უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის...

p

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა

გამოქვეყნებულია: 16/12/2019

16 დეკემბერს, საქართველოს უზენაეს სასამართლოში, უზენაესი სასამართლოს  მოსამართლეთა პლენუმის სხდომა გაიმართა. სხდომას უძღვებოდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე მზია თოდუა.

პლენუმის სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო საორგანიზაციო საკითხების განხილვა, კერძოდ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა საკასაციო პალატებში განაწილების საკითხი, მოსამართლეთა შორის სასამართლო საქმეთა განაწილების საკითხი და უზენაესი სასამართლოს საკასაციო საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი.

პლენუმის სხდომას ესწრებოდა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის მიერ ახლადარჩეული 14 მოსამართლე. სხდომის მონაწილეებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გააცნო უზენაესი სასამართლოს მიერ 2019 წელს განხილული და განხილვის პროცესში მყოფი საქმეების სტატისტიკა და გაწეული სამუშაო. მან მადლობა გადაუხადა კოლეგებს მოსამართლეთა რიცხოვნული სიმცირის მიუხედავად, მათი პროფესიული და კოლეგიალური თავდადების გამო და აღნიშნა, რომ  ამ თავგანწირვისა და თანადგომის გარეშე უზენაესი სასამართლო საქმეთა მოჭარბებული რაოდენობის განხილვას თავს ვერ გაართმევდა.

როგორც მზია თოდუამ განაცხადა, 2019 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამივე პალატაში განხილული და დასრულებული იქნა 3017 საქმე, მათ შორის ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში -  843, სამოქალაქო საქმეთა პალატაში - 1609, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში  - 565. მიმდინარე წლის 13 დეკემბრის მდგომარეობით ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში წარმოებაშია 1212 საქმე, სამოქალაქო საქმეთა პალატაში 1290 საქმე და სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 877 საქმე, სულ სამივე პალატის წარმოებაში 3379 საქმე ირიცხება. აღსანიშნავია, რომ მოსამართლეთა რაოდენობა უზენაეს სასამართლოში განისაზღვრებოდა 10 მოსამართლით 2019 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით. 13 დეკემბრიდან საქართველოს პარლამენტის მიერ მოსამართლეთა კანდიდატებისთვის კენჭისყრის შემდგომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილებას შეუდგა 14 მოსამართლე, მათ შორის ორი უკვე მოქმედი ადმინისტრაციულ საქმეთა პალატიდან. პლენუმის გახსნას ესწრებოდა სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, რომელმაც, მას შემდგომ, რაც პლენუმმა ხმათა უმრავლესობით, კენჭი უყარა სხდომის დახურვას, დატოვა სხდომათა დარბაზი.

მზია თოდუამ ასევე გაამახვილა ყურადღება სასამართლო გადაწყვეტილებათა დასაბუთების ხარისხის გაუმჯობესებისა და ამაღლების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ უზენაესი სასამართლოს მოქმედი მოსამართლეები მზად არიან პროფესიული მხარდაჭერა და თანადგომა  გაუწიონ ახლადდანიშნულ მოსამართლეებს  საკითხის გაძლიერების კუთხით.

დღის წესრიგის პირველ და მესამე საკითხთან  საკითხთან დაკავშირებით პლენუმმა კენჭი უყარა მოსამართლეთა გამწესებას უზენაესი სასამართლოს საკასაციო პალატებში და პალატების თავმჯდომარეების არჩევას, რის შედეგადაც პალატების თავმჯდომარეები და შემადგენლობა ასე განისაზღვრა: სისხლის სამართლის საკასაციო პალატის თავმჯდომარედ პლენუმის მიერ ერთხმად იქნა არჩეული მოსამართლე შალვა თადუმაძე. ხოლო პალატის შემადგენლობაში გამწესდნენ მოსამართლეები: გიორგი შავლიაშვილი, მამუკა ვასაძე, მერაბ გაბინაშვილი, ლალი ფაფიაშვილი, სამოქალაქო საქმეთა პალატის მოქმედ შემადგენლობას (თავმჯდომარე მზია თოდუა), დაემატნენ: მირანდა ერემაძე, თამარ ზამბახიძე, გიორგი მიქაუტაძე, ლევან მიქაბერიძე, ვლადიმერ კაკაბაძე. ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარედ ერთხმად არჩეულ იქნა მოსამართლე ნინო ქადაგიძე, რომელმაც შეცვალა მოსამართლე ვასილ როინიშვილი, რომელსაც უფლებამოსილების 10 წლიანი ვადა ეწურება მიმდინარე წლის 18 დეკემბერს,ხოლო მოსამართლეებად გამწესდნენ მაია ვაჩაძე, ნუგზარ სხირტლაძე, ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე.

მოსამართლეთა შორის საქმეთა განაწილების საკითხთან დაკავშირებით უზენაესი სასამართლოს პლენუმმა დაადგინა, რომ უზენაეს სასამართლოში შემოსული ახალი საქმეები განაწილდება ახლადდანიშნულ მოსამართლეებზე, ხოლო საქმეთა  რაოდენობის გათანაბრების შემდეგ, უზენაესი სასამართლოს ყველა მოსამართლეზე თანაბრად ელექტრონული განაწილების მიხედვით გადანაწილდება საქმეები.

ბოლო სიახლეები

ივლისი 2020

  • Previous month
  • Next month
ივლისი 2020
Mo Tu We Th Fr Sa Su
  12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031  

banermuz

სახელმწიფო ბაჟის გამოთვლის პროგრამა

sajaro

tamashi

Tour

saqartvelossasamartloebi