ბს-1340-1282(კ-09) 13 ოქტომბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ნუგზარ სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი),
ლევან მურუსიძე, ნინო ქადაგიძე
საქმის განხილვის წესი – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მოსარჩელეები) – ნ. ხ-იანი, ც. კ-ძე, ნ. ბ-ძე, მ. ჩ-ძე, ნ. ს-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) – ქ. ქუთაისის მერია
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.09წ. განჩინება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
26.02.09წ. ნ. ხ-იანმა, ც. კ-ძემ, ნ. ბ-ძემ, მ. ჩ-ძემ, ნ. ს-ძემ სარჩელით მიმართეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის ქუთაისის მერიის წინააღმდეგ და მოითხოვეს სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ 1990 წლიდან 2007 წლის 31 დეკემბრამდე მუშაობდნენ ... სამხარეო ცენტრში. 1998-2000 წლებში შესრულებული ადგილობრივი პროფილაქტიკური პროგრამებიდან მიუღებელი აქვთ სახელფასო დავალიანებები. აღნიშნულის თაობაზე აღძრული იქნა სარჩელი, რაც დაკმაყოფილდა და ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი. მოსარჩელეებმა მიუთითეს, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.12.01წ. გადაწყვეტილებით თანხის – 44 268 ლარის გადახდა დაეკისრა ... სამხარეო ფონდს, რომლის ლიკვიდაცია მოხდა საქართველოს პრეზიდენტის 03.02.03წ. ¹33 ბრძანებულების საფუძველზე. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 31.03.03წ. ¹33 განკარგულების 1-ლი მუხლის თანახმად ... სამხარეო ფონდმა მუშაობა შეწყვიტა 2003 წლის აპრილიდან, ხოლო ამავე განკარგულების 4.3 მუხლის თანახმად სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ ქალაქის ადგილობივი თვითმმართველობის ხელმძღვანელს უნდა მოეხდინა წარმოქმნილი დავალიანებების აღრიცხვა და შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება და ეტაპობრივი დაფარვა. საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის 19.05.04წ. ¹72 გაკარგულების თანახმად ქ. ქუთაისის მერს და იმერეთის მხარეში შემავალი რაიონების გამგებლებს დაევალათ აღრიცხვაზე აეყვანათ ადგილობრივ ბიუჯეტზე კრედიტორთა დავალიანებები და მოეხდინათ მათი ეტაპობრივი დაფარვა. მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ არაერთხელ მიმართეს საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულს იმერეთის მხარეში, ქ. ქუთაისის მერიას და იმერეთის სააღსრულებო ბიუროს სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე, მიუხედავად ამისა მათი მოთხოვნა დღემდის არ არის დაკმაყოფილებული. 03.12.08წ. მიმართეს იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 04.12.01წ. სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების მოთხოვნით. 12.12.08წ. იმერეთის სააღსრულებო ბიურომ უპასუხა, რომ 2003 წელს დებიტორს – ... ფონდის ლიკვიდაციის გამო, გადაწყვეტილება არ აღსრულდება სანამ არ დადგინდება დებიტორის უფლებამონაცვლე. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოითხოვეს მერიისათვის სახელფასო დავალიანების გაცემის დავალება, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 03.04.09წ. გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოსარჩელეების მიერ. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.09წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა საქალაქო სასამართლოს 03.04.09წ. გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო პალატის 04.12.01წ. გადაწყვეტილებით ... სამხარეო ფონდს ... სამხარეო ცენტრის სასარგებლოდ დაეკისრა 44 268 ლარის სახელფასო დავალიანების გადახდა. გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა საკასაციო სასამართლოს მიერ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 31.03.03წ. ¹33ა განკარგულებით განხორციელდა ... სამხარეო ფონდის ლიკვიდაცია. განკარგულებით მერიას, იმერეთის რაიონების და ქალაქების გამგებლებს ეთხოვათ კომისიის სალიკვიდაციო სამუშაოების შესრულებისათვის მაქსიმალურად ხელის შეწყობა, სალიკვიდაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ სამედიცინო დაწესებულებებთან წარმოქმნილი დავალიანების აღრიცხვა და შესაბამისად ადგილობრივ ბიუჯეტში გათვალისწინება და ეტაპობრივად დაფარვა.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 19.05.04წ. ¹72 განკარგულების პირველი პუნქტით ქ. ქუთაისის მერს და იმერეთის მხარეში შემავალი რაიონის გამგებლებს ადგილობრივ ბიუჯეტში დანართში მოცემულ კრედიტორთა დავალიანებების აღრიცხვაზე აყვანა და მათი ეტაპობრივად დაფარვა დაევალათ. ... სამხარეო ცენტრის დირექტორის მიერ 08.04.08წ. გაცემული ცნობებით დასტურდება, რომ ნ. ს-ძის სახელფასო დავალიანება შეადგენს 451,98 ლარს, მ. ჩ-ძის – 160,91 ლარს, ნ. ბ-ძეს – 437,56 ლარს, ც. კ-ძის – 320,58 ლარს, ნ. ხ-იანის – 434,35 ლარს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მერია სახელშეკრულებო ურთიერთობაში არ იმყოფებოდა უშუალოდ ცენტრთან და შესაბამისად არც რაიმე ვალდებულება გააჩნდა. სააპელაციო პალატამ მიუთითა აგრეთვე საკასაციო სასამართლოს განჩინებაში მოყვანილ მოსაზრებაზე იმის შესახებ, რომ ცენტრსა და ფონდს შორის ხელშეკრულება არ წარმოადგენს ზოგადი ადმნისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ გარიგებას, შესაბამისად იგი მერიისათვის ვერ წარმოშობს სადავო დავალიანების გადახდის ვალდებულებას. მართალია, ფონდის მხრიდან ცენტრისათვის დაფინანსებაში დავალიანება განაპირობა მერიის მიერ ფონდის არასტუბილურმა დაფინანსებამ, მაგრამ მერიასა და ფონდს შორის სამართლებრივი ურთიერთობა, შეფერხებები დაფინანსებაში ცალკე დავის საგანს წარმოადგენს. შესაბამისად, მერიის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულების მერიისათვის გადაკისრების საფუძველი არ არსებობს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სააპელაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ნ. ხ-იანის, ც. კ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. ჩ-ძის, ნ. ს-ძის მიერ. კასატორები აღნიშნავენ, რომ ვინაიდან ფონდი ჯერ კიდევ 2003 წელს იქნა ლიკვიდირებული, პალატის მითითება ფონდსა და მერიას შორის ფინანსური ურთიერთობები ცალკე დავის საგანია და სასამართლოს მიერ ცალკე სარჩელით უნდა იქნეს განხილული უსაფუძვლოა. სასამართლომ არ შეაფასა ფონდის დებულება, რომლის მიხელვითაც ფონდი თავის დროზე შეიქმნა იმერეთის მხარეში შემავალი გამგეობების და მერიის მიერ ანუ მისი დამფუძნებელი სამოქალაქო კოდექსის მიხედვით იყო ქ. ქუთაისის ადგილობივი თვითმმართველობა. აღნიშნული კი სრულ საფუძველს იძლევა იმისა, რომ ფონდის დამფუძნებელი თვითმმართველობა, გახდეს ფონდის უფლებამონაცვლე მისი ლიკვიდაციის შემდეგ. კასატორები თვლიან, რომ სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა მტკიცებულებები, არ უმსჯელია მათი კანონიერების შესახებ, არ უარყვია მათი სისწორე. კასატორებმა მოითხოვეს სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმება, ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო დავალიანების მერიისათვის დაკისრება.
სსკ-ის 408.3 მუხლის საფუძველზე საქმე განხილულ იქნა ზეპირი მოსმენის გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის და გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით დასტურდება, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.12.01წ. გადაწყვეტილებით ... სამხარეო ცენტრის კოლექტივის საინიციატივო ჯგუფის და ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველოს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 26.09.01წ. გადაწყვეტილება და ... სამხარეო ცენტრის სასარგებლოდ ... სამხარეო ფონდს დაეკისრა 44 268 ლარი სახელფასო დავალიანების გადახდა, ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველო ცნობილ იქნა არასათანადო მოპასუხედ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 03.07.02წ. განჩინებით ... იმერეთის სამხარეო ფონდის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.12.01წ. გადაწყვეტილება. სასკ-ის 1.2 მუხლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად კანონიერ ძალაში მყოფ ხსენებულ გადაწყვეტილებებს პრეიუდიციული მნიშვნელობა აქვს განსახილველი დავისადმი, ქუთაისის საოლქო სასამართლოს 04.12.01წ. გადაწყვეტილებით და საკასაციო პალატის 03.07.02წ. განჩინებით დადგენილია, რომ ... იმერეთის სამხარეო ფონდს უნდა გადაერიცხა მიზნობრივი და მათ შორის სახელფასო თანხები ... იმერეთის სამხარეო ცენტრისათვის, ხელშეკრულების მხარეს წარმოადგენდა ფონდი და არა ქ. ქუთაისის მერიის საფინანსო სამმართველო, მერიას რაიმე ვალდებულება არ გააჩნდა ცენტრის წინაშე, ცენტრსა და ფონდს შორის არსებული ხელშეკრულება არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ გარიგებას და არ წარმოშობს ცენტრის სასარგებლოდ მერიის რაიმე ვალდებულებას, ვინაიდან არ არსებობს მესამე პირის – მერიის წერილობითი თანხმობა გარიგებაში მონაწილეობაზე და ვალდებულების აღებაზე. კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებებით დადგენილია, რომ დავალიანება წარმოშვა მერიის მიერ ფონდის არასტაბილუმა დაფინანსებამ, მიუხედავად ამისა სასამართლომ მიუთითა, რომ მერიასა და ფონდს შორის სამართლებრივი ურთიერთობა, შეფერხებები დავალიანებაში ცალკე დავის საგანს წარმოადგენდა, მერიის მიერ ფონდის არასტაბილური დაფინანსება არ შეიძლება გახდეს ცენტრის მიერ შესრულებული სამუშაოს ანაზღაურების ვალდებულების მერიისათვის გადაკისრების საფუძველი.
საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 31.03.03წ. ¹33ა განკარგულებით, მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული 2003 წლის აპრილიდან ... იმერეთის სამხარეო ფონდის მუშაობის შეწყვეტა, შეიქმნა სალიკვიდაციო კომისია. იმერეთის სააღსრულებო ბიუროს 12.12.08წ. პასუხით დებიტორის ლიკვიდაციის გამო გადაწყვეტილება არ აღსრულდა. ცენტრს სააღსრულებო ფურცელში ცვლილების მოთხოვნის საკითხი არ დაუსვია, საქმეში არ მოიპოვება ცენტრის მოსარჩელეებისათვის უფლებამოსილების დელეგირების საბუთი. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნის ის გარემოება, რომ ფონდი თავის დროზე შეიქმნა იმერეთის მხარეში შემავალი გამგეობების და მერიის მიერ, საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორების მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფონდის დამფუძნებელი თვითმმართველობა მისი ლიკვიდაციის შემდეგ მისი უფლებამონაცვლეა. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტის 09.02.03წ. ¹33 ბრძანებულებით გაუქმებული “ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების მართვის სრულყოფის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 09.12.1997წ. ¹723 ბრძანებულების მე-6 პუნქტით განისაზღვრა ... სამხარეო ფონდების შექმნა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ... იმერეთის სამხარეო ფონდი, წარმოადგენდა იმერეთის მხარეში შემავალი ქალაქებისა და რაიონების ადგილობრივი ბიუჯეტიდან ... დაფინანსებისათვის განკუთვნილი სახსრების აკუმულირების და ... სამხარეო პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების უზრუნველმყოფ იურიდიულ პირს, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად იყო დაფუძებული (ფონდის დებულების 1.2 მუხ.). ფონდი წარმოადგენდა არაკომერციულ იურიდიულ პირს, ფონდის ლიკვიდაციის დროს მოქმედი სამოქალაქო კოდექსის 39-ე მუხლი განსაზღვრავდა ფონდის კრედიტორების დაკმაყოფილების წესს, კერძოდ 39-ე მუხლის მე-3 ნაწილი ითვალისწინებდა ფონდის ლიკვიდაციის დროს მიმდინარე საქმეების დამთავრებას, კრედიტორების დასაკმაყოფილებლად ქონების ფულში გამოხატვას, დარჩენილი ქონების მსგავსი მიზნების მქონე ფონდებისათვის და არა დამფუძნებლებისათვის გადაცემას (სკ-ის 39-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწ.), მუხლით არ იყო გათვალისწინებული ფონდის ლიკვიდაციისას ფონდის დამფუძნებლისათვის ფონდის დავალიანების დაკისრებას. ... იმერეთის სამხარეო ფონდის დებულება არ ითვალისწინებდა ლიკვიდაციის რაიმე განსაკუთრებულ წესს და უთითებდა, რომ ფონდის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით უნდა განხორციელებულიყო. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ფონდის, როგორც არაკომერციული იურიდიული პირის, ქონება, რომელიც დამფუძნებლების მიერ საერთო-სასარგებლო მიზნის მისაღწევად დამოუკიდებელი, არაწევრობაზე დაფუძნებული სუბიექტის საკუთრებაში იყო გადაცემული (სკ-ის 30.3 მუხ.), დამოუკიდებელია მათი წევრების ან დამფუძნებლების ქონებისაგან, თუ კომერციული იურიდიუდი პირების მიმართ კანონმდებელი ითვალისწინებს პარტნიორთა პასუხისმგებლობას, არაკომერციული იურიდიული პირების შემთზვევაში ეს გამორიცხულია, ფონდის დამფუძნებლები ფონდის ვალებზე პასუხს არ აგებენ. ამასთანავე, საქმის მასალებით დასტურდება და დავას არ იწვევს, რომ ადგილი ჰქონდა ფონდის ლიკვიდაციას, რომელიც რეორგანიზაციისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს ლიკვიდაციის შემდეგ უფლებამონაცვლეობას. ამდენად, კასატორების მოსაზრება იმის შესახებ, რომ ფონდის დამფუძნებელი თვითმმართველობის ორგანო არის ფონდის უფლებამონაცვლე, უსაფუძვლოა და ვერ იქნება გაზიარებული. ამასთანავე, ლიკვიდაცია არის არა ერთჯერადი აქტი, არამედ პროცესი. მოსარჩელეებს, რომლებიც იყვნენ ფონდის არა დესტინატორები, არამედ კრედიტორები, ლიკვიდაციის პროცესის მიმართ პრეტენზია არ წარუდგენიათ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის 31.03.03წ. ¹33ა და 19.05.04წ. ¹72 განკარგულებები არ ქმნის კასატორთა მოთხოვნის დაკმაყოფილების პირობას, სააპელაციო სასამართლოს განჩინება არსებითად სწორია, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. ხ-იანის, ც. კ-ძის, ნ. ბ-ძის, მ. ჩ-ძის, ნ. ს-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 23.06.09წ. განჩინება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.