საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-810-784(კ-10) 22 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა სს “...” საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სსიპ შემოსავლების სამსახურისა და მსხვილ გადამხდელთა დეპარტამენტის მიმართ.
2006 წლის 8 დეკემბერს სს “...” სასარჩელო, ხოლო შემდეგ დაზუსტებული სასარჩელო განცხადებებით მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხეების _ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურისა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციის მიმართ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან არსებული დავების განხილვის საბჭოს 2006 წლის 29 ნოემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა და მსხვილ გადამხდელთა საგადასახადო ინსპექციისათვის აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, გადასახადის გადამხდელის მოთხოვნის შესაბამისად, ამ მოთხოვნის საგადასახადო შემოწმებისა და შემოწმების შედეგად გამოვლენილი ზედმეტად გადახდილი თანხის უკან დაბრუნების დავალება მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით სს “...” სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინებით სს “...” სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2008 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს “...”, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო სასამართლო გაეცნო სს “...” საკასაციო საჩივარს და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლზე, რომლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი დარჩება განუხილველი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადაა 1 თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ სს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 ივნისის განჩინების ასლი ჩაბარდა 2010 წლის 28 აპრილს (IIტ., ს.ფ. 180), საკასაციო საჩივარი კი კასატორმა _ შპს “...” თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2010 წლის 31 მაისს, ანუ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული ერთთვიანი ვადის დარღვევით, რადგან ხსენებული განჩინების გასაჩივრების ვადა მისთვის საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე მუხლის თანახმად, 2010 წლის 28 მაისს, ოცდაოთხ საათზე ამოიწურა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სს “...” დაარღვია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული საკასაციო საჩივრის შეტანის ერთთვიანი ვადა, რის გამოც საკასაციო საჩივარი უნდა დარჩეს განუხილველი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს სს “...” საკასაციო საჩივარი;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.