ბს-1687-1643(კ-10) 9 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
ნათია წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლისა და 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ზეპირი განხილვის გარეშე, განიხილა ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაზე.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა:
2004 წლის 7 ივლისს ს. ა-იანმა სარჩელი აღძრა ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე გ. ა-იანის მიმართ, მესამე პირის _ ახალციხის ტექაღრიცხვის სამსახურის მონაწილეობით და მოითხოვა ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹68-ში მდებარე სახლის 1/3 ნაწილის მოსარჩელის საკუთრებად ცნობა (იხ. ს.ფ. 2-3; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინებით ა. ა-იანის სარჩელზე შეწყდა საქმის წარმოება მხარეთა მორიგების გამო (იხ. ს.ფ. 22; ტ.I).
რაიონული სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოპასუხე გ. ა-იანის წარმომადგენელმა ო. ა-იანმა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება (იხ. ს.ფ. 24; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით ო. ა-იანის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ნოემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ (იხ. ს.ფ. 26; ტ.I).
ო. ა-იანმა და ს. ა-იანმა სარჩელი აღძრეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ა. ა-იანის, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და ამავე სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹68-ში მდებარე სახლის მესაკუთრედ ა. ა-იანის რეგისტრაციის შესახებ ჩანაწერის ბათილად ცნობა და აღნიშნული სახლის მესაკუთრედ გ. ა-იანის მემკვიდრეების – ს. ა-იანისა და ო. ა-იანის აღრიცხვა (იხ. ს.ფ.32-33; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 7 თებერვლის განჩინებით აღნიშნული სარჩელები გაერთიანდა ერთ წარმოებად (იხ. ს.ფ. 30; ტ.I).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, ს. ა-იანისა და ო. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის 2003 წლის 17 ნოემბრის ჩანაწერი ა. ა-იანის საკუთრებად ქ. ახალციხეში, ... ქ. ¹68-ში მდებარე ბინის 1/3 ნაწილის აღრიცხვის შესახებ, ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურს დაევალა სადავო სახლის საკუთრების უფლებით ს. ა-იანისა და ო. ა-იანის სახელზე რეგისტრაცია (იხ. ს.ფ. 103-106; ტ.I).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იანმა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 მარტის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება (იხ. ს.ფ. 109-112; ტ.I).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 5 ივნისის განჩინებით ა. ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 18 აპრილის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს (იხ. ს.ფ. 186-188; ტ.I).
2008 წლის 4 ნოემბერს ო. ა-იანმა და ს. ა-იანმა სარჩელი წარადგინეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში, მოპასუხეების – ახალციხის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ და მოითხოვეს ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1990 წლის 9 იანვარს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობის ბათილად ცნობა ქ. ახალციხეში, ... (...) ქ. ¹68-ში მდებარე 42,8 კვ.მ-ის ა. ა-იანის საკუთრების უფლებით აღრიცხვის ნაწილში; ...ს ქ. ¹70-ის 1/3 ნაწილის ა. ა-იანის სახელზე რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობა და ბინის საკუთრების უფლებით ს. ა-იანსა და ო. ა-იანის აღრიცხვა (იხ. ს.ფ. 3-16; ტ.II).
ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილებით ო. ა-იანისა და ს. ა-იანის სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ტექნიკური ინვენტარიზაციის ბიუროს მიერ 1990 წლის 9 იანვარს გაცემული სარეგისტრაციო მოწმობა და ¹62.09.35.029 სარეგისტრაციო ჩანაწერი (იხ. ს.ფ. 81-86; ტ.II).
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. ა-იანმა და მოითხოვა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა (იხ. ს.ფ. 94-105; ტ.II).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ა. ა-იანის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ახალციხის რაიონული სასამართლოს 2008 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. ა-იანსა და ს. ა-იანს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე (იხ. ს.ფ. 129-137; ტ.III).
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ო. ა-იანმა და ს. ა-იანმა, რომლებმაც მოითხოვეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილები გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება (იხ. ს.ფ. 146-153; ტ.III).
საკასაციო სასამართლოს 2011 წლის 6 იანვრის განჩინებით წარმოებაში იქნა მიღებული ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივარი დასაშვებობის შესამოწმებლად. მხარეებს განესაზღვრათ საპროცესო ვადა 15 დღით საკასაციო საჩივრის ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობებთან დაკავშირებით მოსაზრებების წარმოსადგენად (იხ. ს.ფ. 186-187; ტ.III).
საკასაციო საჩივრის დასაშვებობასთან დაკავშირებით მოსაზრება წარმოადგინა მოწინააღმდეგე მხარის – ა. ა-იანის წარმომადგენელმა და მოითხოვა საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობა იმ მოტივით, რომ არ არსებობს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის დასაშვებობის არც ერთი წინაპირობა (იხ. ს.ფ. 194-195; ტ.III).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც იგი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დასაშვებად ცნობას ექვემდებარება თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისთვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორების _ ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივარი არ შეიცავს მითითებას იმის თაობაზე, თუ რამდენად დასაშვებია საკასაციო საჩივრები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული დასაშვებობის წინაპირობების გათვალისწინებით, კასატორებმა ვერ დაასაბუთეს თუ რაში მდგომარეობს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების უკანონობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კანონმდებლობით განსაზღვრულია არა მხოლოდ მხარეთა საპროცესო უფლებები, არამედ საპროცესო მოვალეობები. მხარის ერთ-ერთი ძირითადი უფლება _ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებისა შეიცავს საპროცესო ვალდებულებას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების თაობაზე დასაბუთებული საკასაციო საჩივრის წარდგენისა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის დასაბუთების ვალდებულება აკისრია თავად კასატორს, რომლის საპროცესო ვალდებულებას წარმოადგენს მითითება, თუ რომელ საფუძველზე დაყრდნობით მოითხოვს საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობას.
ამდენად, მოცემულ შემთხვევაში კასატორების _ ო. ა-იანისა და ს. ა-იანის მიერ ვერ იქნა უზრუნველყოფილი მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა არსებობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაშვებად იქნებოდა მიჩნეული.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილით განსაზღვრული არც ერთი საფუძველი, რის გამოც წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად.
ამასთან, კასატორს _ ო. ა-იანს სსსკ-ის 401.4 მუხლის შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, 34.3, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ო. ა-იანისა და ს. ა-იანის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნეს დაუშვებლად;
2. კასატორს _ ო. ა-იანს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70%, _ 210 ლარი;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.