომისია ახორციელებს ე.წ. კოლეგების მხრიდან შეფასების პროგრამას, რომლის მიზანია, დაეხმაროს კონკრეტულ ქვეყნებს იმ მონაცემების შეგროვებისა და დამუშავების პროცესის სრულყოფაში, რომლებიც აისახება ანგარიშში. აღნიშნული ღონისძიების მიზანია მოხდეს ხარისხიანი სამართლებრივი სტატისტიკის წარმოება და ამისთვის სტატისტიკის სისტემის განვითარება კომისიის ზოგადი სტანდარტის შესაბამისად. სესიამ მოისმინა ინფორმაცია აღნიშნული პროგრამის ფარგლებში 2017 წელის სექტემბერში CEPEJ-ის წარმომადგენლების მიერ საქართველოში განხორციელებული ვიზიტის მიმდინარეობისა და შედეგების შესახებ, რომელშიც მონაწილეობდნენ CEPEJ-ის პრეზიდენტი გეორგ სტავა, ვიცე-პრეზიდენტი რამინ გურბანოვი, ქვეყნების შეფასების სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი, მოსამართლე ჟან-პოლ ჟანი და კომისიის სამდივნოს თანამშომლები. CEPEJ-ის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადეს საქართველოს უზენაეს სასამართლოს და კომისიაში საქართველოს წარმომადგენელს ვიზიტის წარმატებული ორგანიზებისათვის.

კომისიაში საქართველოს წარმომადგენელმა, მოსამართლე ნინო ბაქაქურმა CEPEJ-ის წევრებს მიაწოდა ინფორმაცია მათი ვიზიტის შემდგომ საქართველოს მართლმსაჯულების სისტემაში განხორციელებული რეფორმებისა და კომისიასთან სამომავლოდ დაგეგმილი უფრო მჭიდრო თანამშრომლობის გეგმების შესახებ, ევროპის საბჭოს ეგიდით განსახორციელებელი ფართომასშტაბიანი პროექტის ფარგლებში.

პლენარულმა სესიამ მოისმინა ინფორმაცია, აგრეთვე, საქართველოში განხორციელებული საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, რომლებიც ეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა რაოდენობას, მათი არჩევის წესსა და უფლებამოსილების ვადას.

პლენარულ სესიაზე განხილულ იქნა CEPEJ-ის სამუშაო ჯგუფების საქმიანობაც, კერძოდ, ქვეყნების შეფასების, მართლმსაჯულების ხარისხის, SATURN-ის ჯგუფისა და მედიაციის საკითებზე მომუშავე ჯგუფების ანგარიშები.

სესია დასრულდა ევროპის მოსამართლეთა და პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოების, აგრეთვე, CEPEJ-ის მუშაობაში მეთვალყურის სტატუსით მონაწილე ქვეყნების ანგარიშების მოსმენით.

მართლმსაჯულების ეფექტიანობის ევროპული კომისია არის ევროპის საბჭოსთან არსებული მუდმივი ორგანო, რომელიც შეიქმნა 2002 წელს. იგი შედგება ევროპის საბჭოს 47 ქვეყნის მიერ დანიშნული 47კვალიფიციური ექპერტისაგან.  კომისიის მთავარი დანიშნულებაა შეაფასოს წევრი ქვეყნების მართლმსაჯულების სისტემების ეფექტიანობა და შეიმუშაოს კონკრეტული რეკომენდაციები აღნიშნული ეფექტიანობის გასაუმჯობესებლად, რათა მიღწეულ იქნას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების სრულად რეალიზაცია.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi