¹ბს-1305-1269(კ-10) 5 აპრილი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ ი/მ «გ. ბ-ე»
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სსიპ შემოსავლების სამსახურის გურიის რეგიონალური ცენტრი
დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2009 წლის 4 სექტემბერს ი/მ «გ. ბ-ემ» სარჩელი აღძრა ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში სსიპ შემოსავლების სამსახურის გურიის რეგიონალური ცენტრის მიმართ და მოითხოვა გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 8 აგვისტოს ¹2802 ბრძანებისა და ამავე ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹061-78 საგადასახადო მოთხოვნის ბათილად ცნობა შემდეგი საფუძვლით:
საქმის გარემოებები:
გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 7 აგვისტოს საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე 2009 წლის 8 აგვისტოს გამოიცა ბრძანება ¹2802, რომლითაც მოსარჩელე საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად დაჯარიმდა 500 ლარით.
2009 წლის 7 აგვისტოს მოსარჩელის კუთვნილ აფთიაქში, სოფელ ....... მდებარე, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, კერძოდ, მოითხოვა თვალის ტკივილის წამალი, გამყიდველის მიერ წამლის მიწოდების შედეგად, საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა დახლზე დატოვა 2-ლარიანი კუპიურა, მაგრამ არ დაელოდა ქვითარს. აღნიშნულის შემდეგ, გამყიდველს საგადასახადო ორგანოს თანამშრომელმა წარუდგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი და მოითხოვა მასზე ხელის მოწერა, რასაც არ დაეთანხმა გამყიდველი.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის მოსაზრებით, სამართალდარღვევის ოქმი შედგა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, საგადასახადო ორგანოს უფროსის ბრძანება გამოიცა ფაქტების სათანადოდ გამოკვლევისა და მტკიცებულებების არასწორად შეფასების გარეშე.
მოსარჩელის მითითებით, საგადასახადო კონტროლი უნდა განხორციელდეს კანონით დადგენილი წესით, საგადასახადო კოდექსის 98.4, 99.1 მუხლების შესაბამისად, საგადასახადო კონტროლის განხორციელებისას უნდა არსებობდეს ან სასამართლოს, ან საგადასახადო ორგანოს ბრძანება, რომელშიც ზუსტად განისაზღვრება საგადასახადო კონტროლის სახე და მისი განხორციელების პროცედურები, რაც მოცემულ შემთხვევაში არ განხორციელებულა. ი/მ «გ. ბ-ის» მიმართ საგადასახადო კონტროლი განხორციელდა საგადასახადო ორგანოს უფროსის გადაწყვეტილების გარეშე, რითაც დაირღვა საგადასახადო კოდექსის 106.1, 108.1 მუხლები, «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის ¹145 ბრძანების მე-3 მუხლის «დ» პუნქტი.
მოსარჩელის მოსაზრებით, საგადასახადო შემოწმება ჩატარდა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1, 5.3, 53.5, 96.1 მუხლების, ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 30 დეკემბრის ¹964 ბრძანების 7.3, 7.5, 7.8 მუხლების მოთხოვნათა დარღვევით (იხ. ს.ფ. 2-14).
ი/მ «გ. ბ-ის» სარჩელი არ ცნო მოპასუხემ – გურიის საგადასახადო ინსპექციამ უსაფუძვლობის მოტივით.
მოპასუხის მოსაზრებით, სასამართლოს არ უნდა მიეღო წარმოებაში სარჩელი, რამდენადაც მოსარჩელეს არ უსარგებლია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2.5 მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივრის ერთჯერადად წარდგენის შესაძლებლობით.
მოპასუხის მითითებით, 2009 წლის 7 აგვისტოს გურიის საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორები მიემგზავრებოდნენ დავალებით ოზურგეთის რაიონის დაბა .......-ში. სოფელ ....... ტერიტორიაზე ყოფნის დროს ინსპექტორს კ. კ-ეს ასტკივდა თვალი, რის გამოც წამლის შესაძენად შევიდა ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში. აფთიაქის წარმომადგენელმა – მ. კ-ემ ანგარიშსწორება აწარმოა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გარეშე. შესაბამისად, საგადასახადო ინსპექციის ინსპექტორმა შეადგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რის საფუძველზეც გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹2802 ბრძანებით საგადასახადო კოდექსის 139.4 მუხლის შესაბამისად, ი/მ «გ. ბ-ეს» დაეკისრა ჯარიმის – 500 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 23-30).
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილებით ი/მ «გ. ბ-ის» სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლების ჩვენებებზე დაყრდნობით დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს სოფელ ....... მდებარე ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში გურიის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების თანამშრომელმა – კ. კ-ემ შეიძინა თვალის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. გამყიდველმა მ. კ-ემ მიიღო ფული და კ. კ-ეს გადასცა წამალი ისე, რომ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი, ფულის მიღებიდან წამლის გადაცემამდე არ ამოარტყა ჩეკი, მხოლოდ წამლის გადაცემისა და ფულის მიღების შემდეგ გავიდა გამყიდველი რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში ჩეკის ამოსარტყმელად.
ამდენად, რაიონული სასამართლოს მითითებით, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაფიქსირდა სამართალდარღვევის ფაქტი, რაზედაც ის ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება _ შეედგინა სამართალდარღვევის ოქმი, რომელიც შედგა «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, მასში გარკვევითაა მითითებული ოქმის შედგენის ადგილი, დრო, ოქმის შემდგენი პირისა და იმ პირების სახელები და გვარები, რომლებმაც გამოავლინეს სამართალდარღვევა, სამართალდამრღვევად მართებულად მიეთითა ი/მ «გ. ბ-ე», რომელიც ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო გადასახადის გადამხდელის ი/მ «გ. ბ-ის» წარმომადგენელმა ოქმს ხელი არ მოაწერა.
რაიონულმა სასამართლომ იხელმძღვანელა «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 1.2, 4.1, 4.3, 5.1, 5.4 მუხლებით და მიიჩნია, რომ გურიის საგადასახადო ინსპექციის თანამშრომლები უფლებამოსილნი იყვნენ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლი განეხორციელებინათ ი/მ «გ. ბ-ის» ობიექტში. საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლის ღონისძიებები ხორციელდება გადასახადის გადამხდელებთან მიმართებაში. საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი სწორად იქნა შედგენილი გადასახადის გადამხდელის, მოცემულ შემთხვევაში ი/მ «გ. ბ-ის» და არა მისი წარმომადგენლის _ მ. კ-ის მიმართ.
რაიონულმა სასამართლომ «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 4.7 მუხლზე დაყრდნობით განმარტა, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის, კონკრეტულ შემთხვევაში კ. კ-ის სამსახურებრივ ვალდებულებას წარმოადგენდა რეაგირება მოეხდინა საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენებლობის ფაქტზე. ამასთან, აღნიშნული ნორმით განსაზღვრულია რომ სალარო აპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოლარის მიერ ფულის მიღებისას.
რაიონულმა სასამართლომ ასევე კანონიერად მიიჩნია გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹2802 ბრძანება, მიუთითა, რომ იგი გამოცემულია კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ, წარდგენილ მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ბრძანება შედგა «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 6.3 მუხლის მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 72-75).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «გ. ბ-ემ» და მოითხოვა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება შემდეგი მოტივით:
აპელანტის მოსაზრებით, რაიონულმა სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, სასამართლოს არ დაუსაბუთებია რატომ ჩაითვალა საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები უფლებამოსილ პირებად შეედგინათ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი, რამდენადაც საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს არც საგადასახადო შემოწმების დაწყებამდე და არც ოქმის შედგენის შემდეგ წარუდგენია გადასახადის გადამხდელისათვის საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ კანონით დადგენილი წესით გამოცემული ბრძანება. ამასთან, სასამართლოში საქმის განხილვისას წარდგენილი ბრძანება არ ქმნიდა გ. ბ-ის შემოწმების საფუძველს, რამდენადაც მასში არ იყო მითითებული ი/მ «გ. ბ-ე». ამდენად, აღნიშნული ბრძანება გამოცემული იყო ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-3 მუხლის მოთხოვნათა დარღვევით.
აპელანტის მითითებით, რაიონულმა სასამართლომ არ დაასაბუთა რატომ არ ჩათვალა ჩეკი ამოჭრილად, როდესაც გამყიდველი არ იყო მოლარე-ოპერატორი. მან ნაღდი ანგარიშსწორების შემდეგ თანხა მიიტანა მოლარე-ოპერატორთან, რის შემდეგაც ამოარტყა ჩეკი. აღნიშნულთან დაკავშირებით რაიონულმა სასამართლომ არ გაითვალისწინა «საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების დამტკიცების შესახებ» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანების 4.1 მუხლის მოთხოვნა.
აპელანტის მითითებით, საგადასახადო ორგანოს თანამშრომლები სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას გასცდნენ თავიანთ უფლებამოსილების ფარგლებს, რამდენადაც საგადასახადო კოდექსის 99.1 და 106.1 მუხლების შესაბამისად, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე საგადასახადო კონტროლის პროცედურები საჭიროებს საგადასახადო ინსპექციის უფროსის ბრძანებას, რაც არ არსებობდა მოცემულ შემთხვევაში.
აპელანტის მოსაზრებით, ბრძანების გამოცემისას საგადასახადო ინსპექციის უფროსს არ გამოუკვლევია საქმის გარემოებები, სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ საკონტროლო შესყიდვა განხორციელდა კანონის მოთხოვნათა დაცვით (იხ. ს.ფ. 79-90).
ი/მ «გ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი არ ცნო მოწინააღმდეგე მხარემ – გურიის რეგიონალურმა ცენტრმა (იხ. ს.ფ. 107-114).
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინებით ი/მ «გ. ბ-ის» სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელად დარჩა ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 1 დეკემბრის გადაწყვეტილება, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და სამართლებრივი შეფასებები, დადგენილად მიიჩნია, რომ 2009 წლის 7 აგვისტოს სოფელ ........ მდებარე ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში გურიის საგადასახადო ინსპექციის გადასახადების ადმინისტრირების ინსპექტორმა კ. კ-ემ შეიძინა თვალის ტკივილის საწინააღმდეგო წამალი. გამყიდველმა მას წამალი გადასცა ისე, რომ არ გამოიყენა საკონტროლო-სალარო აპარატი. ფულის მიღებისა და წამლის გადაცემის შემდეგ გამყიდველი გავიდა რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში და ამოჭრა ჩეკი.
სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების 1.2, 4.7 მუხლებით და განმარტა, რომ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენება უნდა მოხდეს მოლარის მიერ ფულის მიღებისას, მოცემულ შემთხვევში კი მხოლოდ წამლის გადაცემისა და ფულის მიღების შემდეგ გავიდა მ. კ-ე რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში და ამოჭრა ჩეკი.
სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა რაიონული სასამართლოს მსჯელობა, რომ მოცემულ შემთხვევაში ქმედებისათვის სამართლებრივი შეფასების კუთხით არსებითი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს იმ გარემოებას, თუ რა მოტივით მოქმედებდა ი/მ «გ. ბ-ის» წარმომადგენელი მ. კ-ე ჩეკის კანონით გათვალისწინებული წესით გაუცემლობისას ან რა მიზანი ამოძრავებდა აფთიაქში შესვლისას საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელს კ. კ-ეს. საგადასახადო ინსპექციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაფიქსირდა სამართალდარღვევის ფაქტი, რაზედაც ის ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება, კერძოდ, შეედგინა საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გატარების მიზნით.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმი შედგა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-5 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, 2009 წლის 11 აგვისტოს ¹2802 ბრძანება გამოიცა საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე» საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანების მე-6 მუხლის მოთხოვნათა დაცვით, კომპეტენტური თანამდებობის პირის მიერ, წარდგენილი მტკიცებულებებს მიეცა სწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე კანონიერად მიიჩნია სააპელაციო სასამართლომ გურიის საგადასახადო ინსპექციის 2009 წლის 11 აგვისტოს ¹061-78 საგადასახადო მოთხოვნა (იხ. ს.ფ. 127-135).
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი/მ «გ. ბ-ემ» და მოითხოვა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინების გაუქმება შემდეგი მოტივით:
კასატორის მითითებით, გ. ბ-ის მაღაზიაში არის რამოდენიმე სექცია, რომელსაც ემსახურება ერთი საკონტროლო-სალარო აპარატი, შესაბამისად, მაღაზიაში არის მხოლოდ ერთი მოლარე ოპერატორი. საგადასახადოს თანამშრომელმა წამალი შეიძინა წამლებით მოვაჭრე სექციაში. აფთიაქში მოვაჭრე გამყიდველმა საგადასახადოს თანამშრომელს გადასცა წამალი და გავიდა მეორე სექციაში, სადაც მოლარე ოპერატორთან ამოიჭრა ჩეკი. საგადასახადოს თანამშრომელმა უარი განაცხადა ჩეკის მიღებაზე და შეადგინა ოქმი.
კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანების 4.1 მუხლი, რომელიც ეხება არა მარტო საკვებ ობიექტს, არამედ ზოგადად იმ შემთხვევებს, როდესაც მომხმარებლისაგან ფულის მიღებას და საქონლის გადაცემას აწარმოებს პირი, რომელიც არ არის მოლარე ოპერატორი.
კასატორის მითითებით, სასამართლომ გაიზიარა ის გარემოება, რომ ჩეკის გადაცემა არ მოხდა კანონით დადგენილი წესით. სასამართლომ არ გაიზიარა არგუმენტი, რომ საგადასახადო ორგანოს თანამშრომელს არ ჰქონდა საკონტროლო შესყიდვისა და საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის საჭირო უფლებამოსილება. ასევე არ გაითვალისწინა, რომ გამყიდველი არ წარმოადგენდა მოლარე ოპერატორს, რის გამოც იგი არ იყო ვალდებული საქონელთან ერთად გადაეცა ჩეკი მომხმარებლისათვის (იხ. ს.ფ. 143-152).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 25 იანვრის განჩინებით დასაშვებად იქნა ცნობილი გ. ბ-ის საკასაციო საჩივარი ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად (პროცესუალური კასაცია) (იხ. ს.ფ. 177-180).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლა-გაანალიზებისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ი/მ «გ. ბ-ის» საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული განჩინების გამოტანისას დაარღვია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, სასამართლომ არ გამოიკვლია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოენებინა, არასწორად განმარტა კანონი, განჩინება სამართლებრივი თვალსაზრისით სრულიად დაუსაბუთებელია, საკასაციო საჩივარი შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის შესახებ, რის გამოც არ არსებობს სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორის მიერ წამლის შეძენისას გამყიდველის მიერ ჩეკის ამობეჭდვა მოხდა წამლის გადაცემისა და ფულის მიღების შემდეგ, რამოდენიმე მეტრით მოშორებულ შერეული საქონლით მოვაჭრე სექციაში გასვლის შედეგად, რაც სააპელაციო სასამართლოს დასკვნით ქმნიდა გადასახადის გადამხდელის მიმართ საგადასახადო კოდექსის 139-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციის გამოყენების ფაქტობრივ საფუძველს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს დასკვნა ემყარება საკანონმდებლო ნორმების არასწორ განმარტებასა და საქმის გარემოებების შეუფასებლობას, რამდენადაც გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ 2009 წლის 7 აგვისტოს შედგენილი სამართალდარღვევის ოქმის თანახმად, ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში მისი წარმომადგენელი – მ. კ-ე ეწეოდა ნაღდი ფულით ანგარიშსწორებას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების გარეშე. ამასთან, ოქმში მითითებულია, რომ სალარო აპარატის საათი არ შეესაბამებოდა სიმართლეს, იყო გაუმართავი (იხ. ს.ფ. 15). რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას საგადასახადო სამართალდარღვევის ოქმის შემდგენი ინსპექტორი _ კ. კ-ე აფიქსირებს, რომ მის სამოქმედო ტერიტორიაზე ასრულებდა მიმდინარე კონტროლის პროცედურებს, სოფელ ....... მოხდა ისე, რომ განახორციელა საკონტროლო შესყიდვა, რა დროსაც გამყიდველმა არ ამობეჭდა ჩეკი (იხ. ს.ფ. 45), თუმცა საკონტროლო შესყიდვის განხორციელების ფაქტს არ ადასტურებს გურიის რეგიონალური ცენტრის წარმომადგენელი და სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებაში უთითებს, რომ ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორები 2009 წლის 7 აგვისტოს მიემგზავრებოდნენ რა დავალებით დაბა ......-ში, სოფელი ....... ტერიტორიაზე ინსპექტორ კ. კ-ეს ასტკივდა თვალი, რის გამოც მიმართა იქვე მდებარე აფთიაქს და წამლის შეძენის დროს გამოავლინა საგადასახადო სამართალდარღვევის ფაქტი (იხ. ს.ფ. 44).
საკასაციო სასამართლო გადასახადის გადამხდელის – ი/მ «გ. ბ-ის» მიერ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურის განხორციელების უფლებამოსილებასთან დაკავშირებით დასაბუთებულად და დასაშვებად მიიჩნევს კასატორის საკასაციო პრეტენზიას, მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია აღნიშნულ გარემოებებთან დაკავშირებით სააპელაციო საჩივარში ჩამოყალიბებულ არგუმენტებზე.
აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საგადასახადო კოდექსის 106.1 მუხლის შესაბამისად, რომელიც შეიცავს ზოგად დებულებებს გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურებთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის საქმიანობაზე დაკვირვების საგადასახადო კონტროლის პროცედურები ტარდება საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილი პირის მიერ, საგადასახადო ორგანოს უფროსის/მოადგილის მოტივირებული ბრძანებით. ამავე კოდექსის 1101 მუხლის თანახმად, საგადასახადო ორგანოს უფლებამოსილ პირებს უფლება აქვთ სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით განახორციელონ საგადასახადო ორგანოს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ფარგლებში საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვის კონტროლი. სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ» ინსტრუქციის 4.5 მუხლის შესაბამისად, საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების განხორციელების დროს საკონტროლო-სალარო აპარატის გარეშე მუშაობის ან მისი გამოუყენლობის ფაქტის დადგენის მიზნით, საგადასახადო ინსპექციის თანამშრომელი უფლებამოსილია განახორციელოს კონტროლის პროცედურები და ამ მიზნით შეასრულოს შესაბამისი მოქმედებები მხოლოდ ობიექტის ხელმძღვანელისათვის, ხოლო მისი ადგილზე არ ყოფნის პირობებში, ობიექტის ტერიტორიაზე მომუშავე ნებისმიერი პირისათვის სამსახურებრივი მოწმობისა და მისი უფლებამოსილების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წარდგენის შემდეგ.
აღნიშნულის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია მოცემულ შემთხვევაში გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორების მიერ კონტროლის პროცედურების განხორციელებისას დაცულ იქნა თუ არა მითითებული დებულებების მოთხოვნები და წარუგინეს თუ არა მათ გადასახადის გადამხდელის წარმომადგენელს უფლებამოსილების დამადასტურებელი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. რაც შეეხება საქმეში წარმოდგენილ გურიის საგადასახადო ინსპექციის უფროსის მოადგილის 2009 წლის 1 ივლისის ¹38 ბრძანებას _ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე მუდმივი კონტროლის პროცედურების უზრუნველყოფის თაობაზე, რომლითაც გურიის საგადასახადო ინსპექციის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორებს დაევალათ მუდმივი კონტროლის პროცედურების განხორციელება საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე, სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია და შეუფასებია რამდენად წარმოადგენდა აღნიშნული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში კონტროლის პროცედურის ჩატარებაზე უფლებამოსილების მინიჭების აქტს, რამდენადაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ» ინსტრუქციის 3.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის შესაბამისად, მუდმივი კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით გამოცემული საგადასახადო ორგანოს უფროსის ან მოადგილის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს საგადასახადო ორგანოს წარმომადგენლის სამოქმედო ტერიტორიას კონტრეტული ქუჩების, უბნების ზუსტი აღწერით და იმ გადამხდელთა სრულ ჩამონათვალს, რომლის მიმართაც მუდმივად უნდა განხორციელდეს საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე შესაბამისი კონტროლის პროცედურები. სწორედ აღნიშნული მოთხოვნების დაცვით გამოცემული აქტის საფუძველზეა უფლებამოსილი საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი განახორციელოს «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ» ინსტრუქციის 4.7 მუხლით განსაზღვრული პროცედურები, ანუ არ გაამჟღავნოს სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირებამდე თავისი სამსახურებრივი მიზანი და მოახდინოს დაკვირვება მოლარის მიერ ფულის მიღებისას საკონტროლო-სალარო აპარატის გამოყენების და ქვითრის მომხარებელზე გაცემის პროცედურაზე. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი ¹38 ბრძანება კი მუდმივი კონტროლის პროცედურების განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით განსაზღვრავს რა ტერიტორიულ ერთეულებს, ზოგადად უთითებს სოფელ ........-ზე და შეიცავს «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ» ინსტრუქციის 3.1 მუხლის «გ» ქვეპუნქტის მოთხოვნის შესაბამისად შესამოწმებელი ტერიტორიის თუ გადასახადის გადამხდელთა შესახებ დეტალურ ინფორმაციას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს ზემოთ მითითებულ გარეოებებზე, კერძოდ, უფლებამოსილი იყო თუ არა გურიის რეგიონალური ცენტრის ადმინისტრირების სამმართველოს ინსპექტორები ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილ აფთიაქში ჩაეტარებინათ კონტროლის პროცედურები, შესაბამისად, დაცულ იქნა თუ არა მათ მიერ საგადასახადო კოდექსისა და საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 27 თებერვლის ¹145 ბრძანებით დამტკიცებული «საგადასახადო ორგანოების მიერ საკონტროლო-სალარო აპარატების გამოყენების წესების დაცვაზე კონტროლის პროცედურების შესახებ» ინსტრუქციის მოთხოვნები ამ პროცედურების ჩატარებისას.
ასევე დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა სადავო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემის დროს მოქმედი საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანებით დამტკიცებული «საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების» მე-4 მუხლის სადავო ურთიერთობის მიმართ გაუვრცელებლობის შესახებ. მითითებული ნორმის თანახმად, «ჩეკის გაცემა ხდება ნაღდი ფულის გადახდისთანავე ან/და ხურდის დაბრუნებისთან ერთად, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებელი ნაღდი ფულის გადახდას ახორციელებს იმ პირთან, რომელიც არ წარმოადგეს მოლარე-ოპერატორს (მაგ. საკვების ობიექტში მომსახურე პერსონალი), მომხმარებელზე ჩეკი მიცემულ უნდა იქნეს გონივრულ ვადაში». სრულიად დაუსაბუთებელი და დაუსრულებელია სააპელაციო სასამართლოს დასკვნა რატომ არ უნდა გავრცელდეს აღნიშნული ნორმის მოქმედება ი/მ «გ. ბ-ის» კუთვნილი ობიექტის მიმართ. შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს აღნიშნულ გარემოებაზე და სათანადო სამართლებრივი შეფასება მისცეს მას.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და დაადგინოს მოცემულ შემთხვევაში მ. კ-ე, რომელმაც წამალი მიჰყიდა და რომელთანაც მოხდა ანგარიშსწორება საგადასახადო ორგანოს თანამშრომლის მიერ, იყო თუ არა მოლარე-ოპერატორი, ი/მ «გ. ბ-ის კუთვნილი ობიექტი წარმოადგენდა თუ არა იმგვარ ობიექტს, სადაც არ ხორციელდებოდა ნაღდი ფულის გადახდა მოლარე-ოპერატორთან და შესაბამისად, მოხდა თუ არა გონივრულ ვადაში ჩეკის ამობეჭდვა.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გარემოებების გამოკვლევის შედეგად უნდა იმსჯელოს და შეაფასოს ადგილი ჰქონდა თუ არა მოცემულ შემთხვევაში სამართალდარღვევის ფაქტს _ საკონტროლო-სალარო აპარატის გამოუყენლობას ადგილი, რაც საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 10 მარტის ¹186 ბრძანებით დამტკიცებული «საკონტროლო-სალარო აპარატების ექსპლუატაციის (გამოყენების) წესებისა და სალაროს ჩეკში შესატანი აუცილებელი რეკვიზიტების» 3.4 მუხლით განისაზღვრა, როგორც ისეთი შემთხვევები, როდესაც გადასახადის გადამხდელს გააჩნია საგადასახადო ორგანოში რეგისტრირებული აპარატი, რომელიც შეტანილია სახელმწიფო რეესტრში, აპარატზე ჩართულია ფისკალური მეხსიერება, მაგრამ მომხმარებელთან ნაღდი ფულადი ანგარიშსწორებისას არ ხდება ვაჭრობა/მომსახურების ყველა ოპერაციაზე აპარატის გამოყენება, რაც თავის მხრივ მოიცავს იმ მომენტს, რომ მომხმარებლისაგან ყოველ ფულის მიღებაზე ამობეჭდილი უნდა იყოს ჩეკი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, კასატორის მიერ წამოყენებული საკასაციო პრეტენზიები შეიცავს დასაბუთებულ არგუმენტაციას გასაჩივრებული განჩინების კანონშეუსაბამობის თაობაზე და სსსკ-ის 412-ე მუხლის შესაბამისად, მოცემული საქმე ექვემდებარება ხელახლა განხილვას, რა დროსაც სააპელაციო სასამართლომ უნდა იმსჯელოს ზემოაღნიშნულ გარემოებებზე და მათი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად დაადგინოს ობიექტური გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 372-ე, 390-ე 399-ე, 408.3, 412-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი/მ «გ. ბ-ის» საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 31 მაისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.