ბს-1338-1280(კს-09) 24 დეკემბერი, 2009 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ა. წ-ლის წარმომადგენელი – ქ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ ქ. ქუთაისის მერია
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება
დავის საგანი _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 16 ივნისს, ა. წ-ლის წარმომადგენელმა - ქ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის - ქ. ქუთაისის მერიის მიმართ და მოითხოვა ბათილად ეცნოთ ქ. ქუთაისის მერის 2007 წლის 6 ნოემბრის ¹1691 ბრძანება, 2007 წლის 7 ნოემბრის ქ. ქუთაისის მერიასა და შპს «...» შორის დადებული ¹4 ხელშეკრულება, 2007 წლის 7 ნოემბრის მიწის მიღება-ჩაბარების აქტი, 2008 წლის 4 თებერვლის, ქ. ქუთაისის მერის ¹161 ბრძანება, 2007 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერის ¹1795 ბრძანება, 2007 წლის 28 ნოემბერს ქ. ქუთაისის მერიასა და შპს «...» შორის დადებული ¹6 ხელშეკრულება, 2007 წლის 4 დეკემბრის მიღება–ჩაბარების აქტი და ასევე შპს «...» ჩამოერთვათ, ... გამზირზე ¹50-ის (უნდა იყოს 50ა-ს) დასავლეთით, ყოფილ უნივერმაღ «...» მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული აღნაგობის უფლებით გადაცემული 1300 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 26 ივნისის საოქმო განჩინებით შპს «...» საქმეში ჩაბმულ იქნა მესამე პირად.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით ქუთაისის მერიის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; შეწყდა ადმინისტრაციული საქმის წარმოება ა. წ-ლის წარმომადგენლის სარჩელისა გამო ქუთაისის მერიისა და შპს «...» მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხელშეკრულების ნაწილში კი საქმის წარმოება გაგრძელდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. წ-ლის წარმომადგენელმა - ქ. კ-ძემ, რომელმაც ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინების გაუქმება მოითხოვა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და ასევე საქმის წარმოების განახლება მთლიანი სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა გაეცნო კერძო საჩივარს და მიიჩნია, რომ კერძო საჩივრის ავტორს არ ჰქონდა ბაჟი გადახდილი სააპელაციო სასამართლოს ანგარიშზე.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით აღნიშნული კერძო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო დარჩა განუხილვევლი.
მითითებული განჩინება ქ. კ-ძემ გაასაჩივრა კერძო საჩივრით და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მისი კერძო საჩივრის განხილვა მოითხოვა.
აღნიშნული კერძო საჩივარი საქმის მასალებთან ერთად გადმოეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ძის კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2009 წლის 5 მაისს ა. წ-ლის წარმომადგენელმა – ქ. კ-ძემ განცხადებით მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებაზე შეტანილ კერძო საჩივარზე საქმის წარმოების განახლება, იმ საფუძვლით, რომ მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით, კერძო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად, მაგრამ საკასაციო სასამართლომ მიუთითა, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი უდავოდ იყო გადახდილი საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე, რაც მხარეს აძლევდა შესაძლებლობას მიემართა სააპელაციო სასამართლოსათვის საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინებით ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ძის განცხადება საქმის წარმოების განახლების შესახებ, არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ა. წ-ლის წარმომადგენელმა - ქ. კ-ძემ, რომელმაც მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2009 წლის 26 ივნისის განჩინებისა და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინების გაუქმება და მის მიერ 2008 წლის 13 ოქტომბერს შეტანილი კერძო საჩივრის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ წარმოებაში მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით ა. წ-ლის წარმომადგენლის - ქ. კ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა ა. წ-ლის წარმომადგენლის _ ქ. კ-ძის კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
როგორც საქმის მასალებით დასტურდება, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 13 ოქტომბრის განჩინებით შეწყდა საქმის წარმოება ა. წ-ლის წარმომადგენლის სარჩელის გამო ქუთაისის მერიისა და შპს «...» მიმართ, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობის მოთხოვნის ნაწილში, ხოლო ხელშეკრულების ბათილობის ნაწილში გაგრძელდა საქმის წარმოება. მითითებულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა ა. წ-ლის წარმომადგენელმა _ ქ. კ-ძემ, რომელიც ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 19 ნოემბრის განჩინებით, ხარვეზიანად იქნა მიჩნეული და მხარეს მიეცა შვიდდღიანი ვადა მის გამოსასწორებლად. ხარვეზის შეუვსებლობის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 დეკემბრის განჩინებით ა. წ-ლის წარმომადგენლის კერძო საჩივარი დატოვებულ იქნა განუხილველად. ქ. კ-ძემ კვლავ მიმართა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლება მოითხოვა იმ მოტივით, რომ მას გადახდილი ჰქონდა სახელმწიფო ბაჟი საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე, რაც საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებითაც იყო დადგენილი.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-420-ე მუხლებით დადგენილია კერძო საჩივრის განხილვის წესი და პირობები, გამომდინარე იქიდან, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე განსხვავებულ წესს არ ითვალისწინებს, მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 52-ე მუხლის თანახმად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხევვევის გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ კერძო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 50 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი სააპელაციო სასამართლოს მიერ ვერ იქნებოდა ჩათვლილი კერძო საჩივარზე გადახდილად, რადგან თანხა არ იყო შეტანილი სააპელაციო სასამართლოს ანგარიშზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი უდავოდ არის გადახდილი საერთო სასამართლოებისათვის განსაზღვრული ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე, რაც ასევე დადგენილია კანონიერ ძალაში შესული საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 26 თებერვლის განჩინებით, ხოლო ის საფუძველი, რომ კერძო საჩივრის ავტორის მიერ სახელმწიფო ბაჟი შეცდომით გადახდილია ქუთაისის საქალაქო სასამართლოს ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდზე, ვერ ჩაითვლება კერძო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძვლად, საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემის ერთიანობის პრინციპიდან გამომდინარე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ა. წ-ლის წარმომადგენლის – ქ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. წ-ლის წარმომადგენლის – ქ. კ-ძის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ა. წ-ლის წარმოამდგენლის _ ქ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 26 ივნისის განჩინება და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების თაობაზე ა. წ-ლის წარმომადგენლის – ქ. კ-ძის განცხადება განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.