Facebook Twitter
ბს-929-893(კ-08) 1 აპრილი, 2009წ.
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრი (საგადასახადო ინსპექცია) (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ნ. ბ-შვილი (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი აქტით თანხის ჩამოწერა

კასატორის მოთხოვნა – სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. ბ-შვილმა 2007 წლის 13 მარტს სარჩელით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციის მიმართ და მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა. მან ასევე მოითხოვა თელავის საგადასახადო ინსპექციას დავალებოდა ახალი აქტის გამოცემა, რომლითაც მას ჩამოეწერებოდა 2395 ლარი.
თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილებით ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ბათილად იქნა ცნობილი 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნა; თელავის საგადასახადო ინსპექციას დაევალა ნ. ბ-შვილის მიმართ გამოეცა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი 2005 წლის საიჯარო გადასახადისა და დარიცხული შესაბამისი საურავის მოხსნის შესახებ 17,48 ჰა მიწის ნაკვეთზე; თელავის საგადასახადო ინსპექციას ასევე დაევალა გამოეკვლია ნ. ბ-შვილის მიმართ 2001-2004 წლებში საიჯარო გადასახადის ოდენობა არსებული დოკუმენტის გათვალისწინებით და გამოეცა ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის საგადასახადო ინსპექციამ.
სააპელაციო სასამართლოში შეგებებული სააპელაციო საჩივარი წარადგინა ნ. ბ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილებით თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) სააპელაციო საჩივარი და ნ. ბ-შვილის შეგებებული სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თელავის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 13 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. ბ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თელავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნა და თელავის რეგიონალურ ცენტრს (საგადასახადო ინსპექცია) დაევალა საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ ახალი აქტის გამოცემა.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ჯ” ქვეპუნქტის თანახმად, შესაბამისი დაბეგვრის ობიექტის მიხედვით ქონების გადასახადისაგან გათავისუფლებულია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რომლებზედაც მოწეული მოსავლის ნახევარზე მეტი განადგურდა სტიქიის (ქარიშხალი, სეტყვა, წყალდიდობა) და სხვა ფორმსმაჟორული შემთხვევების შედეგად. მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების საფუძველია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს გადაწყვეტილება, რომელიც მიიღება საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოსთან შეთანხმებით. კომისიის დასკვნა დგება ორჯერ: სტიქიის დამთავრების მომენტიდან ორი კვირის ვადაში და მოსავლის აღების წინ; სააპელაციო პალატამ მიუთითა, საქმეში არსებული, ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 29 აგვისტოს ¹12 გადაწყვეტილებით (სტიქიის და ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად დაზარალებული მოიჯარეების მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ) დადგენილ იქნა მოიჯარეების, მათ შორის, ნ. ბ-შვილის 17.53 ჰა სახნავი მიწის ფართობის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად გადასახადისაგან გათავისუფლება; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 30 მაისის საგადასახადო მოთხოვნა ¹2063, რომლის ჩანაწერების თანახმად, 2005 წლის 1 მაისის მდგომარეობით ნ. ბ-შვილზე რიცხული საგადასახადო დავალიანება, საიჯარო მიწის ქონების გადასახადი და საძოვარი მიწის ქონების გადასახადი შეადგენს – 39.77 ლარს, საურავი – 3.344 ლარს; თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ფორმა ¹23-ის თანახმად, ნ. ბ-შვილს (ს/ნ ...) 2006 წლის 2 თებერვლიდან 2006 წლის 27 მარტამდე ნარჩენი და საურავი არ ერიცხება და 2006 წლის 26 მარტის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 144.40 ლარი; წარმოდგენილია ქვითარი 2001 წელში მიწის გადასახადის, 249 ლარის, ასევე 2001 წელში ქონების გადასახადის, 300 ლარის, გადახდის შესახებ; სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა რა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, მიუთითებს 2001-2005 წლების გადასახადისაგან გათავისუფლებაზე. მოპასუხე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ საგადასახადო მოთხოვნაში მითითებული თანხა აღნიშნული წლებისაა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-80.2 მუხლის თანახმად კი, საგადასახადო მოთხოვნის წარდგენის კონკრეტულ საფუძველზე შესაბამის პირებს წარედგინება ერთი საგადასახადო მოთხოვნა; მითითებულ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე სააპელაციო პალატამ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნის, გამოცემისას მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციამ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დააზუსტა გადასახადის ზუსტი ოდენობები წლების მიხედვით და იგი გამოსცა მათი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინიტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალურმა ცენტრმა (საგადასახადო ინსპექცია) და მოითხოვა სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელზე უარის თქმა. კასატორი აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მასალების მიხედვით მოსარჩელეს 1998 წლიდან იჯარით ჰქონდა აღებული 17,48 ჰა სახნავი მიწის ფართობი, რომელიც 2005 წლის სტიქიის გამო დაიტბორა და შეუძლებელი გახდა მისი დამუშავება. კასატორისათვის გაურკვეველია, თუ მოსარჩელეს მიწის ნაკვეთი არ დაუმუშავებია როგორ უნდა გათავისუფლდეს იგი გადასახადისაგან მოსავლის დაზიანების გამო, ხოლო ნიადაგის ნაყოფიერი ფენის დაზიანების შესახებ მოსარჩელეს მტკიცებულება არ წარმოუდგენია. კასატორი განმარტავს, რომ გასაჩივრებული საგადასახადო მოთხოვნით მოთხოვნილია 2006 წლის მიმდინარე გადასახადი, რაზეც რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებს არ უმსჯელიათ, ხოლო რაზეც იმსჯელეს (2001-2005 წლების გადასახადები), ამის შესახებ გასაჩივრებულ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში არაფერია აღნიშნული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ; მოცემულ საქმეზე უნდა გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას შემდეგ გარემოებათა გამო:
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ლაგოდეხის რაიონის გამგეობასა და ნ. ბ-შვილს შორის 1998 წლის 24 სექტემბერს დაიდო სასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარის ხელშეკრულება 10 წლის ვადით 17.84 ჰა (სახნავი-8.91 ჰა; საძოვარი-8.62 ჰა; ტყე-0.12 ჰა; გზები-0.15 ჰა; შენობა-ნაგებობანი-0.04 ჰა) მიწის ნაკვეთზე; ნ. ბ-შვილს თელავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის საგადასახადო მოთხოვნა ¹9-ით საგადასახადო კოდექსის 275-ე მუხლის საფუძველზე გადასახდელად დაერიცხა 2006 წლის მიმდინარე გადასახდელი საგადასახადო დავალიანება, მიწის გადასახადი (სასოფლო) ძირითადი თანხა-949.62, საურავი-1445.51 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ ლაგოდეხის რაიონის საკრებულოს 2005 წლის 29 აგვისტოს ¹12 გადაწყვეტილებით (სტიქიის და ფორსმაჟორული გარემოებების შედეგად დაზარალებული მოიჯარეების მიწის გადასახადისაგან გათავისუფლების შესახებ) დადგენილ იქნა მოიჯარეების, მათ შორის, ნ. ბ-შვილის 17.53 ჰა სახნავი მიწის ფართობის, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 276-ე მუხლის შესაბამისად გადასახადისაგან გათავისუფლება; სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2005 წლის 30 მაისის საგადასახადო მოთხოვნა ¹2063, რომლის ჩანაწერების თანახმად, 2005 წლის 1 მაისის მდგომარეობით ნ. ბ-შვილზე რიცხული საგადასახადო დავალიანება, საიჯარო მიწის ქონების გადასახადი და საძოვარი მიწის ქონების გადასახადი შეადგენს – 39.77 ლარს, საურავი – 3.344 ლარს; თელავის საგადასახადო ინსპექციის მიერ გაცემული ფორმა ¹23-ის თანახმად, ნ. ბ-შვილს (ს/ნ ...) 2006 წლის 2 თებერვლიდან 2006 წლის 27 მარტამდე ნარჩენი და საურავი არ ერიცხება და 2006 წლის 26 მარტის მდგომარეობით ერიცხება ზედმეტობა 144.40 ლარი; წარმოდგენილია ქვითარი 2001 წელში მიწის გადასახადის, 249 ლარის, ასევე 2001 წელში ქონების გადასახადის, 300 ლარის, გადახდის შესახებ; სასამართლომ მიუთითა, რომ მოსარჩელე ითხოვდა რა სადავო საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობას, მიუთითებს 2001-2005 წლების გადასახადისაგან გათავისუფლებაზე. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების დადგენის შემდეგ კი სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის, 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნის, გამოცემისას მოპასუხე თელავის საგადასახადო ინსპექციამ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, არ დააზუსტა გადასახადის ზუსტი ოდენობები წლების მიხედვით და იგი გამოსცა მათი გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი და ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა. საკასაციო პალატას დაუსაბუთებლად მიაჩნია სასამართლოს ამგვარი მსჯელობა, რადგან საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია ადმინისტრაციულ პროცესში შეჯიბრებითობისა და სასამართლოს მიერ საქმის გარემოებების გამოკვლევის პრინციპი. ამ ნორმის თანახმად ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია, თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლოს მოცემული დავის გადაწყვეტისას ინკვიზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე უნდა გამოეყენებინა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-19 მუხლის პირველი ნაწილი, რომელშიც მითითებულია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლით მინიჭებული უფლებამოსილების გარდა, სასამართლო უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივითაც შეაგროვოს ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თელავის საგადასახადო ინსპექციის 2007 წლის 28 თებერვლის ¹9 საგადასახადო მოთხოვნით ნ. ბ-შვილს დაერიცხა 2006 წლის მიმდინარე გადასახდელი. მართალია სააპელაციო პალატის 2008 წლის 18 მარტის სხდომაზე თელავის საგადასახადო ინსპექციის წარმომადგენელმა განმარტა, რომ დავის საგანს წარმოადგენდა 2005 წლამდე და 2005 წლის განმავლობაში წარმოშობილი დავალიანება (ს.ფ. 78), მაგრამ სააპელაციო პალატის სხდომის ოქმით ირკვევა, რომ სასამართლომ 2006 წლის მიმდინარე გადასახადის თაობაზე მოპასუხის პოზიცია არ გამოარკვია; მით უფრო, რომ საკასაციო საჩივარში მოპასუხე ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ სადავო საგადასახადო მოთხოვნა ეხება 2006 წლის მიმდინარე გადასახადსაც, რაზედაც სასამართლოებმა საერთოდ არ იმსჯელეს; ამიტომ საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემული დავის ხელახლა განხილვისას სადავო საგადასახადო მოთხოვნის კანონიერება უნდა შეამოწმოს 2006 წლის მიმდინარე გადასახადთან მიმართებაშიც.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატის გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია, რის გამოც იგი სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 394-ე მუხლის ,,ე1" ქვეპუნქტის თანახმად, კანონის დარღვევით მიღებულად უნდა ჩაითვალოს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თელავის რეგიონალური ცენტრის (საგადასახადო ინსპექცია) საკასაციო საჩივარი;
2. გაუქმდეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 18 მარტის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდეს იმავე პალატას
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.