Facebook Twitter
#ბს-287(კ-19) 22 ოქტომბერი, 2020 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
ალექსანდრე წულაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ზეპირი განხილვის გარეშე, შეამოწმა ი. ხ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საფუძვლების არსებობა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინების გაუქმების თაობაზე.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2018 წლის 16 თებერვალს ი. ხ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის - სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2017 წლის 19 დეკემბერს მან წერილით მიმართა თბილისის ცენტრალურ არქივს და საჯარო ინფორმაცია გამოითხოვა. მოსარჩელის მითითებით, გამოთხოვილი ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი, იყო დაშტრიხული და სრულიად გამოუსადეგარი მოსარჩელის მიზნებისათვის, კერძოდ, მოსარჩელის მითითებით, იგი წარმოადგენს ააიპ „...ის“ ...ს და ფაქტია, რომ მის განცხადებაში მითითებული კვლევისათვის - „...ა“ მხოლოდ მოწოდებული სახელები და გვარები არ იქნებოდა საკმარისი.
მოსარჩელის მითითებით, მის მიერ მოთხოვნილ დოკუმენტებს იგი გადმოცემამდე დედანში ყოველგვარი დაშტრიხვის გარეშე გაეცნო. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელისათვის არ განუმარტავს ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.
მოსარჩელის განმარტებით, 2018 წლის 24 იანვარს მან ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა საქართველოს ეროვნული არქივის გენერალურ დირექტორს და განცხადებით მოთხოვნილი ინფორმაციის სრულად გადაცემა მოითხოვა. 2018 წლის 8 თებერვლის წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია წარმოადგენდა პერსონალურ მონაცემებს და ამდენად, ვერ მოხდებოდა მისი გადაცემა.
მოსარჩელის მოსაზრებით, მის მიერ მოთხოვნილი ინფორმაცია მისთვის ხელმისაწვდომი უნდა ყოფილიყო და მოპასუხე მხარეს მისთვის სრულად, ყოველგვარი დაშტრიხვის გარეშე უნდა მიეწოდებინა აღნიშნული დოკუმენტაცია.
ამდენად, მოსარჩელემ ი. ხ-ისათვის 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე (მონაცემთა დაშტრიხვის გარეშე) უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 8 თებერვლის #02-3/25544 წერილის ბათილად ცნობა და მოპასუხისათვის ი. ხ-ის მიერ 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის, კერძოდ, #1 ფონდის, #4 ამონაწერის, #333, #335, #336, #337, #343, #344, #345, #361, #110, #277 დოკუმენტის სრულყოფილად (მონაცემთა დაშტრიხვის გარეშე) გადმოცემის დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით ი. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინებით ი. ხ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები შეიცავდა კონკრეტული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენდა პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას და დაცული იყო კანონით.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
„ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
სააპელაციო პალატამ მიუთითა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება.
აღნიშნული სამართლებრივი ნორმების საფუძველზე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლება მონაცემთა დაცვაზე არ არის აბსოლუტური და სხვა უფლებებთან მიმართებაში კანონმდებელი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვაზე საგამონაკლისო შემთხვევებს. კერძოდ, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობა წარმოადგენს, თუმცა პერსონალურ მონაცემებზე დაშვების მსურველი მხარე, რომელიც ხსენებული საფუძვლით ითხოვს საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვებას და მისთვის დოკუმენტის გასაჯაროვებას, ვალდებულია დაასაბუთოს ასეთი დაშვების კანონიერი საფუძვლის არსებობა. ამდენად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კვლევითი მიზნებისათვის შესაძლებელია გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნება, გარდაცვალების ფაქტი კი შესაბამის მტკიცებულებებზე დაყრდნობით, უტყუარად უნდა დასტურდებოდეს, მტკიცებულების წარმოდგენის ვალდებულება კი სწორედ პერსონალურ მონაცემებზე დაშვების მსურველ მხარეს აქვს.
ამდენად, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ, განსახილველ შემთხვევაში, ი. ხ-ს ადმინისტრაციულ ორგანოში არ ჰქონდა წარდგენილი კანონით დადგენილი მტკიცებულებები, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა მის მიერ მოთხოვნილი, პერსონალურ მონაცემთა შემცველი დოკუმენტების გაცემის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. ხ-მა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის მითითებით, მოქალაქის საკუთრების უფლების შემცველი დოკუმენტის გაცემაზე კანონი გარკვეული ვადის გასვლას არ ითვალისწინებს და მისი გაცემა სავალდებულოა. კასატორის მოსაზრებით, საკუთრების უფლებაში მხოლოდ მისამართი არ მოიაზრება, შესაბამისად, მესაკუთრის სახელი და გვარი არ უნდა იყოს გასაიდუმლოებული. მოცემულ შემთხვევაში, არქივის მიერ გადაცემულ დოკუმენტებში დაშტრიხული იყო მესაკუთრის სახელი და გვარიც. კასატორი, აგრეთვე, აღნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ნებისმიერ პირს აქვს საჯარო რეესტრის მეშვეობით მიიღოს კონკრეტული პირის საკუთრებაში არსებული ქონების შესახებ სრული ინფორმაცია.
კასატორის განმარტებით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტი ადგენს ...ებისათვის სპეციალურ პირობას. ამდენად, კასატორი მიიჩნევს, რომ ეროვნული არქივის მიერ ინფორმაციის გაცემისას სწორედ აღნიშნული ნორმა უნდა იქნეს გამოყენებული, თუმცა არა სადავო გადაწყვეტილებაში მოცემული ინტერპრეტაციით. პირის გარდაცვალების შესახებ მტკიცების ტვირთი არ შეიძლება დაეკისროს ...ს, რომელმაც წინასწარ არ იცის ვის შეიძლება ეხებოდეს მის მიერ შესწავლილი ინფორმაცია. შესაბამისად, შეუძლებელია ...ის მიერ პირის გარდაცვალების თაობაზე დოკუმენტის მოპოვება. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, ამგვარი ინტერპრეტაციის პირობებში, აზრს კარგავს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში არსებული ჩანაწერი, რომელიც კვლევითი მიზნებისათვის ინფორმაციის გაცემის საგამონაკლისო წესს ადგენს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით (მომხსენებელი მოსამართლე: ვ. როინიშვილი), საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 29.05.2020წ. #28/პლ-2020 დადგენილებით მოსამართლე ვ. როინიშვილი დაინიშნა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრად, რის გამოც მის წარმოებაში არსებული საქმეები საკასაციო სასამართლოს მოსამართლეებზე განაწილდა შემთხვევითი განაწილების პრინციპით, საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის მეშვეობით. მოცემული საქმე 2020 წლის 23 ივნისს დაეწერა მოსამართლე მ. ვაჩაძეს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნებს და არ ექვემდებარება დასაშვებად ცნობას შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილი განსაზღვრავს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის ამომწურავ საფუძვლებს, კერძოდ, აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ საკასაციო საჩივარი დაიშვება, თუ კასატორი დაასაბუთებს, რომ: ა) საქმე მოიცავს სამართლებრივ პრობლემას, რომლის გადაწყვეტაც ხელს შეუწყობს სამართლის განვითარებას და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებას; ბ) საქართველოს უზენაეს სასამართლოს მანამდე მსგავს სამართლებრივ საკითხზე გადაწყვეტილება არ მიუღია; გ) საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მოცემულ საქმეზე სავარაუდოა მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღება; დ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; ე) სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით, რასაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; ვ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ეწინააღმდეგება მსგავს სამართლებრივ საკითხზე ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით და ამასთან, არ არსებობს საკასაციო საჩივრის განხილვის შედეგად მსგავს სამართლებრივ საკითხზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან განსხვავებული გადაწყვეტილების მიღების ვარაუდი. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ასევე არ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციას და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს. ამასთან, საქმის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორი ვერ ასაბუთებს სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვას მატერიალური ან/და საპროცესო სამართლის ნორმების მნიშვნელოვანი დარღვევით. კასატორი საკასაციო საჩივარში ვერ აქარწყლებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დასკვნებს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და ამ გარემოებებთან დაკავშირებით გაკეთებულ სამართლებრივ შეფასებებს და მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ არსებითად სწორად გადაწყვიტა მოცემული დავა.
განსახილველ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ი. ხ-ისათვის 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის სრულყოფილად გაცემაზე (მონაცემთა დაშტრიხვის გარეშე) უარის თქმის შესახებ სსიპ საქართველოს ეროვნული არქივის 2017 წლის 8 თებერვლის #02-3/25544 წერილის კანონიერება და მოპასუხისათვის ი. ხ-ის მიერ 2017 წლის 19 დეკემბრის წერილით გამოთხოვილი ინფორმაციის, კერძოდ, #1 ფონდის, #4 ამონაწერის, #333, #335, #336, #337, #343, #344, #345, #361, #110, #277 დოკუმენტის სრულყოფილად (მონაცემთა დაშტრიხვის გარეშე) გადმოცემის დავალება.
განსახილველ შემთხვევაში, ირკვევა, რომ ი. ხ-ისთვის ელექტრონული სახით გადაცემულ დოკუმენტებში დაიშტრიხა ის მონაცემები, რომლებიც პირთა პერსონალურ მონაცემებს შეიცავდა. კერძოდ, დაიშტრიხა ცნობები ეროვნების და მოქალაქეობის, დაბადების თარიღის, სამუშაო ადგილის, პროფესიის შესახებ და ა.შ.
ამდენად, საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტები შეიცავს კონკრეტული ფიზიკური პირების მაიდენტიფიცირებელ მონაცემებს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ პუნქტის საფუძველზე წარმოადგენს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას და დაცულია კანონით.
საკასაციო პალატა მიუთითებს „ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტის პირის გასხვისების წესისა და პირობების“ მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, დოკუმენტის პირის გასხვისებაზე უარის საფუძველია სახელმწიფო საიდუმლოების, კომერციული და პირის პერსონალური ინფორმაციის დაცვა.
ამასთან, „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, პირის პერსონალური მონაცემები გაიცემა ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
საკასაციო პალატა მიუთითებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალების შემდეგ მის შესახებ მონაცემთა დამუშავება, გარდა ამ კანონის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული საფუძვლებისა, დასაშვებია მონაცემთა სუბიექტის მშობლის, შვილის, შვილიშვილის ან მეუღლის თანხმობით ან თუ მონაცემთა სუბიექტის გარდაცვალებიდან გასულია 30 წელი. ამავე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემები შეიძლება გამჟღავნდეს ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარდაცვლილმა პირმა წერილობითი ფორმით აკრძალა მათი გამჟღავნება.
ზემოაღნიშნულ სამართლებრივ საფუძვლებზე დაყრდნობით, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის შეფასებას, რომ უფლება მონაცემთა დაცვაზე არ არის აბსოლუტური და სხვა უფლებებთან მიმართებაში კანონმდებელი ითვალისწინებს მონაცემთა დაცვაზე საგამონაკლისო შემთხვევებს. კერძოდ, ერთ-ერთ ასეთ შემთხვევას ისტორიული, სტატისტიკური და კვლევითი მიზნებისათვის გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნების შესაძლებლობა წარმოადგენს, თუმცა პერსონალურ მონაცემებზე დაშვების მსურველი მხარე, რომელიც ხსენებული საფუძვლით ითხოვს საერთო წესიდან გამონაკლისის დაშვებას და მისთვის დოკუმენტის გასაჯაროვებას, ვალდებულია დაასაბუთოს ასეთი დაშვების კანონიერი საფუძვლებისა და აღმატებული საჯარო თუ საზოგადოებრივი ინტერესის არსებობა. ამდენად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, კვლევითი მიზნებისათვის შესაძლებელია გარდაცვლილი პირის შესახებ მონაცემების გამჟღავნება, გარდაცვალების ფაქტის შესახებ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, როდესაც პირს კონკრეტული მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის მიღება სურს.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია უნდა გაიცემოდეს იმ შემთხვევაში, თუ იგი წარმოადგენს მოქალაქის საკუთრების უფლების თაობაზე ინფორმაციის შემცველ დოკუმენტს. საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ საქართველოს ეროვნულ არქივში დაცულ საკუთრებითი ურთიერთობების ამსახველ დოკუმენტებთან მიმართებით აგრეთვე დასაშვებია შეზღუდვა პერსონალური მონაცემების დაცვის თვალსაზრისით, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც, განსახილველ შემთხვევაში, საარქივო დოკუმენტების დაშტრიხვა არ შეხებია იმ გრაფებს, რომელიც ასახავდა ქონებასთან მიმართებით უფლებებს, დანარჩენ შემთხვევაში კი, პირთა მონაცემთა დაშტრიხული სახით გაცემა გამომდინარეობდა საერთო წესიდან.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ მოცემულ საქმეს არ გააჩნია არავითარი პრინციპული მნიშვნელობა სასამართლო პრაქტიკისათვის, ხოლო საკასაციო საჩივარს - წარმატების პერსპექტივა.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით რეგლამენტირებული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საკასაციო საჩივარი არ უნდა იქნეს დაშვებული განსახილველად.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილზე და აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის შემთხვევაში პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან ი. ხ-ს საკასაციო საჩივარზე 27.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი - 300 ლარის ოდენობით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ი. ხ-ს (პ/ნ ...) უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლით, 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ი. ხ-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2018 წლის 24 დეკემბრის განჩინება;
3. ი. ხ-ს (პ/ნ ...) დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე 27.02.2019წ. #1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 300 ლარის 70 პროცენტი - 210 ლარი, შემდეგი ანგარიშიდან: ქ. თბილისი, სახელმწიფო ხაზინა, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის #200122900, სახაზინო კოდი #300773150;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.


თავმჯდომარე მ. ვაჩაძე


მოსამართლეები: ნ. სხირტლაძე


ა. წულაძე