Facebook Twitter
ბს-1418-1354(2კ-09) 22 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:


ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე



სხდომის მდივანი _ გ. ილინა

კასატორი (მოსარჩელე) _ შ. დ-ძე, წარმომადგენელი _ შ. ჯ-ძე

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები): ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, წარმომადგენელი _ გ. ც-ძე; მ. გ-შვილი, წარმომადგენელი _ ს. შ-ძე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება

დავის საგანი _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების არარად აღიარება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2008 წლის 27 ოქტომბერს შ. დ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების _ მ. გ-შვილის, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და ორთაბათუმის საკრებულოს მიმართ.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 29 აპრილის ¹14 გადაწყვეტილებით დამტკიცდა ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2004 წლის 29 აპრილის სხდომის დადგენილება და მ. გ-შვილს გამოეყო 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი. ორთაბათუმის თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიერ 2004 წლის 5 მაისს შედგა მიზომვის აქტი.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ზემოაღნიშნული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები წარმოადგენდა არარა აქტებს, რადგან გამოცემული იყო არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმა დაიწყო 1992 წელს. “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილების მიზანს წარმოადგენდა უმიწო კომლებისათვის მიწის ნაკვეთების გადაცემა და მცირე მიწიანი კომლებისათვის მიწის ფართობების გაზრდა. საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 6 თებერვლის ¹128 დადგენილების მე-2 პუნქტის შესაბამისად, საკარმიდამო მიწის ნაკვეთების გამოყოფა უნდა განხორციელებულიყო 1992 წლის 1 იანვრის მდგომარეობით რიცხული კომლების მიხედვით. 1992 წლიდან 1996 წლამდე გამოიცა არა ერთი ნორმატიული აქტი, რომლითაც დაკონკრეტდა და დაზუსტდა მიწის რეფორმის განხორციელების წესი. “მიწის ნაკვეთების გადაცემის დოკუმენტაციის რეგულირების შესახებ” საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1999 წლის 28 ივნისის ¹503 დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, დამტკიცდა მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტები, რომელზეც ხელი უნდა მოეწერათ სარეფორმო კომისიის წევრებს, მიწის კადასტრის განყოფილების უფროსს, საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლებსა და თემის საკრებულოს გამგებელს. აღნიშნული დაზუსტდა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაციის გადაუდებელ ღონისძიებათა და საქართველოს მოქალაქეთათვის სარეგისტრაციო მოწმობების გაცემის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 16 მაისის ¹327 ბრძანებულებით.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებით დაიწყო მიწის რეფორმა, ხოლო “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-3 პუნქტით განისაზღვრა, რომ უმიწო კომლებს მიწის ნაკვეთები უნდა გადასცემოდათ 1997 წლის 22 მარტამდე. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტით მიწის საკუთრებაში გადაცემის ვადა გაგრძელდა 1 წლით _ 1998 წლის 2 მარტამდე. აღნიშნული ვადა “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ” 1998 წლის 20 მარტის კანონით გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების ვადად დადგინდა 1999 წლის 1 თებერვლამდე პერიოდი.
მოსარჩელის მოსაზრებით, აღნიშნული ნორმატიული აქტების თანახმად, ერთმნიშვნელოვნად დადგინდა, რომ მიწის ნაკვეთების კომლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ბოლო ვადა იყო 1999 წლის 1 იანვარი. შესაბამისად, ორთაბათუმის საკრებულოს გამგეობა და სარეფორმო კომისია 1999 წლის 1 იანვრიდან არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება მ. გ-შვილისათვის მიწის უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, ორთაბათუმის თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის მიღება-ჩაბარების აქტი არ პასუხობდა კანონის მოთხოვნებს, რადგან მას ხელს აწერდა მხოლოდ სარეფორმო კომისიის სამი წევრი და თემის საკრებულოს თავმჯდომარე, მასზე არ იყო მიწის კადასტრის განყოფილების უფროსისა და საპროექტო ორგანიზაციის წარმომადგენლის ხელმოწერა. ასევე არ აკმაყოფილებდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე, 521-ე, 53-ე მუხლების მოთხოვნებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 29 აპრილის ¹14 გადაწყვეტილებისა და ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2004 წლის 5 მაისის მიზომვის აქტის არარად აღიარება მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილებით შ. დ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა; არარად იქნა ცნობილი ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 29 აპრილის ¹14 გადაწყვეტილება და ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2004 წლის 5 მაისის მიზომვის აქტი მ. გ-შვილის ნაწილში.
რაიონული სასამართლოს განმარტებით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” საქართველოს კანონით მიწის ნაკვეთების საქართველოს მოქალაქეებზე საკუთრებაში გადაცემის ვადა გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მიწების საკუთრებაში გადაცემა გაგრძელდა ამ კანონის ძალაში შესვლიდან _ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
რაიონულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ” 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარაში მცხოვრებ კომლებს, ვისაც დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მისი მიღების ვადა გაუგრძელდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე. შესაბამისად, მიწის რეფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე იყო შეჩერებული, რის გამოც ორთაბათუმის თემის საკრებულო არ იყო უფლებამოსილი 2004 წლის 29 აპრილს მ. გ-შვილისათვის გამოეყო მიწის ნაკვეთი.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. გ-შვილმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით მ. გ-შვილის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 13 თებერვლის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც შ. დ-ძის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთზე აღიარა შ. დ-ძის საკუთრების უფლება და გასცა ¹8896 საკუთრების მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, 2008 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შ. დ-ძე მიწის მესაკუთრედ. საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის ¹114 საოქმო გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და ¹8896 საკუთრების უფლების მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ მიწის ნაკვეთი წარმოადგენდა სხვის საკუთრებას.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა შ. დ-ძისა და რაიონული სასამართლოს მითითება, რომ მიწის ნაკვეთების კომლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ბოლო ვადა იყო 1999 წლის 1 იანვარი და რომ ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობა და სარეფორმო კომისია არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება მ. გ-შვილისათვის მიწის გადაცემის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს მითითებით, “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 პუნქტით განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ დადგენილი წესითა და ოდენობით, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. აღნიშნული კანონის 1998 წლის 20 მარტის ცვლილებით მიწის ნაკვეთის გადაცემის ვადა გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1 თებერვლამდე. დადგენილ იქნა, რომ “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების თაობაზე” 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, 2006 წლის 31 დეკემბრამდე გადასცემოდათ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მიწის რეფორმა 1999 წელს არ დამთავრებულა და 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე კვლავ გრძელდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები კომლებისათვის მიწის ნაკვეთების მიღების ვადის გაგრძელება, მით უფრო, რომ აღნიშნულ პერიოდში მიწის ნაკვეთების გადაცემა საკანონმდებლო წესით არ იყო უკანონოდ ცნობილი. შესაბამისად, ორთაბათუმის თემის საკრებულო უფლებამოსილი იყო უმიწო კომლებისათვის გადაეცა მიწები საკუთრებაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შუშანა დოლიძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებები ეწინააღმდეგება საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სარჩელი არ ცნო, რაც არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგან ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამ სასამართლოს სხდომაზე მხარი დაუჭირა სასარჩელო მოთხოვნას, ხოლო სააპელაციო სასამართლოში გამგეობის წარმომადგენელი სხდომას არ დასწრებია. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელმა რაიონული სასამართლოს სხდომაზე დაადასტურა, რომ შ. დ-ძეზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში აღიარება შეესაბამებოდა “ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ” საქართველოს კანონის ნორმებს.
კასატორი აღნიშნავს, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ საკუთრების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის ¹114 საოქმო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათილად იქნა ცნობილი შ. დ-ძეზე გაცემული @¹8896 საკუთრების უფლების მოწმობა. შ. დ-ძემ გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და სარჩელი მიღებული იქნა წარმოებაში.
კასატორის განმარტებით, მ. გ-შვილს მიწის ნაკვეთი მიეზომა არაუფლებამოსილი ორგანოს მიერ, ასევე არ იქნა დაცული მიწის გამოყოფის კანონით დადგენილი პროცედურები. მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტს ხელს არ აწერენ რაიონის შესაბამისი პასუხისმგებელი პირები, ხოლო მიწის ნაკვეთის გამოყოფა არ არის რეგისტრირებული. გარდა აღნიშნულისა, ორთაბათუმის თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიამ მ. გ-შვილზე მიწის ნაკვეთის საკუთრებაში გადაცემის დროს დაარღვია საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 და 1992 წლის 6 თებერვლის ¹128 დადგენილების ნორმები. კომისიამ მიწის ნაკვეთი გასცა 1994 წელს მ. გ-შვილის ხელოვნურად შექმნილ კომლზე, რადგან ქალაქში ოჯახთან ერთად მცხოვრები მ. გ-შვილი ი. გ-შვილის კომლს ცალკე კომლად გამოეყო მეუღლის გარეშე 1994 წელს. ორთაბათუმის თემის საკრებულოს 2004 წლის 29 აპრილის გადაწყვეტილებაში არ არის მითითებული, ნორმატიული აქტი, რომელსაც ეყრდნობა გადაწყვეტილება, ასევე გაურკვეველია, აჭარის მინისტრთა საბჭოს რომელი დადგენილებით მოხდა სარეფორმო მიწის ფონდში იმ მიწების ჩარიცხვა, რომელიც გადაეცათ გუნთაიშვილებს. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, სადავო მიწის ნაკვეთი აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის დადგენილებით ჩაირიცხა სარეფორმო მიწების ფონდში, 2005 წლის 26 აპრილის აჭარის ა/რ მთავრობის ¹34 დადგენილებით ძალადაკარგულად იქნა ცნობილი მითითებული დადგენილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობამაც, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წილს 29 ოქტომბრის განჩინებით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საკასაციო საჩივარი განუხილველად დარჩა იმ მოტივით, რომ სახეზე არ იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის პროცესუალური წინაპირობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 20 ნოემბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული შ. დ-ძის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 26 იანვრის განჩინებით შ. დ-ძის საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნა ცნობილი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “გ” ქვეპუნქტის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლოში საქმის განხილვისას მოწინააღმდეგე მხარის მ. გ-შვილის წარმომადგენელმა _ ს. შ-ძემ შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის “დ” პუნქტის შესაბამისად, შ. დ-ძის საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 1 ივნისის განჩინებით მ. გ-შვილის წარმომადგენლის _ ს. შ-ძის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სწორედ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმის გადაწყვეტა იყო შეუძლებელი საკასაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფი საქმის გადაწყვეტამდე, ვინაიდან ადმინისტრაციული ორგანოს _ ორთაბათუმის თემის საკრებულოსა და ამავე საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების მართლზომიერების საკითხის გადაწყვეტამდე შეუძლებელი იყო ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2008 წლის 29 სექტემბრის ¹114 საოქმო გადაწყვეტილების კანონიერების შეფასება, რამდენადაც საკასაციო სასამართლოს წარმოებაში მყოფ საქმეზე დადგენილი სამართლებრივი დასკვნა განაპირობებდა ხელვაჩაურის საკრებულოს 2008 წლის 24 სექტემბრის ¹114 საოქმო გადაწყვეტილებაზე ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას, დასკვნასა და შედეგს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით, საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: ორთაბათუმის თემის საკრებულოს 2004 წლის 29 აპრილის ¹14 გადაწყვეტილებით, დამტკიცდა ორთაბათუმის თემის საკრებულოს მიწის რეფორმის კომისიის 2004 წლის 29 აპრილის სხდომის დადგენილება და მ. გ-შვილს გამოეყო 0,25 ჰა მიწის ნაკვეთი საკუთრებაში. ორთაბათუმის თემის საკრებულოს სარეფორმო კომისიის 2004 წლის 5 მაისის მიზომვის აქტით კი ამავე კომისიამ მოახდინა ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობის 2004 წლის 29 აპრილის სხდომის გადაწყვეტილების აღსრულება და სოფ. ... მცხოვრებ მ. გ-შვილს მიუზომა 0,25 ჰა საკარმიდამო მიწის ნაკვეთი მასზე გაფორმებულ საიჯარო ჩაის ფართობში (ს.ფ. 15-16).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს მოცემული საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილებით სადავო მიწის ნაკვეთზე აღიარა შ. დ-ძის საკუთრების უფლება და გასცა ¹8896 საკუთრების მოწმობა. აღნიშნულის საფუძველზე, 2008 წლის 18 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა შ. დ-ძე მიწის მესაკუთრედ. ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 24 სექტემბრის ¹114 საოქმო გადაწყვეტილებით კი ბათილად იქნა ცნობილი შ. დ-ძის ნაწილში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2008 წლის 5 ივნისის გადაწყვეტილება და ¹8896 საკუთრების უფლების მოწმობა, იმ საფუძვლით, რომ მასზე გაცემული მიწის ნაკვეთი განკარგული იყო მიწის რეფორმის წესით სხვა ფიზიკურ პირზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებაზე, რომლითაც საქართველოში დაიწყო მიწის რეფორმა. აღნიშნული დადგენილების მე-10 და მე-11 პუნქტების თანახმად, მიწის რესურსების სრულყოფილად გამოყენებისა და მიწის რეფორმის განხორციელებისათვის შეიქმნა საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტი, ხოლო მიწების გაცემას ახდენდა სოფლის (დაბის) მმართველობის ადგილობრივი ორგანო საქართველოს რესპუბლიკის მიწის რესურსებისა და მიწის რეფორმის სახელმწიფო კომიტეტის სათანადო სახელმწიფო აქტით. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 10 მარტის ¹290 დადგენილებით “საქართველოს რესპუბლიკაში სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რეფორმის შესახებ” საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 18 იანვრის ¹48 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის შემდეგ, ამ დადგენილების მე-4 პუნქტით დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწები თავისი დანიშნულებისა და შემდგომში მათზე საკუთრების სხვადასხვა ფორმის გავრცელების გათვალისწინებით, იყოფოდა საკუთრივ სახელმწიფო მიწების ფონდად და მიწის რეფორმის ფონდად, რომელიც იქმნებოდა სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების ხარჯზე.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ასევე ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე" საქართველოს 1997 წლის 15 მაისის კანონის მე-2 პუნქტზე, რომლითაც განისაზღვრა, რომ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 1996 წლის 22 მარტის დადგენილების მე-2 პუნქტში გათვალისწინებული ნორმატიული აქტებით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ დადგენილი წესითა და ოდენობით არ გადასცემიათ, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 1998 წლის 22 მარტამდე. აღნიშნულის შემდეგ, ,,სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის შესახებ" საქართველოს 1998 წლის 20 მარტის კანონის თანახმად, მიწის ნაკვეთების საკუთრებაში გადაცემის ვადა კიდევ ერთხელ გაგრძელდა 1999 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 1998 წლის დეკემბერში საკუთრებაში გადაცემული მიწის ნაკვეთების შესაბამისი დოკუმენტაცია უნდა გაფორმებულიყო 1999 წლის 1 თებერვლამდე. “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით ჩამოყალიბებული ამავე კანონის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მაგრამ არ გადასცემიათ, კანონმდებლობის შესაბამისად, მიწის ნაკვეთები საკუთრებაში უნდა გადასცემოდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე.
საკასაციო სასამართლო ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზის საფუძველზე განმარტავს, რომ მ. გ-შვილს შესაბამისი მიწის ნაკვეთი გადაეცა მაშინ, როცა მიწის რეფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ჯერ დამთავრებული არ იყო. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ, ვინაიდან “სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე" საქართველოს 2004 წლის 26 ნოემბრის კანონით აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრებ კომლებს (ოჯახებს), რომელთაც კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკუთვნოდათ მიწის ნაკვეთები, მათი მიღების ვადა გაუგრძელდათ 2006 წლის 31 დეკემბრამდე, შესაბამისად, მიწის რეფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1999 წელს არ დამთავრებულა და 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე კვლავ გრძელდებოდა. მით უფრო იმ პირობებში, როდესაც 1999 წლისათვის აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში არ იყო ამოწურული მიწის სარეფორმო ფონდი.
ამდენად, საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიწის ნაკვეთების კომლებისათვის უსასყიდლოდ გადაცემის ბოლო ვადა იყო 1999 წლის 1 იანვარი და რომ ორთაბათუმის თემის საკრებულოს გამგეობა და სარეფორმო კომისია არ იყო უფლებამოსილი მიეღო გადაწყვეტილება მ. გ-შვილისათვის მიწის გადაცემის შესახებ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ მიწის რეფორმა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში 1999 წელს არ დამთავრებულა და 1999 წლიდან 2004 წლის 26 ნოემბრამდე კვლავ გრძელდებოდა. წინააღმდეგ შემთხვევაში შეუძლებელი იქნებოდა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში მცხოვრები კომლებისათვის მიწის ნაკვეთების მიღების ვადის გაგრძელება, მით უფრო, რომ აღნიშნულ პერიოდში მიწის ნაკვეთების გადაცემა საკანონმდებლო წესით არ იყო უკანონოდ ცნობილი. შესაბამისად, ორთაბათუმის თემის საკრებულო უფლებამოსილი იყო უმიწო კომლებისათვის გადაეცა მიწები საკუთრებაში.
საკასაციო სასამართლო ასევე უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის მსჯელობას იმის თაობაზე, რომ გაუქმებულია გადაწყვეტილება, რომელიც საფუძვლად დაედო მ. გ-შვილზე საკუთრების გადაცემას, ვინაიდან საქმის მასალებით დადგენილია და არც კასატორი არ ხდის სადავოდ, რომ მზია გუნთაიშვილის კომლი 1994 წლისათვის უკვე არსებობდა და მისთვის სადავო მიწის ნაკვეთის გადაცემა აჭარის ა/რ მინისტრთა საბჭოს 2004 წლის 23 მარტის დადგენილებით დამტკიცებული სარეფორმო მიწის ფონდიდან არ მომხდარა.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობას მიაჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვისას სააპელაციო სასამართლოს არ დაურღვევია საპროცესო კანონმდებლობა და ამ საქმეზე მიიღო კანონიერი გადაწყვეტილება, რის გამოც საკასაციო სასამართლოს მიერ, კონკრეტულ შემთხვევაში, გამოყენებულ უნდა იქნეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით მიიჩნევს, რომ არ არსებობს შ. დ-ძის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა დარჩეს უცვლელად.


ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ კოლეგიური შემადგენლობის უმრავლესობით იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 243.2, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. შ. დ-ძის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.