Facebook Twitter
ბს-1143-1105(კ-08) 1 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე (მოსამართლეები)

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორი – გ. კ-იანი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანასთა სამინისტროს Dშემოსავლების სამასხური, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ბათუმის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)

დავის საგანი – ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობა

გასაჩივრებული სასამართლოს გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება

კასატორთა მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

გ. კ-იანის რწმუნებულმა 2007 წლის დეკემბერში სასარჩელო განცხადებით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის”, საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიმართ და მოითხოვა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2007 წლის 5 აგვისტოს ¹001969 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმის, რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” 2007 წლის 3 სექტემბრის ¹601/1742/07 გადაწყვეტილების და 2007 წლის 3 სექტემბრის ¹601/1742/07 საბაჟო შეტყობინების, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹7295 ბრძანებისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 16 ნოემბრის ¹05-05/13713 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილებით გ. კ-იანის წარმომადგენლის ა. გ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის 2007 წლის 5 აგვისტოს ¹001969 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი, რეგიონალური საბაჟო “დასავლეთის” 2007 წლის 3 სექტემბრის ¹601/1742/07 გადაწყვეტილება და საბაჟო შეტყობინება, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის 2007 წლის 10 ოქტომბრის ¹7295 ბრძანება და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2007 წლის 16 ნოემბრის ¹05-05/13713 გადაწყვეტილება.
Pპირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ბათუმის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურმა და საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილებით ბათუმის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 6 მარტის გადაწყვეტილება გაუქმდა და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; გ. კ-იანის და მისი წარმომადგენლის ა. გ-იას სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება ეფუძნება შემდეგ მოტივებს:
სააპელაციო პალატამ გაანალიზა ხ.მ-იანის, ი.დ-ძის, რ. მ-ძის ჩვენებები საქმეში არსებულ სხვა მასალებთან ერთობლიობაში და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ შეუძლებელია გაზიარებულ იქნას ხ. მ-იანის განმარტება იმ ნაწილში, სადაც უთითებს, რომ მებაჟემ პასპორტის შემოწმებისას გააღო ავტომანქანის კარები და “ბარდაჩოკიდან” ამოიღო ფული, რადგან არ დგინდება ის გარემოება, რომ მებაჟემ წინასწარ იცოდა მანქანაში არსებული არადეკლარირებული ფულის არსებობა და მისი შენახვის ადგილი. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ხ. მ-იანი მისდა უნებურად მიუთითებს, რომ მებაჟემ ჰკითხა აქ რატომ გაქვთ ფულიო, რის გამოც სასამართლომ მიიჩნია, რომ ფული ჰქონდათ იმ ადგილზე, სადაც უჩვეულოა მისი შენახვის ადგილი, რაც მართლაც შეიძლება ყოფილიყო “სამალავი”. სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ ხ. მ-იანის განმარტება თანხის სამი პიროვნების საკუთრების თაობაზე არ შეესაბამება საქმის ფაქტობრივ გარემოებებს, რადგან არც ოქმში და არც აქტში ე. ს-იანი დაფიქსირებული არ არის. თუ ხ. მ-იანმა განაცხადა ავტომანქანის საკუთრების შესახებ და ეს დაფიქსირდა აქტში, მას არავინ უშლიდა ხელს დაეფიქსირებინა ასევე თანხის ნაწილის კუთვნილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 აგვისტოს სამართალდარღვევის ოქმზე დამსწრისა და დამრღვევის მხრიდან რაიმე შენიშვნა, განცხადება ან სხვა ნეგატიური გამოვლენების მინაწერი გაკეთებული არ არის.
სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა «უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-5 მუხლი; ასევე საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილი, ამავე კოდექსის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილი და დადგენილად მიიჩნია, რომ 2007 წლის 5 აგვისტოს გ. კ-იანს საბაჟო საზღვრის გადაკვეთისას, ავტოსატრანსპორტო საშუალებაში აღმოაჩნდა არადეკლარირებული კუთვნილი 51800 აშშ დოლარი, რაზეც შედგა სამართალდარღვევი ოქმი, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილით და შეეფარდა საქონლის უსასყილოდ ჩამორთმევა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა გ. კ-იანის წარმომადგენელმა და მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, საბაჟო ორგანოს მიერ არ იქნა დადგენილი საქონელი (ფულადი თანხა) წარმოადგენდა მთლიანად გ. კ-იანის საკუთრებას თუ ასევე ეკუთვნოდა მის თანმხლებ პირებს, ასევე სომხეთის მოქალაქეებს, ავტომანქანის მძღოლს ხ. მ-იანს და ე. ს-იანს. კასატორი თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დაირღვა საქართველოს საბაჟო კოდექსის 235-ე მუხლის მე-12 ნაწილის მოთხოვნა; გ. კ-იანის მიმართ ოქმის შედგენისას დაირღვა მისი უფლება_მან ვერ ისარგებლა თარჯიმნის მომსახურებით, ამასთან, მას ადგილზე შეეფარდა სამართალდარღვევისათვის სანქციის სახით საქონლის ჩამორთმევა, მაშინ როდესაც კასატორის აზრით, საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საბაჟოს თანამშრომლებს არ ჰქონდათ უფლება სანქციის სახით ადგილზე გამოეყენებინათ საქონლის ჩამორთმევა.
კასატორი თვლის, ოქმის შემდგენს რომ მიეცა მოსარჩელისათვის საბაჟო დეკლარაციის შევსების და თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობის საშუალება, ან ჩამოერთვა მისთვის და მასთან თანმხლები პირებისათვის ახსნა-განმარტება, მაშინ სამართალდარღვევის ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, მით უფრო, რომ ფიზიკური პირების შემთხვევაში დეკლარირებას ექვემდებარება მხოლოდ 30 000 ლარზე ზევით თანხა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ გაზიარებულ იქნა დაინტერესებული პირის, 2007 წლის 5 აგვისტოს ¹001969 აქტის შემდგენის რ. მ-ძის ჩვენება და სრულიად უსაფუძვლოდ არ იქნა გაზიარებული ხ.მ-იანის ჩვენება.
კასატორი მიუთითებს, რომ სომხეთის მოქალაქეებმა არ იცოდნენ ქართული ენა, ცუდად იცოდნენ რუსული, ისინი არ უზრუნველყვეს თარჯიმნით და შესაბამისად, მათ არ იცოდნენ რაზე აწერდნენ ხელს, რამაც განაპირობა ის გარემოება, რომ აქტზე და ოქმზე არანაირი შენიშვნა არ გაუკეთებიათ. კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-80 მუხლის მე-5 ნაწილი, არასწორად განმარტა ასევე ამავე კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილი და 236-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები, 235-ე მუხლის მე-12 ნაწილი, ასევე არასწორად შეაფასა საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების, მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად თვლის, რომ გ. კ-იანის წარმომადგენლის ა. გ-იას საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგი გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ 2007 წლის 5 აგვისტოს სგპ «სარფის» ინსპექტორმა რ. მ-ძემ სომხეთის მოქალაქე გ. კ-იანს შეუდგინა საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი ¹001969 იმ საფუძვლით, რომ «ფორდ ტრაზინტის» მარკის ავტომანქანაში სახ. ¹...-ის შემოწმებისას, რომელსაც მართავდა სომხეთის მოქალაქე გ. კ-იანი, სამალავში აღმოჩენილი იქნა 497 ცალი 100 დოლარიანი და 42 ცალი 50 დოლარიანი კუპიურები, რომელიც მას არ ჰქონდა დეკლარირებული და ცდილობდა მალულად გადატანას თურქეთის რესპუბლიკაში. აღნიშნული ოქმის თანახმად გ. კ-იანს საბაჟო კოდექსის 242-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შეეფარდა ჯარიმის სახით «საქონლის ჩამორთმევა», საქონელს კი წარმოადგენდა, როგორც ამავე ოქმზე დართული აქტით დგინდება, 51800 აშშ დოლარი.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ 2007 წლის 5 აგვისტოს ¹001969 საბაჟო სამართალდარღვევის ოქმი შედგენილია კანონის მოთხოვნათა დაცვით, რადგან იმის გათვალისწინებით, რომ მოსარჩელე გ. კ-იანი სომხეთის მოქალაქეა, მან არ იცის ქართული ენა, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს საბაჟო კოდექსის მე-80 მუხლი მე-5 ნაწილის ბოლო წინადადება იმის თაობაზე, რომ უცხო ქვეყნის მგზავრი უფლებამოსილია, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით. საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო სამართალდარღვევის 2007 წლის 5 აგვისტოს ¹001969 ოქმით ვერ დგინდება თარჯიმნის სახით იყო თუ არა მოწვეული მოწმე ი. დ-ძე; ასევე აღნიშნული ოქმი შედგენილია ქართულ ენაზე, ხოლო გ. კ-იანი ხელს აწერს არაქართულ ენაზე, მისი ახსნა-განმარტება საქმეში წარმოდგენილი არ არის; მისი განმარტებით ასევე ირკვევა, რომ იგი რუსულ ენასაც ცუდად ფლობდა. აღნიშნულ ოქმში მითითებულია, რომ სამალავში აღმოჩენილი იქნა 497 ცალი 100 დოლარიანი და 42 ცალი 50 დოლარიანი კუპიურები, მაგრამ როგორც მოსარჩელისა და მასთან მყოფი პირების განმარტებებით ირკვევა, საბაჟო პასპორტის შემოწმების დროს მებაჟემ გაუღო მანქანის კარები და ე.წ. «ბარდაჩოკიდან» ამოიღო ფული; საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სათანადოდ არ დაასაბუთა მოპასუხის მიერ სადავო თანხა კონკრეტულად რომელ სამალავში იქნა აღმოჩენილი და ე.წ. «ბარდაჩოკი» რატომ არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ფულის შენახვის ადგილად.
საქმის მასალებით ირკვევა, რომ «ფორდ ტარნზიტის» მარკის ავტომანქანით, რომლის მძღოლიც იყო გ. კ-იანი, მგზავრობდა კიდევ სომხეთის სხვა მოქალაქეებიც; ამიტომ საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება იმის შესახებ, რომ სადავო თანხა მხოლოდ გ. კ-იანს ეკუთვნის; აღნიშნულის გარკვევას კი არსებითი მნიშვნელობა აქვს მოცემული დავის დავის გადასაწყვეტად, რადგან «საბაჟო დეკლარაციის სახეების, ფორმების, შევსების, წარდგენის დაბრუნების, შეცვლის, რეგისტრაციის და მონაცემთა ბაზის ელექტრონული დამუშავების სისტემის გამოყენებით, ზეპირი დეკლარირებით ან სხვა მოქმედებების განხორციელებით საბაჟო დეკლარაციის წარდგენის, ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების, საფოსტო გზავნილის დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესების შესახებ ინსტრუქციების და საბაჟო დეკლარირების კლასიფიკატორის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 20 დეკემბრის ¹1776 ბრძანების (სადავო პერიოდში მოქმედი) პირველი მუხლის «ე» პუნქტით დამტკიცებული იქნა ინსტრუქცია «ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის ფორმისა და შევსების წესის შესახებ» (დანართი ¹5). ამ ინსტრუქციის პირველი მუხლში მითითებულია, რომ იგი განსაზღვრავს საქართველოს საბაჟო საზღვარზე ფიზიკური პირის მიერ დეკლარირებას დაქვემდებარებული «ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის» (დანართი ¹6) მესამე ნაწილში მითითებული საგნების გადაადგილებისას «ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის» (შემდგომში_დეკლარაცია) ფორმისა და შევსების წესს. ხოლო «ფიზიკური პირის საბაჟო დეკლარაციის» დანართი ¹6-ის მესამე მუხლის პირველი ქვეპუნქტის თანახმად საბაჟო ორგანოში სავალდებულო დეკლარირებას ექვემდებარება მხოლოდ 30000 ლარზე მეტი ეროვნული ვალუტა ან მისი ექვივალენტი უცხოური ვალუტა, სხვა შემთხვევაში ფულადი თანხა დეკლარირებას არ ექვემდებარება.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე დაკითხული მხარეების და მოწმეთა ჩვენებები არ შეაფასა საქმის მასალებთან ერთობლიობაში, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105 მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ სასამართლოს აფასებს მტკიცებულებებს თავისის შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხვრივ, სულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგად მას გამოაქვს საქმისათის მნიშვნელობის მქონე გარემოებები არსებობის ან არ არსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1” პუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ. კ-იანის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 22 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.