ბს-983-941 (კ-09) 25 იანვარი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი (მოსარჩელე) _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრო
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ შპს “...”
გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება
საკასაციო საჩივრის მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით შპს “...” თანხის დაკისრება
სარჩელის საგანი _ თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამარლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას 2007 წლის 27 ივნისს სასარჩელო განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ მოპასუხის _ შპს “...” მიმართ და ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით შესრულებისათვის საურავის _ 498949,14 ლარის გადახდის დაკისრება მოითხოვა.
მოსარჩელის განმარტებით, 2006 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტის სამინიტროსა (შემსყიდველს) და შპს “...” (მიმწოდებელს) შორის გაფორმდა ¹269.03.05-8303 სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა მიმწოდებლის მიერ საქართველო-სომხეთის 330 კვ (400 კვ გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის დაპროექტებას ხელშეკრულების პირობებისა და მასზე დართული გეგმა-გრაფიკის მიხედვით. ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენდა 2574200 ლარს. გეგმა-გრაფიკის მიხედვით სამუშაოები დაყოფილ იქნა ეტაპებად და თითოეულ ეტაპზე განსაზღვრულ იქნა სამუშაოების დასრულების ვადა და შესაბამისი ღირებულება. გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტების მიხედვით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოები დასრულებულ იქნა ხელშეკრულებისა და მასზე დართული გეგმა-გრაფიკის ვადების გადაცდენით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს სამუშაოს შესრულების ვადების გადაცდენისათვის უნდა დაკისრებოდა საურავი ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებით შესრულებული სამუშაოების ღირებულების 0,5%-ის ოდენობით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 498949,14 ლარს. შპს “...” 2007 წ. 11 ივნისს გაგზავნილი ¹05/1088 წერილით მოპასუხეს ეცნობა დავალიანების თაობაზე. მიუხედავად ამისა, შპს “...” მიერ დავალიანების დაფარვა არ მომხდარა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს “...” საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარგებლოდ დაეკისრა 2006 წლის 16 მაისს ¹69.03.05-8303 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაგვიანებით შესრულების გამო პირგასამტეხლოს სახით 33285 (ოცდაცამეტიათას ორას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა. შპს “...” დაეკისრა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის _ 988,55 აშშ დოლარის შესაბამისი ლარის ოდენობით გადახდა.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2006 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა (შემსყიდველს) და შპს “...” (მიმწოდებელს) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების 4.2 პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების პირობებმა, ეტაპებმა და წესმა ასახვა ჰპოვა ხელშეკრულების სფეციფიკურ პირობებში. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ საქართველო-სომხეთის 330კვ (400კვ გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის დაპროექტება ტექნიკური პირობებითა და მომსახურების გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან მისი ეტაპის შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5% ოდენობით. 2006 წლის 23 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 2006 წლის 16 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების ფასი, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი მომსახურების მოცულობა და მომსახურების გაწევის გრაფიკი, კერძოდ, ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაო დაიყო რვა ეტაპად და განისაზღვრა თითოეული ეტაპის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა და შესრულების ღირებულება ხელშეკრულების ¹2აª და ¹3ა დანართების შესაბამისად:
I ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 500 კვ. ეგხ ,,მუხრანის” რეაბილიტაციის პროექტი ქსნის 500 კვ ქვესადგურიდან ¹42 ანძამდე 73.9კმ. (განმარტებითი ბარათი, მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვა), აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 10 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად 222.000 (ორასოცდაორი ათასი) აშშ დოლარი;
II ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ეგხ 500 კვ ეგხ ,,მუხრანის” ¹42 ანძიდან საქართველოს სომხეთის საზღვრამდე 18.3კმ. (განმარტებითი ბარათი, ეგხ-სა და დროებითი მისასვლელი გზების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები, საწყისი მონაცემები მიწების გამოყოფის პროექტებისათვის) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 103.000 (ასსამი ათასი) აშშ დოლარი;
III ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 220 კვ გამომყვანი უჯრედი ქსნის 500 კვ. ქვესადგურის კვ ღგმ-ზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული და სამშენებლო ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 30 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 90.000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;
IV ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ეგხ საქართველოს სომხეთის საზღვრიდან 330 კვ ეგხ ,,ათარბეკიანის” ¹86 ანძამდე, 42 კმ. (განმარტებითი ბარათი, ეგხ-სა და დროებითი მისასვლელი გზების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები, საწყისი მონაცემები მიწების გამოყოფის პროექტებისათვის) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 10 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 332.000 (სამასოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარი;
VII ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ფართის პროექტი ქსნის 500 კვ ქვესადგურზე, 500/400 კვ ძალოვანი ავტოტრანსფორმატორით, 500 კვ 180 მვარ რეაქტორის მიერთების შენარჩუნებით 500 კვ ძაბვაზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული, სამშენებლო და სანტექნიკური ნაწილების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები,) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 23 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 265.000 (ორასსამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი;
VIII ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: მ.შ. დენების, სისტემების პარალელური მუშაობის რეჟიმების, სარელეო დაცვის დანაყენების ანგარიშები. დაცვის, მართვის ავტომატიკის, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის, ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების, ინფორმაციის გადაცემის საშუალებათა შერჩევა, დაპროექტება დროებითი სქემისათვის, 220 კვ ძაბვაზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული, სამშენებლო და სანტექნიკური ნაწილების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 151.000 (ასორმოცდათერთმეტი ათასი) აშშ დოლარი.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ 2007 წლის 20 აპრილსა და 16 მაისს მიმართა შპს “...” და აცნობა, რომ მის სასარგებლოდ ერიცხებოდა საჯარიმო სანქციები 31290 აშშ დოლარის (შესაბამისი კურსით ლარებში) ოდენობით. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ¹05/1088 წერილით კვლავ მიმართა მოპასუხე შპს “...” და აცნობა, რომ 2006 წლის 16 მაისს გაფორმებული ¹69.03.05-8303 ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დაგვიანებით შესრულების გამო, ამავე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის თანახმად, ერიცხებოდა საჯარიმო სანქციები 286 670 აშშ დოლარის ოდენობით. აღნიშნული წერილის ანალიზიდან გამომდინარე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ ჩათვალა, რომ მოპასუხე საზოგადოების მიერ დარღვეულ იქნა ხელშეკრულების ¹2აªდანართის I, II, III, IV, VII და VIII ეტაპების შესაბამისად განსაზღვრული მომსახურების შესრულების ვადები. მოსარჩელემ მიიჩნია, რომ შპს “...” უნდა გადაეხადა საჯარიმო სანქცია ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი მომსახურების შესრულების თარიღიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესრულებული მომსახურების ღირებულების 0.5 % ოდენობით.
საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ გაიზიარა მოსარჩელე მხარის პოზიცია მოპასუხე შპს “...” მიერ 2006 წლის 16 მაისს გაფორმებული ¹69.03.05-8303 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაგვიანებით შესრულების შესახებ და მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გადახდა შპს “...” ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის შესრულებული სამუშაოს ღირებულების 0.5% ოდენობით უნდა დაკისრებოდა არა ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი მომსახურების შესრულების თარიღიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე, არამედ ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი მომსახურების შესრულების თარიღიდან შესრულებული სამუშაოს შესახებ წარდგენილი დოკუმენტაციის თარიღამდე პერიოდისათვის.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილზე და განმარტა, რომ 2006 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს “...” შორის გაფორმებული ¹69.03.05-8303 ხელშეკრულება წარმოადგენდა ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას, რომლის მიმართაც გამოიყენებოდა ასევე ხელშეკრულების შესახებ სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული მოთხოვნები. საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ იგი წარმოადგენდა ნარდობის ხელშეკრულებას და საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლისა და მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 2.1 პუნქტის თანახმად, შპს “...” ვალდებულებას წარმოადგენდა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისათვის საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსათვის წარედგინა ხელშეკრულების 2ა დანართით განსაზღვრულ ვადაში მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელთა წარდგენიდან 10 დღის ვადაში სამინისტრო, თავის მხრივ, ვალდებული იყო გაეფორმებინა მიღება-ჩაბარების აქტი. ამდენად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლოს გადახდა უნდა დაკისრებოდა მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ხელშეკრულების 2ა დანართით განსაზღვრულ ვადაში წარუდგენლობისთვის დაგვიანებული დღეების პროპორციულად.
საქალაქო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილზე და საქმეში წარმოდგენილი შპს “...” დირექტორის ¹391/ჩ, ¹407/ჩ, ¹457/ჩ, ¹459/ჩ, ¹521/ჩ მიმართვების საფუძველზე მიიჩნია, რომ 2006 წლის 16 მაისს გაფორმებული ¹69.03.05-8303 ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების დაგვიანებით შესრულების გამო შპს “...” პირგასამტეხლოს სახით უნდა დაკისრებოდა სულ 33 285 (ოცდაცამეტიათას ორას ოთხმოცდახუთი) აშშ დოლარის შესაბამისი ლარის გადახდა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სასარგებლოდ.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო წესით როგორც მოსარჩელის _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს, ისე მოპასუხის _ შპს “...”-ს მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის სხდომაზე აპელანტებმა დააზუსტეს სააპელაციო მოთხოვნები.
საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების ნაწილობრივ _ 465 664 აშშ დოლარის მოპასუხისთვის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სარჩელის სრულად დაკმაყოფილება, კერძოდ, მოპასუხისათვის 2006 წლის 16 მაისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ვადაგადაცილებით შესრულების გამო სანქცია-საურავის სახით 465 664 აშშ დოლარის ექვივალენტის ლარებში გადახდის დაკისრება მოითხოვა.
შპს “...” თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილების სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელისათვის სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უსაფუძვლობის გამო უარის თქმა მოითხოვა. მანვე მოითხოვა მოსარჩელე ადმინისტრაციულ ორგანოს დაკისრებოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ დავა არსებითად სწორად გადაწყვიტა, შესაბამისად, უსაფუძვლობის გამო არ უნდა დაკმაყოფილებულიყო საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა და შპს “...”-ს სააპელაციო საჩივრები და უცვლელად უნდა დარჩენილიყო თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2007 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ უსაფუძვლობის გამო არ გაიზიარა შპს “...” მოსაზრება, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის დარღვევით მოსარჩელეს მიაკუთვნა ის, რაც მას არ უთხოვია, ამასთანავე გაიზიარა საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მოსაზრება და მიიჩნია, რომ სასამართლო არ გაცდენია სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებს, მოპასუხე მხარეს დააკისრა სანქცია-საურავი იმაზე ნაკლები ვიდრე ამას მოსარჩელე მოითხოვდა.
სააპელაციო პალატამ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლსა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლზე მითითებით მიიჩნია, რომ არც საქმის მასალებით არ დასტურდებოდა და არც მხარეებს არ წარუდგენიათ საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საწინააღმდეგო მტკიცებულებები, რის გამოც არ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ _ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში განჩინების გაუქმება და სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საკასაციო საჩივრის ავტორმა მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ გარემოებებზე, არ დაეთანხმა სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებულ განჩინებას და მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლო საქალაქო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და მათ სამართლებრივ შეფასებებს დაეთანხმა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებია და არასწორად განმარტა კანონი. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლომ მისი სასარჩელო მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ, მოპასუხეს დააკისრა საურავი არა ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი მომსახურების შესრულების თარიღიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე, არამედ შესაბამისი დოკუმენტაციის შემსყიდველისათვის წარდგენის თარიღამდე. კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლოს ეს დასკვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ეწინააღმდეგება კანონს “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” და ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1. პუნქტს. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მითითებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლზე და მიიჩნევს, რომ სასამართლო არასრულად განმარტავს მას. ნარდობის ხელშეკრულება თავისი შინაარსით არ ეწინააღმდეგება “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე გაფორმებულ ხელშეკრულებას, რომლის შესაბამისად, სამუშაო მიღებულად ითვლება მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. ამ შემთხვევაში “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონი არის სპეციალური კანონი, რომელიც ადგენს სამუშაოს მიღების სპეციალურ წესს და აკონკრეტებს სამართლებრივ ურთიერთობას მხარეთა შორის. აღნიშნულ კანონს საერთო სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, გააჩნია უპირატესი იურიდიული ძალა ზოგად ნორმებთან მიმართებით და განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული უნდა ყოფილიყო სპეციალური ნორმა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 16 ივლისის განჩინებით საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული, ხოლო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2009 წლის 5 ოქტომბრის განჩინებით ცნობილ იქნა დასაშვებად და დადგინდა საქმის განხილვა ზეპირი მოსმენით. 2010 წლის 12 იანვრის საოქმო განჩინებით საქმის განხილვა გადაინიშნა ზეპირი მოსმენის გარეშე
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და მიიჩნევს, რომ საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს, საქმის მასალების მიხედვით, დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2006 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა (შემსყიდველს) და შპს “...” (მიმწოდებელს) შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების საერთო პირობების 4.2-ე პუნქტის თანახმად, შესყიდვის ობიექტის მიღებისა და საბოლოო შემოწმების პირობებმა, ეტაპებმა და წესმა ასახვა ჰპოვა ხელშეკრულების სფეციფიკურ პირობებში. 2006 წლის 23 ოქტომბერს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება 2006 წლის 16 მაისის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლის თანახმად, შეიცვალა ხელშეკრულების ფასი, მიმწოდებლის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული შესასრულებელი მომსახურების მოცულობა და მომსახურების გაწევის გრაფიკი, კერძოდ, ხელშეკრულებით შესასრულებელი სამუშაო დაიყო რვა ეტაპად და განისაღვრა თითოეული ეტაპის შესასრულებელი სამუშაოს მოცულობა, შესრულების ვადა და შესრულების ღირებულება ხელშეკრულების ¹2აª და ¹3ა დანართების შესაბამისად:
I ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 500 კვ. ეგხ ,,მუხრანის” რეაბილიტაციის პროექტი ქსნის 500 კვ ქვესადგურიდან ¹42 ანძამდე 73.9კმ. (განმარტებითი ბარათი, მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვა), აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 10 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 222.000 (ორასოცდაორი ათასი) აშშ დოლარი;
II ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ეგხ 500 კვ ეგხ ,,მუხრანის” ¹42 ანძიდან საქართველოს სომხეთის საზღვრამდე 18.3კმ. (განმარტებითი ბარათი, ეგხ-სა და დროებითი მისასვლელი გზების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები, საწყისი მონაცემები მიწების გამოყოფის პროექტებისათვის) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 103.000 (ასსამი ათასი) აშშ დოლარი;
III ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 220 კვ გამომყვანი უჯრედი ქსნის 500 კვ. ქვესადგურის კვ ღგმ-ზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული და სამშენებლო ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 30 ნოემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 90.000 (ოთხმოცდაათი ათასი) აშშ დოლარი;
IV ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ეგხ საქართველოს სომხეთის საზღვრიდან 330 კვ ეგხ ,,ათარბეკიანის” ¹86 ანძამდე, 42 კმ. (განმარტებითი ბარათი, ეგხ-სა და დროებითი მისასვლელი გზების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები, საწყისი მონაცემები მიწების გამოყოფის პროექტებისათვის) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 10 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 332.000 (სამასოცდათორმეტი ათასი) აშშ დოლარი;
VII ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: 400 კვ ფართის პროექტი ქსნის 500 კვ ქვესადგურზე, 500/400 კვ ძალოვანი ავტოტრანსფორმატორით, 500 კვ 180 მვარ რეაქტორის მიერთების შენარჩუნებით 500 კვ ძაბვაზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული, სამშენებლო და სანტექნიკური ნაწილების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტი ხარჯთაღრიცხვები,) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 23 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად _ 265.000 (ორასსამოცდახუთი ათასი) აშშ დოლარი;
VIII ეტაპზე უნდა შესრულებულიყო: მშ დენების, სისტემების პარალელური მუშაობის რეჟიმების, სარელეო დაცვის დანაყენების ანგარიშები. დაცვის, მართვის ავტომატიკის, ავარიის საწინააღმდეგო ავტომატიკის, ელექტროენერგიის აღრიცხვის სისტემების, ინფორმაციის გადაცემის საშუალებათა შერჩევა, დაპროექტება დროებითი სქემისათვის, 220 კვ ძაბვაზე. (განმარტებითი ბარათი, ანგარიშები, ელექტრული, სამშენებლო და სანტექნიკური ნაწილების მუშა ნახაზები, სპეციფიკაციები, ლოკალური და საობიექტო ხარჯთაღრიცხვები) აღნიშნული ეტაპის შესასრულებელი მომსახურების ვადად განისაზღვრა 2006 წლის 25 დეკემბერი, ხოლო მომსახურების ღირებულებად 151.000 (ასორმოცდათერთმეტი ათასი) აშშ დოლარი.
ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების თანახმად, ხელშეკრულების საგნად განისაზღვრა მიმწოდებლის მიერ საქართველო-სომხეთის 330კვ (400კვ გაბარიტებში) ელექტროგადამცემი ხაზის დაპროექტება ტექნიკური პირობებითა და მომსახურების გრაფიკით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. ამავე ხელშეკრულების მე-8 პუნქტით განისაზღვრა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მხარეთა უფლება-მოვალეობანი, კერძოდ, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან მისი ეტაპის შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5% ოდენობით.
საკასაციო საჩივრის პრეტენზია არ შეეხება სასამართლოს მიერ დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებას, თუ როდის იქნა წარდგენილი თითოეული ეტაპის დასრულების ამსახველი დოკუმენტაცია შპს “...” მიერ. ამდენად, საკასაციო პალატა უდავოდ დადგენილად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ იმ გარემოებას, რომ შპს “...” დირექტორის ¹391/ჩ, ¹407/ჩ, ¹457/ჩ, ¹459/ჩ და ¹521/ჩ მიმართვებით შესაბამისი ეტაპების დასრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენა მოხდა ეტაპების მიხედვით, დაგვიანებით. კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს მიერ მოპასუხისათვის საურავის დაკისრებას შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენამდე პერიოდისათვის და თვლის, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის შესაბამისად გაფორმებული ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 მუხლიდან გამომდინარე, მოპასუხეს საურავი უნდა დაკისრებოდა ხელშეკრულებით დადგენილი შესაბამისი მომსახურების შესრულების თარიღიდან მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების თარიღამდე.
საკასაციო პალატა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, მართებულად მიიჩნევს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის გადასაწყვეტად სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლის გამოყენებას. ამასთან, საკასაციო სასამართლო ადასტურებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ შპს “...” მხრიდან შესრულებული სამუშაოს შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენით სახეზეა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ვადაგადაცილებად მიჩნეული უნდა იქნეს დროის მონაკვეთი მხოლოდ ვალდებულების შესასრულებლად დათქმული თარიღიდან დოკუმენტაციის წარდგენამდე. 2006 წლის 16 მაისს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსა (შემსყიდველს) და შპს ,,...” (მიმწოდებელს) შორის სახელმწიფო შესყიდვების შესახებ გაფორმებულ ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების 8.1 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ან მისი ეტაპის შესრულების ვადის გადაცდენის შემთხვევაში ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე მიმწოდებელს დაეკისრებოდა პირგასამტეხლოს გადახდა შეუსრულებელი ვალდებულების ღირებულების 0.5% ოდენობით. ხელშეკრულების სპეციფიკური პირობების მე-4 მუხლი ადგენს შესყიდვის ობიექტის მიღება-ჩაბარების წესს. კერძოდ, მიღება-ჩაბარების აქტი უნდა გაფორმებულიყო წერილობითი ფორმით, ამასთან ორივე მხარის უფლებამოსილი წარმომადგენლების ხელმოწერით, მიმწოდებლის მიერ სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაციის წარდგენიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღისა. ამდენად, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ითვალისწინებს ხელშეკრულების მონაწილე პირთა ორმხრივ ვალდებულებას, კერძოდ, მიმწოდებელის ვალდებულებას _ დადგენილ დროს წარედგინა სამუშაოს შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია, ხოლო შემსყიდველის ვალდებულებას _ დოკუმენტაციის წარდგენიდან 10 დღის ვადაში მოეხდინა მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება ინსპექტირების ჯგუფის დადებითი დასკვნის საფუძველზე. საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ თითოეული ეტაპის დასრულების ამსახველი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება დაყოვნდა შპს “...” ბრალეული ქმედებით, რაც შესაძლოა, გამოხატულიყო ინსპექტირების ჯგუფის მუშაობისათვის ხელშეშლით, აღმოჩენილი ხარვეზის გამოუსწორებლობით, მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებისას მისი გამოუცხადებლობით და სხვა.
საკასაციო სასამართლო უსაფუძლოდ მიიჩნევს კასატორის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონს სამართლის ზოგად ნორმებთან მიმართებით გააჩნია უპირატესი ძალა. “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონის მე-16 მუხლის მეორე პუნქტის (2006 წლის 16 მაისს მოქმედი რედაქციის) თანახმად, ხელშეკრულების აუცილებელი პირობები განისაზღვრება შესაბამისი ნორმატიული აქტით. ამ ნორმის საფუძველზე შემუშავებული “სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების წესის შესახებ დებულების” 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ითვალისწინებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაში შესატან აუცილებელ ელემენტებსა და პირობებს. კერძოდ, “ე” ქვეპუნქტის თანახმად, მითითებული უნდა იყოს საქონლის მიწოდების, სამუშაოს შესრულების, მომსახურების გაწევის ეტაპობრივი ვადები და ადგილი, ხოლო “ვ” ქვეპუნქტის თანახმად, _ საქონლის სამუშაოების, მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი. აღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი, ასევე მის საფუძველზე მიღებული ნორმატიული აქტი _ დებულება, შემსყიდველის მიერ სამუშაოს მიღების სამოქალაქო კოდექსის 649-ე მუხლისაგან განსხვავებულ, კონკრეტულ წესს არ ადგენს. აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სპეციალური ნორმები მიუთითებს მხოლოდ მხარეებს შორის სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ხელშეკრულების დადების წესსა და მასში მისათითებელ აუცილებელ ელემენტებზე. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონისა და ხელშეკრულების თანახმად, სამუშაო ან მისი ეტაპი შესრულებულად ითვლება მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ. როგორც აღინიშნა, “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” კანონი ამგვარ დათქმას არ შეიცავს, ხოლო ხელშეკრულების 8.1 მუხლის მეორე წინადადება, რომელიც ამ წესს ადგენს, განხილულ უნდა იქნეს ხელშეკრულების სხვა მუხლებთან ერთობლიობაში. იმ პირობებში, როდესაც მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება მოიცავს მხარეთა ორმხრივ ვალდებულებას, ხოლო სამუშაოს შესრულებულად ჩათვლა დამოკიდებულია მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებასთან, შესრულებული სამუშაოს მიღების დაყოვნება (ამ შემთხვევაში მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების დაყოვნება) ვერ წარმოშობს შემსრულებლის პასუხისმგებლობას სამუშაოს შესრულების ვადის გადაცდენისათვის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. დასაშვებ და დასაბუთებულ საკასაციო პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს, რამაც გამოიწვია ფაქტობრივი გარემოებების არასწორი შეფასება. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორის მიერ არ არის წარმოდგენილი დასაშვები და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია. შესაბამისად, მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება მიღებულია კანონის შესაბამისად, არ არსებობს მისი გაუქმების და საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სასკ-ის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და 410-ე მუხლით,
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 3 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.