Facebook Twitter
ბს-1385-1324(კ-09) 22 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:

ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე განიხილა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაზე.

საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:

2008 წლის 15 დეკემბერს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სარჩელით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე ზ. ყ-შვილის მიმართ და მოითხოვა ხელშეკრულების დარღვევის გამო ჯარიმის 16092 ლარის; პირგასამტეხლოს - 16092 ლარის 0.2% 2005 წლის 11 დეკემბრიდან მის სრულ გადახდამდე და ზიანის- 1644,95 ლარის ოდენობით ანაზღაურება (იხ. ს.ფ. 1-15).
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი მოპასუხე ზ. ყ-შვილის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე არ დაკმაყოფილდა (იხ. ს.ფ 67-69).
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილების გაუქმება და თავდაცვის სამინისტროს სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ 72-82).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 28 აპრილის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ზ. ყ-შვილს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმის სახით - 16092 ლარი, ზიანის სახით - 714,59 ლარი, პირგასამტეხლო 16092 ლარის 0.2%-ის ოდენობით ყოველდღიურად 2005 წლის 11 დეკემბრიდან 16092 ლარის გადახდამდე (იხ. ს.ფ 121-133).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 138-149).
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული დასაშვებობის შესამოწმებლად და მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღე საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებულ დასაშვებობის პირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 154-155).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო მრავლად აწარმოებს დავებს საკონტრაქტო სამსახურში მყოფ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო, ამგვარ საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია (იხ. ს.ფ. 174-176).

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 ნაწილის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლის თანახმად საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
საკასაციო სასამართლოს 2009 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი; მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3. მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 154-155).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა თავდაცვის სამინისტრომ და განმარტა, რომ ვინაიდან თავდაცვის სამინისტრო მრავლად აწარმოებს დავებს საკონტრაქტო სამსახურში მყოფ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებთან, მათ მიერ კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის გამო, ამგვარ საქმეზე ობიექტური და კანონიერი გადაწყვეტილების მიღება მნიშვნელოვანია სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. ამასთან გასაჩივრებული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, გადაწყვეტილება იურიდიულად დაუსაბუთებელია და მოითხოვა სასკ-ის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ, საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
მოცემულ შემთხვევაში კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ არ იქნა რეალიზებული მისი საპროცესო უფლება, კერძოდ, ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.