გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
¹ ბს-553-522(კ-06) 5 დეკემბერი, 2006 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
ნ. წკეპლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლ. ლაზარაშვილი,
ნ. სხირტლაძე
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
საკასაციო სასამართლომ საქმის მასალების გაცნობის შედეგად
გ ა მ ო ა რ კ ვ ი ა :
ე. გ.-ემ სარჩელი აღძრა გორის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შიდა ქართლის სტატისტიკის სამმართველოს მიმართ, რომლითაც მოითხოვა სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
სარჩელის ფაქტობრივი საფუძვლები:
ე. გ.-ე 1981წ. 31 აგვისტოდან მუშაობდა შიდა ქართლის ...-ის სამმართველოში სხვადასხვა თანამდებობაზე, ბოლოს კი _ მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე, საიდანაც გათავისუფლდა 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1/1176 ბრძანების, 2004წ. 1 დეკემბრის ¹20-07/10 წერილისა და შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე შტატების შემცირებასთან დაკავშირებით. ამასთან, მოსარჩელემ განმარტა, რომ მას აღნიშნულ სამსახურში მუშაობის 23წ. სამუშაო სტაჟი ჰქონდა, ჰყავს მცირეწლოვანი შვილი და არის ოჯახის ერთადერთი მარჩენალი. ნაყოფიერი მუშაობისათვის მიღებული აქვს არაერთი ჯილდო და მადლობა.
სარჩელის სამართლებრივი საფუძვლები:
მოსარჩელის განმარტებით, სამსახურიდან იგი გაათავისუფლეს უკანონოდ, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის თანახმად, შტატების შემცირების გამო მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ, არ იყო გაფრთხილებული. ასევე, ადმინისტრაცია ვალდებული იყო, ამავე კანონის 97.2 მუხლის თანახმად‚ გათავისუფლებისას მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა, რაც არ მომხდარა. ასევე, მისი გათავისუფლებისას არ იქნა დაცული შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნები სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, მაშინ, როცა მოსარჩელე იყო მარტოხელა დედა, გამოირჩეოდა მაღალი კვალიფიკაციითა და შრომის ნაყოფიერებით, ჰქონდა ხანგრძლივი სტაჟი და იყო ოჯახში ერთადერთი დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე პირი.
გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 10 მარტის საოქმო განჩინებით მოსარჩელის შუამდგომლობის საფუძველზე საქმეში მესამე პირად ჩაბმულ იქნა სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველოს პროფკავშირი.
რაიონული სასამართლოს სხდომაზე მოპასუხის _ შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს წარმომადგენელმა და მესამე პირის _ სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველოს პროფკავშირის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნეს და მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო.
რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. აღნიშნული გადაწყვეტილება რაიონულმა სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
რაიონულმა სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ე. გ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1-176 ბრძანების «ეკონომიკური განვითარების სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების ...-ის დეპარტამენტის დებულებისა» და ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავჯდომარის 2004წ. 1 დეკემბრის წერილის საფუძველზე. ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2004წ. 19 ივლისის ბრძანების თანახმად‚ ...-ის დეპარტამენტის თანამშრომლები გაფრთხილებულ იქნენ მოსალოდნელი რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების შესახებ. აღნიშნულ ბრძანებას მოსარჩელე გაეცნო 2004წ. 23 ივლისს, რაც დასტურდებოდა მისივე ხელმოწერით.
სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. გ.-ის გათავისუფლებაზე არ იყო საჭირო პროფკავშირის თანხმობა, ვინაიდან მოხდა არა ერთეული პირის, არამედ ყველა მუშაკის გათავისუფლება სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების გამო. აღნიშნულის შესახებ გაფრთხილებული იყო პროფკავშირული ორგანიზაციები და მათ პრეტენზია არ გამოუთქვამთ. სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მითითება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლზე, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვებოდა არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ე. გ.-ე თანახმა იყო ემუშავა სხვა თანამდებობაზე. სასამართლომ ასევე მიიჩნია, რომ ე. გ.-ის გათავისუფლებისას დაცული იყო შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნა სამსახურში უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, რადგან ადმინისტრაციამ განსაზღვრა, თუ ვის ჰქონდა უპირატესი დარჩენის უფლება. ასევე, სასამართლომ განმარტა, რომ სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველოს არ დაურღვევია «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 115-ე და 116-ე მუხლების მოთხოვნები, რადგან მოსამსახურის რეზერვში ჩარიცხვა თავად მოხელის უფლებაა და არა ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია ე. გ.-ის სასარჩელო მოთხოვნა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ე. გ.-ემ, რომელმაც მოითხოვა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი მოტივით:
მოსარჩელემ მიუთითა, რომ იგი გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 108-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევით, ვინაიდან არ გაუფრთხილებიათ ერთი თვით ადრე მოსალოდნელი გათავისუფლების შესახებ. ასევე, დაირღვა ამავე კანონის 97.2 მუხლის მოთხოვნა – ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება, შეეთავაზებინა მისთვის სხვა თანამდებობა. შიდა ქართლის ...-ის სამმართველომ დაარღვია ამავე კანონის 113-ე, 115-ე და 117.1 მუხლების მოთხოვნები, რადგან მოპასუხე ვალდებული იყო‚ ჩაერიცხა იგი მოხელეთა რეზერვში. მოსარჩელის განმარტებით, მისი გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა, რადგან არ ყოფილა პროფკავშირული ორგანიზაციის თანხმობა გათავისუფლებაზე.
სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარემ _ ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის სამმართველომ არ ცნო სააპელაციო საჩივარი და მოითხოვა რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილების უცვლელად დატოვებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს 2005წ. 24 მარტის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანება ე. გ.-ის სამუშაოდან გათავისუფლების ნაწილში; ე. გ.-ე აღდგენილ იქნა ...-ის დეპარტამენტის გორის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე. ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის სამმართველოს ე. გ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა განაცდური დროის ხელფასის ანაზღაურება დათხოვნის დღიდან სამსახურში აღდგენამდე, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ე. გ.-ის გათავისუფლება მოხდა სამსახურის სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების თაობაზე ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1-1/176 ბრძანებისა და ...-ის დეპარტამენტის ხელმძღვანელის 2004წ. 1/12 ¹20-07/10 წერილის საფუძველზე. მოსარჩელე შესაძლო გათვისუფლების შესახებ გაფრთხილებულ იქნა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2004წ. 19 ივლისის ¹37-კ ბრძანებისა და შიდა ქართლის სახელმწიფო ...-ის სამმართველოს უფროსის 2004წ. 23 ივლისის ¹24 ბრძანების შესაბამისად სხვა თანამშრომლებთან ერთად.
სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის შესაბამისად, იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა. შრომის ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. ხოლო ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს ისე გაანთავისუფლა ე. გ.-ე სამსახურიდან, რომ არ ჩატარებულა შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს პროფორგანიზაციის კრება და პროფკავშირს არ მიუცია წინასწარი თანხმობა მოსარჩელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, რითაც დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნები.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად‚ თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
აღნიშნულ შემთხვევაში «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად მოხდა თუ არა ე. გ.-ისათვის სხვა სამსახურის შეთავაზება, რაც სავალდებულო იყო ადმინისტრაციული ორგანოსათვის, უნდა ამტკიცოს შიდა ქართლის სახელმწიფო ...-ის სამმართველომ და არა ე. გ.-ემ. საქმეში არსებული მასალებით კი არ დასტურდებოდა, რომ მოპასუხემ ე. გ.-ეს შეთავაზა სხვა თანამდებობა.
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127-ე მუხლის შესაბამისად, ე. გ.-ე ექვემდებარებოდა სამსახურში აღდგენას ...-ის დეპარტამენტის გორის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე, ვინაიდან, სააპელაციო პალატის მითითებით, შიდა ქართლის ...-ის სამმართველოში ე. გ.-ის მიერ დაკავებული მთავარი ეკონომისტის თანამდებობა თავისი ფუნქციებით და შინაარსობრივი დატვირთვით შეესაბამებოდა რეორგანიზაციის შემდეგ ჩამოყალიბებულ ...-ის დეპარტამენტის გორის სამმართველოში არსებულ მთავარი სპეციალისტის თანამდებობას.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველომ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
კასაციის მოტივები:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად გამოიყენა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლი მოხელეებსა და დამხმარე მოსამსახურეებზე ვრცელდება ამ კანონით განსაზღვრულ თავისებურებათა გათვალისწინებით. «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი დეტალურად აწესრიგებს საჯარო სამსახურიდან მოხელეთა გათავისუფლების საკითხს და, ამდენად, ამ შემთხვევაში შრომის კანონმდებლობის გამოყენება მიზანშეუწონელი იყო.
კასატორის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსიც ცალსახად განასხვავებს ერთმანეთისაგან ადმინისტრაციულ აქტს და ადმინისტრაციის მიერ დადებულ ხელშეკრულებას (რომელიც შეიძლება იყოს ორი სახის). ამდენად, თუ ადმინისტრაციული აქტი არ არის გარიგება, არც შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი შეიძლება ვრცელდებოდეს საჯარო მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე, ვინაიდან მოცემული მუხლი ცალსახად ეხება წმინდა სახელშეკრულებო (საკონტრაქტო) ურთიერთობას. აღნიშნული ნორმა მოითხოვს პროფკავშირის თანხმობას სამსახურიდან გათავისუფლების მხოლოდ ერთი ფორმის _ ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლის შემთხვევაში და არა სამსახურიდან დათხოვნის სხვა ფორმის დროს. შესაბამისად, 37-ე მუხლი გამოყენებულ უნდა იქნეს ადმინისტრაციის ინიციატივით მხოლოდ ისეთი შრომითი ურთიერთობების შეწყვეტის დროს, რომლის წარმოშობის საფუძველიც შრომითი ხელშეკრულება (კონტრაქტი) იყო და არა არასაკონტრაქტო შრომითი ურთიერთობები.
კასატორის მითითებით, მოსარჩელე ე. გ.-ე იყო საჯარო მოხელე, ვინაიდან, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იგი დანიშნული იყო საჯარო სამსახურში საშტატო თანამდებობაზე. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში არ შეიძლება შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის გამოყენება. აღნიშნული მუხლი შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დამხმარე და შტატგარეშე მოსამსახურეების მიმართ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორის მოსაზრებით, ვინაიდან ე. გ.-ე იყო საჯარო მოხელე, რომელიც სამსახურში მიიღება მხოლოდ დანიშვნით და არავითარ შემთხვევაში ხელშეკრულებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისას არ იყო საჭირო პროფკავშირის თანხმობა, ანუ მასზე არ უნდა გავრცელებულიყო შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლი.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ მისი მომზადებისა და გამოცემისას კანონის დარღვევა იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მისი არსებობის შემთხვევაში მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება. ვინაიდან, ამ შემთხვევაში, მოგვიანებით პროფკავშირებისგან მაინც იყო წერილობითი თანხმობა, კასატორის განმარტებით, წინასწარი წერილობითი თანხმობის არსებობა-არარსებობა ვერანაირ გავლენას ვერ იქონიებდა გადაწყვეტილებაზე და არ მოხდებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილების მიღება.
საქმის მასალებით არ დასტურდება ...-ის შიდა ქართლის სამმართველოს მიერ ე. გ.-ისათვის სხვა სამსახურის შეთავაზების ფაქტი, რაც ადმინისტრაციული ორგანოსათვის სავალდებულო იყო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. კასატორის მითითებით, სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი, ვინაიდან «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე. აქ კანონი არ მოითხოვს მოხელისათვის სხვა სამსახურის აუცილებლად შეთავაზებას. ამ ნორმაში კანონის ლოგიკა აშკარად გულისხმობს, რომ არსებობს სხვა თანამდებობა (სხვა შტატი), შესაძლოა შედარებით დაბალხელფასიანი ან დაბალი თანამდებობა, რომელიც უნდა შესთავაზონ სამსახურიდან გასათავისუფლებელ მოხელეს. ყველა შემთხვევაში კანონი აუცილებლად გულისხმობს სხვა თანამდებობის არსებობას. წინააღმდეგ შემთხვევაში, გამოდის სრული აბსურდი. «აუცილებლად შეთავაზების» ლოგიკით შეუძლებელი იქნება ვინმეს საერთოდ სამსახურიდან გათავისუფლება, რადგან ყოველთვის მას უნდა შესთავაზონ სხვა თანამდებობა, რომელზეც მხოლოდ იშვიათად თუ შეიძლება გათავისუფლების კანდიდატმა თქვას უარი. ცხადია, ასეთ რამეს კანონი არ შეიძლება გულისხმობდეს. სამმართველოს 12 შტატიდან რეორგანიზაციის შედეგად დარჩა მხოლოდ 2 შტატი, რომელთაგან ერთი სამმართველოს უფროსის შტატი იყო, ანუ სამმართველოს ე. გ.-ის გათავისუფლების მომენტისათვის რეალურად ჰქონდა მხოლოდ 1 შტატი, რომელზეც დაინიშნა სხვა თანამშრომელი. შესაბამისად, შეუძლებელი იყო სამმართველოს რაიმე შეეთავაზებინა ე. გ.-ისათვის.
კასატორმა ასევე განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლო განჩინებაში არაწორად უთითებს ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რადგან «საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ» კანონის თანახმად საქართველოში, ფაქტობრივად, გაუქმდა სახელმწიფო დეპარტამენტის ინსტიტუტი და მათი ადგილი დაიკავეს საქვეუწყებო დაწესებულებებმა, რომლებსაც არა აქვთ დამოუკიდებელი სტატუსი და რომელიმე სამინისტროს შემადგენლობაში შედიან. ამდენად, ...-ის დეპარტამენტიც ჩამოყალიბდა საქვეუწყებო დაწესებულებად და იმავე კანონის 35-ე მუხლის შესაბამისად გადაეცა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს. შესაბამისად, ...-ის დეპარტამენტი იწოდება: ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებად _ ...-ის დეპარტამენტად.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2005წ. 28 დეკემბრის განჩინებით სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველოს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 23 სექტემბრის გადაწყვეტილება ე. გ.-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში და ამ ნაწილში საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს, ხოლო, დანარჩენ ნაწილში დარჩა უცვლელად.
სააპელაციო სასამართლოს 2006წ. 22 მაისის გადაწყვეტილებით ე. გ.-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ე. გ.-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში; ე. გ.-ის სარჩელი სამსახურში აღდგენის ნაწილში არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო სასამართლომ დაასაბუთა შემდეგნაირად:
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტები:
ე. გ.-ე მუშაობდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მთავარ ეკონომისტად. ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2004წ. 27 ოქტომბრის ¹1-1/176 ბრძანებით განხორციელდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის რეორგანიზაცია, რომელსაც თან ახლდა შტატების შემცირება. რეორგანიზაციის შედეგად გორის სამმართველოს საშტატო რიცხვი განისაზღვრა 5 ერთეულით. 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანების საფუძველზე მოსარჩელე გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. სასამართლომ ასევე დადგენილად მიიჩნია, რომ საშტატო ერთეულებზე დაინიშნენ მხოლოდ ის პირები, რომლებიც რეორგანიზაციამდე მუშაობდნენ შიდა ქართლის ...-ის სამმართველოში.
ასევე, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ადმინისტრაციის მიერ გათვალისწინებულ იქნა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.3 მუხლის მოთხოვნა და ატესტაციის შედეგების თანახმად‚ ქ. გორში დარჩენილ მთავარი სპეციალისტის ერთადერთ საშტატო ერთეულზე დარჩენის უპირატესობა მიანიჭა იმ თანამშრომელს, რომელსაც უკეთესი კვალიფიკაცია გააჩნდა.
სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, მუშაკთა რიცხოვნობის შემცირებისას სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება აქვს მაღალი კვალიფიკაციისა და შრომის ნაყოფიერების მქონე პირს. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიყენა დისკრეციული უფლებამოსილება და უპირატესობა მიანიჭა არა ე. გ.-ეს, არამედ სხვა თანამშრომელს. შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება განხორციელდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რის საფუძველზეც არ არსებობდა ე. გ.-ის სამსახურში აღდგენის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ე. გ.-ემ, რომელმაც მოითხოვა სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახალი განხილვისათვის იმავე სასამართლოსთვის დაბრუნება.
კასაციის მოტივი:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, რადგან საქმეში არსებული ატესტაციის ოქმები არ არის იდენტური და ერთმანეთისაგან განსხვავდება შინაარსითა და ხელმოწერების რაოდენობით. ატესტაციის ოქმები მას არ გასცნობია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად და მათზე არ არის კასატორის ხელმოწერა. ამასთან ერთად, «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 83.2 მუხლის მიხედვით, მოხელე, რომელიც საატესტაციო პერიოდის უკანასკნელიწ. მანძილზე სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა 6 თვეზე ნაკლები ვადით, ექვემდებარებოდა მომავალ წელს ატესტირებას. ატესტაციის დროისათვის კი იგი შიდა ქართლის ...-ის სამმართველოში მუშაობდა მხოლოდ 2 თვე და, შესაბამისად, ატესტირებას არ ექვემდებარებოდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები უპირატესი დარჩენის უფლების შესახებ, რადგან იგი ითვლებოდა მაღალი კვალიფიკაციის მუშაკად, არასოდეს მიუღია საყვედური და რამდენჯერმე ჰქონდა გამოცხადებული მადლობა და მიღებული აქვს სიგელები, რაც შრომის წიგნაკის ჩანაწერებით დასტურდებოდა. ამასთან, იგი არის მარტოხელა დედა, ჰყავს არასრულწლოვანი შვილი და ოჯახში არის ერთადერთი დამოუკიდებელი შემოსავლის მქონე პირი. ასევე, სხვა თანამშრომელთან შედარებით აქვს აღნიშნულ ორგანოში მუშაობის მეტი ხნის სტაჟი.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ ასევე არასწორად განსაზღვრა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების კანონიერება, ვინაიდან დაირღვა მისი კანონიერი უფლებები და ინტერესები. სასამართლომ არასწორად იმსჯელა დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებაზე, რადგან ბათილად იყო ცნობილი გათავისუფლების შესახებ ბრძანება, რომელიც კანონიერ ძალაში იყო შესული და ეფუძნებოდა იმ გარემოებებს, რომ ე. გ.-ის გათავისუფლებისას დაირღვა შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის მოთხოვნა პროფკავშირის თანხმობის შესახებ და «საჯარო სამსახურის შესახებ‚ კანონის 96.2 და 97.2 მუხლების მოთხოვნები.
ე. გ.-ის განმარტებით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დაირღვა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა სხვა თანამდებობის შეთავაზების ვალდებულების შესახებ. მისთვის არ შეუთავაზებიათ სხვა თანამდებობა, მაშინ, როცა სხვა პირები დროებით აიყვანეს ხელშეკრულებით. კასატორმა ასევე მიუთითა, რომ მოწინააღმდეგე მხარის ადვოკატი იყო იმავე დროს ...-ის დეპარტამენტის კადრების სამმართველოს უფროსი და დაინტერესებული მხარე. ზემოაღნიშნულიდან გათვალისწინებით, კასატორმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2006წ. 21 ნოემბრის განჩინებით ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი მიჩნეულ იქნა დასაშვებად ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 34.3 «გ» პუნქტის საფუძველზე /პროცესუალური კასაცია/.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის მოტივების საფუძვლიანობისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლოს მიერ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გამოტანისას დარღვეულია მატერიალური და საპროცესო სამართლის ნორმები, კერძოდ, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნები, სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, სწორი შეფასება არ მისცა საქმის მასალებს.
სსკ-ის 407.2. მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.
კონკრეტულ შემთხვევაში საკასაციო საჩივარი დასაბუთებულია, რამდენადაც თბილისის სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შეცვალა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, რითაც არ დააკმაყოფილა ე. გ.-ის სააპელაციო საჩივარი _ უარი ეთქვა მას სამუშაოზე აღდგენის ნაწილში. აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ დააფუძნა იმ გარემოებაზე, რომ ე. გ.-ე სამსახურიდან გათავისუფლდა «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 96.3 მუხლისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მოთხოვნათა დაცვით, რის გამოც არ არსებობდა სამსახურში აღდგენის ნაწილში მისი დაკმაყოფილების საფუძველი.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, ე. გ.-ე 2004წ. 1 დეკემბრის ¹45 ბრძანების თანახმად გათავისუფლდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის შიდა ქართლის სამმართველოს მთავარი ეკონომისტის თანამდებობიდან სტრუქტურული რეორგანიზაციისა და შტატების შემცირების საფუძვლით «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 93.1, 96.3 და 97.1 მუხლებისა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის მიხედვით.
საქმის მასალებით დადგენილია ასევე, რომ შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ე. გ.-ისათვის სამუშაოდან გათავისუფლებისას სხვა თანამდებობა არ შეუთავაზებიათ. საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. გ.-ის გათავისუფლებიდან ერთი თვის შემდეგ ...-ის სამმართველომ ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები გააფორმა ყოფილ თანამშრომლებთან და არც ამ შემთხვევაში ადმინისტრაციას სამსახური არ შეუთავაზებია ე. გ.-ისათვის.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 97.2 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ მითითებული ნორმა ამკრძალავი ხასიათისაა და დაუშვებლად მიიჩნევს მოხელის გათავისუფლებას, თუ იგი თანახმაა სხვა თანამდებობაზე დანიშვნისა, ამგვარი თანხმობა კი თავისთავად განაპირობებს ადმინისტრაციის მხრიდან შეთავაზების აუცილებლობას. აღნიშნული პირობა საჯარო მოხელეთათვის კანონით დადგენილი გარანტიების ერთ-ერთი სახეა, რაც ადმინისტრაციის მხრიდან ექვემდებარება დაცვას.
შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებული იყო ე. გ.-ის გათავისუფლებისას მისთვის შეეთავაზებინა სხვა თანამდებობა. «საჯარო სამსახურის შესახებ‚‚ კანონის 97-ე მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნის გაუთვალისწინებლობა წარმოადგენს არსებით დარღვევას, რაც გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და მოხელის სამსახურში აღდგენის საფუძველია. უზენაესი სასამართლოს 2005წ. 28 დეკემბრის განჩინებით ძალაში დარჩა საოლქო სასამართლოს გადაწყვეტილება გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების ნაწილში. შესაბამისად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხის მიერ 97.2 მუხლის მოთხოვნის დარღვევა წარმოადგენს მოხელის სამსახურში აღდგენის აბსოლუტურ საფუძველს, თუ შენარჩუნებულია ის თანამდებობა, რაზეც იგი მუშაობდა გათავისუფლებამდე.
ასევე, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის მე-14 მუხლის თანახმად, საჯარო მოსამსახურეებზე შრომის კანონმდებლობა ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა არ რეგულირდება «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონით. შრომის კანონთა კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად: «იმ საწარმოში, დაწესებულებასა და ორგანიზაციაში, სადაც არსებობს პროფკავშირი, დაუშვებელია ადმინისტრაციის ინიციატივით შრომის ხელშეკრულების (კონტრაქტის) მოშლა პროფკავშირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა.» საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ.-ის გათავისუფლებისას არ არსებობდა პროფკავშირული ორგანიზაციის თანხმობა. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, პროფკავშირული ორგანოს თანხმობას ე. გ.-ის გათავისუფლების შესახებ კასატორის გათავისუფლების შემდეგ, ვინაიდან ზემოაღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მოშლა ადმინისტრაციის მიერ უნდა მოხდეს პროფკავშირის თანხმობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა. შესაბამისად უნდა არსებობდეს, პროფკავშირული ორგანოს წინასწარი თანხმობა.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას მოცემულ სამართალურთიერთობაში ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენებასთან დაკავშირებით შემდეგ გარემოებათა გამო:
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრულია ადმინისტრაციული ორგანოს დისკრეციული უფლებამოსილების განხორცილების წესი, კერძოდ, თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში და მხოლოდ იმ მიზნით, რომლის მისაღწევადაც მინიჭებული აქვს ეს უფლებამოსილება.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო დისკრეციულ უფლებამოსილების განხორციელებისას შებოჭილია კანონიერების პრინციპით, კონკრეტულად, კანონიერი დათქმის პრინციპით, რომელიც თავის მხრივ კონსტიტუციაში განმტკიცებულია დემოკრატიის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ძირითადი უფლებების პრინციპებიდან გამომდინარე.
განსახილველ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ ისე მიიჩნია მართლზომიერად მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების წესი, რომ არ დაუსაბუთებია, რაში გამოიხატა ქმედების მართლზომიერება, სასამართლოს ზოგადი შეფასება, რომ ორგანომ უკეთესი კვალიფიკაციის გამო უპირატესი დარჩენის უფლება გამოიყენა სხვა თანამშრომლების მიმართ, არ გამომდინარეობს საქმის მასალების ყოველმხრივი, ობიექტური გამოკვლევა-შეფასებიდან. რამდენადაც დადასტურებას ვერ ჰპოვებს ის ფაქტი, თუ რა კრიტერიუმებით იქნა მიჩნეული უპირატესი დარჩენის უფლების მქონე პირად სხვა მოხელე, მით უფრო იმ პირობებში, როცა ე. გ.-ეს სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე გამოცემული ბრძანება /რომელიც ბათილად არის ცნობილი სასამართლოს კაონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, მისი კანონშეუსაბამისობის გამო არ შეიცავს არანაირ მსჯელობას და მოტივაციას უპირატესი დარჩენის უფლების არარსებობის თაობაზე. მოცემულ შემთხვევაში, უპირატესი დარჩენის უფლებაზე იმსჯელა არა ადმინისტრაციულმა ორგანომ, არამედ სასამართლომ მაშინ‚ როცა ეს სწორედ ადმინისტრაციის ვალდებულებას წარმოადგენს, და სასამართლო კონტროლი ვრცელდება სწორედ ადმინისტრაციის გადაწყვეტილების დასაბუთებულობისა და კანონიერების თვალსაზრისით. საქმის მასალებით უტყუარად ირკვევა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ორგანოს აღნიშნულზე არ უმსჯელია, რადგან ეს ადმინისტრაციულ აქტში არ ასახულა, ადმინისტრაციული ორგანო ფაქტობრივად ამ საკითხზე მსჯელობს «პოსტ-ფაქტუმ», სასამართლო დავის სტადიაზე, რითაც 5.1 მუხლი აშკარად და უხეშად ირღვევა _ ადმინისტრაციულ ორგანოს მიერ საქმიანობის მხოლოდ კანონმდებლობის საფუძველზე განხორციელება. მოცემულ შემთხვევაში «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონი მოხელის გათავისუფლებისას ადგენს მკაცრად განსაზღვრულ პროცედურას, რომელიც დაცულ უნდა იქნეს ადმინისტრაციის მხრიდან და რაც განსახილველ დავაში სრულიად უგულვებელყოფილია.
საკასაციო სასამართლო «საჯარო სამსახურის შესახებ» კანონის 127.5 მუხლის საფუძველზე განმარტავს, რომ სასამართლოს მიერ სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების არაკანონიერად აღიარების შემთხვევაში მოხელე ექვემდებარება დაუყოვნებლივ აღდგენას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა იგი უარს ამბობს აღდგენაზე. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოხელე აღდგენილ უნდა იქნეს მხოლოდ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობაზე. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ე. გ.-ე გათავისუფლებამდე მუშაობდა შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს მთავარი ეკონომისტის თანამდებობაზე. რეორგანიზაციის შედეგად შიდა ქართლის ...-ის სამმართველო ჩამოყალიბდა ...-ის სახელმწიფო დეპარტამენტის გორის სამმართველოდ. აღნიშნულ სამმართველოში საშტატო ერთეული განისაზღვრა 5 ერთეულით და მათ შორის _ ერთი მთავარი სპეციალისტის. დადგენილია, რომ მთავარი სპეციალისტის თანამდებობა თავისი ფუნქციური და შინაარსობრივი დატვირთვით შეესაბამება რეორგანიზაციამდე არსებულ შიდა ქართლის ...-ის სამმართველოს მთავარი ეკონომისტის თანამდებობას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო პალატამ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს. ამავე დროს, რადგანაც სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტები საპროცესო ნორმების დარღვევის გარეშეა დადგენილი და საჭირო არ არის მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა, საკასაციო სასამართლო სსკ-ის 411-ე მუხლის საფუძველზე უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა რა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1.2, სსკ-ის 372-ე, 390-ე, 393-ე, 399-ე, 408.3, 411-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ე. გ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2006წ. 22 მაისის გადაწყვეტილება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. ე. გ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
4. ე. გ.-ე აღდგენილ იქნეს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს ...-ის დეპარტამენტის სახელმწიფო ...-ის გორის სამმართველოში მთავარი სპეციალისტის თანამდებობაზე;
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;