ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს...

jk

ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს ,,საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა

გამოქვეყნებულია: 08/11/2018

ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების  მხარდაჭერისა და მათ  განხორციელებაში  შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის,  საქართველოს უზენაესი სასამართლოს ისტორიულ დარბაზში, ევროკავშირის სასამართლო მხარდაჭერის პროექტის ხელმძღვანელს, ავსტრიელ მოსამართლე რენატე ვინტერს საქართველოს პრეზიდენტის  ბრძანებით ,,საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭა. 

საპატიო წოდების მინიჭების ცერემონიალს უძღვებოდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის  თავმჯდომარე მზია თოდუა, რომელმაც თავის გამოსვლაში განსაკუთრებით გაუსვა ხაზი მოსამართლე რენატე ვინტერის პროფესიულ და პიროვნულ გამოცდილებებს, მის მაღალ ეთიკურ სტანდარტებს, როგორც კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობაში, ისე მართლმსაჯულების სისტემის რეფორმების მხარდაჭერისას, პროფესიული თავგანწირვითა და დამსახურებით მიღებულ წარმატებულ შედეგებს ქართველ კოლეგებთან ერთად. მოსამართლე რენატე ვინტერს ,,საქართველოს საპატიო მოქალაქის“ წოდების დამადასტურებელი სიგელი და მედალი გადასცა საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ ნინო გვენეტაძემ, რომლის  თავმჯდომარედ მუშაობის პროცესშიც განხორციელდა ქართული მართლმსაჯულებისთვის მეტად მნიშვნელოვანი პროექტები მოსამართლე რენატე ვინტერის უშუალო ჩართულობითა და მონაწილეობით.

ამ მიმართულებით განსაკუთრებით ხაზი გაესვა არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის შექმნას და საქართველოს მართლმსაჯულების სისტემის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და მიღებას. ,,თქვენ გადაარჩინეთ საქართველოში არასრულწლოვანი ბავშვების მართლმსაჯულება“, ამ სიტყვებით დაასრულა თავისი გამოსვლა ნინო გვენეტაძემ და იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე რენატე ვინტერი მისთვის ჩვეული გმირული სულისკვეთებითა და ენერგიით შეძლებს დაწყებული პროექტების  წარმატებით დასრულებას. მოსამართლე  ვინტერს ქართული მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებასა და მის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის მადლობა გადაუხადა საქართველო იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა, რომელმაც კიდევ ერთხელ გააჟღერა დამსწრე სახოგადოებისი წინაშე, რომ რენატე ვინტერის თავგანწირული ძალისხმევისა და საქართველოს მხრიდან მომუშავე ძლიერი  გუნდის წყალობით, გაეროს ბავშვთა ფონდთან და ევროკავშირთან ერთად საპყრობილეს 3000 ბავშვი გადაურჩა. ,,თქვენ დაიმსახურეთ  3000 ბავშვის მადლიერება და ამაზე უფრო დიდი ჯილდო არ არსებობს“, - განაცხადა თეა წულუკიანმა. ევროკავშირის სასამართლო რეფორმის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში განხორციელებული საქმიანობისა და  გაწეული ძალისხმევისათვის მოსამართლე რენატე ვინტერს მადლობა გადაუხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰერცელმა.  ავსტრიის სახელმწიფოსა და ქვეყანაში ქალთა და ბავშვთა უფლებების მხარდაჭერისა და ამ მოძრაობების განვითარებისთვის გაწეული შრომისათვის მოსამართლე ვინტერს მიესალმა ავსტრიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ქალბატონი პეტრა ბენკო.

თავის სიტყვაში რენატე ვინტერმა მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტს, უზენაესი სასამართლოს ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამად თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს, იუსტიციის მინისტრს და პროფესიონალთა იმ დიდ და ძლიერ გუნდს, ვისთან ერთადაც მას მოხდა მუშაობა საქართველოში სასამართლო რეფორმის გამოწვევებზე. ,,მე ვიმუშავე საუკეთესო გუნდთან, და დღესაც სტუმრები მოვიწვიე პროფესიონალიზმისა და ქალთა მხარდაჭერის ნიშნით. პოლიტიკოსები იცვლებიან, პროფესიონალები არა. რომ არა თქვენი დახმარება და თანადგომა, რომ არა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე, იუსტიციის მინისტრი, არასრულწლოვანთა საქმეებზე მომუშავე ორ-ორი ქალი მოსამართლე  პირველი, მეორე და მესამე ინსტანციიდან, რომ არა გაეროს ბავშვთა ფონდი და ევროკავშირი, ეს ყველაფერი არ იქნებოდა. დიდი მადლობა თქვენ, რომ მე მეორე სამშობლო მომეცით“, -განაცხადა თავის გამოსვლაში მოსამართლე რენატე ვინტერმა.

ბოლო სიახლეები

ნოემბერი 2018

  • Previous month
  • Next month
ნოემბერი 2018
Mo Tu We Th Fr Sa Su
   1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi