ბს-789-753(კ-09) 11 ნოემბერი, 2009 წ.
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე
სხდომის მდივანი – ნ. გოგატიშვილი
კასატორი _ მ. ბ-ელი
მოწინააღმდეგე მხარე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, წარმომადგენელი – ე. მ-ძე
გასაჩივრებული გადაწყეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება
დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 13 ივნისს მ. ბ-ელმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხის _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიმართ და მოითხოვა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹376 ბრძანების, ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების ნაწილობრივ ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹418/კ ბრძანების საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის (მ. ბ-ელი) შემცვლელად ნ. ფ-შვილის დანიშვნის შესახებ, ასევე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹497/კ ბრძანების მ. ბ-ელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის _ სამსახურიდან გათვასუფლების _ გამოყენების შესახებ, ბათილად ცნობა. ამავე სარჩელის საფუძველზე მოითხოვა დაკავებულ თანამდებობაზე აღდგენა და უკანონოდ გათავისუფლების გამო განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მისი შვებულებაში წასვლის თაობაზე 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანება გამოცემულია რესურსცენტრის ტიპიური დებულების მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის სრული დაცვით. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹376 ბრძანებითა და ¹418/კ ბრძანებით დარღვეულია რესურსცენტრის ტიპიური დებულების მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუქტი, ასევე საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი და რესურსცენტრის დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტი. ამასთან, მოსარჩელე მიუთითებდა, რომ მორალური და მატერიალური ზიანი მიადგა როგორც მას, ასევე რესურსცენტრის მთავარ სპეციალისტს, რომელიც უფროსის არყოფნის დროს თითქმის 4 წლის განმავლობაში მის მოვალეობას წარმატებით ასრულებდა.
მოსარჩელე ასევე აღნიშნავდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დარღვეულია მინისტრის 2006 წლის 21 აპრილის ¹211 ბრძანების 1-ლი მუხლის ,,ზ” პუნქტი.
მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ მაშIნ, როდესაც დაიწერა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება ¹497/კს, ის ჯერ კიდევ იმყოფებოდა უხელფასო შვებულებაში. მისი მოსაზრებით, არასწორია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მითითება იმის შესახებ, რომ მოსარჩელის მიერ დარღვეულია რესურსცენტრის ტიპიური დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტი, რადგან მოსარჩელეს სამინისტროსათვის ერთი კვირით ადრე არ უცნობებია უხელფასო შვებულებაში ერთი თვით წასვლის შესახებ. მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ მითითებული ცვლილება მისთვის არ იყო ცნობილი, არ ჩაბარებია, ამასთან ცვლილება განთავსებული არ იყო სამინისტროს ვებგვერდზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სამინისტროს მიერ დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის ნორმები, რომელიც გაგზავნასთან დაკავშირებით მტკიცების პასუხისმგებლობას აკისრებს ადმინისტრაციულ ორგნოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა დასახელებული სამივე ბრძანების ბათილად ცნობას, სამსახურში აღდგენასა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებას.
საქმის განხილვის პროცესში შეწყდა საქმის წარმოება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹418/კ ბრძანების, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობაზე დროებით არმყოფი მოხელის (მ. ბ-ელის) შემცვლელად ნ. ფ-შვილის დანიშვნის შესახებ ბათილად ცნობის ნაწილში, მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის გამო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელე _ მ. ბ-ელის სარჩელი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹497/კ ბრძანების ბათილად ცნობაზე, რომლის თანახმად, მ. ბ-ელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ თანამდებობიდან გათავისუფლება, დაკმაყოფილდა ნაწილორივ; სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 მაისის ¹497/კ ბრძანება, რომლის თანახმად, მ. ბ-ელის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ თანამდებობიდან გათავისუფლება; დაევალა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შედეგად გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მ. ბ-ელის მიმართ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში; საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დაევალა მ. ბ-ელისათვის იძულებითი განაცდური ხელფასის ანაზღაურება გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე; მოსარჩელეს _ მ. ბ-ელს სარჩელის დაკმაყოფილებაზე მოპასუხე _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹376 ბრძანების ბათილად ცნობაზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მ. ბ-ელის 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების განკარგულებითი ნაწილი ,,მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს მთავარ სპეციალისტს ნ. ჯ-ძეს” ეთქვა უარი.
პირველი ინსტანციის სასამართლო გადაწყვეტილებაში მიუთითებდა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებაში მინისტრის 2007 წლის 21 ნოემბრის ¹1158 ბრძანებით დამტკიცებული ცვლილებით დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს დაემატა ,,თ1” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, რესურსცენტრის უფროსი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს თავისი და რესურსცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავის ან/და რესურსცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების, აგრეთვე თავისი შვებულების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების/შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, მ. ბ-ელის სამსახურიდან გათავისუფლების ძირითადი სამართლებრივი საფუძველია საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 78-ე მუხლის ,,ა” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს 1) სამსახურებრივი მოვალეობათა ბრალეული ან არაჯეროვანი შესრულება, რაც გამოიხატა სამსახურის მიტოვებაში 5 დღეზე მეტი ხნის ვადით. ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, იმ თანამდებობის პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც აქვს მოხელის თანამდებობაზე დანიშვნის უფლება, დისციპლინური გადაცდომისათვის მის მიმართ შეიძლება გამოიყენოს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ სამსახურიდან გათავისუფლება ამ კანონის საფუძველზე.
,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების თანახმად: 1) მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ თანამდებობიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე მოხელე სამსახურიდან გათავისუფლდება მისთვის შესაბამისი დოკუმენტის გაცნობის დღიდან. მოხელე, რომელიც თვითნებურად (5 დღეზე მეტი ხნით) მიატოვებს სამსახურს, გათავისუფლებულად ჩაითვლება სამსახურის თვითნებური დატოვების მეორე სამუშაო დღიდან.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტი ზოგადი ხასიათისაა და მისი გამოყენებისათვის მოხელის გასათავისუფლებლად გამოკვლეული და შეფასებული უნდა იქნეს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების გათვალისწინებით სასამართლომ ჩათვალა, რომ სამინისტროს მიერ არ არის გამოკვლეული, მოსარჩელის _ მ. ბ-ელის მიერ ჩადენილია თუ არა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომა, კერძოდ, სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, რაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 79-ე მუხლის ,,ვ” ქვეპუნქტის თანახმად, მისი სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი გახდა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სამინისტროს დებულების გათვალისწინებით უნდა გამოიკვლიოს, უზრუნველყოფილი იყო თუ არა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრი სამინისტროს მიერ გამოცემული ნორმატიული აქტებით, კერძოდ, რესურსცენტრი იღებდა თუ არა საკანონმდებლო მაცნეს, გამოქვეყნებული იყო თუ არა სამინისტროს ვებგვერდზე ზემოაღნიშნულ ბრძანებაში შეტანილი 2007 წლის 21 ნოემბრის ¹1158 ცვლილება, რომელიც ძალაში შევიდა გამოქვეყნებისთანავე 2007 წლის 28 ნოემბერს ან გადაეცა თუ არა სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის მიერ მინისტრის 2006 წლის 1 იანვრის ¹31 ბრძანებაში 2007 წლის 21 ნოემბრის ¹1158 ბრძანებით შეტანილი ცვლილება.
პირველის ინსტანციის სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასების და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. აგრეთვე, დაუშვებელია ადმინისტრაციული აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აგრეთვე უნდა გამოიკვლიოს ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მ. ბ-ელის შვებულებაში გასვლა 2007 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების შესაბამისად ჩაითვლება თუ არა სამსახურის მიტოვებად 5 დღეზე მეტი ხნის ვადით.
პირველი ინსტანციის სასამართლომ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 პუნქტზე და განმარტა, რომ თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს ამ გარემოებათა გამოკვლევის და შეფასების შედეგად გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი ინტერესი, რაც ნაწილობრივ სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველია.
ამავე დროს, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს _ მ. ბ-ელს უნდა აუნაზღაურდეს გათავისუფლებიდან ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემამდე პერიოდის იძულებითი განაცდური ხელფასი.
სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 112-ე მუხლი განსაზღვრავს, რომ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულ მოხელეს გათავისუფლების უკანონოდ ცნობასთან ერთად შეუძლია მოითხოვოს ხელფასის ანაზღაურება სამსახურში იძულებით არყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლს _ შრომის სამართლიანი ანაზღაურების პრინციპს, რადგან ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო.
რაც შეეხება მ. ბ-ელის მოთხოვნას _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹376 ბრძანების ბათილად ცნობაზე, რომლითაც ძალადაკარგულად გამოცხადდა ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის _ მ. ბ-ელის 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების განკარგულებითი ნაწილი ,,მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს მთავარ სპეციალისტს ნ. ჯ-ძეს” უარი ეთქვა შემდეგ გარემოებათა გამო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების თანახმად, მინისტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ნორმატიული და ინდივიდუალური ხასიათის სამართლებრივ აქტებს.
,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განათლების და მეცნიერების სამინისტრო რესურსცენტრის საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა, რომელსაც გააჩნია უფლებამოსილება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს რესურსცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე.
სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციულ უფლებამოსილებას განეკუთვნება. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურსცენტრების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ” მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, განათლების და მეცნიერების სამინისტროს, როგორც რესურსცენტრის საქმიანობაზე კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, უფლებამოსილება გააჩნდა რესურსცენტრის უფროსის მიერ გამოცემული ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადებაზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ კონტროლის განხორციელების მიზნით შემოწმებულ იქნა ... რესურსცენტრის უფროსის 2007 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების კანონიერება საგანმანათლებლო რესურსცენტრების დებულებასთან შესაბამისობაში, რომლის გამოცემის მომენტისათვის დარღვეული იყო განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს საგანმანათლებლო რესურსცენტრების დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის ,,თ1” ქვეპუნქტის მოთხოვნა, რაც საფუძველი გახდა ... რესურსცენტრის უფროსის _ მ. ბ-ელის 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების განკარგულებითი ნაწილის ,,მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს მთავარ სპეციალისტს ნ. ჯ-ძეს” ძალადაკარგულად გამოცხადების.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მოსარჩელისათვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ არ ეთანხმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას იმ ნაწილში, სადაც სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო ის მოსაზრება, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შესწავლის გარეშე გამოსცა სადაო ბრძანება მ. ბ-ელის გათვასუფლების შესახებ და შესაბამისად დაარღვია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. აპელანტი აღნიშნავდა, რომ სადაო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმების დაცვითა და კანონმდებლობით დადგენილი საფუძვლებით. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მოხელე სამსახურიდან გაათავისუფლა უფლებამოსილმა პირმა, რომელსაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ” ქვეპუნქტის თანახმად გააჩნია დისკრეციული უფლებამოსილება.
აპელანტი ასევე არ ეთანხმებოდა სასამართლოს არგუმენტს იმის თაობაზე, რომ სამინისტრომ თავის ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა დებულებაში შეტანილი ცვლილება და განმარტა, რომ სამინისტრო არ იყო ვალდებული ბ-ელისათვის პირადად გადაეცა მინისტრის ბრძანება, საკანონმდებლო მაცნე ან ვებგვერდზე გამოექვეყნებინა დებულებაში შესული ცვლილება, ვინაიდან იგი ნორმატიული ხასიათისაა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 36-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ნორმატიული აქტების ცვლილების ან დამატების მომზადება, მიღება (გამოცემა) და ძალაში შესვლა ხდება იმ ნორმატიული აქტის მომზადების, მიღების (გამოცემის) ამოქმედებისათვის დადგენილი წესით, რომელშიც შედის ეს ცვლილება ან დამატება. ცვლილებაში აღნიშნულია, რომ ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე, ზემოაღნიშნული კანონის 41-ე მუხლით ნორმატიული აქტი, რომლის ძალაში შესვლაც დაკავშირებულია გამოქვეყნებასთან, ძალაში შედის მხოლოდ იმ პერიოდულ ბეჭდვით ორგანოში ოფიციალურად გამოქვეყნების შემდეგ, რომელიც ამ კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილია ოფიციალურ ორგანოდ, მოცემულ შემთხვევაში ,,საკანონმდებლო მაცნე”. ხსენებული ცვლილება საკანონმდებლო მაცნეში გამოქვეყნებულია 2007 წლის 28 ნოემბერს, რაც წარმოადგენს მისი ძალაში შესვლის თარიღს.
აპელანტი მიუთითებდა, რომ სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-41 მუხლის მეხუთე პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტი, რომლის თანახმად, იურიდიული დეპარტამენტის კომპეტენციაა სამინისტროს ხელმძღვანელობისა და მისი ცალკეული სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა. აპელანტის განმარტებით, საუბარია სტრუქტურულ ერთეულებზე და არა ტერიტორიულ ორგანოებზე, ამასთან სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისათვის სამართლებრივ უზრუნველყოფაში იგულისხმება სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციების გაწევა და არა კანონმდებლობაში შესული ცვლილებების გადაგზავნის ვალდებულება.
სააპელაციო საჩივრის ავტორის მითითებით, დაუშვებელია მ. ბ-ელს არ დაეკისროს პასუხისმგებლობა ტერიტორიული ორგანოს სამოქმედო დებულების არცოდნის გამო, მაშინ როდესაც ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. ბ-ელის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართო თავის გადაწყვეტილებაში აღნიშნავდა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელია, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, რაც გადაწყვეტილების შეცვლის საფუძველია.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სახეზეა მოსარჩელის მიერ ნორმატიული აქტით დადგენილი სამსახურებრივი ვალდებულებების დარღვევის ფაქტი. დარღვევის სიმძიმის შეფასება, რაც ხელყოფს საჯარო ხელისუფლების კანონით დაკისრებული მოვალეობების შესრულებას უნდა შეაფასოს საჯარო დაწესებულებამ და აღნიშნული კომპეტენცია გარანტირებულია ხელისუფლებათა დანაწილების კონსტიტუციური პრინციპით. საჯარო ორგანო თავისი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში უფლებამოსილია შეაფასოს და შესაბამისად მიიღოს ესა თუ ის დისციპლინური ზომა მოსარჩელის დარღვევის სიმწვავიდან გამომდინარე. სასამართლო ვერ ჩაერევა აღმასრულებელი ხელისუფლების კანონით დადგენილ უფლებამოსილებაში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შეფასებისას უნდა შემოიფარგლოს იყო თუ არა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები შესწავლილი და გამოკვლეული კანონით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული ორგანო გასცდა თუ არა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გადაწყვეტილების მიღებისას.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები სათანადოდ იქნა გამოკვლეული და გადაწყვეტილება მიღებული უფლებამოსილების ფარგლებში, შესაბამისად არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
აღნიშნულ გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩIვარი შეიტანა მ. ბ-ელმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და მას მისცა არასწორი სამართლებრივი შეფასება. გადაწყვეტილების მიღებისას არ გამოიყენა კანონები და კანონქვემდებარე აქტები, რომლებიც უნდა გამოეყენებინა, არასწორად გამოიყენა და განმარტა ისინი.
კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ სამინისტროს არ ეკისრებოდა პასუხისმგებლობა ამა თუ იმ ნორმატიული აქტის, ბრძანების ხელმისაწვდომობაზე, რომ ეს მხოლოდ მოხელის ვალდებულებაა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები სათანადოდ იქნა გამოკვლეული.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-41-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის კომპეტენციაა გ) სამინისტროს ვებგვერდის წარმოება დ) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა.
კასატორი საკასაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში დამატებული ,,თ1” ქვეპუნქტი. ასევე არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტი, რომლის თანახმად, მოსამსახურე ვალდებულია სპეციალური მითითების გარეშე დაიცვას ის სამართლებრივი აქტები, რომლებიც სამსახურს ეხება და მის სამსახურებრივ ადგილს უკავშირდება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ იხელმძღვანელა და არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 51-ე მუხლის ,,ბ” პუნქტი, სადაც ცალსახადაა ნათქვამი, რომ მოსამსახურემ უნდა მიიღოს თანამდებობრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები და პირობები, რაც ისეთი რეგიონისათვის, როგორიც თიანეთია, არის აუცილებელი.
კასატორი აღნიშნავდა, რომ სასამართლომ, ისევე როგორც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, არ გამოიკვლია გამომწვევი მიზეზები და ის გარემოებანი, თუ რატომ ვერ განახორციელა მ. ბ-ელმა შვებულების შესახებ წინასწარი შეტყობინება.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის თანახმადაც, თუ ადმინისტრაციული ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს ვალდებულება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში. სააპელაციო სასამართლომ ასევე არ გამოიყენა ამავე კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტი: დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ, ისევე როგორც სამინისტრომ არ გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 99-ე მუხლის მე-4 პუნქტი და არ გამოიკვლია, მ. ბ-ელის მიერ სამსახური მიტოვებული იქნა თუ არა 5 დღეზე მეტი ხნით. სასამართლომ ასევე არასწორად გამოიყენა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტი, ამავე კანონის 79-ე მუხლის პირველი ქვეპუნქტი, ასევე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის ,,ლ” პუნქტი, როცა განმარტა, რომ სასამართლო ვერ ჩაერევა აღმასრულებელი ხელისუფლების კანონით დადგენილ უფლებამოსილებაში და დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების შეფასებისას უნდა შემოიფარგლოს მხოლოდ იმის შემოწმებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ იყო თუ არა საქმის გარემოებები შესწავლილი და გამოკვლეული კანონით დადგენილი წესით და ადმინისტრაციული ორგანო გასცდა თუ არა თავისი უფლებამოსილების ფარგლებს გადაწყვეტილების მიღებისას.
კასატორი არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საქმის გარემოებები სათანადოდ იქნა გამოკვლეული და გადაწყვეტილება მიღებულ იქნა უფლებამოსილების ფარგლებში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვდა გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებას.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებები, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმეზე დადგენილად ცნობილ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანებით, ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი მ. ბ-ელი 2008 წლის 14 აპრილიდან ოჯახური მდგომარეობის გამო გაშვებული იქნა ერთი თვით უხელფასო შვებულებაში; მისი მოვალეობის შესრულება დაევალა მთავარ სპეციალისტს ნ. ჯ-ძეს.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 22 აპრილის ¹376 ბრძანებით ძალადაკარგულად გამოცხადდა ,,მ. ბ-ელის შესახებ” ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის (მ. ბ-ელი) 2008 წლის 14 აპრილის ¹6 ბრძანების განკარგულებითი ნაწილის ფრაზა: ,, მისი მოვალეობის შესრულება დაევალოს მთ. სპეციალისტს ნ. ჯ-ძეს ხელფასის სხვაობის ანაზღაურებით”. ამვე ბრძანების მე-2 პუნქტით, მ. ბ-ელს დაევალა ბრძანების კანონით დადგენილი წესით გაცნობიდან 3 სამუშაო დღის ვადაში განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში წარმოედგინა წერილობითი ახსნა-განმარტება მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის ¹31 ბრძანებით დამტკიცებული ,,საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ტიპიური დებულების” მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტით დადგენილი მოთხოვნის შეუსრულებლობის საკითხთან დაკავშირებით.
2008 წლის 02 მაისს კასატორის მ. ბ-ელის მიერ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის სახელზე გაიგზავნა ახსნა-განმარტება, ხოლო იმავე წლის 15 მაისს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ¹497/კ ბრძანებით, ... საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მ. ბ-ელი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძვლად მიეთითა შემდეგ გარემოებებზე: «საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის «თ1» ქვეპუნქტის შესაბამისად, რესურსცენტრის უფროსი ვალდებულია თავისი შვებულების თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობოს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა. იმის გათვალისწინებით, რომ მ. ბ-ელმა თავისი შვებულების თაობაზე ინფორმაცია სამინისტროს მიაწოდა მიმდინარე წლის 21 აპრილს (სამინისტროში წერილობითი ინფორმაციის წარდგენის თარიღი), ხოლო შვებულებაში გავიდა 14 აპრილს, მ. ბ-ელის მხრიდან დარღვეულია ზემოაღნიშნული ერთკვირიანი ვადა. აქვე მიეთითა, რომ მ. ბ-ელის მიერ წარდგენილ ახსნა-განმარტებით ბარათში არ იყო მითითებული ისეთი გარემოების შესახებ, რაც გამოავლენდა მოსარჩელის მიერ დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობის საპატიო მიზეზს, «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტის, «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის (სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა), 79-ე მუხლის პირველი პუნქტის «ვ» ქვეპუნქტის, 93-ე მუხლის, 99-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტების შესაბამისად და მერი ბოდოველის წერილობითი ახსნა-განმარტების საფუძველზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹497/კ ბრძანებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. ბ-ელის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა _ თანამდებობიდან გათავისუფლება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების მე-5 მუხლის შესაბამისად, საგანმანათლებლო რესურს-ცენტრები წარმოადგენენ სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, რომლებიც იქმნება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, მ. ბ-ელი მუშაობდა რა ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის თანამდებობაზე იმყოფებოდა შრომით ურთიერთობაში ადმინისტრაციულ ორგანოსთან და «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად წარმოადგენდა საჯარო მოხელეს. «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად გამოცემული სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ადმინისტრაციული ორგანოს ბრძანება არის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ" ქვეპუნქტითა და იმავე კოდექსის მე-4 თავით რეგლამენტირებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც წყვეტს პირის ან პირთა შეზღუდული წრის შრომის უფლებას, რის გამოც სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებული დავების განხილვისას უნდა შემოწმდეს ხსენებულ საკითხებზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, «საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონისა და საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის ნორმების მოთხოვნებთან.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის შესაბამისად, მოხელის სამსახურიდან გათავისუფლება შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას და უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 93-ე მუხლის თანახმად, მოხელე სამსახურიდან შეიძლება გაათავისუფლოს იმ პირმა ან დაწესებულებამ, რომელსაც მისი სამსახურში მიღების უფლება აქვს. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 99-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომისათვის მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევებს, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან ამ კანონით გათვალისწინებული დისციპლინური გადაცდომისათვის. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივ მოვალეობათა დარღვევისათვის მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ხოლო მე-3 პუნქტის თანახმად კი, მოხელე შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან დისციპლინური პასუხისმგებლობის გარეშეც, თუ იგი უხეშად დაარღვევს სამსახურებრივ მოვალეობას. «საჯარო სამსახურის შესახებ» საქართველოს კანონის 78-ე მუხლი ითვალისწინებს დისციპლინური გადაცდომის სახეებს, რომლის პირველი პუნქტის «ა» ქვეპუნქტის თანახმად, დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება. სწორედ ხსენებულ ნორმაზე უთითებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 15 აპრილის ¹497/კ ბრძანება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს _ ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. ბ-ელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებისას.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ... საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის უფროსის მ. ბ-ელის მიმართ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება უდავოდ წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დისკრეციულ უფლებამოსილებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «ლ» ქვეპუნქტის თანახმად, დისკრეციული უფლებამოსილება არის უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას, საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება. თუმცა, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეცია არ ნიშნავს ადმინისტრაციული ორგანოს უფლებასილებას გავიდეს საკანონმდებლო ნორმების რეგულაციის ფარგლებიდან, კერძოდ, იმავე კოდექსის მე-7 მუხლის (საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობა) მე-2 ნაწილი შეიცავს ცალსახა მითითებას იმის თაობაზე, რომ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულმა ზომებმა არ შეიძლება გამოიწვიოს პირის კანონიერი უფლებებისა და ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
მითითებული მუხლის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო არსებითად მიიჩნევს განისაზღვროს, დისკრეციული უფლებამოსილების რეალიზების დროს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან დაცულია თუ არა საჯარო და კერძო ინტერესების პროპორციულობის პრინციპი და გამოყენებული დისციპლინური ზემოქმედების ზომა რამდენად აკმაყოფილებდეს შესაბამისი საკანონმდებლო აქტებით რეგლამენტირებულ დანაწესს.
დადგენილია და აღნიშნულს ვერ უარყოფს თავად კასატორიც, რომ წერილობითი ინფორმაცია მ. ბ-ელის შვებულებაში გასვლის თაობაზე სამინისტროსათვის ცნობილი გახდა 2008 წლის წლის 21 აპრილს, მაშინ, როდესაც კასატორი ფაქტობრივად შვებულებაში გავიდა იმავე წლის 14 აპრილს. უდავოა, რომ ნორმატიული აქტის არცოდნა პირს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან, მაგრამ იმ პირობებშიც კი, თუ საკასაციო სასამართლო გაიზიარებს კასატორის მითითებას იმის თაობაზე, რომ მისთვის ცნობილი არ იყო «საქართველოს განთლებისა და მეცნერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების» მე-3 მუხლის მე-4 პუნქტში განხორციელებული ცვლილების შესახებ, რომელიც რესურსცენტრის უფროსს ავალდებულებს თავისი შვებულების თაობაზე განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს აცნობოს შვებულების თარიღამდე არაუგვიანეს ერთი კვირისა, აღნიშნული, სასამართლოს მოსაზრებით, ვერ გამორიცხავს კასატორის პასუხისმგებლობის საკითხს, ვინაიდან მისი მხრიდან შეტყობინება შვებულებაში გასვლის თაობაზე მომხდარია შვებულებაში გასვლიდან 8 დღის დაგვიანებით. აღნიშნული კი საკასაციო სასამართლოს ართმევს შესაძლებლობას დაასკვნას, რომ მართალია მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ ვადაში არ მოხდა შვებულების თაობაზე სამინისტროს ინფორმირება, მაგრამ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსათვის, როგორც საგანმანათლებლო რესურსცენტრის მაკონტროლებელი ორგანოსათვის, მ. ბ-ელის შვებულებაში გასვლის მომენტიდან ცნობილი იყო აღნიშნულის თაობაზე და ამ პერიოდის განმავლობაში სამინისტროს არ შეზღუდვია რესურსცენტრისათვის დაკისრებული ვალდებულებებისა და ღონისძიებების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების საშუალება.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ კასატორი ვერ უარყოფს რა სამინისტროსათვის შვებულების თაობაზე შეტყობინების ვალდებულებას, იმავდროულად ვერ უთითებს შესაბამის ობიექტურ გარემოებებზე რამაც განაპირობა ინფორმაციის 8 დღის დაგვიანებით მიწოდება, რაც, როგორც აღინიშნა, საკასაციო სასამართლოს არ აძლევს იმის მტკიცების საკმარის საფუძველს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კასატორთან მიმართებაში დაირღვა თანაზომიერების პრინციპი.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მსჯელობას სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღების დროს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა დარღვევისა და აქტის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლის გარეშე მიღების თაობაზე და თვლის, რომ როგორც ფაქტობრივად სწორი, უცვლელად უნდა დარჩეს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ელის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 21 იანვრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.