ბს-949-913(2კ-08) 10 ივნისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორები (მესამე პირები) _ 1) ამხანაგობა ,,...” და მ. ბ-შვილის უფლებამონაცვლე _ ნ. გ-უა; 2) მ. თ-ძე და გ. თ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე _ თ. ბ-ია (მოსარჩელე); საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახური; სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიურო (მოპასუხეები)
მესამე პირები _ გ. ი-შვილი, გ. ქ-შვილი, მ. რ-ძე; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო პოლიციის სამმართველო; საქართველოს ნოტარიუსთა პალატა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება
სარჩელის საგანი _ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების აღსრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2005 წლის 16 თებერვალს თ. ბ-იამ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხის _ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს და მესამე პირების _ სააღსრულებო დეპარტამენტის ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს, სააღსრულებო პოლიციის სამმართველოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, 100 000 აშშ დოლარისა და ზიანის _ 7500 აშშ დოლარის ანაზღაურების მოთხოვნით.
მოსარჩელის განმარტებით, ვაკის რაიონის გამგეობის 1999 წლის 19 მაისის განკარგულებით და 1999 წლის 30 მაისს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ თავმჯდომარესთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, იგი აღნიშნული ბინათმშენებლობის წევრი და ქ. თბილისში, ... გამზირზე 30ა-ში, პირველ საცხოვრებელ სართულზე მდებარე 200 კვ.მ ფართის ხუთოთახიანი ბინის მესაკუთრე გახდა.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... გამზირზე 30ა-ში მდებარე მშენებარე კორპუსს, თუმცა აღნიშნულ მშენებარე კორპუსს ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით თ. ბ-იასგან ფარულად მოეხსნა ყადაღა. მოსარჩელის განმარტებით, მან ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებაზე შეიტანა კერძო საჩივარი.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით თ. ბ-იას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ყადაღის მოხნის შესახებ თბილისის ვაკე–საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინება; ამავე განჩინებით გაუქმდა 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინების საფუძველზე სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრში განხორციელებული ქმედებები.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის მოსამზადებელ სტადიაზე მოსარჩელემ მოხსნა სარჩელი მესამე პირების _ სააღსრულებო პოლიციის სამმართველოსა და საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ დააზუსტა სარჩელი და საბოლოოდ მოპასუხისათვის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების აღსრულების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ბ-იამ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის საოქმო განჩინებით მოცემულ საქმეზე მოპასუხეებად დადგინდნენ _ ქ. თბილისის სააღსრულებო ბიურო და საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ხოლო მესამე პირად _ ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა “...”.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით თ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიმართ არ დაკმაყოფილდა; თ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა სააღსრულებო ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდა; სააღსრულებო ბიუროს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საჯარო რეესტრის მიერ აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, ქ. თბილისში, ... გამზ. 30ა-ში, ამხანაგობა ,,...“ მშენებარე კოპრუსის პირველი სადარბაზოს პირველი საცხოვრებელი სართულის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში 2004 წლის 17 სექტემბრის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს განჩინების საფუძველზე შესრულებული ქმედების გაუქმება დაევალა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს თ. ბ-იამ, თბილისის სააღსრულებო ბიურომ და ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,...“.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 17 თებერვლის განჩინებით თბილისის სააღსრულებო ბიუროს საკასაციო საჩივარი დარჩა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 2 მარტის განჩინებით თ. ბ-იას შუამდგომლობა დაკმაყოფილდა; საკასაციო საჩივარზე უარის თქმის გამო, შეწყდა თ. ბ-იას საკასაციო საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2006 წლის 10 აპრილის განჩინებით ინდივიდუალურ ბინათმენაშენეთა ამხანაგობა ,,...“ საკასაციო საჩივარი დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
2006 წლის 10 ნოემბერს მ. ბ-შვილმა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, ამავე პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის განჩინებით მ. ბ-შვილის განცხადება დაკმაყოფლდა; ბათილად იქნა ცნობილი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2005 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და განახლდა მოცემული საქმის წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2007 წლის 20 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, საქმეში მესამე პირებად ჩაებნენ ქ. თბილისში, ... გამზ. ¹30ა-ში პირველ სართულზე მცხოვრები პირები.
სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის სტადიაზე თ. ბ-იამ დააზუსტა მოთხოვნა და საბოლოოდ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურისა და ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროსათვის თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების დაუყოვნებლივ აღსრულება, კერძოდ, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინების შედეგად, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ქ. თბილისი, ... 30ა-ში მდებარე მშენებარე კორპუსის პირველი სადარბაზოს პირველ საცხოვრებელ სართულთან დაკავშირებით განხორციელებული ქმედების გაუქმების დავალდებულება მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით თ. ბ-იას სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; თ. ბ-იას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის მიმართ არ დაკმაყოფილდა; თ. ბ-იას სასარჩელო მოთხოვნა თბილისის სააღსრულებო ბიუროს მიმართ დაკმაყოფილდა; სააღსრულებო ბიუროს თბილისის ვაკე-საბურთალოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საჯარო რეესტრის მიერ აღსრულების უზრუნველყოფა, კერძოდ, ქ.თბილისში, ... გამზ. 30ა-ში, ამხანაგობა ,,...“ მშენებარე კოპრუსის პირველი სადარბაზოს პირველი საცხოვრებელი სართულის მიმართ, საჯარო რეესტრის ჩანაწერებში ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ქმედების გაუქმება დაევალა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, გარდა, 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გამოწვეული ქმედებების გაუქმებისა, მითითებული იყო ყადაღის აღდგენის აუცილებლობის შესახებ, რაც არ განხორციელებულა და რის გამოც 2004 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრში ქ. თბილისში, ... 30ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთსა და მშენებარე შენობა-ნაგებობებზე, ინდივიდუალურ ბინამშენებლობა ამხანაგობა ,,...“ წევრთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია განხორციელდა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლსა და მე-5 მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით ფაქტობრივად 2003 წლის 16 დეკემბრისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენა დადგინდა, რაც ავტომატურად შემდგომ პერიოდში საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების ბათილად ცნობას გულისხმობდა.
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის აღსასრულებლად, საჯარო რეესტრისათვის ზემოაღნიშნული ჩანაწერის გაუქმების თაობაზე მიეთითებინა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრეს ამხანაგობა ,,...“ და მ. ბ-შვილმა, ასევე მ. და გ. თ-ძეებმა. კასატორებმა გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე მთლიანად უარის თქმა მოითხოვეს.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საჯარო რეესტრში განხორციელებული რეგისტრაციის შემდგომ შესაძელებელი იყო მესაკუთრეებს მათ საკუთრებში არსებული ბინები მესამე პირებზე გაესხვისებინათ. რეგისტრაციის ავტომატურად გაუქმებით კი სასამართლო კეთილსიდნისიერი შემძენის ინტერესის სამართლებრივი საფუძვლის გარეშე შელახვის შესაძლებლობას უშვებდა.
Kკასატორების განმარტებით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს მსჯელობა სააღსრულებო ბიუროს მიერ საჯარო რეესტრის შეკითხვების პასუხად ამხანაგობის წევრების სახელზე განხორციელებული რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე, მითითების აუცილებლობის შესახებ. კასატორებმა აღნიშნეს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება სააღსრულებო ფურცელში არსებული ჩანაწერის განმარტება იყო და მხოლოდ გადაწყვეტილების გამომტანი სასამართლოს უფლებამოსილებას წარმოადგენდა.
Kკასატორების მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მთელი რიგი მუხლები.
კასატორების განმარტებით, 2004 წლის 24 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მოვალეებად არ იყვნენ მითითებული ის პირები, რომელთა საკუთრების უფლების რეგისტრაციის გაუქმებაც ავტომატურად უნდა მომხდარიყო.
კასატორებმა აღნიშნეს, რომ საჯარო რეესტრმა ამხანაგობა ,,...“ წევრთა საკუთრების უფლების რეგისტრაცია ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელა მაშინ, როდესაც უძრავი ქონების დაყადაღება ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, უფლებების რეგისტრაციაზე გავლენას არ ახდენდა, შესაბამისად, 2003 წლის 16 დეკემბრისათვის არსებული მდგომარეობის აღდგენა ავტომატურად არ გულისხმობდა, საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე მოქმედების ბათილად ცნობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 6 და 24 ნოემბრის განჩინებებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად წარმოებაში იქნა მიღებული ამხანაგობა ,,...“ და მ. ბ-შვილის, ასევე მ. და გ. თ-ძეების საკასაციო საჩივრები.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2008 წლის 17 დეკემბრის განჩინებით ამხანაგობა ,,...“ და მ. ბ-შვილის, ასევე მ. და გ. თ-ძეების საკასაციო საჩივრები მიჩნეულ იქნა დასაშვებად საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტის შესაბამისად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 18 თებერვლის საოქმო განჩინებით მ. ბ-შვილის გარდაცვალების გამო, უფლებამონაცვლის დადგენამდე შეჩერდა მოცემული საქმის წარმოება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 მარტის განჩინებით მ. ბ-შვილის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა _ ნ. გ-უა; ამხანაგობა ,,...“ და მ. და გ. თ-ძეების საკასაციო საჩივრებზე განახლდა საქმის წარმოება.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრების საფუძვლიანობა და მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრები არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ვინაიდან კასატორების მიერ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოა სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 1999 წლის 19 მაისის ვაკის რაიონის გამგეობის ¹197/5-03 განკარგულებით თ. ბ-ია, მეუღლესთან და ორ შვილთან ერთად მიიღეს ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ წევრად (ტ. I, ს.ფ. 7). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინებით თ. ბ-იას განცხადება დაკმაყოფილდა და ყადაღა დაედო ქ. თბილისში, ... 30ა-ში მდებარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ მშენებარე კორპუსს (ტ. I, ს.ფ. 18). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2003 წლის 16 დეკემბრის განჩინება და ყადაღა მოეხსნა ქ. თბილისში, ... 30ა-ში მდებარე მშენებარე კორპუსს (ტ. I, ს.ფ. 19). თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით გაუქმდა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინება და ამავე განჩინებით სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრში განხორციელებული ქმედებები (ტ. I, ს.ფ. 20-21).
საკასაციო სასამართლო ასევე მიუთითებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2004 წლის 23 დეკემბრის ¹ბ-491 წერილზე, რომლის თანახმად 2004 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრში რეგისტრირებულ იქნა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ წევრთა საკუთრების უფლება. აღნიშნული წერილითვე ირკვევა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ სასამართლო განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო განკარგულების განმარტების მიზნით მიმართა ქ. თბილისის სააღსრულებო ბიუროს, რათა გაერკვია, სრულყოფილად აღსრულდა თუ არა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინება და გულისხმობდა თუ არა სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 7 დეკემბრისა და 27 დეკემბრის ¹01/23 მიმართვები, 2004 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ განხორციელებული ჩანაწერის ბათილად ცნობას, რაზეც სააღსრულებო ბიუროს მხრიდან პასუხი არ გაცემულა (ტ. I, ს.ფ. 24-25).
საკასაციო სასამართლო მიუთითებს თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებაზე და განმარტავს, რომ აღნიშნული განჩინების სარეზოლუციო ნაწილში, გარდა ყადაღის აღდგენის აუცილებლობისა, მითითებულია 2004 წლის 17 სექტემბრის განჩინებით სააღსრულებო ბიუროსა და საჯარო რეესტრში გამოწვეული ქმედებების გაუქმების თაობაზე (ტ. I, ს.ფ. 20).
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და არც მხარეები ხდიან სადავოდ იმ ფაქტს, რომ 2004 წლის 19 ნოემბერს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ინდივიდუალურ ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ წევრთა საკუთრების უფლება (ტ. I, ს.ფ. 25). საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ თ. ბ-იას სარჩელის საგანს სწორედ ამ ჩანაწერის ბათილად ცნობა წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს “სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის 631-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, ბათილია ყადაღადადებულ უძრავ ქონებაზე ყადაღის დადების შემდეგ ამავე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ყველა გარიგება. საკასაციო სასამართლო ამ ნორმის შინაარსიდან გამომდინარე განმარტავს, რომ ვინაიდან, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინებით აღდგა 2003 წლის 16 დეკემბრისათვის არსებული მდგომარეობა ანუ კვლავ დაედო ყადაღა ქ. თბილისში, ... 30ა-ში მდებარე ინდივიდუალური ბინათმშენებლობის ამხანაგობა ,,...“ მშენებარე კორპუსს, ამის შემდგომ პერიოდში საჯარო რეესტრის მიერ განხორციელებული ნებისმიერი იურიდიული მნიშვნელობის მქონე ქმედება ბათილია.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ” საქართველოს კანონის პირველ და მე-5 მუხლებზე და განმარტავს, რომ ორგანოს რომელსაც ევალება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებათა აღსრულება, წარმოადგენს სააღსრულებო ბიურო, რომელიც მოქმედებს სასამართლოს აღმასრულებლის მეშვეობით. საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ სააღსრულებო ბიურო ვალდებული იყო თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განემარტა ზემოაღნიშნული ჩანაწერის ბათილად ცნობის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების მოსაზრებას იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ბიუროს მიერ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცლის შესასრულებლად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსათვის განმარტების მიცემა გადაწყვეტილების განმარტებას წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გადაწყვეტილების გამომტან სასამართლოს უფლება აქვს მხარეთა ან აღმასრულებლის განცხადებით, გადაწყვეტილების აღსრულების ხელშეწყობის მიზნით განმარტოს გადაწყვეტილება სარეზოლუციო ნაწილის შეუცვლელად, იმ შემთხვევში, თუ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანია.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ითხოვდა არა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2004 წლის 26 ნოემბრის განჩინების სარეზოლუციო ნაწილის, არამედ სააღსრულებო ბიუროს 2004 წლის 7 დეკემბრისა და 27 დეკემბრის ¹01/23 მიმართვების განმარტებას, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 262-ე მუხლით გათვალისწინებულ გადაწყვეტილების განმარტებას არ წარმოადგენს და სააღსრულებო ბიუროს უფლებამოსილებას მიეკუთვნება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მოცემულ საქმეზე მიიღო კანონიერი და დასაბუთებული გადაწყვეტილება, რის გამოც არ არსებობს საკასაციო საჩივრების დაკმაყოფილებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. და გ. თ-ძეების; ამხანაგობა ,,...“ და მ. ბ-შვილის უფლებამონაცვლის _ ნ. გ-უას საკასაციო საჩივრები არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2008 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.