Facebook Twitter
ბს-198-195(კს-11) 24 მარტი, 2011 წელი
ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა

შემადგენლობა:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი _ საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

მოწინააღმდეგე მხარე _ შ. თ-ძე (მოსარჩელე);

მოპასუხე _ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო

დავის საგანი _ მესამე პირად ჩაბმა

გასაჩივრებული განჩინება _ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2009 წლის 5 თებერვალს შ. თ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას, მოპასუხის _ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიმართ.
მოსარჩელემ ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს მიერ 2004 წლის 7 აგვისტოს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში მითითებული მოვალის, საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი შეცვლა და ახალი სააღსრულებო ფურცლის გაცემა მოითხოვა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებით შ. თ-ძის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა; საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების (ინფრასტრუქტურისა და განვითარების) სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაცია შეიცვალა უფლებამონაცვლით – საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროთი და გაცემულ იქნა ახალი სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; შ. თ-ძის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 1 ივლისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით შ. თ-ძისათვის დანიშნული ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს – 640 ლარის გადახდის ნაწილში, ლიკვიდირებული საქართველოს ტრანსპორტისა და კომუნიკაციების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის ადმინისტრაციის უფლებამონაცვლედ 2007 წლის 1 სექტემბრამდე პერიოდში დადგენილ იქნა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრო და გაიცა სააღსრულებო ფურცელი.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში საკასაციო წესით გაასაჩივრა შ. თ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებულ ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და სასარჩელო მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 3 თებერვლის განჩინებით შ. თ-ძის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დაუშვებლად.
2010 წლის 6 ივლისს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის საფუძველზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, საქმის წარმოების განახლება და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 432-ე მუხლის საფუძველზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულების შეჩერება მოითხოვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ განცხადებაში აღნიშნა, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის პირველი ნაწილის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება დაინტერესებული პირის განცხადებით შეიძლება ბათილად იქნეს ცნობილი თუ პირი, რომლის უფლებებსა და კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს უშუალოდ ეხება მიღებული გადაწყვეტილება, არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე. საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო არ იყო მოწვეული საქმის განხილვაზე და არ ყოფილა ჩაბმული სამართალწარმოებაში, რაც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 422-ე მუხლის თანახმად გადაწყვეტილების ბათილად ცნობის საფუძველია. განმცხადებლის მითითებით, სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ შ. თ-ძის სასარგებლოდ ვნების მიყენების შედეგად ყოველთვიური სარჩოს გადახდა შეეხებოდა საქართველოს ფინანასთა სამინისტროს კანონით გათვალისწინებულ ინტერესებს.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადება დაკმაყოფილდა; გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილება; განახლდა საქმის წარმოება თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაცო საჩივართან დაკავშირებით; თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2009 წლის 21 აპრილის გადაწყვეტილებაზე აპელანტ – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააპელაციო საჩივართან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის მომენტამდე შეჩერდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 27 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით ამავე სასამართლოს მიერ 2010 წლის 9 მარტს გაცემული საააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის საოქმო განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე კერძო საჩივარი წარადგინა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირად ჩაბმა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი განმარტავს, რომ სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩააბა საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით აღნიშნულ დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო უნდა იქნეს ჩაბმული საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ ხსენებული კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით შემდეგ გარემოებათა გამო:
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ მართალია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 10 თებერვლის განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, მაგრამ კერძო საჩივრის განხილვისას საკასაციო სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული, რადგან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 399-ე მუხლის მიხედვით საქმის განხილვა საკასაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რომლებიც დადგენილია სააპელაციო სასამართლოში საქმეთა განხილვისათვის, გარდა იმ გამონაკლისებისა, რომელთაც ეს თავი შეიცავს. ამავე კოდექსის 372-ე მუხლით საქმის განხილვა სააპელაციო სასამართლოში წარმოებს იმ წესების დაცვით, რაც დადგენილია პირველი ინსტანციით საქმეთა განხილვისათვის, ამ თავში მოცემული ცვლილებებითა და დამატებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 187-ე მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადების თანახმად, თუ სარჩელის მიღებაზე უარის თქმის საფუძველი გამოვლინდება ამ სარჩელის წარმოებაში მიღების შემდეგ, მაშინ იმის მიხედვით, თუ როგორია ეს საფუძველი, სასამართლო შეწყვეტს საქმის წარმოებას ან სარჩელს განუხილველად დატოვებს.
საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული, მესამე პირად ჩაბმის შესახებ სააპელაციო სასამართლოს 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებით საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირად ჩაება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო. ამასთან, სასამართლომ აღნიშნული განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განუმარტა გასაჩივრების შესაძლებლობა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მესამე პირების ინსტიტუტი უფლებას აძლევს მათ მოახდინონ საკუთარი კერძო, სუბიექტური ინტერესების დაცვა და რეალიზება ადმინისტრაციული პროცესის ფარგლებში. მესამე პირების ინსტიტუტის საფუძველს ადმინისტარციულ კანონმდებლობაში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლი ქმნის. ამასთან, აღნიშნული მუხლის თანახმად, კანონმდებელი განასხვავებს მესამე პირების ჩვეულებრივ და სავალდებულო (აუცილებელ) ჩაბმას. მე-16 მუხლის პირველი ნაწილი სწორედ მესამე პირთა ჩვეულებრივი წესით ჩაბმის ფორმულირებას შეიცავს, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილი – სავალდებულო, აუცილებელი ჩაბმის ფორმულირებას. ადმინისტრაციულ პროცესში მესამე პირთა ჩვეულებრივ და სავალდებულო ფორმით ჩაბმას შორის განსხვავებას მნიშვნელობა ენიჭება სწორედ მათთვის საპროცესო უფლებაუნარიანობისა და ქმედუნარიანობის მინიჭების თვალსაზრისით. ადმინისტრაციულ პროცესში ჩვეულებრივი ფორმით ჩაბმული მესამე პირები უფრო შეზღუდული უფლებებით სარგებლობენ, ვიდრე სავალდებულო ფორმით ჩაბმული მესამე პირები.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი ადგენს მესამე პირების პროცესში ჩაბმის ან ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ გამოტანილი განჩინებების გასაჩივრების წესს. კერძოდ, მესამე პირის საქმეში ჩაბმაზე უარის თქმის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-23 ნაწილის მიხედვით დაიშვება კერძო საჩივრის შეტანა. რაც შეეხება საქმეში მესამე პირის ჩაბმის შესახებ განჩინებას, მისი გასაჩივრება განსხვავებულადაა მოწესრიგებული. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, განჩინება საქმეში ჩვეულებრივი მიწვევის (სასკ-ის 16.1. მუხლი) მესამე პირის ჩაბმის შესახებ არ საჩივრდება, ხოლო განჩინება საქმეში სავალდებულო მიწვევის (სასკ-ის 16.2. მუხლი) მესამე პირის ჩაბმის შესახებ შეიძლება კერძო საჩივრით გასაჩივრდეს მხოლოდ იმ პირის მიერ, რომელიც ჩაბმულ იქნა საქმეში. ყველა შემთხვევაში განჩინებაში უნდა მიეთითოს მისი გასაჩივრების წესის შესახებ. ამდენად, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ფინანსთაA სამინისტროს ჩვეულებრივი წესით მიწვეულ მესამე პირად ჩაბმის შესახებ განჩინება კანონმდებლობით გასაჩივრებას არ ექვემდებარება, სასამართლომ კანონის მოთხოვნათა საწინააღმდეგოდ მაინც მიუთითა გასაჩივრების შესაძლებლობაზე, რასაც საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში კერძო საჩივრის ავტორი - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით საქმეში ჩაბმული ჩვეულებრივი მიწვევის მესამე პირია, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და მე-16 მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით არ სარგებლობს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების პროცესუალური უფლებით, რის გამოც მისი კერძო საჩივარი განუხილველად უნდა იქნეს დატოვებული.
ამასთან, შეუსაბამოა კერძო საჩივარი თავისი მოტივებით. კერძო საჩივრის ავტორი საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე ჩაბმას ითხოვს იმ პირობებში, როდესაც იგი რეალურად, გასაჩივრებული განჩინებით სწორედ მე-16 მუხლის პირველი ნაწილითაა ჩაბმული.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ კერძო საჩივარი სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთაA პალატის 2010 წლის 7 დეკემბრის განჩინებაზე წარადგინა. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო უფლებამოსილია იმსჯელოს მხოლოდ გასაჩივრებული განჩინებისა და კერძო საჩივრის მოთხოვნათა ფარგლებში. ამდენად, სასამართლო ვერ იმსჯელებს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებაზე, რომლითაც საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, შუამდგომლობის საფუძველზე, საქმეში საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილით სავალდებულო მიწვევის მესამე პირად ჩაება, რაც საქმის განახლების საფუძველი გახდა. მართალია სააპელაციო სასამართლომ 2010 წლის 27 ივლისის საოქმო განჩინებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს გასაჩივრების შესაძლებლობა განუმარტა, მაგრამ კერძო საჩივრის ავტორს გასაჩივრების უფლებით არ უსარგებლია, რის გამოც საკასაციო სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს განჩინებაზე, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ გასაჩივრებულა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს დაუშვებლობის მოტივით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. განუხილველად დარჩეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს კერძო საჩივარი დაუშვებლობის გამო;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.