ბს-533-511(კ-08) 4 მარტი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი _ ქ. მ.-ე
კასატორი (მოპასუხე) – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია)
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ გ. ო.-ი
გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინება
დავის საგანი – ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
გ. ო.-მა სარჩელი აღძრა თელავის რაიონულ სასამართლოში და მიუთითა, რომ 23.08.98წ. გურჯაანის რაიონის გამგეობასთან გააფორმა მიწის საიჯარო ხელშეკრულება, რომლითაც 10 წლის ვადით იჯარით აიღო 25.46 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. ხელშეკრულების თანახმად იჯარით აღებული მიწის ნაკვეთით სარგებლობისათვის საიჯარო ქირა წელიწადში შეადგენდა 584 ლარსა და 96 თეთრს. 1999წ. სეტყვამ და გვალვამ მთლიანად გაანადგურა მოსავალი, რის გამოც ამ წელში ვერ გადაიხადა მიწის საიჯარო ქირა. 2000წ. გადაიხადა 830 ლარი, რითაც დაფარა წინა წლის დავალიანება 780 ლარი. ზედმეტად გადახდილმა თანხამ შეადგინა 50 ლარი. საიჯარო ქირის დაგვიანებით გადახდის გამო 1998 წელს დაერიცხა საურავი 10.67 ლარი, რასაც დაემატა 2000 წლის მიწის საიჯარო ქირა 585 ლარი. 2001 წელში გადაიხადა 922 ლარი. 2003 წელს სხვადასხვა დროს შეიტანა 2087 ლარი, დაფარა ყველა დავალიანება საურავის ჩათვლით. ასევე წინსწრებით 2004 და 2005 წლებისათვის დარჩა ზედმეტი ნაშთი 122,73 ლარი. 2005 წლის სექტემბერში მიაკითხა გურჯაანის საგადასახადო ინსპექციას დარჩენილი მიწის საიჯარო ქირის გადასახდელად, მაგრამ განუმარტეს, რომ 1999წ. გაუქმებული იყო საიჯარო ხელშეკრულება, რის შესახებაც მან არაფერი იცოდა. დარღვეული უფლების აღსადგენად მიმართა გურჯაანის რაიონულ სასამართლოს, რომლის 29.12.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის გამგეობის 27.12.99წ. ¹117 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც გ. ო.-ის საიჯარო ხელშეკრულება გაუქმდა. გურჯაანის გამგეობის დადგენილების ბათილად ცნობას საფუძვლად დაედო ის გარემოება, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო ცალმხრივად, მისთვის შეტყობინების გარეშე და გ. ო.-ს საიჯარო ქირა ჰქონდა გადახდილი. მიუხედავად იმისა, რომ გაუქმებული ჰქონდა ხელშეკრულება სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილებამდე, მის მიერ მთლიანად იქნა გადახდილი 2005 წლის საიჯარო ქირის დარჩენილი გადასახადი 462,27 ლარი და 37,37 ლარი საურავი, რომლის დარიცხვა მისი მიზეზით არ მომხდარა, სულ 500 ლარი. 1998 წლის 23 აგვისტოდან 2006 წლის 1 იანვრამდე, ხელშეკრულების თანახმად, უნდა გადაეხადა 4278 ლარი, მან ამ პერიოდში გადაიხადა აღნიშნულ თანხაზე მეტი. 27.12.99წ. შემდეგ, რაც გურჯაანის რაიონის გამგეობამ თავისი დადგენილებით გააუქმა მისი საიჯარო ხელშეკრულება, მას აღარ ეკუთვნოდა საიჯარო ქირის გადახდა, რაც შეადგენს 3552 ლარს. ეს თანხა მას უკან უნდა დაუბრუნდეს. ამავე დროს, გურჯაანის საგადასახადო ინსპექციამ არასწორად დაიანგარიშა მიწის საიჯარო ქირის გადასახადი. სადავო საგადასახადო მოთხოვნით 26.09.06წ. მდგომარეობით 4846.85 ლარი საგადასახადო დავალიანება ერიცხება. აქედან 1738.04 ლარი სასოფლო-სამეურნეო მიწის გადასახადი, 310 ლარი საურავი, სულ 4846.85 ლარი. გურჯაანის რაიონული გამგეობის 27.12.99წ. ¹117 დადგენილებით საიჯარო ხელშეკრულება უკვე გაუქმებული ჰქონდა და თავისი უფლებები აღიდგინა მხლოდ 29.12.05წ. სასამართლო გადაწყვეტილებით. ამდენად, მას 1999 წლის 27 დეკემბრიდან 2006 წლამდე საიჯარო ქირის გადახდა აღარ ევალებოდა. გურჯაანის რაიონული გამგეობა ვალდებული იყო თავისი გადაწყვეტილების შესახებ ეცნობებინა საგადასახადო ორგანოებისათვის. მოსარჩელემ თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა და მის მიერ ზედმეტად გადახდილი 3559 ლარის სამომავლოდ მიწის გადასახადში ჩათვლა მოითხოვა.
თელავის რაიონული სასამართლოს 12.12.06წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა გ. ო.-ის სარჩელი, ბათილად იქნა ცნობილი 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნა და გ. ო.-ს ზედმეტად გადახდილი თანხა 3552 ლარის ოდენობით ჩაეთვალა სამომავლოდ კუთვნილ მიწის საიჯარო ქირის გადასახადში.
თელავის რაიონული სასამართლოს 12.12.06წ. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ზედმეტად გადახდილი 3552 ლარის მომავალი მიწის საიჯარო ქირის გადასახადში ჩათვლის ნაწილში შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ამ ნაწილში საქმის წარმოება შეწყდა სარჩელის დაუშვებლობის გამო, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 23.08.98წ. გურჯაანის რაიონის გამგეობასა და გ. ო.-ს შორის დაიდო საიჯარო ხელშეკრულება გამგეობამ 10 წლის ვადით იჯარით გასცა 25.16 ჰა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. წლიური საიჯარო ქირა შეადგენდა 584.96 ლარს. 27.12.99წ. ¹117 გურჯაანის რაიონული გამგეობის დადგენილებით გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონის გამგეობის 27.12.99წ. ¹117 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმებული იქნა გ. ო.-ის საიჯარო ხელშეკრულება. აღნიშნული გადაწყვეტილებით დადასტურებულად იქნა მიჩნეული ის ფაქტი, რომ საიჯარო ხელშეკრულება შეწყვეტილი იყო ცალმხრივად, გ. ო.-თვის შეტყობინების გარეშე. დადგინდა, რომ მოსარჩელეს გადახდილი ჰქონდა 1998-2003წწ. საიჯარო გადასახადი. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ თელავის რაიონულმა სასამართლომ არსებითად სწორი გადაწყვეტილება მიიღო 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 11.07.07წ. ¹5280 კანონით ახლებურად ჩამოყალიბდა საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლის მე-18 ნაწილი. მითითებული ნორმის თანახმად, 2009 წლის 1 იანვრამდე ქონების გადასახადისგან გათავისუფლდნენ ფიზიკური პირები ამ კოდექსის 272-ე მუხლის 4-ე ნაწილის «ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრულ დაბეგვრის ობიექტებზე, რაც თავის მხრივ მოიცავდა იჯარით, ქირით, უზუფრუქტით ან სხვა ამგვარი სახის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ ქონებას. საკასაციო პალატის მითითებით, არ არსებობდა სადაო საგადასახადო მოთხოვნით მოსარჩელისთვის დარიცხული თანხის გადახდის ვალდებულების სამართლებრივი საფუძველი. გადახდილი თანხის მომავალ გადასახადში ჩათვლის შესახებ სასარჩელო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლომ დაუშვებლად მიიჩნია იმ გარემოების გამო, გადახდილი თანხის მომავალ გადასახადში ჩათვლა უნდა განხორციელებულიყო საგადასახადო ორგანოს მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებით, ანუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის მე-2 შესაბამისად, სასამართლოსთვის მიმართვისას, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის შესახებ მოპასუხის დავალდებულების თაობაზე, ადმინისტრაციულ ორგანოს უარი აქტის გამოცემაზე უარი უნდა ჰქონოდა ნათქვამი, წინააღმდეგ შემთხვევაში სახეზე არ იქნებოდა მხარეთა შორის დავა. სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელეს არ მიუმართავს მოპასუხე მხარისთვის მითითებული მოთხოვნით, რაც სასარჩელო განცხადების ამ ნაწილის დაუშვებლად ცნობის საფუძველს ქმნიდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თელავის რეგიონალურმა ცენტრმა. კასატორი იმ მოტივით არ იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას 1999-2005წ.წ. გ. ო.-ის მიწის გადასახადისგან გათავისუფლების თაობაზე, რომ მითითებულ საგადასახადო პერიოდში მოწინააღმდეგე მხარე ფაქტობრივად ფლობდა მიწის ნაკვეთს. 1999-2005წწ. მიწის მართვის სამმართველოს მიერ საგადასახადო უწყებისათვის გადაცემულ სიებში მითითებული იყო გ. ო.-ც. კასატორმა აღნიშნა, რომ საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლი თანახმად, მიწაზე ქონების გადასახდის გადამხდელია პირი, რომელსაც კანონით გათვალისწინებულ სარგებლობაში ან ფაქტობრივ მფლობელობაში აქვს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწა. კასატორმა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინების იმ ნაწილის გაუქმება მოითხოვა, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი სადავო საგადასახადო მოთხოვნა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 23.08.98წ. საიჯარო ხელშეკრულებით გ. ო.-ს იჯარით გადაეცა 25.16 ჰა სასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. გურჯაანის რაიონული გამგეობის 27.12.99წ. დადგენილებით გაუქმდა საიჯარო ხელშეკრულება. გურჯაანის რაიონული სასამართლოს 29.12.05წ. გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი გურჯაანის რაიონული გამგეობის 27.12.99წ. ¹117 დადგენილების ის ნაწილი, რომლითაც გაუქმდა გ. ო-სა და გურჯაანის რაიონის გამგეობას შორის დადებული საიჯარო ხელშეკრულება. თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნით გ. ო.-ს გადასახდელად დაეკისრა 4 846 ლარი, რაც მოიცავდა 1738 ლარსა და 04 თეთრს მიწის გადასახადს და მასზე დარიცხულ საურავს _ 3108 ლარსა და 81 თეთრს.
საქმის მასალებით არ დასტურდება სადავო თანხის დარიცხვის კანონიერება. საქმის მასალებში დაცულია გ. ო.-ის პირადი ანგარიშის ბარათი, რომლის მიხედვითაც გადასახადის გადამხდელს 1998-2005წწ., სხვადასხვა დროს, გადახდილი აქვს იჯარით აღებული მიწის გადასახადი. აღნიშნული ასევე დასტურდება საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის გადასახადების აკრეფის ქვითებით (ს.ფ. 11, 12). თელავის საგადასახადო ინეპექციის გადასახადების გადამხდელთა მომსახურების სამმართველოს გურჯაანის განყოფილების 12.12.06წ. ¹421 ცნობით საგადასახადო ორგანო ადასტურებს მხოლოდ 1999-2001წწ. გ. ო.-ის მიერ 1752 ლარის ოდენობით საიჯარო მიწის გადასახადის გადახდის, ხოლო 2002წ. მისი გადაუხდელობის ფაქტს. სადავო აქტის მიღებამდე, 2006 წლის სექტემბრამდე, საგადასახადო პერიოდის მიხედვით საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის შესახებ ინფორმაცია ცნობაში მითითებული არ არის (ს.ფ.36). მხოლოდ ის გარემოება, რომ მიწის მართვის სამმართველოს მიერ 1999-2005წწ. საგადასახადო ორგანოსათვის გადაცემულ სიებში მითითებული იყო გ. ო.-ი, არ ასაბუთებს სადავო აქტის კანონიერებას. კასატორის მიერ ვერ იქნა მითითებული საგადასახადო ვალდებულების წარმოშობის პერიოდი, ასევე ვერ იქნა დადასტურებული გ. ო-ის მიერ მიწის გადასახადის გადაუხდელობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნა გამოცემულია საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც მისი ბათილად ცნობის საფუძველია. ამასთანავე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს საგადასახადო ორგანოსათვის ასკ-ის 32.4 მუხლის შესაბამისად, ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის დავალების საფუძველი, ვინაიდან საქართველოს საგადასახადო კოდექსში დამატებებისა და ცვლილებების შეტანის შესახებ 11.07.07წ. კანონით საგადასახადო კოდექსის 281-ე მუხლს დაემატა 21-ე ნაწილი, რომლის საფუძველზე მიწაზე ქონების გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირებს და ადგილობრივ თვითმართველობასა და მმართველობას შეუწყდათ საგადასახადო ვალდებულებები 2005 წლის 1 იანვრამდე პერიოდისათვის მიწის ნაკვეთების მიხედვით გაანგარიშებული ქონების გადასახადის ვადაგადაცილებულ დავალიანებათა თანხებზე და მათზე დარიცხულ სანქციებზე. საგადასახადო ორგანოებს დავალიანებათა (მათ შორის, საურავების) ჩამოწერა დაევალათ გადამხდელის პირად ბარათზე ასახვით, საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის 92-ე მუხლის გაუთვალისწინებლად, რომლითაც განსაზღვრულია ვადაგადაცილებული საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის საფუძვლები.
ყოველივე ზემოააღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 26.09.06წ. ¹641 საგადასახადო მოთხოვნა სააპელაციო სასამართლოს მიერ მართებულად იქნა ცნობილი ბათილად. საკასაციო პალატა თვლის, რომ სსკ-ის 410-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 06.03.08წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.