ბს-595-574(კ-10) 30 სექტემბერი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოპასუხე) _ საქართველოს კონტროლის პალატა
მოწინააღმდეგე მხარეები (მოსარჩელეები) _ 1) ჯ.Oო-შვილი, 2) ე. ა-ძე, 3) ი. მ-ეკი
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება
სარჩელის საგანი _ სახელფასო, სამივლინებო და გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის თანხების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2009 წლის 30 სექტემბერს ჯ. ო-შვილმა, ე. ა-ძემ და ი. მ-ეკმა სასარჩელო განცხადებით მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს კონტროლის პალატის მიმართ.
მოსარჩელეთა განმარტებით, ისინი წლების განმავლობაში მუშაობდნენ საქართველოს კონტროლის პალატაში. საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანებით კი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან.
მოსარჩელეთა მითითებით, მოპასუხემ დაარღვია კანონი და დადგენილ ვადაში არ მოახდინა საბოლოო ანგარიშსწორება. მოსარჩელეებს მისაღები ჰქონდათ სახელფასო და სამივლინებო თანხები, ასევე მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაცია 100 ლარის ოდენობით.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა მოპასუხისათვის ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ ხელფასის _ 1788 ლარის, სამივლინებო თანხის _ 488 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის _ 100 ლარის; ე. ა-ძის სასარგებლოდ ხელფასის _ 2181 ლარის, სამივლინებო თანხის _ 484 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის _ 100 ლარის და ი. მ-ეკის სასარგებლოდ ხელფასის _ 1228 ლარის, სამივლინებო თანხის _ 476 ლარისა და გამოუყენებელი შვებულების ფულადი კომპენსაციის _ 100 ლარის ანაზღაურების დაკისრება მოითხოვეს.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებით სასარჩელო განცხადება დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; საქართველოს კონტროლის პალატას ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების _ 1788.67 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების _ 2181.89 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 484 ლარის და ი. მ-ეკის სასარგებლოდ შრომის ანაზღაურების _ 1228.67 ლარისა და სამივლინებო თანხის _ 476 ლარის ანაზღაურება დაეკისრა; მოსარჩელეებს უარი ეთქვათ გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის ანაზღაურებაზე.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს უფლება ჰქონდა მიეღო შრომის გასამრჯელო სამსახურში მიღების დღიდან სამსახურიდან გათავისუფლების დღემდე. მოსამსახურის შრომის გასამრჯელო მოიცავდა თანამდებობრივ სარგოს, პრემიასა და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს; დანამატების გაცემა უნდა განხორციელებულიყო მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებულ ასიგნებათა ფარგლებში. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მოსამსახურეს მისთვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების უფლება ჰქონდა კანონმდებლობით დადგენილი წესითა და ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ ასევე მიუთითა ,,საბიუჯეტო სისტემის შესახებ” საქართველოს კანონზე. ,,ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, ბიუჯეტში თავს იყრიდა ფულადი სახსრები, რომელიც ხმარდებოდა ქვეყნის ვალდებულებათა შესრულებას ბიუჯეტით გათვალისწინებული ფისკალური წლის განმავლობაში საბიუჯეტო კლასიფიკაციით განსაზღვრული მიზნებისათვის დამტკიცებული ასიგნებათა მოცულობით. ,,ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონით გათვალისწინებული თანხების გამოყოფასა და შესაბამისად, საბიუჯეტო ორგანიზაციების სახელფასო დავალიანების გასტუმრებას ახორციელებდა.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ მოსარჩელეების მიმართ სახელფასო და სამივლინებო დავალიანების გაუცემლობის მიზეზს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ 2003 წლების შესაბამისი ფულადი თანხებით საქართველოს კონტროლის პალატა ვერ დაფინანსდა, რის გამოც ამ უკანასკნელს მოსარჩელეთა მიმართ წარმოეშვა დავალიანება. საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2009 წლის ,,სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის თანახმად, წინა წლებში წარმოქმნილი ფაქტობრივი დავალიანებების დასაფარავად საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით შესაძლებელი იყო გამოყენებულიყო 2008 წელს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისათვის ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის შესაბამისი მუხლით დამტკიცებული ასიგნებანი, იმ პირობით, რომ აღნიშნული მუხლის მიხედვით ახალი დავალიანების დაგროვება არ დაიშვებოდა, რისთვისაც მთელი პასუხისმგებლობა ეკისრებოდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ შესაბამის დაწესებულებასა და ორგანიზაციას.
საქალაქო სასამართლომ განმარტა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 134-ე პრიმა მუხლის თანახმად, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის გაცემა ხორციელდებოდა წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საქალაქო სასამართლომ აღნიშნა, რომ ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) ფონდის ფორმირების წყარო შესაბამისი ბიუჯეტი იყო. საბიუჯეტო ასიგნებათა შემცირება არ შეიძლება გამხდარიყო მოსამსახურეთა შრომითი გასამრჯელოს (ხელფასის) და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა გარანტიების დაფინანსების შემცირების საფუძველი.
საქალაქო სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობდა გამოუყენებელი შვებულების კომპენსაციის ანაზღაურების ნაწილში სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან, საქმეზე წარმოდგენილი მასალებით აღნიშნული დავალიანების არსებობის ფაქტი არ დასტურდებოდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სახელფასო_სამივლინებო დავალიანების ანაზღაურების საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ სრულად გაიზიარა საქალაქო სასამართლოს შეფასებები და დასკვნები საქმის ფაქტობრივ და სამართლებრივ საკითხებთან დაკავშირებით.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 23-ე მუხლზე, რომლის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა და სამართლიანი გასამრჯელოს მიღების უფლება ყოველი ადამიანის ღირსეული არსებობის მნიშვნელოვანი პირობა იყო. ამასთან, ,,ეკონომიკური, სოციალური და პოლიტიკული უფლებების საერთაშორისო პაქტის” საფუძველზე, შრომის სამართლიანი ანაზღაურება, შრომის სამართლიანი და ხელშემწყობი პირობების სერიოზულ გამოვლინებად მიიჩნეოდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს კონტროლის პალატამ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
კასატორის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელეების მიმართ 1998 წლიდან მართლაც გააჩნდა 1998-2003 წლების პრემიისა და დახმარების დავალიანება, მაგრამ მნიშვნელოვანი იყო ის გარემოება, რომ პრემიისა და დახმარების ანაზღაურების მოთხოვნის უფლება წარმოშობილი იყო პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან.
კასატორის მითითებით, საქართველოს კონტროლის პალატას მოსარჩელეების მიმართ ასევე გააჩნდა 2000-2004 წლების სამივლინებო დავალიანება. მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესი დადგენილი იყო ,,მოსამსახურეთათვის სამსახურებრივი მივლინების ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 20 აპრილის 231-ე ბრძანებულებით, რომლის მე-17 მუხლის შესაბამისად, მოსამსახურეს სამივლინებო თანხა ავანსის სახით უნდა მისცემოდა მივლინებაში გამგზავრებამდე. ამდენად, კასატორის განმარტებით, მოსარჩელეებს მოთხოვნის უფლება 2000-2004 წლებში წარმოეშვათ.
კასატორის განმარტებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშვა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელი იყო”, ამავე კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად კი, თუ მოთხოვნის წარმოშობა დამოკიდებული იყო კრედიტორის მოქმედებაზე, ხანდაზმულობა იწყებოდა იმ დროიდან, როცა კრედიტორს შეეძლო განეხორციელებინა ეს მოქმედება.
კასატორმა აღნიშნა, რომ მოსარჩელეების მიერ არ იყო წარმოდგენილი რაიმე დოკუმენტი მტკიცებულების სახით, რომელიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 132-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენის შეჩერების საფუძვლად შეიძლება მიჩნეულიყო. კასატორის განმარტებით, საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹180/19 ცნობა, არ შეიძლება განხილულიყო როგორც ვალის აღიარება, რადგან მასში პირდაპირ, ნათლად და გარკვევით არ იყო გამოხატული ნება ვალის გადახდის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 14 მაისის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის სახელფასო დავალიანების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად; უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება მოსარჩელეებისათვის სახელფასო დავალიანების თანხების ანაზღაურების ნაწილში; საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი სამივლინებო თანხის მოსარჩელეებისათვის: ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ _ 484 ლარისა და ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ 476 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად და მისი განხილვა დაინიშნა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე საქმის მასალების გაცნობის, განსახილველად დაშვებულ ნაწილში საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლის, ამავე ნაწილში გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო თავდაპირველად აღნიშნავს, რომ, ვინაიდან საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 ივნისის განჩინებით საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი მოსარჩელეებისათვის სახელფასო დავალიანების თანხების ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დაუშვებლად და ამ ნაწილში უცვლელად დარჩა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება, ხოლო საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი სამივლინებო თანხის მოსარჩელეებისათვის: ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ _ 484 ლარისა და ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ 476 ლარის ანაზღაურების ნაწილში მიჩნეულ იქნა დასაშვებად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანს მხოლოდ მოსარჩელეებისათვის სამივლინებო თანხის ანაზღაურების საფუძვლიანობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: საქართველოს კონტროლის პალატის თავმჯდომარის 2004 წლის 25 აგვისტოს ¹გან-139 ბრძანების საფუძველზე, ჯ. ო-შვილი, ე. ა-ძე და ი. მ-ეკი განთავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობიდან (ს.ფ. 14-16). საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹180/19 ცნობის თანახმად, ჯ. ო-შვილის მიმართ ხელზე ასაღები შრომის ანაზღურება შეადგენდა _ 1788.67 ლარს, სამივლინებო თანხა _ 488 ლარს; ე. ა-ძის მიმართ ხელზე ასაღები შრომის ანაზღურება შეადგენდა _ 2181.89 ლარს, სამივლინებო თანხა _ 484 ლარს; ხოლო ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ ხელზე ასაღები შრომის ანაზღურება შეადგენდა _ 1228.67 ლარს, სამივლინებო თანხა _ 476 ლარს (ს.ფ. 17).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლზე (ანგარიშსწორების წესი სამსახურიდან გათავისუფლებისას), რომლის მიხედვითაც, 2005 წლის 1 იანვრამდე სამსახურიდან გათავისუფლებულ საჯარო მოსამსახურეზე კუთვნილი თანხის (გარდა ამ კანონით განსაზღვრული კომპენსაციისა) გაცემა უნდა განხორციელდეს წინა წლებში წარმოქმნილი საბიუჯეტო დავალიანების დაფარვის წესის შესაბამისად.
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის მეორე წინადადებაში მოცემულია მოსამსახურის ხელფასის ცნება, რომლის თანახმად, მოსამსახურის შრომითი გასამრჯელო (ხელფასი) მოიცავს თანამდებობრივ სარგოს, პრემიას და კანონით გათვალისწინებულ დანამატებს. იმავე პუნქტის მესამე წინადადების მიხედვით, დანამატების გაცემა უნდა განხორციელდეს მხარჯავი დაწესებულებებისათვის ბიუჯეტის კანონით დამტკიცებული ასიგნებების ფარგლებში.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ თანამდებობრივი სარგოს გარდა, შრომით გასამრჯელოს (ხელფასს) მიეკუთვნება ასევე პრემია და ის დანამატები, რომლებიც კანონითაა გათვალისწინებული. მართალია, “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სამსახურებრივი მივლინების პერიოდში მოსამსახურეს უნარჩუნდება მოხელის ან დამხმარე მოსამსახურის დაკავებული თანამდებობა და შესაბამისი შრომითი გასამრჯელო (ხელფასი, დანამატი), მაგრამ სამივლინებო თანხა, ისევე, როგორც ხელფასის თანხა და დანამატი, ასევე პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებაა, ვინაიდან, მოსამსახურის მივლინებაში გაშვება და შესაბამისი სამივლინებო თანხის მისთვის ანაზღაურება დაკავშირებულია დროის გარკვეულ პერიოდთან, თუმცა, ამავდროულად, სამივლინებო თანხა, ხელფასის თანხისა და დანამატისაგან განსხვავებით, არ არის მოქცეული “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 1341-ე მუხლის მოქმედების ფარგლებში. ამდენად, სამივლინებო თანხის, როგორც პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების, მოთხოვნა ექვემდებარება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებულ ხანდაზმულობის 3-წლიან ვადას.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან, რომ ჯ. ო-შვილმა, ე. ა-ძემ და ი. მ-ეკმა სარჩელი 2009 წლის 30 სექტემბერს აღძრეს, მოსარჩელეთა მოთხოვნა 2000-2004 წლების სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხანდაზმულია.
ამასთან, საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლზე, რომლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადის დენა წყდება თუ, ვალდებული პირი უფლებამოსილი პირის წინაშე ავანსის, პროცენტის გადახდით, გარანტიის მიცემით ან სხვაგვარად აღიარებს მოთხოვნის არსებობას. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის 2009 წლის 21 აგვისტოს ¹180/19 ცნობა არ შეიძლება გახდეს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 137-ე მუხლით განსაზღვრული ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველი, ვინაიდან, აღნიშნული ცნობა მხოლოდ საინფორმაციო ხასიათისაა, ამასთან, იგი არ შეიცავს ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ვალის აღიარების ან ვალის გადახდის დაპირების ელემენტებს (ს.ფ. 17).
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიაჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოსარჩელეებისათვის სამივლინებო თანხების ანაზღაურების ნაწილში არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლითაც გათვალისწინებულია სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სახეზეა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის საფუძველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაშვებულ მივლინების თანხების ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელეებისათვის სამივლინებო თანხების – ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ _ 484 ლარისა და ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ 476 ლარის ანაზღაურების ნაწილში გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს კონტროლის პალატის საკასაციო საჩივარი დაშვებულ სამივლინებო თანხების – ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ _ 484 ლარისა და ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ 476 ლარის ანაზღაურების ნაწილში დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება მოსარჩელეებისათვის სამივლინებო თანხების – ჯ. ო-შვილის სასარგებლოდ _ 488 ლარის, ე. ა-ძის სასარგებლოდ _ 484 ლარისა და ი. მ-ეკის სასარგებლოდ _ 476 ლარის ანაზღაურების ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ჯ. ო-შვილს; ე. ა-ძესა და ი. მ-ეკს უარი ეთქვათ 2000-2004 წლის სამივლინებო თანხის ანაზღაურებაზე ხანდაზმულობის გამო;
4. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.