საქართველოს უზენაესი სასამართლო

სასამართლოს ოფიციალურ სტატისტიკას საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები გაეცნენ
გამოქვეყნებულია: 24/07/2012
2012 წლის 24 ივლისს უზენაეს სასამართლოში გაიმართა 2012 წლის 6 თვის სასამართლო საქმიანობის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების პრეზენტაცია.
სასამართლოების საქმიანობის შესახებ სტატისტიკური მონაცემები პერიოდულად ქვეყნდება სასამართლოების ვებ.გვერდებზე, ამჯერად, კი მიმდინარე წლის 6 თვის მონაცემებს უზენაეს სასამართლოში საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები და ჟურნალისტები გაეცნენ.
2012 წლის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, იკლო სასამართლოებში სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის მაჩვენებელმა, თუკი 2011 წლის 6 თვეში სასამართლოებში შევიდა 7218 სისხლის სამართლის საქმე, 2012 წლის იგივე პერიოდში საქმეთა რაოდენობამ მხოლოდ 5907 შეადგინა.
სისხლის სამართლის საქმეთა სტატისტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ საქმეთა განხილვის შედეგად, მოსამართლეები უმეტესად არასაპატიმრო სასჯელებს იყენებენ. 2012 წლის 6 თვეში მსჯავრდებული 6971 პირიდან:
თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა 2953 პირს (სულ მსჯავრდებულთა 42,4%,) პირობითი მსჯავრი – 3299 პირს (შესაბამისად, 47,3); ჯარიმა - 413 პირს (5,9%); საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა – 304 პირს (4,4%). სულ არასაპატიმრო სასჯელები გამოყენებულ იქნა 57,6% შემთხვევაში.
აღსანიშნავია, რომ სასამართლო სულ უფრო ხშირად იყენებს სასჯელად საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას.
გაიზარდა გამამართლებელი განაჩენების რაოდენობაც. 2012 წლის 6 თვეში გამამართლებელი განაჩენი გამოტანილია 83 პირის მიმართ, რაც წინა წლის მონაცემს 64 პირით, ანუ 3,4-ჯერ აღემატება.
სტატისტიკის ანალიზიდან ირკვევა, რომ სასამართლოს სულ უფრო მეტი მოქალაქე მიმართავს.
2012 წლის 6 თვეში პირველი ინსტანციის სასამართლოებში წინა წელთან შედარებით შესულია 954-ით ანუ 6% უფრო მეტი სამოქალაქო და 375-ით ანუ 7,9%-ით უფრო მეტი ადმინისტრაციული საქმე. ამ კატეგორიის საქმეების ზრდა კი პირდაპირპროპორციულად უკავშირდება სასამართლოს მიმართ მოქალაქეთა გაზრდილ ნდობას.
შენარჩუნებულია საქმეთა გასაჩივრების დაბალი პროცენტი. 2012 წლის 4 თვეში განხილული სისხლის სამართლის საქმეებიდან გასაჩივრდა 228 საქმე, ანუ 5,8%, 1028 სამოქალაქო საქმე ანუ 8,7% და 586 ადმინისტრაციული საქმე ანუ 17%.




