Facebook Twitter
¹ბს-1042-1000 (კს-09) 16 სექტემბერი, 2009წ.
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მარიამ ცისკაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნუგზარ სხირტლაძე, პაატა სილაგაძე (მოსამართლეები)

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ მ. ს-შვილ-ბ-შვილი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარეები _ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო

დავის საგანი _ ქმედების განხორციელება

გასაჩივრებული სასამართლოს განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა _ სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

მ. ს-შვილ-ბ-შვილმა 2008 წლის ივლისში სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური სუბსიდიების სააგენტოს მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 17269 ლარის დაკისრება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებით მ. ბ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და ხანდაზმულობის გამო.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ს-შვილ-ბ-შვილმა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინებით მ. ს-შვილ-ბ-შვილის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციული საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილებაზე, დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.
სააპელაციო პალატამ გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი და ამავე კოდექსის 374-ე მუხლის პირველი ნაწილი.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძლება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-78—მუხლების შესაბამისად.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ მ. ს-შვილ-ბ-შვილს გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილის, სააპელაციო საჩივარი კი პირველი ინსტანციის სასამართლოში წარდგენილი იქნა 2009 წლის 25 მაისს. სააპელაციო საჩივრის წარდგენის ბოლო დღე _ 2009 წლის 5 მაისი არ დაემთხვა არც დასვენების და არც უქმე დღეებს; რის გამოც სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მარიამ ბეთხოშვილის მიერ გაშვებულია კანონით დადგენილი გასაჩივრების 14 დღიანი ვადა; ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 13-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მ. ბ-შვილის წარმომადგენლს, მისი განცხადების საფუძველზე, გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 13 მაისს, მაგრამ, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ თავად მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლი ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადა ვერ იქნება ათვლილი მ. ბ-შვილის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარების მომენტიდან.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. ს-შვილ-ბ-შვილმა კერძო საჩივრით გაასაჩივრა და მოითხოვა სააპელაციო პალატის განჩინების გაუქმება და საქმის განსახილველად დაბრუნება.
კერძო საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილება მას ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა სამოტივაციო ნაწილი. გადაწყვეტილება იყო აკინძული და გადანომრილი, გვერდების ნუმერაცია მთავრდებოდა 6-ით, გადაწყვეტილება კი იყო მხოლოდ ოთხი ფურცელი და არ ახლდა ის ორი გვერდი, რომლებზედაც მოთავსებულია სამოტივაციო ნაწილი. კერძო საჩივრის ავტორის აზრით დარღვეულია დოკუმენტის მთლიანობა და იგი სწორედ ამ ფორმით ჩაბარდა სასამართლოდან 2009 წლის 21 აპრილს; აღნიშნულის გამო მ. ს-შვილ-ბ-შვილის წარმომადგენელმა მეორედ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა ხელმეორედ გადაწყვეტილების ჩაბარება, რომელიც მას 2009 წლის 13 მაისს ჩაბარდა.
კერძო საჩივრის ავტორის აზრით, აღნიშნულის გამო სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის დინების დასაწყისად მიჩნეული უნდა იქნეს 2009 წლის 13 მაისი, ხოლო სააპელაციო საჩივარი კი მან შეიტანა 25 მაისს, ე.ი. სააპელაციო წესით გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დაცვით.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის მოტივების შემოწმების შედეგად თვლის, რომ მ. ს-შვილ-ბ-შვილის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს; მოცემულ საქმეზე უცვლელი უნდა დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადა. ამ ნორმის თანახმად სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება მ. ს-შვილ-ბ-შვილს გაეგზავნა 2009 წლის 7 აპრილს და ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს (სფ. 119, 120). საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, ვინაიდან პირველი ინსტანციის სასამართლოს 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ჩაბარება მ. ს-შვილ-ბ-შვილისათვის 2009 წლის 21 აპრილს ხელმოწერილია მის მიერ შპს ,,...” შეტყობინების ბარათზე გზავნილის ჩაბარების შესახებ, ამიტომ მოცემული გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დინება დაიწყო 2009 წლის 22 აპრილს და ამოიწურა 2009 წლის 5 მაისს, რომელიც იყო სამუშაო დღე სამშაბათი. მ. ს-შვილ-ბ-შვილმა სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში წარადგინა 2009 წლის 25 მაისს (ს.ფ. 123). ამდენად, მ. ს-შვილ-ბ-შვილმა დაარღვია სააპელაციო საჩივრის წარდგენის კანონით განსაზღვრული 14 დღიანი ვადა.
საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოტივს იმის შესახებ, რომ მართალია გასაჩივრებული გადაწყვეტილება ჩაბარდა 2009 წლის 21 აპრილს, მაგრამ გადაწყვეტილებას არ გააჩნდა სამოტივაციო ნაწილი. საკასაციო პალატა აღნიშნულის უტყუარ მტკიცებულებად ვერ მიიჩნევს მ. ს-შვილი-ბ-შვილის მიერ კერძო საჩივარზე დართულ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, რადგან თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის თანაშემწე ხ. შ-იას 2009 წლის 7 აპრილის გზავნილით ირკვევა, რომ მან მ. ბ-შვილს გაუგზავნა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 20 მარტის გადაწყვეტილების ასლი 6 ფურცლად (სფ. 119).
საკასაციო პალატა თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილი; ამ ნორმის თანახმად სასამართლო მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს უგზავნის იმ გადაწყვეტილების, განჩინების ან ბრძანების ასლს, რომელიც ექვემდებარება გასაჩივრებას იმავე ან ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში. სხვა სასამართლო აქტების ასლები მხარეებს ან მათ წარმომადგენლებს გადაეცემათ მათი წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე. წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზავნილი _წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რის გამოც მ. ს-შვილ-ბ-შვილის კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი არ არსებობს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. არ დაკმაყოფილდეს მ. ს-შვილ-ბ-შვილის კერძო საჩივარი;
2. უცვლელი დარჩეს მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 15 ივნისის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.