ბს-336-325(კს-10) 10 მაისი, 2010 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
თავმჯდომარე: ლევან მურუსიძე (მომხსენებელი)
მოსამართლეები: მაია ვაჩაძე
პაატა სილაგაძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი (მოსარჩელე) _ ნ. კ-ძე
მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველო და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულო
გასაჩივრებული განჩინება _ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება
დავის საგანი _ სააპელაციო საჩივრის განხილვა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
2008 წლის 22 აგვისტოს ნ. კ-ძემ სასარჩელო განცხადებით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს მოპასუხეების _ სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოსა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამეგრელო-გურია-სვანეთის სამხარეო სამმართველოს 2008 წლის 22 ივნისის აუქციონის ოქმის გაუქმება.
ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინებით აღნიშნულ საქმეზე შეწყდა საქმის წარმოება სარჩელის დაუშვებლობის გამო.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ, რომლითაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ფოთის საქალაქო სასამართლოსათვის განსახილველად საქმის ხელახლა დაბრუნება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2009 წლის 31 მარტის განჩინებით ნ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2008 წლის 24 დეკემბრის განჩინება საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ და არსებითად განსახილველად საქმე დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
ფოთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 30 ივლისის საოქმო განჩინებით საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა ზ. ბ-შვილი.
ფოთის რაიონული სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებით ნ. კ-ძეს უარი ეთქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. კ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუითაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება ნ. კ-ძის წარმომადგენელს – ა. მ-ძეს გაეგზავნა და ჩაბარდა 2010 წლის 12 იანვარს.
სააპელაციო პალატამ მიუთითა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილსა და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე და 70-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა Aშეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, ხოლო უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ითვლება თუ იგი ჩაბარდა ერთ-ერთ მათგანს ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტს.
სააპელაციო პალატის განმარტებით, მხარეს გასაჩივრების ვადის ათვლა დაეწყო 2010 წლის 13 იანვარს და ამოეწურა 2010 წლის 26 იანვარს (სამშაბათი), ხოლო ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი, ისევე როგორც მისი ადვოკატის – ზ. ფ-ძის სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩაბარდა 2010 წლის 29 იანვარს, აქედან გამომდინარე, აპელანტის მიერ გაშვებულ იქნა სააპელაციო გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა.
აღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა ნ. კ-ძის წარმომადგენელმა – ა. მ-ძემ, რომელმაც გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის დასაშვებად ცნობა მოითხოვა.
კერძო საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ შპს “...” კურიერის შეცდომას ჰქონდა ადგილი, კერძოდ, მის მიერ არასწორად იქნა შევსებული ბარათი გადაწყვეტილების ჩაბარების დღეს, ვინაიდან, ნ. კ-ძესათვის გადასაცემი გადაწყვეტილება, მისი ადგილზე არყოფნის გამო, ჩაიბარა მან, მისმა წარმომადგენელმა – ა. მ-ძემ 2010 წლის 15 იანვარს და მის მიერვე იქნა შეტანილი სააპელაციო საჩივარი 2010 წლის 29 იანვარს, თუმცა ჩაბარების თარიღად კურიერის მიერ 15 იანვრის ნაცვლად, შეცდომით მითითებულ იქნა 12 იანვარი. აღნიშნულს ადასტურებს თავად კურიერიც თავის ახსნა - განმარტებაში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 29 მარტის განჩინებით ნ. კ-ძის წარმომადგენლის –ა. მ-ძის კერძო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში და დადგინდა საქმის განხილვა მხარეთა დასწრების გარეშე.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო, ზეპირი მოსმენის გარეშე, გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა კერძო საჩივრის სამართლებრივი საფუძვლები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ ნ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის მიხედვით, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით.
საქმეში არსებული მასალებით დადგენილია, რომ ფოთის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 26 ნოემბრის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ მხარეს გაეგზავნა მის მიერ სარჩელში მითითებულ მისამართზე _ ლანჩხუთის რაიონი, სოფ. .... გზავნილების ჩაბარების შესახებ საფოსტო შეტყობინებიდან (შპს “...”) ირკვევა, რომ აღნიშნული გზავნილი ჩაბარდა ადრესატს 2010 წლის 12 იანვარს. ჩაბარება დადასტურებულია მიმღები პირის ხელმოწერით (ტ.II ს.ფ.255). ნ. კ-ძის, ისევე როგორც მისი წარმომადგენლის – ა. მ-ძის მიერ სააპელაციო საჩივარი შეტანილ იქნა 2010 წლის 29 იანვარს. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინებით ნ. კ-ძის სააპელაციო საჩივარი დარჩა განუხილველად, ვინაიდან სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მხარემ დადგენილ ვადაში არ წარადგინა სააპელაციო საჩივარი (ტ.II ს.ფ.284-286).
კერძო საჩივარზე თანდართული შპს “...” კურიერული სამსახურის კურიერის _ მ. ქ-ძის განმარტებით (ტ.II ს.ფ.298) დგინდება, რომ 2010 წლის 12 იანვარს, ფოთის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, ნ. კ-ძის სახელზე წაიღო მასში მითითებულ მისამართზე, თუმცა ადგილზე არავინ დახვდა. ვინაიდან მეზობლისგან შეიტყო, რომ ნ. კ-ძე იმყოფებოდა ქ. ბათუმში და 2 დღის შემდეგ დაბრუნდებოდა, ფოთის საქალაქო სასამართლოს გზავნილი, 2010 წლის 15 იანვარს ნ. კ-ძის სახელზე კიდევ ერთხელ წაიღო მასში მითითებულ მისამართზე, თუმცა ნ. კ-ძე არ იყო დაბრუნებული ქ. ბათუმიდან. კურიერმა საქალაქო სასამართლოს გზავნილი ნ. კ-ძეზე გადასაცემად წაუღო მის წამომადგენელს – ა. მ-ძეს, რომელმაც ხელი მოაწერა აღნიშნული გზავნილის ჩაბარებაზე. თუმცა, კურიერის განმარტებით, ბარათზე იქედან გამომდინარე, რომ იგი წინასწარ ჰქონდა გამზადებული, 2010 წლის 15 იანვრის ნაცვლად მითითებული იყო 2010 წლის 12 იანვარი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ განჩინების ჩაბარებას უშუალოდ უკავშირდება ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა და მისი შედეგი. სასამართლოს გადაწყვეტილება (განჩინება) მხარეს უნდა ჩაბარდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 71-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება ადრესატს ბარდება მხარის მიერ მითითებული ძირითადი მისამართის (ფაქტობრივი ადგილსამყოფლის), ალტერნატიული მისამართის, სამუშაო ადგილის ან სასამართლოსთვის ცნობილი სხვა მისამართის მიხედვით. ამავე კოდექსის 74-ე მუხლი ითვალისწინებს სასამართლო უწყების (გზავნილის) ჩაბარების შესაძლებლობას ადრესატის არყოფნის შემთხვევაში. ორივე შემთხვევაში სასამართლო გზავნილი ჩაბარებულად ითვლება სასამართლოს მიერ გაგზავნილი გზავნილის, ამ შემთხვევაში განჩინების, უშუალოდ საქმეში მონაწილე პირისათვის მის მიერ მითითებულ მისამართზე საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით ჩაბარებისას.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლზე და განმარტავს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა შეადგენს 14 დღეს, ამ ვადის გაგრძელება (აღდგენა) არ შეიძლება და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან, დასაბუთებული გადაწყვეტილების მომენტად კი ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება ამავე კოდექსის 70-ე-78-ე მუხლების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენის დაწყებისათვის გადამწყვეტია სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების (განჩინების) უშუალოდ აპელანტისათვის ჩაბარების თარიღი.
საკასაციო სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ კერძო საჩივარზე თანდართული შპს “...” კურიერული სამსახურის კურიერის _ მ. ქ-ძის განმარტებით (ტ.II, ს.ფ.298) დგინდება, რომ სასამართლო გზავნილი ნ. კ-ძის წარმომადგენელს – ა. მ-ძეს ჩაბარდა 2010 წლის 15 იანვარს. ვინაიდან აღნიშნული მტკიცებულებები სააპელაციო სასამართლოსათვის გასაჩივრებული განჩინების მიღებისას ცნობილი არ იყო, აპელანტისათვის სააპელაციო საჩივრის წარდგენის ვადის ათვლა უნდა განხორციელდეს მხოლოდ მას შემდეგ, რაც სათანადო მტკიცებულებებით დადგენილ იქნება მისთვის სასამართლო გზავნილის ჩაბარების თარიღი. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ ხელახლა უნდა გამოიკვლიოს ნ. კ-ძისათვის აღნიშნული გადაწყვეტილების ჩაბარების ფაქტი, მისცეს მას შეფასება და მხოლოდ მას შემდეგ უნდა გადაწყვიტოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ნ. კ-ძის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, უნდა გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ნ. კ-ძის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 18 თებერვლის განჩინება და საქმე სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების საკითხის გადაწყვეტის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.