Facebook Twitter
ბს-694-666(2კ-08) 10 თებერვალი, 2009 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

თავმჯდომარე ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე
პაატა სილაგაძე

სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა

კასატორები: 1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური (მოსარჩელე, მოპასუხე სს “ ... “ სარჩელზე), წარმომადგენელი _ მ. მ-ი; 2. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო (მოპასუხე სს “ ... “ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელებზე), წარმომადგენელი _ ე. ს-ი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ სს “ ... “

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება

სს “ ...-ის” სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელის საგანი _ ხელშეკრულებების ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2005 წლის 12 ივლისს სს “ ....-მა” სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2003 წლის 1 მაისს სს “ ...-ს”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელ კომპანიასა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ¹26 ხელშეკრულება. 2003 წლის 13 მაისს კი, სს “ ..-თან” გაფორდა მეორე ¹26 ხელშეკრულება, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიასთან. 2003 წლის 1 მაისის ¹26 ხელშეკრულების საგანს, ამავე ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის შესყიდვის მიზნით, სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა, ხოლო მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა“ პუნქტით დადგინდა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, სს “ ...-თვის”, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 2,1 თეთრი, ფოთლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2100 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ხსენებული ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 1 ნოემბრამდე მიეღო მინიმუმ 2100 ტონა ჩაის ფოთოლი. ამავე ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტის თანახმად, სს “ ...-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტის მიხედვით, სუბვენციის გამცემს ავანსის სახით უნდა გადაერიცხა თანხა 22050 ლარის ოდენობით, ხელშეკრულება კი, მისი მე-4 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
მოსარჩელის მტკიცებით, 2003 წლის 28 ნოემბერს ზემოთ მითითებულ ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმებით, შევიდა ცვლილება და ხელშეკრულების 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ, 2003 წლის 1 ნოემბრამდე, ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (2100 ტონა) ჩაის ფოთლის 50%-ზე ნაკლების გადამუშავების შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა 1 კგ ჩაის ფოთოლზე 2,1 თეთრის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ 1 კგ ჩაის ფოთოლზე 3,49498 თეთრის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს” არათუ 2003 წლის 1 ნოემბრამდე, არამედ უკვე 2003 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, მიღებული ჰქონდა 2100,24 ტონა ჩაის ფოთოლი. საბოლოო ჯამში, სს “ ...-ის” მიერ შესრულებულ იქნა მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, ხოლო სუბვენციის გამცემის მიერ მისთვის გადარიცხულ იქნა მხოლოდ ავანსი 22050 ლარის ოდენობით, სუბვენციის დარჩენილი თანხა კი, 51344,60 ლარის ოდენობით, მისთვის არ გადაურიცხავთ. შესაბამისად, სს “ ...-ს” მისაღები ჰქონდა 51344,60 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, მასთან, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიასთან, 2003 წლის 13 მაისს დადებული ¹26 ხელშეკრულების საგანს, ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, ექსპორტისათვის სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი. ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ მოპასუხე ვალდებული იყო, სს “ ...-თვის” ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 700 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქციაზე. ხსენებული მუხლის “გ“ პუნქტის თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. იმავე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ პუნქტის მიხედვით, ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 700 ტონა პროდუქციის ექსპორტი, ხოლო 2.4 მუხლის “ბ“ პუნქტის თანახმად, სს “ ...-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ“ პუნქტის მიხედვით, სუბვენციის გამცემს უნდა გადაერიცხა ავანსის სახით თანხა 32750 ლარის ოდენობით, ხელშეკრულება კი, მისი მე-4 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე.
მოსარჩელის მტკიცებით, 2003 წლის 29 დეკემბერს ზემოხსენებულ ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმებით, ასევე შევიდა ცვლილება და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიის მიერ 2003 წლის 15 დეკემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (700 ტონა) პროდუქციის 50%-ზე ნაკლების ექსპორტირების შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,27169 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს”, ისევე, როგორც პირველი ხელშეკრულების შემთხვევაში, ამჯერადაც ვადაზე ადრე _ 2003 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ექსპორტზე გადატვირთული ჰქონდა 751,751 ტონა ჩაის მზა პროდუქცია, რომლის ღირებულებაც იყო 553136,76 აშშ დოლარი. ხსენებული ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა“ პუნქტიდან გამომდინარე, 700 ტონა პროდუქციის ღირებულებიდან, რაც 513288,70 აშშ დოლარს შეადგენდა, ანაზღაურებულ იქნა 482634,20 აშშ დოლარი და შესაბამისად, სს “ ...-ს” ამ თანხიდან ყოველ აშშ დოლარზე უნდა გადარიცხოდა 0,27169 ლარი, სულ _ 131126 ლარი. საბოლოო ჯამში, სს “ ...-ის” მიერ შესრულებულ იქნა ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, ხოლო სუბვენციის გამცემის მიერ მისთვის გადარიცხულ იქნა მხოლოდ ავანსი 32750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს “ ...-ს” მისაღები ჰქონდა 98376 ლარი. სს “ ...-ის” მიმართ არსებული დავალიანება სულ შეადგენდა 149720,60 ლარს.
მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 2 დეკემბერს მან წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მის მიერ შესრულებულ იქნა ჯეროვნად, მაგრამ ამ სააგენტოს მხრიდან სუბვენციის თანხები არ იყო გაცემული, რის გამოც სს “ ...-მა” მოითხოვა, მისთვის ეცნობებინათ თანხების გაცემის შეფერხების მიზეზების შესახებ და პრეტენზიის წარდგენის დღიდან ორი კვირის ვადაში დაეფარათ დავალიანება, რაზეც 2004 წლის 2 დეკემბერს საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ¹01/03-285 წერილით სს “ ...-ს” აცნობა, რომ, მართალია, მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, მაგრამ თანხების გადარიცხვა შეფერხებულ იქნა სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც ამავე სააგენტომ, ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში, გაუგზავნა საგადასახადო დავალებები, თუმცა, მიუხედავად ამისა, სუბვენციის თანხის გადარიცხვა არ მომხდარა.
მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელი იყო მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. ასეთი ხელშეკრულებები კი, მხარეთა შორის გაფორმებულ იქნა. ამავე კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილი იყო, მოეთხოვა მოვალისათვის მოქმედების შესრულება, მოცემულ შემთხვევაში _ თანხის ანაზღაურება. ზემოხსენებული ხელშეკრულებები ძალაში შევიდა და მოქმედებდა, რასაც არც მხარეები უარყოფდნენ, რის დასტურიც იყო ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, საავანსო თანხების გადარიცხვა. აღნიშნული კი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, წარმოადგენდა გარემოებას, რომელიც დამატებით მტკიცებას არ საჭიროებდა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულებულიყო ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. მოსარჩელეს, თანხის მოთხოვნისა და მისი მიღების უფლების წარმოშობისათვის, უნდა შეესრულებინა ორივე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ“ პუნქტის მოთხოვნები, კერძოდ, მიეწოდებინა ინფორმაცია ვალდებულების შესრულების შესახებ და დაედასტურებინა იგი სათანადო მტკიცებულებებით. სს “ ...-ის“ მიერ აღნიშნული ვალდებულებების შესრულება დასტურდებოდა ჩაის ფოთლის გადამუშავებასა და ექსპორტზე გაწეული სამუშაოების შესახებ ცნობებით, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოში წარდგენილი დოკუმენტური მასალებითა და ამ სააგენტოს აღიარებით.
მოსარჩელის განმარტებით, ზემოხსენებული ხელშეკრულებების 2.1 მუხლების “გ“ პუნქტების თანახმად, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს 10 დღის ვადაში უნდა მიეცა საგადასახადო დავალება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის, სს “ ...-თვის” კუთვნილი თანხის გადარიცხვის თაობაზე. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01/03-285 წერილის მიხედვით, ამ სააგენტოს მიერ ყველა საგადასახადო დავალება ხელშეკრულებით დადგენილ ვადებში წარედგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ხოლო ეს სამსახური ვალდებული იყო, 2000 წლის 29 დეკემბერს დამტკიცებული “საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რომელიც ხაზინის ძირითად ფუნქციად ითვალისწინებდა სახაზინო სამსახურის მიერ ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის აღსრულებას, მოეხდინა სს “ ...-თვის” კუთვნილი თანხის გადარიცხვა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა სს “ ...-ის” კუთვნილი თანხის _ 149720,60 ლარის ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრება; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელის წარმომადგენლისათვის გაწეული ხარჯების ანაზღაურების მოპასუხეებისათვის დაკისრება.
2006 წლის 14 ივლისს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხე სს “ ...-ის” მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს “ ...-ს“ შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დაიდო ¹26 ხელშეკრულებები. აღნიშნულ ხელშეკრულებებში 2003 წლის 28 ნოემბერსა და 2003 წლის 29 დეკემბერს შევიდა ცვლილებები, რომლებიც წარმოადგენდა ძირითადი ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილებს. 2003 წლის 1 მაისის ხელშეკრულების პირველი მუხლის თანახმად, ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა. 2003 წლის 13 მაისის ხელშეკრულების პირველი მუხლის მიხედვით, ამ ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის” 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფოს მხრიდან ჩაის გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა.
მოსარჩელის მტკიცებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 66-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო სამოქალაქო-სამართლებრივ ურთიერთობებში მოქმედებდა მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული გარიგება არ უნდა ყოფილიყო წინააღმდეგობაში საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობასთან. იმავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული გარიგება იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე, სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგება. შესაბამისად, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თან“ დადებული ორივე ხელშეკრულება, თავისი შინაარსით, წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებას. ხსენებული კოდექსის 651-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადებისას გამოიყენებოდა სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილი იყო გარიგება, რომელიც არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს, მე-8 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით კი, სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო-სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან ასევე წესრიგდებოდა სამოქალაქო კანონებით, თუკი ეს ურთიერთობები, სახელმწიფო ან საზოგადოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე, არ უნდა მოწესრიგებულიყო საჯარო სამართლით. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებულ იქნა ინსტრუქცია _ “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით“, რომლის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის “გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ყველა ხელშეკრულებაში უნდა არსებულიყო მუხლი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება ძალაში შედიოდა ხაზინის მიერ შესაბამისი ვალდებულების რეგისტრირების შემდეგ. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ხაზინაში ხდებოდა ვალდებულების და არა ხელშეკრულების რეგისტრირება, როგორც ეს ხელშეკრულებებში იყო მითითებული. ამდენად, 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებებით ირღვეოდა კანონით დადგენილი წესი და საჯარო პრინციპები.
მოსარჩელის განმარტებით, “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, ჩაის წარმოების ხელშეწყობის პროგრამებისათვის გამოყოფილი თანხები გათვალისწინებული იყო სხვა საქონლისა და მომსახურების მუხლში. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულების მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ამ მუხლიდან ხარჯების გაწევა განხორციელდებოდა მე-15 მუხლის ანალოგიურად, მე-15 მუხლის თანახმად კი, ვალდებულების დოკუმენტი ხაზინას წარედგინებოდა მანამდე, ვიდრე შემსრულებელი შეასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. ნორმატიული აქტის აღნიშნული მოთხოვნა არ იქნა გათვალისწინებული ხელშეკრულებებში, რამაც გამოიწვია საჯარო წესრიგის დარღვევა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს “ ...-ს“ შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დადებული ¹26 ხელშეკრულებების ბათილად ცნობა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 4 აგვისტოს საოქმო განჩინებით ადმინისტრაციული საქმეები სს “ ...-ისა” და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელების გამო, გაერთიანდა ერთ წარმოებად.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში ამ საქმის განხილვისას, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა თავის სასარჩელო განცხადებაში მეორე მოპასუხედ მიუთითა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სს “ ...-ის” სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს სს “ ...-ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისრათ 149720 ლარის გადახდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უარი ეთქვა 2003 წლის 1 მაისის ¹26 და 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულებების ბათილად ცნობაზე; სს “ ...-ს” დაუბრუნდა მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 1000 ლარის ოდენობით; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის “ზ” ქვეპუნქტზე, 651-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ჩაის ფოთლის წარმოება საქართველოს მთავრობის მიერ მიჩნეულ იქნა პრიორიტეტულ დარგად, რომლის ხელშეწყობისათვის, “სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი, ხოლო საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 მარტის ¹336 განკარგულებით საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს დაევალა პროგრამის მონაწილე სუბიექტების გამოვლენა და ჩაის დარგში მომუშავე კერძო სტრუქტურებთან შეთანხმებული წესის დამტკიცება.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებები წარმოადგენდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით დადებულ ადმინისტრაციულ ხელშეკრულებებს.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრის 2004 წლის 20 დეკემბრის დავალება, “მეჩაიეობაში საბაზრო გარემოს ფორმების ხელშემწყობი პირობების შექმნის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 მარტის ¹336 განკარგულების შესაბამისად განხორციელებული “2003 წლის ქართული ჩაის ფოთლის მოყვანის, გადამუშავების და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის“ ფარგლებში წარმოქმნილი დავალებების თაობაზე” და მანვე, პროგრამის ფარგლებში, გამოაცხადა კონკურსი, რომლის შედეგადაც გამარჯვებულად გამოვლინდა 59 საწარმო, მათ შორის, სს “ ...-ი”, რომელთანაც გაფორმდა ხელშეკრულებები, კერძოდ, 2003 წლის 1 მაისს სს “ ...-სა”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელ კომპანიასა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ¹26 ხელშეკრულება, 2003 წლის 13 მაისს კი სს “ ...-თან” გაფორმდა მეორე ¹26 ხელშეკრულება, მაგრამ ამჯერად, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიასთან. 2003 წლის 1 მაისის ხელშეკრულების საგანს, ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის შესყიდვის მიზნით, სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა, მე-2 მუხლით კი განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, “ა“ პუნქტით დადგინდა, რომ შესაბამისი მოპასუხე ვალდებული იყო, სს “ ...-თვის”, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 2,1 თეთრი, ფოთლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2100 ტონისა. იმავე მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 1 ნოემბრამდე მიეღო მინიმუმ 2100 ტონა ჩაის ფოთოლი. ამავე ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, სს “ ..-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სუბვენციის გამცემს, ავანსის სახით, უნდა გადაერიცხა თანხა 22050 ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. მითითებულ ხელშეკრულებაში 2003 წლის 28 ნოემბერს, მხარეთა შეთანხმებით, შევიდა ცვლილება და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ 2003 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (2100 ტონა) ჩაის ფოთლის 50%-ზე ნაკლების გადამუშავების შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა 1 კგ ჩაის ფოთოლზე 2,1 თეთრის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ 1 კგ ჩაის ფოთოლზე 3,49498 თეთრის ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ, სასარჩელო განცხადების მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს” არათუ 2003 წლის 1 ნოემბრამდე, არამედ უკვე 2003 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, მიღებული ჰქონდა 2100,24 ტონა ჩაის ფოთოლი, საბოლოო ჯამში კი, სს “ ...-ის” მიერ შესრულებულ იქნა მითითებული ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, ხოლო სუბვენციის გამცემის მიერ მისთვის გადარიცხულ იქნა მხოლოდ ავანსი 22050 ლარის ოდენობით, სუბვენციის დარჩენილი თანხა კი, 51344,60 ლარის ოდენობით, მისთვის არ გადაურიცხავთ.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2003 წლის 13 მაისის ხელშეკრულების საგანს, ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, ექსპორტისათვის სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ შესაბამისი მოპასუხე ვალდებული იყო, სს “ ...-თვის”, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 700 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქციაზე. ხსენებული მუხლის “გ“ პუნქტის თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამავე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ პუნქტის მიხედვით, ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 700 ტონა პროდუქციის ექსპორტი, 2.4 მუხლის “ბ“ პუნქტის თანახმად კი, სს “ ...-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ“ პუნქტის მიხედვით, სუბვენციის გამცემს უნდა გადაერიცხა ავანსის სახით თანხა 32750 ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 29 დეკემბერს ამ ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმებით, ასევე შევიდა ცვლილება და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიის მიერ 2003 წლის 15 დეკემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ პუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (700 ტონა) პროდუქციის 50%-ზე ნაკლების ექსპორტირების შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,27169 ლარის ოდენობით. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს”, ისევე, როგორც პირველი ხელშეკრულების შემთხვევაში, ამჯერადაც ვადაზე ადრე _ 2003 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ექსპორტზე გადატვირთული ჰქონდა 751,751 ტონა ჩაის მზა პროდუქცია, რომლის ღირებულებაც იყო 553136,76 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა“ პუნქტიდან გამომდინარე, 700 ტონა პროდუქციის ღირებულებიდან, რაც 513288,70 აშშ დოლარს შეადგენდა, ანაზღაურებულ იქნა 482634,20 აშშ დოლარი. სს “ .....-ს” კი, შესაბამისად, უნდა გადარიცხოდა ამ თანხიდან ყოველ აშშ დოლარზე 0,27169 ლარი, სულ _ 131126 ლარი. საბოლოო ჯამში, სს “ ..-ის” მიერ შესრულებულ იქნა ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ყველა ვალდებულება, ხოლო სუბვენციის გამცემის მიერ მისთვის გადარიცხულ იქნა მხოლოდ ავანსი 32750 ლარის ოდენობით. შესაბამისად, სს “ ...-ს” მისაღები ჰქონდა 98376 ლარი. საერთო ჯამში, სს “ ...-ის” მიმართ არსებული დავალიანება შეადგენდა 149720,60 ლარს.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ, როგორც სასარჩელო განცხადებიდან, აგრეთვე, ირკვეოდა, 2004 წლის 2 დეკემბერს სს “ ..-მა” წერილობით მიმართა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მის მიერ შესრულებულ იქნა ჯეროვნად, მაგრამ სააგენტოს მხრიდან სუბვენციის თანხები არ იყო გაცემული, რის გამოც მან ითხოვა, მისთვის ეცნობებინათ თანხის გაცემის შეფერხების მიზეზების შესახებ და პრეტენზიის წარდგენის დღიდან ორი კვირის ვადაში დაეფარათ დავალიანება, რაზეც საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ ¹01/03-285 წერილით სს “ ...-ს” განუმარტა, რომ, მართალია, მის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ყველა ვალდებულება ჯეროვნად იქნა შესრულებული, მაგრამ თანხების გადარიცხვა შეფერხებულ იქნა სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც საინვესტიციო სააგენტომ ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში, გაუგზავნა საგადასახადო დავალებები, თუმცა, მიუხედავად ამისა, სუბვენციის თანხის გადარიცხვა არ მომხდარა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზემოხსენებული ხელშეკრულებები ძალაში შევიდა და მოქმედებდა, რასაც ადასტურებდა ორივე ხელშეკრულების შემთხვევაში, საავანსო თანხების გადარიცხვა. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარდგენილ იქნა საგადასახადო დავალებები _ 2003 წლის 1 მაისის ¹26 ხელშეკრულების საფუძველზე, სუბვენციის სახით, 22050 ლარზე და 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულების საფუძველზე, 22267 ლარსა და 4033 ლარზე, ასევე 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულებაში 2003 წლის 29 დეკემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, წარდგენილ იქნა ვალდებულების დოკუმენტი 78633,70 ლარზე და ვალდებულების დოკუმენტი 2003 წლის 1 მაისის ¹26 ხელშეკრულებაში 2003 წლის 28 ნოემბერს შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, 29294,60 ლარზე. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01/03-285 წერილით დგინდებოდა, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო “2003 წლის ქართული ჩაის ფოთლის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის” ფარგლებში, ჩაის დარგში მომუშავე კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში, ახორციელებდა ჩაის ფოთლის გადამუშავებისა და პროდუქციის ექსპორტის სუბვენციის თანხების გადარიცხვის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, კერძოდ, სს “ ...-ს“ 2003 წლის 30 მაისს გადაერიცხა საავანსო თანხა ფოთლის გადამუშავებაზე _ 22050 ლარი და ექსპორტზე _ 26200 ლარი (¹47 და ¹48 საგადასახადო დავალებები). ამასთან, სახაზინო სამსახურმა აიღო ვალდებულება სს “ ...-თვის” ფოთლის გადამუშავებაზე 22050 ლარისა (¹141 საგადასახადო დავალება) და პროდუქციის ექსპორტზე 26300 ლარის (¹142 და ¹198 საგადასახადო დავალებები) გადარიცხვის თაობაზე, ხოლო დარჩენილ თანხაზე, ფოთლის გადამუშავებისთვის _ 22294,60 ლარსა და ექსპორტისათვის 78633,70 ლარზე, სახაზინო სამსახურს არ აუღია ვალდებულება. ასევე დგინდებოდა, რომ, მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, 2003 წლის 25 ივნისის შემდეგ, სახაზინო სამსახურს არ განუხორციელებია ჩაის კომპანიებისათვის კუთვნილი სუბვენციის თანხების გადარიცხვა. ამავე წერილით დგინდებოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილ ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული ზემოაღნიშნული პროგრამით აუნაზღაურებელი ხარჯების დაფინანსება.
საქალაქო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში შეიქმნა საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდი, მათ შორის, წარმოების ხელშეწყობის პროგრამებისათვის. ამავე კანონის მე-17 მუხლის მიხედვით, 2003 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტულ ღონისძიებებად და ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით, ხარჯების დაცულ მუხლებად განისაზღვრა მთელი რიგი ღონისძიებები, მათ შორის, საქართველოს პრეზიდენტის წარმოების განვითარების საინვესტიციო ფონდისათვის გათვალისწინებული ხარჯები.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 463-464-ე მუხლებზე და მიიჩნია, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური კრედიტორთან _ სს “ ...-თან” მიმართებაში, წარმოადგენდნენ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სოლიდარულ მოვალეებს. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მოპასუხეებსა და მოსარჩელეს შორის 2003 წლის 1 და 13 მაისს გაფორმდა ¹26 ხელშეკრულებები, რომლებშიც შემდგომ შევიდა ცვლილებები. სადავო ხელშეკრულებების თანახმად, სუბვენციის გამცემს წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, რომელიც ვალდებული იყო, ჩაის გადამამუშავებელი კომპანიისათვის სუბვენციის თანხა აენაზღაურებინა საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში, რომლებიც მას გააჩნდა “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2003 წლის 14 აპრილის ¹5 სხდომის ოქმის შესაბამისად. ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება ეკისრებოდა, როგორც საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, ასევე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. დადგენილი იყო, რომ სს “ ....-ის” მიერ ჯეროვნად და დროულად შესრულდა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ხოლო მოვალეების მიერ ვალდებულება არ შესრულებულა ჯეროვნად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ყოველი შესრულება გულისხმობდა ვალდებულების არსებობას. საქმის მასალებით უდავოდ დადგენილი იყო, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის არსებობდა ვალდებულება. “სუბვენციის გამცემის” მიერ “სუბვენციის მიმღებისათვის” 2003 წლის 1 მაისის ¹26 ხელშეკრულების საფუძველზე, ავანსის სახით, გადარიცხულ იქნა 22050 ლარი, ხოლო 13 მაისის ¹26 ხელშეკრულების საფუძველზე, ასევე ავანსის სახით, გადარიცხულ იქნა 32750 ლარი, ორივე ხელშეკრულებით შეუსრულებელი ვალდებულება კი, შეადგენდა 149720 ლარს.
საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მოსაზრება 2003 წლის 1 მაისის ¹26 და 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულებების ბათილად ცნობის თაობაზე იმ საფუძვლით, რომ ეს ხელშეკრულებები არღვევდა კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგებოდა საჯარო წესრიგს.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლებოდა, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებოდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ მხარეთა შორის სადავო ხელშეკრულებები დაიდო საამისოდ გათვალისწინებული ფორმით და ისინი შეთანხმდნენ მათ ყველა არსებით პირობებზე, შემდგომ კი, ასევე ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ამ ხელშეკრულებებში შეტანილ იქნა ცვლილებები, რომლებიც, აგრეთვე, შეთანხმებულ იქნა მხარეთა შორის.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ინსტრუქციის _ “ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” პირველი მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ეს ინსტრუქცია განსაზღვრავდა ბიუჯეტით დამტკიცებული კლასიფიკაციით გათვალისწინებული ყველა მუხლის მიხედვით, ხარჯების გაწევის პროცედურებს, რომლებიც ხორციელდებოდა ხაზინის მეშვეობით და გაიცემოდა ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ, დაუშვებელი იყო ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო თანხების გაცემა ვალდებულება-დამოწმების გარეშე. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში წარადგენდა შესაბამის საგადასახადო დავალებებს, რისი დამოწმებაც უნდა უზრუნველეყო სახაზინო სამსახურს. ამავე ინსტრუქციის მე-7 მუხლის თანახმად, ხაზინაში “დაცულ მუხლებზე” წარმოდგენილ ვალდებულებებს არეგისტრირებდა ცენტრალური ხაზინა. ამ ხარჯებზე სახსრების მოსალოდნელი სიმცირის შემთხვევაში, არ ხდებოდა ვალდებულების ოდენობის შემცირება. “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლით, საინვესტიციო ფონდისათვის გათვალისწინებული ხარჯები განისაზღვრა დაცულ მუხლად. აღნიშნულის გათვალისწინებით, საინვესტიციო სააგენტოს მიერ წარდგენილი ვალდებულებების რეგისტრაცია უნდა უზრუნველეყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ცენტრალურ ხაზინას, რაც არ განხორციელებულა მისივე ბრალეულობით. ამასთან, საგულისხმო იყო ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა ნაწილობრივ აიღო ვალდებულება, სს “ ...-თვის” ფოთლის გადამუშავებაზე 22050 ლარისა და პროდუქციის ექსპორტზე 26300 ლარის გადარიცხვის თაობაზე.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ სადავო ხელშეკრულებების დადება საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსათვის სავალდებულო იყო “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით და შესაბამისად, ზემოთ მითითებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს უნდა უზრუნველეყო ვალდებულებების რეგისტრირება “დაცულ მუხლებზე” წარმოდგენილ ვალდებულებებში, რაც მისი მხრიდან გახდა ვალდებულების შეუსრულებლობის საფუძველი. მითითებული გარემოებების გათვალისწინებით, არ არსებობდა სადავო ხელშეკრულებების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძვლები. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მოპასუხეები გათავისუფლებული იყვნენ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება, მისი სარჩელის დაკმაყოფილება და სს “ ...-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და მის მიმართ 149720 ლარის სოლიდარულად გადახდევინების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც სს “ ...-ის” სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს “ ...-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 48350 ლარის გადახდა; სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს სს “ ...-ის” სასარგებლოდ დაეკისრა 101370,60 ლარის გადახდა; სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისრა 4065 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გაკეთებული დასკვნები მოპასუხეთა ვალდებულების არსებობის თაობაზე, მაგრამ მიიჩნია, რომ, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, მოპასუხეების ვალდებულება არ იყო სოლიდარული და ისინი პასუხისმგებელი იყვნენ კონკრეტული თანხის ფარგლებში.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონი არეგულირებდა საინვესტიციო სააგენტოს საქმიანობის სამართლებრივ საფუძვლებს. აღნიშნული კანონის მე-4 მუხლის თანახმად, სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იყო: ფონდის სახსრების რაციონალური მართვა და განაწილება თავდებობის, სუბვენციისა და სუბსიდიის სახით, საქართველოს ეკონომიკური და სოციალური განვითარების ინდიკატური გეგმით განსაზღვრული პრიორიტეტების ან მიზნობრივი პროგრამების შესაბამისად; პოტენციურ ინვესტორებთან მოლაპარაკებების წარმოება საწარმოო-საინვესტიციო პროექტების განხორციელებისათვის საჭირო ინვესტიციებისა და გრანტების მოზიდვის მიზნით. ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად, მეწარმეობის განვითარების პროგრამების განხორციელების სახელმწიფო ხელშეწყობის ერთ-ერთი ფორმა იყო სუბვენცია, ამავე კანონის განმარტებით, განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფდა შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებში დაცული იყო საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს “ ...-ს” შორის გაფორმებული 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებები (შესაბამისი ცვლილებებითა და დამატებებით), რომლებიც ადგენდა გარკვეულ უფლებებსა და ვალდებულებებს ხელშემკვრელი მხარეებისათვის. აღნიშნული ხელშეკრულებების მე-2 მუხლებით ცალსახად დგინდებოდა სუბვენციის გამცემის ვალდებულება, რომ ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად, სუბვენციის მიმღებისთვის გამოეყო გარკვეული თანხა, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენის შესაბამისად. ხსენებული მუხლების “გ” პუნქტების თანახმად, სუბვენციის გამცემი ვალდებული იყო, სუბვენციის მიმღების _ ჩაის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისთვის მიეცა საგადასახადო დავალება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მიღებულ ჩაის ფოთოლზე გასაწევი სუბვენციის თანხის კომპენსაციისათვის გადარიცხვის თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ საქმის მასალებითა და მხარეების მიერ სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებებით დადგენილი იყო, რომ სს “ ...-ის” მიერ საექსპორტოდ გატანილი ჩაის რაოდენობის შესახებ ფაქტობრივი გარემოება ეჭვს არ იწვევდა. საქმეში დაცული იყო სასამართლოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან გამოთხოვილი ცნობა სახაზინო ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული ცნობიდან ირკვეოდა, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს “ ...-თან” მიმართებაში აღებული ჰქონდა ¹14 ვალდებულება, საერთო თანხით _ 22050 ლარი, რომელიც დამოწმებული და გადახდილი იყო ავანსის სახით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს ასევე აღებული ჰქონდა ¹15 ვალდებულება, საერთო თანხით _ 26200 ლარი, რომელიც დამოწმებული და გადახდილი იყო ავანსის სახით. ამ ცნობიდან ირკვეოდა, რომ სს “ ...-თან” მიმართებაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ აღებული იყო ¹88 ვალდებულება, საერთო თანხით _ 22050 ლარი, რომელიც იყო დამოწმებული, არ იყო დაფარული და არსებობდა დავალიანების სახით, ასევე _ ¹89 ვალდებულება, საერთო თანხით _ 22267 ლარი, რომელიც დამოწმებული იყო და არ იყო გადახდილი, აგრეთვე _ ¹145 ვალდებულება, თანხით _ 4033 ლარი, რომელიც ასევე დამოწმებული იყო და არ იყო გადახდილი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებულ ინსტრუქციაზე _ “ცენტრალური ბიუჯეტის კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით”, რომლის პირველი მუხლის თანახმად, ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ, დაუშვებელი იყო ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გაცემა ვალდებულება-დამოწმების გარეშე, ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ, სახელმწიფო არ იღებდა პასუხისმგებლობას ინსტრუქციის ძალაში შესვლის თარიღიდან ვალდებულებისა და დამოწმების პროცესის გარეშე დაგროვებული დავალიანების დაფარვაზე. ამ ინსტრუქციის მე-2 მუხლით განმარტებული იყო ინსტრუქციაში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობა, კერძოდ, ვალდებულება იყო სახელმწიფოს პირობა, მომავალში დაეფარა მიწოდებული საქონლისა და გაწეული მომსახურების ღირებულება, გადახდის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ან ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ვალდებულება იძლეოდა ინფორმაციას მოსალოდნელი ხარჯების შესახებ. დამოწმება იყო სახელმწიფოს მიერ გადახდის ვადის დადგომის აღიარება, იმ დროისათვის, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, უკვე მიწოდებული საქონელი, გაწეული მომსახურება, შესრულებული სამუშაოები. დამოწმება იძლეოდა ინფორმაციას სახელმწიფოს დავალიანებების შესახებ, ხოლო წინასწარი გადახდა განიმარტებოდა, როგორც დამოწმების დოკუმენტის საფუძვლის წარდგენამდე, სახსრების გადახდა ავანსით.
სააპელაციო სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს არ აუღია ვალდებულება და არ დაუმოწმებია რაიმე ვალდებულება, გარდა ზემოაღნიშნული ¹14, ¹15, ¹88, ¹89 და ¹145 ვალდებულებებისა. საქმის მასალებით არ დგინდებოდა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ რა მიზეზით არ განხორციელებულა შესაბამისი საგადასახადო დავალების მიცემა სახაზინო სამსახურისათვის, არ იყო ასევე დასაბუთებული, ვალდებულებების მიცემის შემდეგ, ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ განახორციელა თუ არა რაიმე ქმედება ვალდებულების რეგისტრირებისა და დამოწმების უზრუნველსაყოფად.
სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ იყო დამოწმებული და არ იყო შესრულებული, უნდა დაკისრებოდა სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ვინაიდან ვალდებულების აღება და დამოწმება წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების დამადასტურებელ გარემოებას. ამიტომ, აღნიშნულ ვალდებულებებზე მოპასუხე იყო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური.
რაც შეეხებოდა დანარჩენ თანხებს, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ისინი უნდა დაკისრებოდა საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, ვინაიდან მის ვალდებულებას წარმოადგენდა, სუბვენციის მიმღების მიერ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით განსაზღვრული დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოდგენიდან 10 დღეში მიეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის საგადასახადო დავალება, წარმოდგენილი დოკუმენტაციის შესაბამისად, მიღებულ ჩაის ფოთოლზე გასაწევი სუბვენციის თანხის კომპენსაციისათვის გადარიცხვის თაობაზე. საქმის მასალებში დაცული იყო ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის 2003 წლის 30 დეკემბერს გაგზავნილი ¹234 ვალდებულების დოკუმენტი, სს “ ...-ის” სასარგებლოდ 78633,7 ლარის სუბვენციის თანხის თაობაზე. საქმის მასალებით დადგენილი იყო, რომ აღნიშნული ვალდებულება არ აუღია ვალდებულებად და შესაბამისად, არ დაურეგისტრირებია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ინსტრუქციის _ “ცენტრალური ბიუჯეტის კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” მე-7 მუხლზე, რომლის თანახმად, ვალდებულების შესახებ წარდგენილი ინფორმაცია გადაეცემოდა ფინანსთა მინისტრს, რომელიც ვალდებულების ოდენობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, უფლებამოსილი იყო, დაეწესებინა ყოველთვიური შეზღუდვები თანხების მოხმარებაზე ან გამოეყენებინა სხვა საჭირო შეზღუდვები. მინისტრი უფლებამოსილი იყო, ასეთი მიზეზით უარი ეთქვა ვალდებულების დარეგისტრირებაზე.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, როგორც საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული “ცენტრალური ბიუჯეტის კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციის ანალიზი ცხადყოფდა, ვალდებულების აღება, ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, წარმოადგენდა ადმინისტრაციული ორგანოს (ფინანსთა მინისტრი) დისკრეციულ უფლებამოსილებას. მინისტრი, ბიუჯეტის შემოსავლების მაჩვენებლების გათვალისწინებით ადგენდა, ვალდებულება ყოფილიყო აღებული ან უარი თქმოდა ვალდებულების აღებაზე. მინისტრის კომპეტენციაში ასევე შედიოდა ვალდებულების ნაწილობრივ აღება. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, ემსჯელა, თუ რამდენად კვალიფიციურად ეთქვა უარი ვალდებულების აღებასა და შესაბამისად, მის დამოწმებას. გარდა ამისა, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ ვალდებულების დოკუმენტი გაგზავნილ იქნა 2003 წლის 30 დეკემბერს. სარჩელი სასამართლოში წარდგენილ იქნა 2005 წლის 12 ივლისს. ამ პერიოდში, ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ არ მომხდარა ფინანსთა მინისტრის მიმართ ქმედების (¹234, ასევე სხვა ვალდებულებების რეგისტრირების) განხორციელების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიმართვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მოკლებული იყო შესაძლებლობას, შეეფასებინა ვალდებულების დაურეგისტრირებლობის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული საინვესტიციო სააგენტო ვალდებული იყო, უზრუნველეყო სს “ ...-ის” მიერ შესრულებული სამუშაოსათვის სუბვენციის თანხის სახაზინო სამსახურის მიერ რეგისტრირება, რაც მოიცავდა ასევე სასამართლო კონტროლის მექანიზმის გამოყენებას ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობაზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელი დაუსაბუთებელი იყო და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნულ საკითხში გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სსიპ საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საკასაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღება, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის სს “ ...-ის” სასარგებლოდ 101370,60 ლარისა და სახელმწიფო ბაჟის _ 4065 ლარის გადახდის დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა მიღებული. სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება იურიდიულად საკმარისად არ არის დასაბუთებული.
კასატორის მოსაზრებით, სს “ ...-ის” სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელის მიერ გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა. სს ,, ...-ს” სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებების მე-6 მუხლების (,,დავების გადაწყვეტა”) თანახმად, თავდაპირველად უნდა მიემართა სააგენტოსათვის და ამის შემდეგ, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. ასეთი პრეტენზიის უფლება სს ,, ..-ს” წარმოეშობოდა იმ შემთხვევაშიც, თუ სააგენტო ვერ შეასრულებდა ხელშეკრულების 2.1 მუხლით მასზე დაკისრებულ ვალდებულებას, კერძოდ, თუ სააგენტო მისთვის სს ,,.....-ის” მიერ დოკუმენტაციის სრულყოფილად წარდგენიდან 10 დღეში ვერ გასცემდა შესაბამის საგადასახადო დავალებას. სააგენტომ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი თანხა არ გადაუხდია. ამდენად, 2004 წლის 1 იანვრიდან სს ,, ...-თვის” ცნობილი იყო სასარჩელო წესით თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ, მაგრამ 2004 წლის განმავლობაში სს ,, ...-ს” არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსთვის, მით უმეტეს, რომ სააგენტოს 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01/03-285 წერილით სს ,, ...-ს” ეცნობა, რომ შესაბამისი მიზეზების გამო, სააგენტო მოკლებული იყო სუბვენციის თანხების დაფარვის შესაძლებლობას. სს ,, ...-მა” მხოლოდ 2005 წლის 11 ივლისის სარჩელით, ანუ 6-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ მოითხოვა მისთვის თანხების ანაზღაურება.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ,,საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-4 და მე-9 მუხლები, ასევე არ გამოიყენა ,,საბიუჯეტო სისტემისა და საბიუჯეტო უფლებამოსილებათა შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის მე-10 მუხლის თანახმად, ბიუჯეტის ყველა ხარჯი უნდა აისახოს ეროვნულ ბანკში გახსნილ სახაზინო ანგარიშებზე, ხოლო მე-14 მუხლის მიხედვით, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის საკასო შესრულება ხდება ცენტრალური სახაზინო სამსახურის მეშვეობით. საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ინსტრუქციის _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” პირველი მუხლის შესაბამისად, ეს ინსტრუქცია განსაზღვრავს ბიუჯეტით დამტკიცებული კლასიფიკაციით გათვალისწინებული ყველა მუხლის მიხედვით, ხარჯების გაწევის პროცედურებს, რომლებიც ხორციელდება ხაზინის მეშვეობით (სახელმწიფო გადასახდელები) და გაიცემა ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან. ამ ინსტრუქციის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, მისი ძალაში შესვლის შემდეგ, დაუშვებელია ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გაცემა ვალდებულება-დამოწმების გარეშე, ხოლო მე-3 მუხლში განმარტებულია, რომ სახაზინო სამსახურის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა ხორციელდება 4 ეტაპად: ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სუბვენციის თანხების სს ,, ...-თვის” გადახდამდე, უპირველეს ყოვლისა, სახაზინო სამსახურის მიერ უნდა მომხდარიყო ამ თანხების ვალდებულებად აღიარება, რაც წარმოადგენს სს ,, ...-თვის” თანხის გაცემის აუცილებელ წინაპირობას. ვალდებულების აღიარებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარდგენა კი, სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა, რაც სააგენტოს სრულად და დროულად აქვს შესრულებული. ხსენებული ინსტრუქცია ცალსახად მიუთითებს, რომ სახაზინო სამსახურის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევის პროცესს არეგულირებს მხოლოდ სახაზინო სამსახური და ამდენად, არასწორია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საქმის მასალებით არ დგინდება, საინვესტიციო სააგენტოს მიერ რა მიზეზით არ განხორციელებულა შესაბამისი საგადასახადო დავალებების მიცემა სახაზინო სამსახურისათვის.
კასატორის განმარტებით, ვალდებულების რეგისტრირებისა და დამოწმების უზრუნველსაყოფად, სააგენტოს არანაირი ღონისძიების გატარების უფლებამოსილება არ გააჩნია, რადგან აღნიშნული მხოლოდ სახაზინო სამსახურის პრეროგატივაა. თავის მხრივ, სახაზინო სამსახურისთვის სააგენტოს სს ,, ...-თვის” გადასახდელი სუბვენციის თანხების შესახებ ვალდებულებების დამოწმებისათვის საჭირო ყოველგვარი დოკუმენტაცია წარდგენილი აქვს. აქედან გამომდინარე, სააგენტო არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, ვისგანაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სუბვენციის თანხების ანაზღაურება. ხელშეკრულებებით მკაცრად არის რეგლამენტირებული სააგენტოს ვალდებულება, ასევე სს ,, ...-ის” უფლება-მოვალეობები, კერძოდ, ხელშეკრულებების 2.1 მუხლების თანახმად, სუბვენციის გამცემი _ სააგენტო ვალდებულია, სუბვენციის თანხა აანაზღაუროს იმ საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში, რომელიც მას გააჩნია ,,2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონისა და სააგენტოს სამეთვალყურეო საბჭოს 2003 წლის 14 აპრილის ¹5 სხდომის ოქმის შესაბამისად. ამასთან, ამ მუხლების ,,გ” ქვეპუნქტებით, სააგენტოს ვალდებულება შემოიფარგლებოდა მხოლოდ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისადმი სუბვენციის თანხის გადარიცხვის თაობაზე საგადასახადო დავალების მიცემით. ამდენად, სააგენტოს ვალდებულებები სუბვენციის თანხის გაცემის საკითხში შეზღუდულია და მისი ფარგლები განისაზღვრება მისთვის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ოდენობით, ანუ იმ ოდენობით, რომელსაც სახაზინო სამსახური დაარეგისტრირებს, როგორც ვალდებულებას. სააგენტო ვალდებული იყო, მხოლოდ მის ხელთ არსებული საბიუჯეტო სახსრების ფარგლებში აენაზღაურებინა სს ,, ...-თვის” სუბვენციის თანხები და ამის მექანიზმს წარმოადგენდა სახაზინო სამსახურისათვის შესაბამისი საგადასახადო დავალების მიცემა. სააგენტოს ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები არ დაურღვევია და მისთვის სს ,, ...-ის” მიერ სუბვენციის თანხის დაკისრების მოთხოვნა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 368-ე მუხლის თანახმად, უკანონოა. სააგენტოს მიერ ვალდებულებები საავანსო თანხის გადარიცხვასთან დაკავშირებით, შესრულებულ იქნა. რაც შეეხება საგადასახადო ვალდებულებას მოსარჩელისათვის დანარჩენი სუბვენციის თანხის ანაზღაურების თაობაზე, იგი წარდგენილ იქნა სახაზინო სამსახურში, თუმცა მასზე ვალდებულების აღება ხაზინის მიერ არ განხორციელებულა. სააგენტომ არაერთგზის მიმართა სახაზინო სამსახურს, რათა მომხდარიყო წარდგენილი ხელშეკრულებებისა და საგადასახადო ვალდებულებების რეგისტრაცია, თუმცა უშედეგოდ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება საკასაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაეკისრა 48350 ლარის ანაზღაურება და არ დაკმაყოფილდა ამ სამსახურის სარჩელი, ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო სს “ ...-ის” სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასატორის მტკიცებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი. სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ იმ ვალდებულებების შესრულება, რომლებიც სახაზინო სამსახურის მიერ იყო დამოწმებული და არ იყო შესრულებული, უნდა დაკისრებოდა სახაზინო სამსახურს, ვინაიდან ვალდებულების აღება და დამოწმება წარმოადგენდა სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების დამადასტურებელ გარემოებას და ამიტომ, აღნიშნულ ვალდებულებებზე მოპასუხე იყო სახაზინო სამსახური. სასამართლო ამ დასკვნამდე მივიდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულების განმარტებით, რომლითაც დამტკიცდა ინსტრუქცია _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით”.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა ზემოაღნიშნული ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები. ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა არის ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილები, რომელთა მეშვეობითაც ხორციელდება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ვალდებულების აღება არ გულისხმობს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარმოეშვა სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიმართ. ხსენებული ინსტრუქცია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სამუშაო დოკუმენტია. ამ ინსტრუქციით გათვალისწინებული პროცედურები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საშუალებას აძლევს, კონტროლი გაუწიოს საბიუჯეტო სახსრების ხარჯვას. ვალდებულების დამოწმებით სახელმწიფო იღებს ინფორმაციას ხარჯების შესახებ. აღნიშნული არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო იღებს თანხის მიმღების მიმართ ვალდებულებას, რომ გადაუხადოს თანხა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ სწორად დაადგინა, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის გაფორმებული 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებებით გარკვეული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვათ ხელშემკვრელ მხარეებს, კერძოდ, სს ,, ...-სა” და სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო _ სუბვენციის გამცემი ვალდებული იყო, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისათვის, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად და ჩაის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გადასანაწილებლად, სუბვენციის მიმღებისათვის _ სს ,, ...-თვის” გამოეყო თანხა. აქედან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ვალდებულების დამოწმებით, არ წარმოშობია სს ,, ...-ის” მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება. თანხის გადახდაზე პასუხისმგებელი კვლავ რჩებოდა ის პირი, რომელსაც ხელშეკრულებით დაევალა თანხის გადახდა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ კანონის არასწორი განმარტების შედეგად, არასწორი გადაწყვეტილება გამოიტანა, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს ,, ...-ის” სასარგებლოდ დააკისრა 48350 ლარის გადახდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს ,, ...-ის” მიმართ არანაირი ვალდებულება არ გააჩნდა, მით უმეტეს, რომ სასამართლომ გამორიცხა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს სოლიდარული პასუხისმგებლობა სს ,, ...-ის” მიმართ. აღნიშნული გარემოება მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, არც ხელშეკრულებიდან გამომდინარე და არც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან არ წარმოშობია სს ,, ...-ის” მიმართ ვალდებულება.
კასატორის მტკიცებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილშიც დაუსაბუთებელია. სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის 2003 წლის 1 მაისს დადებული ხელშეკრულების 4.1 მუხლის თანახმად, ეს ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებაც შეიცავდა ამგვარ დათქმას, კერძოდ, მისი მე-4 მუხლი ადგენდა, რომ ხელშეკრულება ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე. ამ ხელშეკრულებების დადების დროს მოქმედი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ” ქვეპუნქტის თანახმად, მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები წარმოადგენდა ადმინისტრაციულ გარიგებებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 651-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ სამოქალაქო-სამართლებრივი გარიგების დადებისას გამოიყენება სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი კი ადგენს, რომ ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს. მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებები ეწინააღმდეგება საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებულ ინსტრუქციას, რომელიც ეხება ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლს ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით. აღნიშნული ინსტრუქციის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხელშეკრულებაში უნდა არსებობდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება ძალაში შედის ხაზინის მიერ შესაბამისი ვალდებულების რეგისტრირების შემდეგ. ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ხდება ვალდებულების და არა ხელშეკრულების რეგისტრირება, როგორც ეს ხელშეკრულებებშია მითითებული. აქედან გამომდინარე, 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებები არღვევს კანონით დადგენილ წესს, იწვევს ამ ხელშეკრულებებისა და მათში შესული ცვლილებების ბათილობას, ვინაიდან 2003 წლის 28 ნოემბრისა და 29 დეკემბრის ¹26 ცვლილებები წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივრები; მხარეებს მიეცათ უფლება, 2008 წლის 4 ივლისის განჩინების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში წარმოედგინათ მოსაზრება, თუ რამდენად იყო დასაშვები განსახილველად საკასაციო საჩივრები საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 15 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მათი განხილვა დაინიშნა 2009 წლის 20 იანვარს, 16.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2003 წლის 1 მაისს სს “ ...-სა”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელ კომპანიასა და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა ¹26 ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 15-20), რომლის საგანს, ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიისათვის, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა, მე-2 მუხლით კი განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო, სს “ ...-თვის”, ჩაის ფოთლის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გასანაწილებლად, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 2,1 თეთრი, ფოთლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 2100 ტონისა. იმავე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მოსარჩელისთვის თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამ ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” პუნქტის მიხედვით, ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 1 ნოემბრამდე, გადამუშავების მიზნით, მიეღო მინიმუმ 2100 ტონა ჩაის ფოთოლი. ამავე ხელშეკრულების 2.4 მუხლის “ბ” პუნქტის მიხედვით, სს “...-ს” უფლება ჰქონდა სააგენტოსაგან მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ” პუნქტის თანახმად, სააგენტოს, ავანსის სახით, მისთვის უნდა გადაერიცხა თანხა 22050 ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის მიხედვით, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. მითითებულ ხელშეკრულებაში 2003 წლის 28 ნოემბერს, მხარეთა შეთანხმებით, შევიდა ცვლილება (ტ. 1, ს.ფ. 21-22) და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის ფოთლის გადამამუშავებელი კომპანიის მიერ 2003 წლის 1 ნოემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა” ქვეპუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (2100 ტონა) ჩაის ფოთლის 50%-ზე ნაკლების გადამუშავების შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა 1 კგ ჩაის ფოთოლზე 2,1 თეთრის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ 1 კგ ჩაის ფოთოლზე 3,49498 თეთრის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო, საქმის მასალების მიხედვით, ასევე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2003 წლის 13 მაისს სს “ ...-სა” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის გაფორმდა მეორე ¹26 ხელშეკრულება (ტ. 1, ს.ფ. 24-28), ამჯერად, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორ კომპანიასთან. 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულების საგანს, ამ ხელშეკრულების პირველი მუხლის შესაბამისად, წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მიერ სს “ ...-თვის”, როგორც ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიისათვის, 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, ექსპორტისათვის სუბვენციის სახით, თანხის გამოყოფა. ამავე ხელშეკრულების მე-2 მუხლით განისაზღვრა მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, 2.1 მუხლის “ა” პუნქტით დადგინდა, რომ “სუბვენციის გამცემი” ვალდებული იყო, სს “ ...-თვის”, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად მიღებულ 1 აშშ დოლარზე, სუბვენციის სახით, გამოეყო მინიმუმ 10 თეთრი, ექსპორტის განხორციელებისა და თანხის ანაზღაურების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარმოდგენის შესაბამისად, მაგრამ არა უმეტეს 700 ტონა ექსპორტირებულ ჩაის პროდუქციაზე. ხსენებული მუხლის “გ“ პუნქტის თანახმად, თანხის გადარიცხვა უნდა მომხდარიყო ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტაციის წარმოდგენიდან 10 დღეში, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო. ამავე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ პუნქტის მიხედვით, ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანია, თავის მხრივ, ვალდებულებას იღებდა, 2003 წლის 15 დეკემბრამდე განეხორციელებინა მინიმუმ 700 ტონა ჩაის პროდუქციის ექსპორტი, 2.4 მუხლის “ბ“ პუნქტის თანახმად კი, სს “ ...-ს” უფლება ჰქონდა მოეთხოვა, ხოლო 2.2 მუხლის “გ“ პუნქტის მიხედვით, სუბვენციის გამცემს უნდა გადაერიცხა მისთვის ავანსის სახით თანხა 26200 ლარის ოდენობით. ხსენებული ხელშეკრულება, მისი მე-4 მუხლის თანახმად, მოქმედებდა 2003 წლის 31 დეკემბრამდე. 2003 წლის 29 დეკემბერს ამ ხელშეკრულებაში, მხარეთა შეთანხმებით, ასევე შევიდა ცვლილება (ტ. 1, ს.ფ. 29-30) და 5.1 მუხლით დადგინდა, რომ ჩაის პროდუქციის ექსპორტიორი კომპანიის მიერ 2003 წლის 15 დეკემბრამდე ხელშეკრულების 2.3 მუხლის “ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული რაოდენობის (700 ტონა) პროდუქციის 50%-ზე ნაკლების ექსპორტის შემთხვევაში, სააგენტო სუბვენციას განახორციელებდა ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,1 ლარის ოდენობით, ხოლო 50%-ზე მეტი რაოდენობით შესრულების შემთხვევაში _ ყოველ ანაზღაურებულ აშშ დოლარზე 0,27169 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, აგრეთვე, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსადმი სს “ ...-ის” 2003 წლის ¹35 და 2003 წლის 12 დეკემბრის ¹39 წერილების (ტ. 1, ს.ფ. 23, 31) მიხედვით, 2003 წლის 1 მაისის ¹26 ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს” 2003 წლის 21 ოქტომბრის მდგომარეობით, უკვე მიღებული ჰქონდა 2100,24 ტონა ჩაის ფოთოლი, რაზედაც გადახდილი იყო ჩაის ფოთლის ღირებულება _ 315031,80 ლარი, ხოლო 2003 წლის 13 მაისის ¹26 ხელშეკრულების თანახმად, სს “ ...-ს”, ისევე, როგორც პირველი ხელშეკრულების შემთხვევაში, ამჯერადაც ვადაზე ადრე _ 2003 წლის 12 დეკემბრის მდგომარეობით, ექსპორტზე გადატვირთული ჰქონდა 751,751 ტონა ჩაის მზა პროდუქცია, რომლის ღირებულებაც იყო 553136,76 აშშ დოლარი. ამ ხელშეკრულების 2.1 მუხლის “ა“ ქვეპუნქტიდან გამომდინარე, 700 ტონა პროდუქციის ღირებულებიდან, რაც 513288,70 აშშ დოლარს შეადგენდა, ანაზღაურებულ იქნა 482634,20 აშშ დოლარი. საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსადმი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2003 წლის 13 ნოემბრის წერილის (ტ. 1, ს.ფ. 120) მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურმა განიხილა ხსენებული სააგენტოს წერილები ¹26 ხელშეკრულებების რეგისტრირების შესახებ, ხოლო “საქართველოს 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული პრიორიტეტებისა და შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებლების გათვალისწინებით, მის მიერ წარმოდგენილი ხელშეკრულებების რეგისტრაცია დროებით იქნა შეჩერებული.
საკასაციო სასამართლო, პირველ ყოვლისა, მიიჩნევს, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უკანონოა სააპელაციო სასამართლოს მიერ ამავე სააგენტოსათვის სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4065 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან _ ყველა საქმეზე. საქართველოს ეკონომიკის, მრეწველობისა და ვაჭრობის მინისტრის 2002 წლის 16 აგვისტოს ¹01/01-01/113 ბრძანებით დამტკიცებული საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დებულების პირველი მუხლის პირველი და მე-2 პუნქტების მიხედვით, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი და შექმნილია სახელმწიფო ქონების განკერძოების გზით. ამ დებულების მე-3 მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სააგენტოს ფინანსური სახსრების წყაროა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტი. ამავე მუხლში მითითებულია სხვა წყაროებზეც. “საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს შესახებ” საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის “ი” ქვეპუნქტის თანახმად, სუბვენცია არის განსაზღვრული ოდენობის მიზნობრივი ფულადი დახმარება, რომელსაც საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო გამოყოფს შესაბამისი ღონისძიების ან/და ობიექტის დასაფინანსებლად. ხსენებული კანონის მე-4 მუხლის მე-10 პუნქტის “ა” ქვეპუნქტის მიხედვით, სააგენტოს დაფინანსება ხორციელდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამავე პუნქტში მოცემულია სააგენტოს დაფინანსების სხვა წყაროებიც. მართალია, დასახელებული დებულება და კანონი ითვალისწინებს საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაფინანსების სხვა წყაროებსაც, მაგრამ საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს დაფინანსების წყაროს წარმოადგენდა სახელმწიფო ბიუჯეტი. აღნიშნული დასტურდება და ნათლად ჩანს სს “ ...-სა” და საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს გაფორმებული ¹26 ხელშეკრულებებიდან, რომლებშიც პირდაპირ არის მითითებული 2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით, სახელმწიფოს მხრიდან ჩაის მოყვანის ხელშეწყობისათვის გათვალისწინებული სახსრებიდან, სუბვენციის სახით, სს “ ...-თვის” თანხების გამოყოფაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკანონოდ დააკისრა 4065 ლარის გადახდა, რადგან კონკრეტულ შემთხვევაში, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის “უ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლებული იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.
რაც შეეხება დანარჩენ ნაწილს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისათვის სს “ ...-ის” სასარგებლოდ 48350 ლარისა და სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის სს “ ...-ის” სასარგებლოდ 101370,60 ლარის გადახდის დაკისრების ნაწილს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში სააპელაციო სასამართლომ მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, ხოლო კასატორებმა ამავე ნაწილში ვერ დაასაბუთეს წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სს “ ...-ის” სარჩელი ხანდაზმულია, რადგან მოსარჩელის მიერ გაშვებულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადა, ხოლო სს ,, ...-ს” სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულებების მე-6 მუხლების (,,დავების გადაწყვეტა”) თანახმად, თავდაპირველად უნდა მიემართა სააგენტოსათვის და ამის შემდეგ, შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში, დავა გადაწყდებოდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, 2004 წლის 1 იანვრიდან კი, სს ,, ...-თვის” ცნობილი იყო სასარჩელო წესით თანხის მოთხოვნის უფლების წარმოშობის შესახებ, მაგრამ 2004 წლის განმავლობაში სს ,, ...-ს” არ მიუმართავს სარჩელით სასამართლოსთვის, მით უმეტეს, რომ სააგენტოს 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01/03-285 წერილით სს ,, ...-ს” ეცნობა, რომ შესაბამისი მიზეზების გამო, სააგენტო მოკლებული იყო სუბვენციის თანხების დაფარვის შესაძლებლობას და სს ,, ...-მა” მხოლოდ 2005 წლის 11 ივლისის სარჩელით, ანუ 6-თვიანი ვადის გასვლის შემდგომ მოითხოვა მისთვის თანხების ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ უსაფუძვლოა კასატორის _ სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მხრიდან სს “ ...-ის” სარჩელის ხანდაზმულობაზე მითითება საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული 6-თვიანი ვადის მოშველიებით. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-3 ნაწილის 2007 წლის 28 დეკემბრის ცვლილებებამდე მოქმედი რედაქციის თანახმად, სარჩელი სასამართლოს უნდა წარდგენოდა შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ან ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებული გადაწყვეტილების გაცნობიდან ექვსი თვის ვადაში. ამასთან, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის 2004 წლის 1 იანვრისათვის, კერძოდ, 2005 წლის 24 ივნისის დამატებებამდე მოქმედი რედაქციის მიხედვით, ადმინისტრაციული აქტი იყო ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებდა, ცვლიდა, წყვეტდა ან ადასტურებდა პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. “საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შესახებ” საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1801-რს კანონით საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით, რომლის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები. ამდენად, სწორედ საქართველოს 2005 წლის 24 ივნისის ¹1801-რს კანონის ძალაში შესვლიდან _ 2005 წლის 15 ივლისიდან ითვლება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ. აქედან გამომდინარე, საერთოდ არ იყო სახეზე რაიმე შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და სს “ ...-ის” სარჩელის საგანსაც წარმოადგენს არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, არამედ _ სახელშეკრულებო, ფინანსური ვალდებულების შესრულების კუთხით, მოპასუხეებისათვის თანხის დაკისრება, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სახელშეკრულებო მოთხოვნების ხანდაზმულობის ვადა შეადგენს სამ წელს.
გარდა ამისა, საკასაციო სასამართლო ხაზგასმით მიუთითებს, რომ 2004 წლის 2 დეკემბერს სს “ ...-მა” წერილობით მიმართა (ტ. 1, ს.ფ. 32-33) საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს და განმარტა, რომ ზემოაღნიშნული ორივე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები მის მიერ შესრულებულ იქნა ჯეროვნად, ხოლო სააგენტოს მიერ სუბვენციის თანხების გაცემა იმ დრომდე არ მომხდარა, რის გამოც მან ითხოვა, მისთვის ეცნობებინათ თანხის გაცემის შეფერხების მიზეზების შესახებ და პრეტენზიის წარდგენის დღიდან ორი კვირის ვადაში დაეფარათ დავალიანება, რაზეც საქართველოს ეროვნულმა საინვესტიციო სააგენტომ 2004 წლის 2 დეკემბრის ¹01/03-285 წერილით (ტ. 1, ს.ფ. 34-35) სს “ ...-ს” განუმარტა, რომ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო “2003 წლის ქართული ჩაის ფოთლის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის” ფარგლებში, ჩაის დარგში მომუშავე კომპანიებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ხელშეკრულებებით დადგენილ ვადებში, ახორციელებდა ჩაის ფოთლის გადამუშავებისა და პროდუქციის ექსპორტის სუბვენციის თანხების გადარიცხვის თაობაზე სათანადო დოკუმენტაციის წარდგენას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში, კერძოდ, სს “ ...-ს“ 2003 წლის 30 მაისს გადაერიცხა საავანსო თანხა ფოთლის გადამუშავებაზე _ 22050 ლარი და ექსპორტზე _ 26200 ლარი (¹47 და ¹48 საგადასახადო დავალებები). ამასთან, სახაზინო სამსახურმა აიღო ვალდებულება სს “ ...-თვის” ფოთლის გადამუშავებაზე 22050 ლარისა (¹141 საგადასახადო დავალება) და პროდუქციის ექსპორტზე 26300 ლარის (¹142 და ¹198 საგადასახადო დავალებები) გადარიცხვის თაობაზე, ხოლო დარჩენილ თანხაზე, ფოთლის გადამუშავებისთვის _ 29294,60 ლარსა და ექსპორტისათვის 78633,70 ლარზე, სახაზინო სამსახურს არ აუღია ვალდებულება. ასევე დგინდებოდა, რომ მიუხედავად არაერთი შეხსენებისა, 2003 წლის 25 ივნისის შემდეგ, სახაზინო სამსახურს არ განუხორციელებია ჩაის კომპანიებისათვის კუთვნილი სუბვენციის თანხების გადარიცხვა. ამავე წერილით დგინდება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2004 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით წინა წლებში წარმოქმნილი დავალიანებების დასაფარავად გამოყოფილ ასიგნებებში არ იყო გათვალისწინებული ზემოაღნიშნული პროგრამით აუნაზღაურებელი ხარჯების დაფინანსება. ხსენებულიდან გამომდინარე, საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო მოკლებული იყო “2003 წლის ქართული ჩაის ფოთლის მოყვანის, გადამუშავებისა და ექსპორტის ხელშეწყობის სუბვენციის პროგრამის” ფარგლებში წარმოქმნილი დავალიანებების დაფარვის შესაძლებლობას.
საკასაციო სასამართლო ასევე ვერ დაეთანხმება კასატორის _ სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ხსენებული სააგენტო არ წარმოადგენს იმ სუბიექტს, ვისგანაც შეიძლება მოთხოვნილ იქნეს სუბვენციის თანხების ანაზღაურება და მისთვის სს ,, ...-ის” მიერ სუბვენციის თანხის დაკისრების მოთხოვნა უკანონოა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ კასაციის მიზეზად იმაზე მითითებას, რომ, რადგან სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის გაფორმებული 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებებით გარკვეული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვათ ხელშემკვრელ მხარეებს, კერძოდ, სს ,, ...-სა” და სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს, ვალდებულების დამოწმებით, არ წარმოშობია სს ,, ...-ის” მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ, მართალია, 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებები დადებულ იქნა სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის, რომელთაც გარკვეული უფლებები და ვალდებულებები წარმოეშვათ, კერძოდ, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო _ სუბვენციის გამცემი ვალდებული იყო, პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობისათვის, ექსპორტირებული პროდუქციის ღირებულების ასანაზღაურებლად და ჩაის მიღების პროცესში, გადასამუშავებლად მიღებულ ყოველ კილოგრამზე, ჩაის ფოთლის ჩამბარებლებზე გადასანაწილებლად, სუბვენციის მიმღებისათვის _ სს ,, ...-თვის” გამოეყო თანხა, მაგრამ აღნიშნული არ ნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს შესაბამისი ვალდებულებების დამოწმებით, ამავე ვალდებულებების ფარგლებში, არ წარმოშობია სს ,, ...-ის” მიმართ თანხის გადახდის ვალდებულება. ხსენებული ხელშეკრულებების 2.1 მუხლების “გ” ქვეპუნქტებში პირდაპირ იყო მითითებული სს “ ...-თვის” თანხის გადარიცხვაზე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ, რომელსაც შესაბამის საგადასახადო დავალებას აძლევდა საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტო.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მტკიცებას იმის თაობაზე, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ,,ცენტრალური ბიუჯეტის კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” ინსტრუქციის მე-2 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, რადგან საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიერ ვალდებულების აღება არ გულისხმობს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს წარმოეშვა სამოქალაქო-სამართლებრივი ვალდებულება ხელშეკრულების მონაწილე მხარეების მიმართ, ხოლო ვალდებულების დამოწმებით სახელმწიფო იღებს ინფორმაციას ხარჯების შესახებ, რაც არ გულისხმობს, რომ სახელმწიფო იღებს თანხის მიმღების მიმართ ვალდებულებას, რომ გადაუხადოს თანხა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით (ძალადაკარგულია საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 3 დეკემბრის ¹1070 განკარგულებით) დამტკიცებული ინსტრუქციის _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ეს ინსტრუქცია განსაზღვრავდა ბიუჯეტით დამტკიცებული კლასიფიკაციით გათვალისწინებული ყველა მუხლის მიხედვით, ხარჯების გაწევის პროცედურებს, რომლებიც ხორციელდებოდა ხაზინის მეშვეობით (სახელმწიფო გადასახდელები) და გაიცემოდა ცენტრალური ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებიდან. ხსენებული მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ამ ინსტრუქციის ძალაში შესვლის შემდეგ, დაუშვებელი იყო ცენტრალური საბიუჯეტო სახსრებიდან თანხების გაცემა ვალდებულება-დამოწმების გარეშე. ამავე ინსტრუქციის მე-3 მუხლი ეხებოდა ხარჯების განხორციელების ეტაპებს, კერძოდ, ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სახაზინო სამსახურის მიერ ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევა ხორციელდებოდა 4 ეტაპად: ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ხარჯების განხორციელების ზემოხსენებული ეტაპები _ ვალდებულება, დამოწმება, სახსრების გამოყოფა და სახსრების ფაქტობრივი გაცემა იყო ხარჯების გაწევის ერთიანი პროცესის შემადგენელი ნაწილები, ხოლო ვალდებულების დამოწმებით სახელმწიფო იღებდა, როგორც ინფორმაციას ხარჯების შესახებ, ასევე _ თანხის მიმღების მიმართ ვალდებულებას, რომ გადაეხადა მისთვის თანხა, რაზეც მიუთითებდა საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებული ინსტრუქციის _ ,,ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯების კონტროლი ვალდებულებისა და დამოწმების მეშვეობით” მე-11 მუხლი, რომლის თანახმად, წლის განმავლობაში დარეგისტრირებული შეუსრულებელი დამოწმება წარმოადგენდა დავალიანებას, გადადიოდა მომდევნო წელს და დაიფარებოდა დავალიანებათა დაფარვისათვის დადგენილი წესით.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ უსაფუძვლოა კასატორის _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებები არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს და ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს, ასევე _ საქართველოს პრეზიდენტის 2002 წლის 17 ოქტომბრის ¹1307 განკარგულებით დამტკიცებულ ინსტრუქციას, რომლის მე-5 მუხლის მე-6 პუნქტის ,,გ” ქვეპუნქტი ადგენს, რომ ხელშეკრულებაში უნდა არსებობდეს მუხლი, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება ძალაში შედის ხაზინის მიერ შესაბამისი ვალდებულების რეგისტრირების შემდეგ, ხოლო ამ მუხლის შესაბამისად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ხდება ვალდებულების და არა ხელშეკრულების რეგისტრირება, როგორც ეს ხელშეკრულებებშია მითითებული, აქედან გამომდინარე კი, 2003 წლის 1 მაისისა და 13 მაისის ხელშეკრულებები არღვევს კანონით დადგენილ წესს, იწვევს ამ ხელშეკრულებებისა და მათში შესული ცვლილებების ბათილობას, ვინაიდან 2003 წლის 28 ნოემბრისა და 29 დეკემბრის ¹26 ცვლილებები წარმოადგენს ძირითადი ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილებს.
საკასაციო სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მართალია, სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებების 4.1 მუხლები შეიცავდა დათქმას, რომ ეს ხელშეკრულებები ძალაში შედიოდა მხარეთა მიერ მისი ხელმოწერისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში რეგისტრაციის შემდეგ და ძალაში იყო 2003 წლის 31 დეკემბრამდე, მაგრამ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურში ამავე ხელშეკრულებების რეგისტრაცია მოიცავდა შესაბამისი ვალდებულებების რეგისტრაციასაც, რადგან ხსენებული ვალდებულებები სწორედ დასახელებული ხელშეკრულებების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა. შესაბამისად, არ არსებობს სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოსა და სს ,, ...-ს” შორის 2003 წლის 1 მაისსა და 2003 წლის 13 მაისს დადებული ხელშეკრულებების ბათილად ცნობის საფუძველი.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ზემოთ მითითებული ხელშეკრულებები ძალაში შევიდა, მოქმედებდა და წარმოშვა სს “ ...-ის” სარჩელზე მოპასუხეთა შესაბამისი ფინანსური ვალდებულებები სს “ ...-ის” მიმართ, რომლებიც ხსენებულმა მოპასუხეებმა ჯეროვნად არ შეასრულეს. სააპელაციო სასამართლომ კი, სრულყოფილად გამოიკვლია საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები (მათ შორის, ვალდებულების (დამოწმების) დოკუმენტები), მართებულად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორად დააკისრა მოპასუხეებს სს “ ...-ის” სასარგებლოდ კონკრეტული თანხების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს _ 48350 ლარისა და სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს _ 101370,60 ლარის გადახდა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4065 ლარის დაკისრების შესახებ, ხოლო თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად, სს “ ...-ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის გადახდა კი პროპორციულად დაეკისროთ კასატორებს, კერძოდ, საკასაციო სასამართლო აქვე განმარტავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს “ ...-ის” სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 320 ლარის, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს _ 680 ლარის გადახდა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტი, სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოსთვის სახელმწიფო ბაჟის სახით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 4065 ლარის დაკისრების შესახებ;
4. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 19 მარტის გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩეს უცვლელად;
5. სს “ ...-ის” მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 1000 ლარის გადახდა პროპორციულად დაეკისროთ კასატორებს, კერძოდ, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს სს “ ...-ის” სასარგებლოდ დაეკისროს 320 ლარის, ხოლო სსიპ საქართველოს ეროვნულ საინვესტიციო სააგენტოს _ 680 ლარის გადახდა;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.