Facebook Twitter
ბს-335-324(2კ-10) 16 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:


თავმჯდომარე მაია ვაჩაძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: ნინო ქადაგიძე
პაატა სილაგაძე



სხდომის მდივანი – გულნარა ილინა

კასატორები _ 1) საქართველოს თავდაცვის სამინისტრო (მოსარჩელე), წარმომადგენელი _ ვ. გ-შვილი; 2) ლ. ც-ძე (მოპასუხე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება

სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 17 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს, მოპასუხის _ ლ. ც-ძის მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ 2006 წლის 7 აპრილს ლ. ც-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და ლ. ც-ძე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა საკონტრაქტო-პროფესიულ-სამხედრო სამსახურში.
მოსარჩელის განმარტებით, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ¹2677 ბრძანებით, 2006 წლის 28 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ლ. ც-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 212 034.94 ლარის, ზიანის სახით _ 2182.99 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 163.41 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 212 034.94 ლარის 0.2%-ის ოდენობის თანხის ყოველდღიურად 2006 წლის 28 ნოემბრიდან თანხის სრულად გადახდამდე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
2009 წლის 30 ივლისს საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და საბოლოოდ მოპასუხისათვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 23 728.4 ლარის, ზიანის სახით _ 2460.29 ლარის, სანივთე ქონების დავალიანების სახით _ 163.41 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 23 728.4 ლარის 0.2%-ის ოდენობის თანხის ყოველდღიურად 2006 წლის 28 ნოემბრიდან თანხის სრულად გადახდამდე ანაზღაურების დაკისრება მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; მოპასუხეს _ ლ. ც-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ სანივთე ქონების დავალიანების _ 163.41 ლარის ანაზღაურება დაეკისრა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 15 სექტემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის (კვების ულუფის თანხის ნაწილში) ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდა; ლ. ც-ძეს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სასარგებლოდ, ჯარიმის სახით _ 23 728.4 ლარის, ზიანის სახით _ 277.3 ლარისა და პირგასამტეხლოს სახით _ 23 728.4 ლარის 0.2%-ის ოდენობის თანხის ყოველდღიურად 2006 წლის 28 ნოემბრიდან თანხის სრულად გადახდამდე ანაზღაურება დაეკისრა; გასაჩივრებული გადაწყვეტილება დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 7 აპრილს ლ. ც-ძესა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შორის გაფორმდა კონტრაქტი და ლ. ც-ძე კონტრაქტით გათვალისწინებული პირობების თანახმად, ჩაირიცხა საკონტრაქტო-პროფესიულ-სამხედრო სამსახურში. საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ¹2677 ბრძანებით, 2006 წლის 28 აგვისტოდან კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო, ლ. ც-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან. სააპელაციო სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ ლ. ც-ძის შრომის ანაზღაურება თვეში 508,89 ლარს შეადგენდა და მას 2006 წლის 7 აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ხელფასის სახით _ 2 182,99 ლარი ჰქონდა მიღებული.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ც-ძეს შორის 2006 წლის 7 აპრილს დადებული ხელშეკრულება ადმინისტრაციულ ხელშეკრულებათა კატეგორიას მიეკუთვნებოდა. აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 _ წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში, კერძოდ, დასახელებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ გახდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა “ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომლის დაანგარიშებაც ხდებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად”.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, 2006 წლის 3 აპრილის ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ¹1 და ¹2 დანართების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და 2005 წლის 1 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ¹1 და ¹2 დანართებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, მხოლოდ ის გარემოება, რომ დანართ ხელშეკრულებაზე 2006 წლის 3 აპრილი, ხოლო ძირითად ხელშეკრულებაზე 2006 წლის 7 აპრილი იყო მითითებული, ლ. ც-ძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლების საფუძველზე მხარეები არსებითად შეთანხმდნენ როგორც ხელშეკრულების ძირითად, ასევე დამატებით პირობებზე, რაც მათ დაადასტურეს ხელმოწერით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობდა მოპასუხისათვის ჯარიმისა და პირგასამტეხლოს თანხების დაკისრების ნაწილში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა ზიანის ანაზღაურების ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურეს უფლება ჰქონდა სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიეღო შრომითი გასამრჯელო. ასეთი გასამრჯელოს სახით ლ. ც-ძეს მიღებული ჰქონდა 2182,99 ლარი. სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ნამსახურობის პერიოდში მიღებული შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელი იყო. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელფასის თანხის _ 2 182.99 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლო იყო და მოპასუხეს მხოლოდ _ კვების ულუფის თანხის _ 277.3 ლარის ანაზღაურება უნდა დაკისრებოდა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ის ფაქტი, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისაგან არა ხელფასს, არამედ მის სანაცვლოდ დასაქმებულ სამხედრო მოსამსახურეზე დახარჯულ თანხას ითხოვდა.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის ეტაპობრივ წვრთვნასა და მომზადებას ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ხარჯზე უზრუნველყოფდა. კასატორის განმარტებით, მოპასუხის მომზადებასა და წვრთნაზე საბიუჯეტო თანხები უშედეგოდ დაიხარჯა, ხოლო თავდაცვის სამინისტრო იძულებული გახდა ახალი სამხედრო მოსამსახურის მომზადებაზე კვლავ გაეწია შესაბამისი ხარჯები.
კასატორმა _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ აღნიშნა, რომ ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრის კანონით 2005 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 23 000-ით, ხოლო ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის კანონით 2006 წელში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობა განისაზღვრა 28 000-ით.
კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ლ. ც-ძის საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის გამო, ,,საქართველოს სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცების შესახებ” საქართველოს 2004 წლის 29 დეკემბრისა და 2005 წლის 9 დეკემბრის კანონებით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პირადი შემადგენლობის რაოდენობის შენარჩუნების მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ახალი კონტრაქტის გაფორმება და თანხის ხელახლა დახარჯვა მოუწია.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ჯარიმის, პირგასამტეხლოსა და ზიანის ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა ლ. ც-ძემაც. კასატორმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ამ ნაწილში საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება მოითხოვა.
კასატორის _ ლ. ც-ძის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს დავის გადაწყვეტისას არ გამოუკვლევია თუ რა საფუძვლით შეწყდა ხელშეკრულება და იყო თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტა საპატიო მიზეზით გამოწვეული. სააპელაციო სასამართლოს ასევე არ დაუდგენია 2006 წლის 3 აპრილის ხელშეკრულების ცვლილებას წარმოადგენდა 2006 წლის 7 აპრილის ხელშეკრულება თუ პირიქით 2006 წლის 7 აპრილის ხელშეკრულების ცვლილებას 2006 წლის 3 აპრილის ხელშეკრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 24 მარტის განჩინებებით, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ლ. ც-ძისა და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 13 მაისის განჩინებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ც-ძის საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრებით 2010 წლის 1 ივლისს 12:00 საათზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქმის მასალებში ასახულ შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ც-ძეს შორის 4 წლის ვადით დაიდო ხელშეკრულება (ს.ფ. 24). საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 16 მაისის ¹1190 ბრძანებით 2006 წლის 7 აპრილიდან ლ. ც-ძე გაიწვიეს შეიარაღებული ძალების რიგებში და დაინიშნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-... ქვეითი ბრიგადის ... ასეულის ... ოცეულის ... ათეულის ... (ს.ფ. 23).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 17 ნოემბრის ¹2677 ბრძანების საფუძველზე, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ” ქვეპუნქტის თანახმად, 2006 წლის 28 აგვისტოდან ლ. ც-ძე დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან (ს.ფ. 18). სამხედრო ნაწილი ¹10144-ის მეთაურისა და საფინანსო სამსახურის უფროსის მიერ 2006 წლის 17 ოქტომბერს გაცემული ¹533 ცნობის თანახმად, ლ. ც-ძის ერთი თვის ხელფასი 508.89 ლარს შეადგენდა, ხოლო 2006 წლის 7 აპრილიდან აგვისტოს ჩათვლით ლ. ც-ძეს მიღებული ჰქონდა შრომის ანაზღაურება _ 2 182.99 ლარის ოდენობით (ს.ფ. 20). საქართველოს ფინანსების მართვის დეპარტამენტის 2009 წლის 24 ივლისის ¹9/3114 მიმართვის თანახმად, საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის სასურსათო ულუფის საკომპენსაციო თანხა შეადგენდა 59 ლარს, იმ შემთხვევაში, თუ იგი არ იმყოფებოდა საქვაბე კმაყოფაზე (ს.ფ. 40).
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2006 წლის 7 აპრილის ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტი განსაზღვრავდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ ხელშეკრულების მოშლის საფუძვლებსა და სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის ფარგლებს იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე მომზადების პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, ან ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში თავისი სურვილით და ,,სამინისტროსთან” შეთანხმებით დატოვებდა სამხედრო ძალებს ან შექმნიდა პირობებს იმისთვის, რომ სამინისტრო იძულებული გამხდარიყო შეეწყვიტა 4 წლიანი კონტრაქტი. ასეთ შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა, შემდეგი წესით: ა) ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 3 (სამი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით; ბ) ორი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 2 (ორი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 10000 ლარის ოდენობით; გ) სამი წლის სამსახურის გავლის შემდეგ, მომდევნო 1 (ერთი) წლის ხელფასის სახით, საშუალოდ 5 000 ლარის ოდენობით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი 2006 წლის 3 აპრილის ხელშეკრულებით ცვლილება შევიდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტში, კერძოდ, დასახელებული პუნქტი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ გახდა ვალდებული, ხელშეკრულების შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში ჯარიმის სახით სამინისტროსათვის აენაზღაურებინა მასზე კონტრაქტით გათვალისწინებული დარჩენილი ვადის ფულადი თანხა “ერთ წლამდე და ერთი წლის სამსახურის გავლის შემდეგ სამსახურის დარჩენილი ვადის ხელფასის სახით, საშუალოდ 14000 ლარის ოდენობით, რომლის დაანგარიშებაც ხდებოდა ბოლო თვის ხელფასის შესაბამისად” (ს.ფ. 30).
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ 2006 წლის 3 აპრილის ცვლილება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ¹1 და ¹2 დანართების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენდა და 2005 წლის 1 მარტიდან საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2005 წლის 28 თებერვლის ¹99 ბრძანებით დამტკიცებული ¹1 და ¹2 დანართებით გაფორმებული ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილ სამართლებრივ ურთიერთობებზე ვრცელდებოდა.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, ის გარემოება, რომ დანართ ხელშეკრულებაზე 2006 წლის 3 აპრილი, ხოლო ძირითად ხელშეკრულებაზე 2006 წლის 7 აპრილი არის მითითებული, მხოლოდ ტექნიკურ შეცდომას წარმოადგენს, რაც ლ. ც-ძის პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველად არ შეიძლება იყოს მიჩნეული, ვინაიდან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე და 328-ე მუხლების საფუძველზე მხარეები არსებითად შეთანხმდნენ როგორც ხელშეკრულების ძირითად, ასევე დამატებით პირობებზე, რაც მათ დაადასტურეს ხელმოწერით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ჯარიმის თანხის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანია და ამ ნაწილში არ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.
ამასთან, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის _ ლ. ც-ძის მსჯელობას, გასაჩივრებული გადაწყვეტილების პირგასამტეხლოს თანხის დაკისრების ნაწილში გაუქმების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2006 წლის 7 აპრილს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და ლ. ც-ძეს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამხედრო მოსამსახურე უპირობოდ ხდებოდა ვალდებული ჯარიმის სახით აენაზღაურებინა სამინისტროს მიერ მასზე გათვალისწინებული ფულადი თანხები, ხოლო აღნიშნული თანხების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ერიცხებოდა პირგასამტეხლო 0.2% ოდენობით (ს.ფ. 27).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლზე, რომლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებასა და ფინანსური პასუხისმგებლობის ერთგვარ ფორმას წარმოადგენს, რომელსაც გააჩნია ვალდებულების დროული შეუსრულებლობის პრევენციული ფუნქცია. ამასთან, პირგასამტეხლო კრედიტორისათვის მოსალოდნელი ზიანის ანაზღაურების ლეგალური საშუალება და კრედიტორის აქცესორული უფლებაა _ არ არსებობს პირგასამტეხლო ძირითადი უფლების გარეშე, ხოლო ძირითადი უფლების ნამდვილობის იურიდიული აღიარება-დადასტურება და საპროცესო ლეგიტიმაცია პირგასამტეხლოს დაკისრების უდავო საფუძველია.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ჯარიმა (საურავი) პირგასამტეხლოს ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს, ხოლო ჯარიმას ცალკე როგორც ვალდებულების შესრულების საგარანტიო ღონისძიებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსი საერთოდ არ ცნობს.
საკასაციო სასამართლო მოცემულ შემთხვევაში მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჯარიმა, ფაქტობრივად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით რეგლამენტირებულ პირგასამტეხლოს წარმოადგენს.
ამასთან, საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, სასამართლო უფლებამოსილია შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის დადგენილია უზრუნველყოფის საშუალება პირგასამტეხლოს (ჯარიმის) სახით _ 23 728.4 ლარის ოდენობით. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დამატებით 23 728.4 ლარის 0.2 პროცენტი უკვე პირგასამტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას ადასტურებს. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თავისუფალი და სამართლიანი სამოქალაქო ბრუნვისა და ეკონომიკური თავისუფლების, როგორც კონსტიტუციური პრინციპის, უზრუნველყოფა-რეალიზების ინტერესები მოითხოვს პირგასამტეხლოს განაკვეთისა და ფაქტობრივი ოდენობის თანაზომიერებასა და მხარისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გონივრულ შესაბამისობას ძირითადი სახელშეკრულებო დავალიანების თანხასთან მიმართებაში. მართალია, შეთანხმებული პირგასამტეხლო შესაძლებელია აღემატებოდეს მოსალოდნელ ზიანს, მაგრამ არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, რის გამოც სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს პირგასამტეხლოს თანხა გონივრულ ფარგლებში, სამართლიანობის პრინციპის გათვალისწინებით, კერძოდ, პირგასამტეხლოს თანხის _ 23 728.4 ლარის 0.2 პროცენტის დაკისრების ნაწილში.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის _ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მოთხოვნა მოპასუხისათვის ზიანის საკომპენსაციო თანხის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და განმარტავს, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მომსახურეს უფლება აქვს სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე მიიღოს შრომითი გასამრჯელო. ასეთი გასამრჯელოს სახით ლ. ც-ძეს მიღებული აქვს 2182,99 ლარი. საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ კასატორი _ საქართველოს თავდაცვის სამინისტრო მოპასუხისათვის ზიანის სახით 2 460.29 ლარის დაკისრებას (ხელფასის სახით გაცემული _ 2 182.99 ლარი, კვების ულუფის სახით _ 277.3 ლარი) ითხოვს. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სამსახურიდან გათავისუფლების შემთხვევაში, ნამსახურობის პერიოდში მიღებული შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) უკან დაბრუნების მოთხოვნა დაუშვებელია. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის ხელფასის თანხის _ 2 182.99 ლარის დაკისრების ნაწილში უსაფუძვლოა, ხოლო კვების ულუფის თანხის _ 277.3 ლარის დაკისრების ნაწილში საფუძვლიანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე, 411-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. ლ. ც-ძის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
3. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება ლ. ც-ძისათვის პირგასამტეხლოს _ 23 728.4 ლარის 0.2 % ოდენობის თანხის ყოველდღიურად, 2006 წლის 28 ნოემბრიდან ჯარიმის თანხის სრულად გადახდამდე დაკისრების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
4. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სარჩელი ლ. ც-ძისათვის პირგასამტეხლოს _ 23 728.4 ლარის 0.2 % ოდენობის თანხის ყოველდღიურად, 2006 წლის 28 ნოემბრიდან ჯარიმის თანხის სრულად გადახდამდე დაკისრების ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
5. დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 29 დეკემბრის გადაწყვეტილება დარჩეს უცვლელად;
6. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.