Facebook Twitter
ბს-894-868(კ-10) 8 ივლისი, 2010 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:

ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სსხირტლაძე, ლევან მურუსიძე

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა კ. ძ-შვილის საკასაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებაზე.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2009 წლის 28 ივლისს კ. ძ-შვილმა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას მოპასუხე _ ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის გამგეობის, სსიპ მცირე სიმძლავრეების ელექტრონული მანქანების ტექნოლოგიების სამეცნიერო კვლევითი საპროექტო საკონსტრუქტორო ინსტიტუტის (მეტსი), ქალაქ თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეებს დაევალოთ უზრუნველყონ მისი ბინით დაკმაყოფილება.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით კ. ძ-შვილის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მითითებული განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა კ. ძ-შვილმა, რომლითაც მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინებით კ. ძ-შვილის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება.
აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა კ. ძ-შვილმა და მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 4 მაისის განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო კ. ძ-შვილის საკასაციო საჩივრის გაცნობის შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა არის ერთი თვე. ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად კი ითვლება ამ გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან ჩაბარება მითითებული კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად. საქმეში დაცული დასტურიდან ირკვევა, რომ კ. ძ-შვილის შვილიშვილს – მ. ძ-შვილს თბილისის სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება ჩაჰბარდა 2010 წლის 20 მაისს (ს.ფ. 85), კ. ძ-შვილის მიერ კი აღნიშნულ განჩინებაზე საკასაციო საჩივარი თბილისის სააპელაციო სასამართლოში შეტანილ იქნა 2010 წლის 22 ივნისს, ე.ი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 397-ე მუხლში მითითებული ერთთვიანი ვადის გადაცილებით.
საკასაციო სასამართლო ანალოგიის პრინციპის გამოყენებით მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 71-ე მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ჰბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით.
აღნიშნული კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო უწყების ჩამბარებელმა სასამართლოში გამოსაძახებელი პირი ვერ ნახა მხარის მიერ მითითებულ მისამართზე, იგი უწყებას აბარებს მასთან მცხოვრებ ოჯახის რომელიმე სრულწლოვან წევრს, ხოლო თუ უწყება ბარდება სამუშაო ადგილის მიხედვით - სამუშაო ადგილის ადმინისტრაციას. ამასთან, ხსენებული ნორმა ითვალისწინებს უწყების მიმღები პირის ვალდებულებას, უწყება დაუყოვნებლივ ჩააბაროს ადრესატს. უწყების ჩაბარება ამ ნაწილით გათვალისწინებული პირისათვის ჩაითვლება ჩაბარებულად ადრესატისათვის, რაც დასტურდება უწყების ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ვადაში. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თვეებით გამოსათვლელი ვადა გასულად ჩაითვლება ვადის უკანასკნელი თვის შესაბამის თვესა და რიცხვში, ხოლო ამავე მუხლის მეორე და მესამე ნაწილების თანახმად კი, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ ვადის უკანასკნელი დღე ემთხვევა უქმე და დასვენების დღეს, ვადის დამთავრების დღედ ჩაითვლება მისი მომდევნო პირველი სამუშაო დღე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კ. ძ-შვილს საკასაციო საჩივრის შეტანის ვადა ჰქონდა 2010 წლის 21 ივნისის ოცდაოთხ საათამდე, ხოლო კასატორის მიერ საკასაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 22 ივნისს, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული გასაჩივრების ვადის გადაცილების გამო.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 61-ე, 63-ე, 390-ე, 397-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. კ. ძ-შვილის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.