ბს-1424-1360 (კ-კს-09) 11 მარტი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე
სხდომის მდივანი _ გულნარა ილინა
კასატორი (მოპასუხე) _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი _ გ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოსარჩელე) _ თ. შ-შვილი
მესამე პირი _ მ. კ-ვა
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინება
დავის საგანი _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება, ქმედების განხორციელება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2008 წლის 22 ოქტომბერს თ. შ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიმართ.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აღნიშნა, რომ 2006 წლის 7 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მის მომიჯნავედ, ქ. თბილისში, ... ¹100-ში მცხოვრები კ-ვების ოჯახი გაფრთხილებული იყო, არ ეწარმოებინათ საძინებელი ოთახების მხრიდან ტერიტორიის თვითნებური მითვისება და შემოღობვა. ამის მიუხედავად, მათ 2006 წლის 3 მარტს საძინებელი ოთახების მხრიდან საყრდენ კედელში თვითნებურად გაჭრეს ფანჯარა, ჩასვეს გარეთ გასასვლელი კარი და გაიკეთეს დამატებითი შესასვლელი. ამ ფაქტთან დაკავშირებით, კ-ვების მიმართ, 2006 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, რის შემდეგაც ისინი თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის დადგენილებით დაჯარიმდნენ, მაგრამ არ დაკისრებიათ ჩაჭრილი კედლის პირვანდელ მდგომარეობამდე ამოშენების ვალდებულება და შესასვლელის გაუქმება. 2006 წლის 20 აპრილს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ კ-ვების ოჯახის მიმართ გაკეთდა მოთხოვნა, უკანონო, თვითნებური მიშენების დემონტაჟის შესახებ, იმის გამო რომ ოჯახი არ იმყოფებოდა საქართველოში 2007 წლის 1 თებერვალს ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება უნებართვო მიშენების დემონტაჟის შესახებ, რაც სისრულეში იქნა მოყვანილი, თუმცა საძინებელი ოთახის მხრიდან ჩაჭრილი კედელი, ფანჯრის ადგილზე ჩასმული კარი და საძინებელი ოთახის მხრიდან მიმდებარე ტერიტორიით სარგებლობა, რაზედაც კ-ვების ოჯახი იყო დაჯარიმებული, დარჩა უცვლელი და არ იქნა აღნიშნული მიყვანილი პირვანდელ მდგომარეობამდე.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2006 წლიდან ვერ სარგებლობდა საძინებელი ოთახით, იმის გამო რომ კ-ვების ოჯახისა და მათი სტუმრების ნებისმიერი ქმედებით გამოწვეული ხმაური პირდაპირ იჭრებოდა მისი საძინებელი ოთახის დახურულ თუ ღია ფანჯარაში, არ აძლევდა მას ძილისა და დასვენების საშუალებას, რაც ზიანს აყენებდა მის ცხოვრებასა და ჯანმრთელობას. მან ამის თაობაზე არაერთხელ მიმართა საჩივრით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, თუმცა პასუხად საჩივარზე უარი მიიღო.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... ¹100-ში მცხოვრები კ-ვების ოჯახის, მათი ბინის საძინებელი ოთახების მხრიდან უნებართვოდ გაჭრილი საყრდენი კედლის ამოშენება, არსებული კარის გაუქმება და იზოლირებული კორპუსის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება მოითხოვა.
საქალაქო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ განაცხადა, რომ ახდენდა სარჩელის დაზუსტებას და საბოლოოდ მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ქ. თბილისში, ... ¹100-ში მცხოვრები მ. კ-ვას მიმართ, საძინებელი ოთახების მხრიდან საცხოვრებელი კორპუსის გარედან უნებართვოდ გაჭრილი კარისა და თვითნებურად გაკეთებული შესასვლელის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ამ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დავალება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 27 ოქტომბრის განჩინებით მოცემულ საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ მესამე პირად ჩაება მ. კ-ვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. შ-შვილის სარჩელი დაკმაყოფილდა; ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მ. კ-ვას მიერ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარედან კანონდარღვევით გაჭრილი კარისა და თვითნებურად გაკეთებული შესასვლელის პირვანდელ მდგომარეობაში მიყვანის მიზნით, დაევალა ამ დარღვევაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა; ამასთან, მოპასუხე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელე თ. შ-შვილის სასარგებლოდ მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის _ 100 ლარის გადახდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 4 თებერვლის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ სწორად დაადგინა საქმის ფაქტობრივი გარემოებები და სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქმეში წარმოდგენილი იყო ქ. თბილისის მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 6 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹00000213 ოქმი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ მ. კ-ვამ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე ¹100 ბინის კედლის გაჭრით და კარების ჩაყენებით მოახდინა ობიექტის იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც წარმოადგენდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ სამართალდარღვევას. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილებით მ. კ-ვა (მცხოვრები ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე ¹100 ბინაში) ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 200 ლარის ოდენობით. 2006 წლის 29 დეკემბრის კანონით საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლი ჩამოყალიბდა ახალი რედაქციით და აღნიშნული მუხლის მე-5 ნაწილით დადგინდა, რომ ამ მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში გამოიწვევდა დაჯარიმებას 1500 ლარის ოდენობით. ნორმის ახალი რედაქცია გამოქვეყნდა 2007 წლის 30 იანვარს და ამოქმედდა გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, მოცემულ შემთხვევაში დარღვევის გამოუსწორებლობა გრძელდებოდა ამ კანონის ძალაში შესვლის დროსაც, რის გამოც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება გავრცელდა მისი ძალაში შესვლისას არსებულ ურთიერთობაზე, როგორც დენად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე მ. კ-ვას პასუხი უნდა ეგო საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის მე-5 ნაწილის, როგორც სამართალდარღვევის ჩადენის დროს მოქმედი კანონის საფუძველზე, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მტკიცება იმის თაობაზე, რომ სასამართლომ აღნიშნულ კანონს მიანიჭა უკუქცევითი ძალა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სახდელი შეიძლება დაედოს არა უგვიანეს ორი თვისა სამართალდარღვევის ჩადენის დღიდან, ხოლო როცა სამართალდარღვევა დენადია, არა უგვიანეს ორი თვისა მისი გამოვლენის დღიდან. ამავე კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შესახებ დგება ოქმი საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციისა თუ საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ, ოქმი არ დგება ამ კოდექსის 222-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 222-ე მუხლის ჩამონათვალში 1501-ე მუხლი არ შედიოდა. ამდენად, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ მითითებული დენადი სამართალდარღვევის დაფიქსირება, საიდანაც სამართალდარღვევა გამოვლენილად უნდა ჩათვლილიყო, არ მომხდარა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 390-ე მუხლის მე-3 პუნქტის “გ” ქვეპუნქტის საფუძველზე დაეთანხმა საქალაქო სასამართლოს შეფასებებსა და დასკვნებს საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე-394-ე მუხლებით გათვალისწინებულ იმ გარემოებათა არსებობა, რაც შეიძლებოდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი გამხდარიყო, საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რის გამოც სააპელაციო საჩივარი, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურმა, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორი უკანონოდ მიიჩნევს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნავს, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა და გამოიყენა კანონი.
კასატორი უსაფუძვლოდ მიიჩნევს სასამართლოს განმარტებას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევა არის დენადი და სწორედ ამიტომ უნდა გავრცელდეს მასზე იმავე მუხლის მე-5 ნაწილის მოქმედება. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორი მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლს 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4283 საკანონმდებლო ცვლილებით მე-5 ნაწილი დაემატა. აღნიშნული ცვლილების შედეგად დარღვევად განისაზღვრა 1501-ე მუხლით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობა დაჯარიმებიდან 20 დღის ვადაში, ხოლო სანქციად განისაზღვრა ჯარიმა _ 1500 ლარის ოდენობით.
კასატორი აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლისათვის, ხოლო მე-5 ნაწილით ამავე დარღვევის გამოუსწორებლობა 20 დღის ვადაში, ანუ აშკარად სახეზეა ორი სხვადასხვა დარღვევა, შესაბამისად, ცხადია ის გარემოება, რომ 2009 წლის 29 დეკემბრის ¹4283 საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა სრულიად ახალი სახის დარღვევა და დაწესდა პასუხისმგებლობა მისი ჩადენის შემთხვევაში. Kკასატორი იმ გარემოებაზეც მიუთითებს, რომ სასამართლომ თავდაპირველი დარღვევა შეაფასა როგორც დენადი და ამის საფუძველზე დააკისრა მოპასუხეს აქტის გამოცემა აბსოლუტურად სხვა დარღვევაზე, რომელიც დენადი დარღვევის ჩადენის მომენტში არ არსებობდა.
კასატორი არ დაეთანხმა სასამართლოების მსჯელობას იმის თაობაზე, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა არის დენადი და ამის შესახებ მიუთითებს თვით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის მე-5 ნაწილის დისპოზიციაც. კასატორის განმარტებით, სასამართლო მიჯნავს დასახელებულ დარღვევებს ერთმანეთისგან, მაგრამ იგნორირებას უკეთებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული დარღვევა ხსენებულ მუხლს დაემატა 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4283 ცვლილებით. კასატორის განმარტებით, მ. კ-ვა სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, უნდა დაჯარიმდეს იმ დარღვევისათვის, რომელიც 2006 წლის 6 მარტის მდგომარეობით არ წარმოადგენდა დარღვევას, ასევე საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის მე-5 ნაწილი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იმავე მუხლის სხვა ნაწილებით გათვალისწინებული დარღვევის გამოუსწორებლობისათვის, რომელიც მ. კ-ვას საერთოდ არ დაკისრებია.
კასატორი მიუთითებს, რომ “ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს უკუძალა აქვს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს პირდაპირ არის დადგენილი ამ ნორმატიული აქტით. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, ნორმატიულ აქტს, რომელიც ადგენს ან ამძიმებს პასუხისმგებლობას, უკუძალა არ აქვს. მოცემულ შემთხვევაში, 2006 წლის 29 დეკემბრის ¹4283 საკანონმდებლო ცვლილებით განისაზღვრა სრულიად ახალი დარღვევა, რომელმაც დააწესა პასუხისმგებლობა გარკვეული ქმედებისათვის. აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება არ შეიცავს დათქმას იმის შესახებ, რომ იგი უნდა გავრცელდეს მანამდე არსებულ ურთიერთობებზე, შესაბამისად, მას არ აქვს უკუქცევითი ძალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 30 ოქტომბრის განჩინებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 10 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 11 თებერვალს, 12.00 საათზე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 2006 წლის 6 მარტს ქ. თბილისის მერიის ზედამხდველობის საქალაქო სამსახურის მიერ შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹00000213 ოქმი (Iტ., ს.ფ. 18), ხოლო სამართალდარღვევა გამოიხატა იმაში, რომ მ. კ-ვამ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე ¹100 ბინის კედლის გამონგრევითა და კარების ჩაყენებით მოახდინა ობიექტის იერსახის შეცვლა შესაბამისი ნებართვის გარეშე, რაც დაკვალიფიცირდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით. აღნიშნული ოქმის მიხედვით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილებით (Iტ., ს.ფ. 19) მ. კ-ვა, მცხოვრები _ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე ¹100 ბინაში, ცნობილ იქნა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 200 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო საქმის მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნევს იმ გარემეობასაც, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმულ მ. კ-ვას დღემდე არ გამოუსწორებია ის სამართალდარღვევა, რომელიც დაფიქსირდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2006 წლის 6 მარტის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ¹00000213 ოქმში და რისთვისაც იგი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში დაჯარიმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილებით.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, სასამართლო არ არის უფლებამოსილი, გასცდეს სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მაგრამ იგი არ არის შებოჭილი სასარჩელო მოთხოვნის ფორმულირებით, ხოლო პროცესის დაჩქარების მიზნით, მოსამართლეს შეუძლია დაეხმაროს მხარეს მოთხოვნის ტრანსფორმირებაში.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე სასარჩელო მოთხოვნას თავდაპირველად წარმოადგენდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ქმედების განხორციელების, კერძოდ, ქ. თბილისში, ... ¹100-ში მცხოვრები კ-ვების ოჯახის ბინის საძინებელი ოთახის მხრიდან უნებართვოდ ჩაჭრილი საყრდენი კედლის ამოშენება, არსებული კარის გაუქმება და იზოლირებული კორპუსის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის დავალდებულება, თუმცა შემდგომ მოსარჩელემ მოახდინა სარჩელის დაზუსტება და იზოლირებული კორპუსის პირვანდელი მდგომარეობის აღდგენის მიზნით, ზემოაღნიშნულ დარღვევაზე ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის დავალება მოითხოვა (Iტ., ს.ფ. 63).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით ხდება სამართალდარღვევის ფაქტის დაფიქსირება, რომელიც დამოუკიდებლად არ წარმოშობს არავითარ შედეგს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმისა და სხვა მასალების საფუძველზე უფლებამოსილი ორგანო განიხილავს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს და გამოაქვს დადგენილება _ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ითვალისწინებს პასუხისმგებლობას მოცემული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის. ამდენად, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 281-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დაეხმარა მოსარჩელეს აღნიშნულის შესაბამისად მოთხოვნის ტრანსფორმირებაში, რის შედეგადაც მოსარჩელემ _ თ. შ-შვილმა მოახდინა სასარჩელო მოთხოვნის ტრანსფორმირება და მოითხოვა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისათვის მ. კ-ვას მიერ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარედან კანონდარღვევით გაჭრილი კარისა და თვითნებურად გაკეთებული შესასვლელის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, ამ დარღვევაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-10 მუხლზე, რომლის თანახმად, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად (გადაცდომად) ჩაითვლება სახელმწიფო ან საზოგადოებრივი წესრიგის, საკუთრების, მოქალაქეთა უფლებებისა და თავისუფლებების, მმართველობის დადგენილი წესის ხელმყოფი მართლსაწინააღმდეგო, ბრალეული (განზრახი ან გაუფრთხილებელი) მოქმედება ან უმოქმედობა, რომლისთვისაც კანონმდებლობით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა. ამავე კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თვითმმართველი ერთეულის იერსახის თვითნებური შეცვლა, გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლოს, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის 2008 წლის 2 ოქტომბრის ¹12/66160-14 წერილის საფუძველზე, დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მ. კ-ვას მიერ დაჯარიმებიდან დღემდე დარღვევის გამოუსწორებლობის ფაქტის მიმართ კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების მიღება, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს კასატორის განმარტებას იმის თაობაზე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილებით მ. კ-ვას სახდელის ზომად განესაზღვრა მხოლოდ ჯარიმა, ხოლო დარღვევის გამოსწორებას ხსენებული აქტი არ ითვალისწინებდა, რის გამოც ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური მოკლებული იყო შესაძლებლობას ხსენებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოეხდინა რეაგირება. აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2006 წლის 24 მარტის დადგენილებით მ. კ-ვა დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1501-ე მუხლის პირველი ნაწილით და სახდელის ზომად განესაზღვრა ჯარიმა _ 200 ლარის ოდენობით. ამასთან, საქართველოს ადმინისტარციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 41-ე მუხლის შესაბამისად, განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სახდელის დადება არ ათავისუფლებს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს იმ მოვალეობის შესრულებისაგან, რომლის შეუსრულებლობისათვის შეფარდებული ჰქონდა ადმინისტრაციული სახდელი.
საკასაციო სასამართლო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლის საფუძველზე აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში იგი თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებას საქმეზე, რადგან არ არსებობს ამ კოდექსის 412-ე მუხლით გათვალისწინებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც თ. შ-შვილის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდება და ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მ. კ-ვას მიერ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარედან კანონდარღვევით გაჭრილი კარისა და თვითნებურად გაკეთებული შესასვლელის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, დაევალება ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 14 სექტემბრის განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. თ. შ-შვილის დაზუსტებული სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურს, მ. კ-ვას მიერ ქ. თბილისში, ... ¹2-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის გარედან კანონდარღვევით გაჭრილი კარისა და თვითნებურად გაკეთებული შესასვლელის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანის მიზნით, დაევალოს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა;
5. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.