Facebook Twitter
ბს-1098-1054(კ-09) 28 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე



სხდომის მდივანი _ ნინო გოგატიშვილი

კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა, წარმომადგენელი _ მ. ე-შვილი

მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ მ. თ-უა, წარმომადგენელი _ ა. დ-იანი

მესამე პირი _ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი, წარმომადგენელი _ მ. გ-ია

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ნაწილობრივ ბათილად ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2006 წლის 29 მაისს მ. თ-უამ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2006 წლის 2 მარტს დასრულდა ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რომელსაც ატარებდა საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის თანამშრომელთა ჯგუფი. იმავე დღეს შედგა შესაბამისი აქტი, რომლის მიხედვითაც დადგინდა ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკურ საქმიანობაში არსებული სამართალდარღვევები, რასაც აქტის მიხედვით, ადგილი ჰქონდა 2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდში.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2004 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების .... ამდენად, საქართველოს კონტროლის პალატის გასაჩივრებულ აქტში ასახული შესამოწმებელი პერიოდი ემთხვეოდა იმ პერიოდსაც, როდესაც იგი ასრულებდა შესამოწმებელი სამსახურის ხელმძღვანელის ფუნქციას.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი შედგენილი იყო საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, რაც საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხსენებული აქტის ბათილად ცნობის საფუძველს წარმოადგენდა.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხემ არ უზრუნველყო მისი, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა რევიზიის ჩატარებასა და შემდგომში ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაში, რითაც დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ის დებულებები, რომლებიც ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, ადმინისტრაციულ წარმოებაში ჩაერთო ის პირი, ვისი სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესებულიყო ადმინისტრაციული აქტით. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი იყო, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა ეცნობებინა დაინტერესებული მხარისათვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე და უზრუნველეყო მისი ამ წარმოებაში მონაწილეობა. ამასთან, დარღვეული იყო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-13 მუხლის მოთხოვნები, რომლის მიხედვითაც უნდა მომხდარიყო მოსარჩელისათვის მოსაზრებების წარდგენის შესაძლებლობის მინიჭება და მისი ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილეობის უზრუნველყოფა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მოპასუხის მიერ ჩატარებული რევიზია მოიცავდა 2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდს. აღსანიშნავი იყო, რომ ამ პერიოდის ნახევარი უკვე შემოწმებული იყო საქართველოს კონტროლის პალატის მიერ, რაზეც არსებობდა 2004 წლის მარტის შესაბამისი აქტი. ხსენებული აქტით არსებითი დარღვევები არ იქნა გამოვლენილი. ამდენად, ერთი და იმავე უწყების მიერ, ერთი და იგივე საკითხი სხვადასხვაგვარად იქნა შეფასებული.
მოსარჩელემ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის არაერთი მუხლი ავალდებულებდა ადმინისტრაციულ ორგანოს, რათა მას მოეხდინა საკითხთა სრულყოფილი ანალიზი, მათი ყოველმხრივი გამოკვლევა და შესწავლა. მოპასუხეს არ ჰქონდა უფლება თავისი გადაწყვეტილება დაეფუძნებინა ისეთ ფაქტებსა და გარემობებეზე, რომლებიც არ იყო დადგენილი წესით გამოკვლეული ადმინისტრაციული წარმოებისას, რითაც საქართველოს კონტროლის პალატამ დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილი, 96-ე და 97-ე მუხლები.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტისა და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა მოსარჩელის ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ... თანამდებობაზე მუშაობის პერიოდის შემოწმების ნაწილში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილებით მ. თ-უას სარჩელი ნაწილობროვ დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილება; 1) სატარიფიკაციო სიების შედგენის შესაბამისობის ზუგდიდის ¹1, ¹2 ¹5, ¹13 და ¹15 სკოლებში 2002-2003, 2003-2004 სასწავლო წლების სასწავლო გეგმების ნაწილში; 2) განათლების განყოფილებას და მის დაწესებულებებში 2003 წლის საშტატო რიცხოვნობის 20%-იან შემცირებასთან დაკავშირებით; 3) ტენდერის გამოცხადების ნაწილში; 4) საკომპენსაციო თანხის მიღების ნაწილში; მოსარჩელე მ. თ-უას სარჩელის დაკმაყოფილებაზე საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტისა და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების ბათილად ცნობის თაობაზე: სპეცსახსრებიდან და რაიონის ბიუჯეტის მიერ გამოყოფილი თანხებიდან კვების პროდუქტების შეძენისა და ჩამოწერის ნაწილში და სალარო ოპერაციების შემოწმების ნაწილში უარი ეთქვა უსაფუძვლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტარციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. თ-უამაც, რომელმაც აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 4 ივლისის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს კონტროლის პალატისა და მ. თ-უას სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 16 ნოემბრის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; მ. თ-უას სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები _ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის ზუგდიდის განათლების განყოფილებაში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური შემოწმების აქტი და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილება _ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შესახებ 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 20 აპრილამდე პერიოდის ნაწილში; საქართველოს კონტროლის პალატას დაევალა აღნიშნული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 3 თვის ვადაში, ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილების თანახმად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილებაში ჩატარდა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის (2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) კომპლექსური რევიზია. ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და საფინანსო განყოფილებაში რაიონული ბიუჯეტების შედგენა-შესრულების მდგომარეობისა (2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) და რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის (2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის გამგეობაში რაიონული ბიუჯეტის შედგენა-შესრულების მდგომარეობისა და რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ... 2004 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა მ. თ-უა. საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსის მიერ 2006 წლის 18 იანვარს დამტკიცებული ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის პროგრამით დადგენილი იყო, რომ შემოწმებას და გაანალიზებას ექვემდებარებოდა: 1. ზუგდიდის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვების შედგენა-შესრულების მდგომარეობა; 2. განათლების სისტემის შტატებით დაკომპლექტებისა და სატარიფიკაციო სიების შედგენის სისწორე; 3. სალაროსა და საბანკო ოპერაციების წარმოების სისწორე. სპეცსახსრების არსებობის შემთხვევაში მისი ფორმირებისა და ხარჯების კანონიერება; 4. საანგარიშსწორებო ოპერაციები; ანგარიშსწორება დებიტორებთან და კრედიტორებთან; ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან და სხვა; 5. მატერიალურ ფასეულობათა და მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშსწორების დოკუმენტების მიღების, დაცვისა და გამოყენების მდგომარეობა 6. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების მდგომარეობა; 7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მდგომარეობა; 8. წინა რევიზიით გამოვლენილი დარღვევა _ ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების მდგომარეობა.
სააპელაციო სასამართლომ 2008 წლის 14 აპრილის ამოღების ოქმით დადგენილად მიიჩნია, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსი გამომძიებლის მიერ შპს “...” დირექტორისგან ამოღებულ იქნა 2002-2005 წლებში შპს “...” მიერ საბავშვო ბაგა-ბაღებისათვის კვების პროდუქტების მიწოდებასთან დაკავშირებული საბუღალტრო დოკუმენტაცია. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით გამოთხოვილი იქნა ქ. ზუგდიდის გაფრინდაშვილის სახელობის ¹5, ა. წერეთლის სახელობის ¹1, კოსტავას სახელობის ¹2, ასევე, ზუგდიდის ¹15 და ¹13 საშუალო სკოლებიდან 2002-2003 წლების სატარიფიკაციო სიების შედგენის შესაბამისობა სასწავლო გეგმებთან; ბავშვთა კვებისათვის რაიონული ბიუჯეტიდან და სპეცსახსრებიდან კვების პროდუქტების შეძენისა და ჩამოწერის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები; სალაროს გასავლისა და შემოსავლის შესახებ ბრძანებების წიგნი 2001-2003 წლების მდგომარეობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 2007 წლის 25 მაისის ¹161 მიმართვით სასამართლოში წარდგენილ იქნა სასამართლოს 2007 წლის 8 მაისის განჩინებით გამოთხოვილი მასალები. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის 2007 წლის 29 მაისის ¹80 მიმართვით დადგენილი იყო, რომ სასამართლოს 2007 წლის 8 მაისს ჩარიცხული თანხების შესახებ მონაცემების ცხრილში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კონკრეტულად 2003 წელს შპს “...” აპრილის თვეში 1950 ლარი გადარიცხული იყო არა ბიუჯეტიდან, არამედ მშობელთა შენატანებით სპეციალური სახსრებიდან; აღნიშნულს დაერთო შესწორებული ცხრილი _ “2002-2003 წლებში ზუგდიდის ქალაქის საბავშვო ბაღების მშობელთა შენატანების, ადგილობრივი ბიუჯეტის სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსავლისა და ამ ანგარიშიდან განათლების განყოფილების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე შპს “...” ჩარიცხული თანხების შესახებ მონაცემები”, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2002, 2003 და 2004 წლებში საბავშვო ბაღებიდან ბანკში შეტანილი კვების თანხები, ასევე შპს “...” გადარიცხული კვების თანხები შედგებოდა მხოლოდ მშობელთა შენატანებიდან და ამ ცხრილის მიხედვით ბიუჯეტიდან შენატანები არ არსებობდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო იმის გამო, რომ მ. თ-უას მიერ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი ამ ნაწილში გასაჩივრდა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა.
სააპელაციო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ სადავო აქტით დადგენილი იყო, რომ შემოწმებისას წარდგენილი არ ყოფილა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილ იქნა შემდეგ, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას, ხოლო გასაჩივრებული აქტი შედგენილ იქნა იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც წარდგენილ იქნა შემოწმებისას.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული დოკუმენტის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევისათვის აუცილებელია, რომ მან ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დააკმაყოფილოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის იმპერატიულ-ნორმატიული მოთხოვნები და შეიცავდეს აღნიშნული ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ლეგალური დეფინიციის ყველა ელემენტს, კერძოდ: სადავო ურთიერთობის ერთ-ერთი მხარე უნდა იყოს ადმინისტრაციული ორგანო – ადმინისტრაციული აქტის ავტორი; სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა გამომდინარეობდეს ადმინისტრაციული (საჯარო) სამართლის კანონმდებლობიდან; ადმინისტრაციული ორგანოს ღონისძიება მიმართული უნდა იყოს კონკრეტული შემთხვევის მოწესრიგებისა და არსებული სამართლებრივი მდგომარეობის შეცვლისაკენ, ანუ იგი უნდა აწესებდეს, ცვლიდეს, წყვეტდეს ან ადასტურებდეს პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენდა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის ორგანოს, ზედამხედველობდა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურებოდა ეროვნული სიმდიდრისა და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებდა და აანალიზებდა სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას, ხოლო იმავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონტროლის პალატა უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებული იყო საბიუჯეტო ან სახელმწიფო სპეციალური ფონდების კუთვნილი თანხების მიღებასთან, გადარიცხვასთან ან გამოყენებასთან, რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან, აგრეთვე იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებული იყო მათთვის საგადასახადო, საბაჟო ან სხვა შეღავათების მინიჭებასთან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის” 30-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ნიშნების შემცველი რევიზია – შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნებოდა კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის ვიზირების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაშიც, გასაჩივრებული რევიზიის აქტი საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელმაც განახორციელა სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები – შპს “...” საბუღალტრო დოკუმენტების ამოღება და სხვა, ხოლო იმის გამო, რომ მ. თ-უას მიერ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი 2004 წლის 20 აპრილამდე პერიოდის ნაწილში იქნა გასაჩივრებული, შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული რევიზიის აქტი და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილება აწესებდა, ცვლიდა, წყვეტდა ან ადასტურებდა პირის სამართლებრივ მდგომარეობას.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქართველოს კონტროლის პალატის პოზიცია, რომ ვინაიდან მ. თ-უა რევიზიის პერიოდში არ წარმოადგენდა შესამოწმებელი ობიექტის თანამდებობის პირს, მისი დასწრების ვალდებულება კონტროლის პალატას არ გააჩნდა. თუმცა, რამდენადაც საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ხოლო იმის გამო, რომ მ. თ-უას მიერ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი 2004 წლის 20 აპრილამდე პერიოდის ნაწილში იქნა გასაჩივრებული, შეჩერდა სისხლის სამართლის საქმის წარმოება, სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა საქართველოს კონტროლის პალატის მოსაზრებას, რომ მ. თ-უა არ წარმოადგენდა მოცემულ საქმეზე სათანადო მოსარჩელეს.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების კომპლექსური რევიზიისას სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მასალები, არ მოხდა სრულყოფილად მათი შესწავლა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათ არ მიეცა სათანადო შეფასებები. სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ შემოწმების აქტში ურთიერთწინააღმდეგობრივი ფაქტები იყო დადგენილი. კერძოდ, ერთგან მითითებული იყო, რომ 2002 წელს განათლების განყოფილების კომუნალური და კვების ხარჯები ბიუჯეტით დაგეგმილი არ ყოფილა, ხოლო მეორეგან _ 2002 წელს ქალაქის გამგეობიდან კვების პროდუქტების შესაძენად ირიცხებოდა ქალაქ ზუგდიდის გამგეობიდან და მითითებული იყო გარკვეული თანხა. ასევე, 2003 წელზე მითითებული იყო, რომ კვების ხარჯები რაიონული ბიუჯეტით აღნიშნულ პერიოდში გათვალისწინებული არ ყოფილა, მეორე მხრივ, მითითებული იყო, რომ 2003 წელს კვების პროდუქტების შესაძენად თანხები შპს “...” ირიცხებოდა როგორც განათლების განყოფილებიდან, ისე ქალაქის გამგეობიდან სპეცსახსრების ანგარიშიდან. ამასთან, მითითებული იყო, რომ 2002 წლის 19 მარტის გადაწყვეტილებით 16 საბავშვო ბაღი ფინანსდებოდა ზუგდიდის ქალაქის გამგეობიდან, ხოლო 2003 წლის 17 აპრილის გადაწყვეტილებით ეს 16 საბავშვო ბაღი ფინანსდებოდა რაიონული ბიუჯეტიდან.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მოსაზრება, რომ სარევიზიო ჯგუფის მიერ სათანადოდ არ ყოფილა გამოკვლეული და შესწავლილი სატარიფიკაციო გეგმების შესაბამისობა სასწავლო გეგმასთან, რომელიც წარმოდგენილი იყო ზუგდიდის რესურს-ცენტრის მიერ დედნების სახით, სასამართლოს მიერ მიღებული განჩინების საფუძველზე. ამასთან, საქალაქო სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ზედმეტი საათების ხელფასის ეკონომიკური ბიუჯეტის ანალიზისა და ეკონომიკური კლასიფიკაციის შრომის ანაზღაურების მუხლში გადახარჯვას ადგილი არ ჰქონია.
მუშაკთა საშტატო რიცხოვნობის შესახებ შემოწმებისას გამოვლენილი დარღვევების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს 2007 წლის 30 აპრილის ¹12-97/6974 წერილის საფუძველზე, “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი თავის მე-19 მუხლით გათვალისწინებული 20%-იანი შემცირება არ ეხებოდა საქართველოს განათლების სისტემის საგანმანათლებლო დაწესებულებაში დასაქმებულ მუშაკებს, რაც გათვალისწინებული არ ყოფილა რევიზიისას. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 8 მაისის განჩინებით გამოთხოვილი იქნა ქ. ზუგდიდის გაფრიდაშვილის სახელობის ¹5, ა. წერეთლის სახელობის ¹1, კოსტავას სახელობის ¹2, ასევე, ზუგდიდის ¹15 და ¹13 საშუალო სკოლებიდან 2002-2003 წლების სატარიფიკაციო სიების შედგენის შესაბამისობა სასწავლო გეგმებთან; ბავშვთა კვებისათვის რაიონული ბიუჯეტიდან და სპეცსახსრებიდან კვების პროდუქტების შეძენისა და ჩამოწერის მდგომარეობის ამსახველი დოკუმენტები; სალაროს გასავლისა და შემოსავლის შესახებ ბრძანებების წიგნი 2001-2003 წლების მდგომარეობით, რომელიც საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზუგდიდის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის 2007 წლის 25 მაისის ¹161 მიმართვით სასამართლოში წარდგენილ იქნა გამოთხოვილი მასალები. ამასთან, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო სამსახურის უფროსის 2007 წლის 29 მაისის ¹80 მიმართვით დადგენილი იყო, რომ 2007 წლის 8 მაისს ჩარიცხული თანხების შესახებ მონაცემების ცხრილში დაშვებული იყო ტექნიკური შეცდომა, კონკრეტულად, 2003 წელს შპს “...” აპრილის თვეში 1950 ლარი გადარიცხული იყო არა ბიუჯეტიდან, არამედ მშობელთა შენატანებით სპეციალური სახსრებიდან; აღნიშნულს დაერთო შესწორებული ცხრილი _ “2002-2004 წლებში ზუგდიდის ქალაქის საბავშვო ბაღების მშობელთა შანატანების, ადგილობრივი ბიუჯეტის სპეციალური სახსრების ანგარიშზე შემოსავლისა და ამ ანგარიშიდან განათლების განყოფილების მიერ წარმოდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე შპს “...” ჩარიცხული თანხების შესახებ მონაცემები”, რომლითაც ირკვეოდა, რომ 2002, 2003 და 2004 წლებში საბავშვო ბაღებიდან ბანკში შეტანილი კვების თანხები, ასევე შპს “...” გადარიცხული კვების თანხები შედგებოდა მხოლოდ მშობელთა შენატანებიდან და ამ ცხრილის მიხედვით ბიუჯეტიდან შენატანები არ არსებობდა. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ახალი აქტის გამოცემისას აღნიშნული საკითხებიც უნდა ყოფილიყო შემოწმებული და გათვალისწინებული საქართველოს კონტროლის პალატის მიერ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემისას დარღვეული იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიჩნია, რომ საქმეზე ყველა გარემოების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. სააპელაციო სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილებაც _ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 20 აპრილამდე პერიოდის შემოწმების ნაწილში, რამდენადაც აღნიშნული დადგენილება მიღებულ იქნა 2006 წლის 2 მარტის შემოწმების აქტის მოსმენის შედეგად, ხოლო აღნიშნული აქტი ბათილად იქნა ცნობილი.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული აქტი საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6, მე-7 მუხლებისა და “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი და მე-7 მუხლების შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატის მიერ მიღებული იყო მისი დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელებისას, ამასთან, არსებობდა მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილი, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა ყოფილიყო ცნობილი საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის ზუგდიდის განათლების განყოფილებაში საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური შემოწმების აქტი და საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილება _ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ 2002 წლის 1 იანვრიდან 2004 წლის 20 აპრილამდე პერიოდის ნაწილში და საქართველოს კონტროლის პალატას უნდა დავალებოდა გაეთვალისწინებინა გადაწყვეტილებაში მითითებული დარღვევები და საქმისათვის არსებითი გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ამ ნაწილში ახალი აქტი.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონტროლის პალატას მხადველობაში უნდა მიეღო ის გარემოებაც, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის” 30-ე მუხლში 2007 წლის 13 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებით დამატებული მე-51 ქვეპუნქტის შესაბამისად, რევიზია-შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და შედეგებზე, შემოწმებული ობიექტის გარდა, უნდა ეცნობოს ყველა იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს რევიზია-შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე და რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ დაინტერესებულ მხარეს. სარევიზიო ჯგუფმა მითითებულ პირებს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიმართ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები და დოკუმენტური მტკიცებულებები.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არასწორად განმარტა კანონი. ამასთან, გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ არის საკმარისად დასაბუთებული.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2006 წელს განხორციელდა ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზია, რომელმაც მოიცვა 2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. სარევიზიო პერიოდში 2004 წლის 20 აპრილამდე განათლების განყოფილების ... მუშაობდა მ. თ-უა. რევიზიით გამოვლინდა დარღვევა-ნაკლოვანებები, რომელიც შეეხო მ. თ-უას თანამდებობაზე მუშაობის პერიოდსაც. კერძოდ, 2006 წლის 2 მარტის რევიზიის აქტით დადგინდა და შემდგომში მ. თ-უას მიერ სასამართლოში სადავოდ იქნა გამხდარი შემდეგი საკითხები: 1. სასწავლო დაწესებულებების სატარიფიკაციო სიების შედგენის საკითხი; 2. იმ მუშაკების დამტკიცებული სიის არარსებობის ფაქტი, რომლებსაც უფლება ჰქონდათ სამეურნეო მიზნებისათვის საქვეანგარიშოდ გაეტანათ თანხები; 3. შესაბამისი მინდობილობების გარეშე ხელფასების სხვა პიროვნებებზე გაცემისა და სალაროს ოპერაციების საკითხი; 4. განათლების განყოფილებაში “2003 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მე-19 მუხლით გათვალისწინებული განათლების მუშაკთა რიცხოვნობის 20%-ით შემცირების განუხორციელებლობის საკითხი; 5. შპს “...” საბავშვო ბაღების ბავშვთა კვებისათვის გადარიცხული თანხების მართზომიერებისა და “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის დარღვევის საკითხი.
კასატორი ასევე მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მ. თ-უა აღნიშნავდა, რომ საქართველოს კონტროლის პალატამ არ უზრუნველყო მისი, როგორც დაინტერესებული პირის მონაწილეობა რევიზიის პროცესში, ასევე სადავოდ ხდიდა სარევიზიო პერიოდსაც და მიუთითებდა საქართველოს კონტროლის პალატის მიერ 2002 წელს ჩატარებულ რევიზიაზე, რომელმაც თითქოსდა მოიცვა 2002-2003 წლები.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებაში აღნიშნა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას დარღველი იყო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები და მიიჩნია, რომ საქმეზე ყველა გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, შესაძლოა მიღებული ყოფილიყო სხვაგვარი გადაწყვეტილება. ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების კომპლექსური რევიზიისას სრულად არ იქნა წარმოდგენილი მასალები, არ მოხდა სრულყოფილად მათი შესწავლა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათ არ მიეცათ სათანადო შეფასება.
კასატორის განმარტებით ის ფაქტი, რომ რევიზიის პროცესში სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მასალები, დასტურდებოდა თვით სასამართლო გადაწყვეტილებით, სადაც აღნიშნულია, რომ შემოწმებისას წარდგენილი არ ყოფილა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა შემდეგ, როგორც საქალაქო, ისე სააპელაციო ინსტანციებში საქმის განხილვისას, ხოლო გასაჩივრებული აქტი შედგენილ იქნა იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც წარდგენილ იქნა შემოწმებისას.
კასატორი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ საქართველოს კონტროლის პალატა რევიზიას ახორციელებდა ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილებაში, სადაც ინახებოდა და უნდა ინახებოდეს შესამოწმებელი დოკუმენტაცია. ამასთან, შესამოწმებელ ობიექტს რევიზიის დაწყებისას წარედგინა როგორც რევიზიის ბრძანება, ასევე ობიექტს უნდა უზრუნველეყო ყველა სათანადო დოკუმენტის მოძიება და წარმოდგენა შემმოწმებლებისათვის, თუმცა სარევიზიო პერიოდი მოიცავდა სხვა, უკვე გათავისუფლებული ხელმძღვანელი პირის მუშაობის პერიოდს.
კასატორი აღნიშნავს, რომ გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში არაერთხელ იქნა მითითებული ის ფაქტი, რომ ყველა ძირითად სადავო საკითხზე მტკიცებულებების სახით დოკუმენტები წარდგენილი იქნა სასამართლოში საქმის განხილვის დროს, ეს დოკუმენტები რევიზიის პროცესში არ იყო ცნობილი ან შემოწმებისას წარდგენილ დოკუმენტებში მითითებული მონაცემები მოცემულია მექანიკური შეცდომის გამო და სასამართლო ეყრდნობა საქმის განხილვისას მოსარჩელე მხარის მიერ წარდგენილ დოკუმენტებს. თუმცა დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება, რატომ არის სარწმუნო მაინცდამაინც მოსარჩელის მიერ შემდგომ აღმოჩენილი და სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები და არა საქართველოს კონტროლის პალატისათვის უშუალოდ რევიზიის პროცესში შესამოწმებელი ობიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტები. აღნიშნული შეეხება ბავშვთა კვებაზე შპს “...” ჩარიცხული თანხების წარმომავლობას, სატარიფიკაციო სიების წარდგენისას დაშვებულ უზუსტობებს, საქვეანგარიშო თანხების გატანას სათანადო დოკუმენტაციის გარეშე.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაუდო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა, კერძოდ, მიიჩნია, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემისას დარღვეული იყო ამ აქტის გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები. გადაწყვეტილებაში არათუ არ არის დასაბუთებული კონკრეტულად კანონმდებლობის რა მოთხოვნა იქნა დარღვეული, არამედ ამაზე მითითებაც კი არ იყო, იმ პირობებში, როცა თვით გადაწყვეტილებაშია აღნიშნული, რომ შემოწმებისას წარდგენილი არ ყოფილა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა შემდეგ. ამდენად, კასატორის მოსაზრებით, მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა სადავო აქტების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ივლისის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2009 წლის 3 დეკემბერს, 12.00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა ახსნა-განმარტებანი, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორს არ წამოუყენებია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, კერძოდ, საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტისა და საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილების თანახმად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილებაში ჩატარდა საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის (2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) კომპლექსური რევიზია. ზუგდიდის რაიონის გამგეობასა და საფინანსო განყოფილებაში რაიონული ბიუჯეტების შედგენა-შესრულების მდგომარეობისა (2005 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) და რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის (2002 წლის 1 იანვრიდან 2006 წლის 1 იანვრამდე პერიოდი) კომპლექსური რევიზიის შედეგების შესახებ, საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის ¹13/1 დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის გამგეობაში რაიონული ბიუჯეტის შედგენა-შესრულების მდგომარეობისა და რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებასაც, რომ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ... 2004 წლის 20 აპრილამდე მუშაობდა მ. თ-უა.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქმეში წარმოდგენილ საქართველოს კონტროლის პალატის ადგილობრივი ბიუჯეტების დეპარტამენტის უფროსის მიერ 2006 წლის 18 იანვარს დამტკიცებულ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის პროგრამაზე, რომლითაც დადგენილია, რომ შემოწმებას და გაანალიზებას ექვემდებარებოდა: 1. ზუგდიდის რაიონის საგანმანათლებლო დაწესებულებების ხარჯთაღრიცხვების შედგენა-შესრულების მდგომარეობა; 2. განათლების სისტემის შტატებით დაკომპლექტებისა და სატარიფიკაციო სიების შედგენის სისწორე; 3. სალაროსა და საბანკო ოპერაციების წარმოების სისწორე. სპეცსახსრების არსებობის შემთხვევაში მისი ფორმირებისა და ხარჯების კანონიერება; 4. საანგარიშსწორებო ოპერაციები; ანგარიშსწორება დებიტორებთან და კრედიტორებთან; ანგარიშსწორება ანგარიშვალდებულ პირებთან და სხვა; 5. მატერიალურ ფასეულობათა და მკაცრი აღრიცხვა-ანგარიშსწორების დოკუმენტების მიღების, დაცვისა და გამოყენების მდგომარეობა (საჭიროების შემთხვევაში ჩატარდეს ინვენტარიზაცია) 6. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მოთხოვნების მდგომარეობა; 7. ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგების წარმოების მდგომარეობა; 8. წინა რევიზიით გამოვლენილი დარღვევა-ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად გატარებული ღონისძიებების მდგომარეობა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ “საქართველოს კონტროლის პალატის შესახებ” (1997 წლის რედაქციის) საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად, საქართველოს კონტროლის პალატა წარმოადგენდა სახელმწიფო საფინანსო-ეკონომიკური კონტროლის უმაღლეს ორგანოს, ზედამხედველობდა სახელმწიფო სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალურ ფასეულობათა გამოყენებასა და ხარჯვას, ემსახურებოდა ეროვნული სიმდიდრის და სახელმწიფო ქონების დაცვას, აკონტროლებდა და აანალიზებდა სახელმწიფო მატერიალური და ფულადი რესურსების გამოყენების კანონიერებას, მიზნობრიობასა და ეფექტიანობას, ხოლო იმავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად, კონტროლის პალატა უფლებამოსილი იყო შეემოწმებინა ნებისმიერი ფიზიკური და იურიდიული პირის საქმიანობა, მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებული იყო საბიუჯეტო ან სახელმწიფო სპეციალური ფონდების კუთვნილი თანხების მიღებასთან, გადარიცხვასთან ან გამოყენებასთან, რაიმე ფორმით სახელმწიფო საკუთრების გამოყენებასთან ან მის მართვასთან, აგრეთვე იმ ნაწილში, რომელიც დაკავშირებული იყო მათთვის საგადასახადო, საბაჟო ან სხვა შეღავათების მინიჭებასთან. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცებული “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის” 30-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულის ნიშნების შემცველი რევიზია – შემოწმების მასალები სამართალდამცავ ორგანოებს ეგზავნებოდა კონტროლის პალატის იურიდიული სამსახურის ვიზირების შემდეგ. აღნიშნულ შემთხვევაშიც, გასაჩივრებული რევიზიის აქტი საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, რომელმაც განახორციელა სისხლისსამართლებრივი დევნა, ჩაატარა საგამოძიებო მოქმედებები, ხოლო იმის გამო, რომ მ. თ-უას მიერ საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის აქტი მისი ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ... მუშაობის პერიოდის შემოწმების ნაწილში გასაჩივრებულ იქნა, სისხლის სამართლის საქმის წარმოება შეჩერდა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხსენებული მუხლის საფუძველზე აღძრული სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის “დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით აღძრული სარჩელის საფუძველზე მოსარჩელეს შეუძლია მიაღწიოს იმ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობას ან ძალადაკარგულად გამოცხადებას, რომელიც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მართალია მ. თ-უა რევიზიის პერიოდში არ წარმოადგენდა შესამოწმებელი ობიექტის ... პირს, თუმცა, რამდენადაც საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტის შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას, მ. თ-უა მოცემულ საქმეზე წარმოადგენს სათანადო მოსარჩელეს.
საკასაციო სასამართლო სადავო აქტების კანონიერებასთან დაკავშირებითაც იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას და აღნიშნავს, რომ თავად საქართველოს კონტროლის პალატის 2006 წლის 2 მარტის სადავო აქტშია მითითებული, რომ შემოწმებისას ვერ მოხერხდა ძირითადი საშუალებების გამყოფი ბალანსის წარმოდგენა და ძირითადი საშუალებების ინვენტარიზაციის ჩატარება. საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ შემოწმებისას წარდგენილი არ ყოფილა მთელი რიგი დოკუმენტები, რომლებიც წარმოდგენილი იქნა შემდეგ, საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში საქმის განხილვისას, რასაც არც კასატორი უარყოფს, ხოლო გასაჩივრებული აქტები შედგენილ იქნა იმ მასალებზე დაყრდნობით, რომლებიც წარდგენილ იქნა შემოწმებისას. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის მიერ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების კომპლექსური რევიზიისას სრულყოფილად არ იქნა წარდგენილი მასალები, არ მოხდა სრულყოფილად მათი შესწავლა, ფაქტობრივი გარემოებების დადგენა და მათ არ მიეცა სათანადო შეფასებები.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზეც, რომ საქართველოს კონტროლის პალატის სადავო აქტში ურთიერთწინააღმდეგობრივი ფაქტებია დადგენილი: 2002-2003 და 2003-2004 სასწავლო წლების სასაწავლო გეგმებთან სატარიფიკაციო სიების შედგენის შესაბამისობის; განათლების განყოფილებისა და მის დაწესებულებებში 2003 წელს საშტატო რიცხოვნობის; საკომპენსაციო თანხების მიღების; ტენდერის გამოუცხადებლობისა და სპეცსახსრებიდან და რაიონის ბიუჯეტიდან გადარიცხული თანხებიდან საბავშვო ბაღებისათვის კვების პროდუქტების შეძენისა და ჩამოწერის ნაწილში სალარო ოპერაციების შემოწმების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებსა ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. ხსენებული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულმა ორგანომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემისას დაარღვია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილისა და 95-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები _ კასატორი ვერ ამტკიცებს, რომ ხსენებული აქტები დაფუძნებულია იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც გამოკვლეული და შესწავლილ იქნა ადმინისტრაციული წარმოებისას. გარდა ამისა, მოცემული საქმის მასალებით დასტურდება, რომ მოსარჩელეს _ მ. თ-უას კონკრეტულ შემთხვევაში, დაინტერესებულ მხარეს, არ ეცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ, მაშინ, როდესაც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით მოსარჩელის მიერ გასაჩივრებულ _ ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების ... თანამდებობაზე მისი მუშაობის პერიოდის შემოწმების ნაწილით შეიძლებოდა გაუარესებულიყო მისი სამართლებრივი მდგომარეობა, ვინაიდან საქართველოს კონტროლის პალატის პრეზიდიუმის 2006 წლის 27 აპრილის დადგენილების შესაბამისად, ზუგდიდის რაიონის განათლების განყოფილების საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის კომპლექსური რევიზიის მასალები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურას და არ მომხდარა ადმინისტრაციულ წარმოებაში კანონით დადგენილი წესით მ. თ-უას მონაწილეობის უზრუნველყოფა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზეც, რომ სასამართლო დაეყრდნო საქმის განხილვისას მ. თ-უას მიერ წარდგენილ დოკუმენტებს და არ დაასაბუთა რატომ მიიჩნია სარწმუნოდ მაინცდამაინც მოსარჩელის მიერ სადავო აქტების გამოცემის შემდგომ აღმოჩენილი და სასამართლოში წარდგენილი დოკუმენტები და არა საქართველოს კონტროლის პალატისათვის რევიზიის პროცესში წარდგენილი დოკუმენტები. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი. ამდენად, ხსენებული ნორმის თანახმად, სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმებისას აქტის გამომცემმა ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა უზრუნველყოს მიღებული გადაწყვეტილების მართლზომიერების დამტკიცება სასამართლოს წინაშე, ვინაიდან საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე ქმედება, რაც გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას და სამართლებრივ პასუხისმგებლობას აქტის კანონიერებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილი სადავო აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთს აკისრებს მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც უნდა დაამტკიცოს, რომ მან უზრუნველყო მის მიერ გამოცემული გადაწყვეტილების კანონის საფუძველზე და მის შესაბამისად მომზადება, მიღება, გამოცემა.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილით ადმინისტრაციულ ორგანოს ევალება დაამტკიცოს სწორედ სადავო აქტის სამართლებრივი მხარე, რადგან მატერიალურ-სამართლებრივი კანონმდებლობის მიხედვით მას აქვს საჯარო-სამართლებრივი ვალდებულება თავისი გადაწყვეტილება, ყოველგვარი გასაჩივრების პრეზუმფციის გარეშეც, მიიღოს მხოლოდ კანონის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია, ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, იმისათვის, რომ შესრულდეს კანონის მოთხოვნა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყოს კანონშესაბამისი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მეტად მნიშვნელოვანი და სავალდებულო წინაპირობაა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების გამოკვლევა, გაანალიზება, შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება ამ გარემოებათა კომპლექსური შეფასების შედეგად, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან რაიმე შეცდომა და ამის საფუძველზე დაუსაბუთებელი დასკვნის გაკეთება. ამასთან, მისაღები ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პირის სამართლებრივი მდგომარეობის გაუარესების პოტენციური შესაძლებლობა აფუძნებს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულებას, ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ასეთი პირისათვის (დაინტერესებული მხარე) ცნობებისა და ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობის უზრუნველყოფის თაობაზე, რაც გამოწვეულია იმით, რომ ამგვარმა აქტმა შესაძლოა გამოიწვიოს ამ პირის უფლებების შეზღუდვა, რის გამოც მისი უფლებების დაუსაბუთებელი შეზღუდვის პრევენციისათვის საჭიროა ადმინისტრაციულ წარმოებაში მისი მონაწილეობა, რათა მას მიეცეს მოსაზრებების წარდგენისა და საკუთარი ინტერესების დაცვის გარანტია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზეც, რომ საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2002 წლის 20 მაისის ¹38 ბრძანებით დამტკიცებულ “საქართველოს კონტროლის პალატის რეგლამენტის” 30-ე მუხლში 2007 წლის 13 თებერვალს განხორციელებული ცვლილებებით დამატებული მე-51 ქვეპუნქტით განსაზღვრული იყო, რომ რევიზია-შემოწმების პროცესში გამოვლენილ დარღვევებსა და შედეგებზე, შემოწმებული ობიექტის გარდა, უნდა ეცნობოს ყველა იმ იურიდიულ თუ ფიზიკურ პირს, რომლის სამართლებრივი მდგომარეობაც შეიძლება გაუარესდეს რევიზია-შემოწმების შედეგებიდან გამომდინარე და, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრულ დაინტერესებულ მხარეს. სარევიზიო ჯგუფმა მითითებულ პირებს უნდა მისცეს შესაძლებლობა წარმოადგინონ მათ მიმართ დაფიქსირებულ დარღვევებთან დაკავშირებით წერილობითი განმარტებები და დოკუმენტური მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველ და მე-2 ნაწილებზე, რომელთა მიხედვით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების, ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში, მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის სავალდებულო წინაპირობები, რომლებიც მათი რეალიზების თვალსაზრისით, ამ მუხლში არა კუმულაციური, არამედ ალტერნატიული სახით არის წარმოდგენილი, ამასთან, არსებით დარღვევად ჩაითვლება ისეთი დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითი გავლენა მოეხდინა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მოცემულ შემთხვევაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის გამოყენების მართებულობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.