¹ბს-682-590-კ-04 9 თებერვალი, 2006 წ. ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსნებელი), მ. ვაჩაძე, ნ. ქადაგიძე
დავის საგანი _ სახელფასო დავალიანების ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
05.01.03წ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს სასარჩელო განცხადებით მიმართა ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ყოფილი თანამშრომლების _ თ. ჩ-ას, რ. ც-ის, ა. გ-ის, გ. ქ-ას, ა. მ-ოს, გ. ე-ას, გ. ძ-ას, მ. ჩ-ას, კ. დ-ას, მ. ც-ას, ს. უ-ის და თ. მ-ის წარმომადგენელმა, ამავე ჯგუფის ყოფილმა თანამშრომელმა და ასევე მოსარჩელემ თ. ჯ-ამ მოპასუხეების _ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს, მთაწმინდა-კრწანისის საგადასახადო ინსპექციის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა რვა თვის მიუღებელი სახელფასო დავალიანების _ 21856 ლარის და გაუფრთხილებლად გათავისუფლების გამო კომპენსაციის სახით ორი თვის ხელფასი _ 5464 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელემ მიუთითა, რომ საქართველო-საფრანგეთის მთავრობათაშორის 13.12.96წ. შეთანხების თანახმად‚ საფრანგეთის მთავრობა კისრულობდა ვალდებულებას‚ სასურსათო დახმარების სახით საქართველოსათვის გამოეყო 4.000 ტონა ხორბალი. ხორბლის ამონაგები თანხიდან 723.156 ლარი უნდა გამოყოფილიყო აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან დევნილი მოსახლეობის .......... კავშირების შესაქმნელად. აღნიშნული პროექტი განხორციელდა საგანგებო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტის 17.12.97წ. ¹644 განკარგულების საფუძველზე, საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი ბ. გ-ა. საგანგებო კომისიის 15.05.98წ. სხდომის ¹2 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე შეიქმნა გლეხთა ....... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტდა დევნილი სპეციალისტებით და რომლის მოვალეობას შეადგენდა ......... კავშირებისათვის ფუნქციონირების ნორმატიული ბაზის შემუშავება, მიმდინარე და პერსპექტიული პროგრამების შექმნა, კონსულტაციების გაწევა, ........ კავშირების საქმიანობის მონიტორინგის ჩატარება, სათანადო ანგარიშების წარდგენა საგანგებო კომისიაში. პროგრამის განსახორციელებლად სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტრომ გახსნა სპეცანგარიში სს « ......... ბანკში", სადაც ჩაირიცხა ხორბლის მონიტიზირების შედეგად მიღებული თანხიდან 723156 ლარი.
1998-2000 წლებში საქართველოს 9 რეგიონში ......... კავშირების მართვის ჯგუფის მიერ ჩამოყალიბდა 91 კავშრი. ........ კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ყოველთვიური ბიუჯეტი მტკიცდებოდა» აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის საგანგებო კომისიის” სხდომაზე. ადმინისტრაციული ჯგუფის ბოლო ბიუჯეტი დამტკიცდა 02.07.2000წ. და გაგრძელდა ამავეწ. 1 ოქტომბრამდე. 2001წ. ივნისის თვიდან .......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფი იძულებული გახდა შეეწყვიტა მუშაობა დაუფინანსებლობის გამო, ჯგუფის წევრებს არ ჰქონდათ მიღებული კუთვნილი რვა თვის სახელფასო დავალიანება, სულ _ 21856 ლარი, მათ შორის: თ. ჩ-ას _ 2880 ლარი, თ. ჯ-ას _ 2720 ლარი, რ. ც-ს _ 2320 ლარი, ა. გ-ეს _ 2320 ლარი, მ. ქ-ას _ 1920 ლარი, ა. მ-ოს _ 1920 ლარი, გ. ე-ას _ 1536 ლარი, გ. ძ-ას _ 1536 ლარი, მ. ჩ-ას _ 1152 ლარი, კ. დ-ას _ 960 ლარი, მ. ც-ას _ 864 ლარი, ზ. უ-ეს _ 768 ლარი, თ. მ-ს _ 960 ლარი. 2000წ. 1 ოქტომბრის შემდეგ ჯგუფის წევრები მიმართავდნენ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს ხელმძღვანელობას, რომლის სიტყვიერი დაპირების თანახმად, მათ უნდა გაეგრძელებინათ მუშაობა, შრომის ანაზღაურება მოხდებოდა სამინისტროს სპეცანგარიშზე ამ დროისათვის დარჩენილი 30000 ლარით, ხოლო შემდგომში _ აშშ მიერ საქართველოსათვის გრანტად გამოყოფილი ხორბლის მონიტიზირებით მიღებული თანხებიდან. 2000წ. სექტემბერ-ოქტომბრის თვეებში საფრანგეთიდან მოწვეულმა ექსპერტებმა შეამოწმეს ........ კავშირები, რისთვისაც ექსპერტს გადაუხადეს 2000 ლარი, დარჩენილი 28000 ლარი დაპირებისამებრ უნდა მოხმარებოდა ........... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ხელფასების გასტუმრებას. მოგვიანებით გაირკვა, რომ 28000 ლარი 2002წ. ივლისში დღგ-ის დავალიანების გამო საგადასახადო სამსახურმა ანგარიშიდან ჩამოაწერა სამინისტროს, რითაც დაირღვა ორ ქვეყანას შორის დადებული ზემოაღნიშნული ხელშეკრულება, «გრანტების შესახებ" კანონი, საქართველოს კონსტიტუციის 6.2 მუხლი. ამასთანავე, .......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილება მიღებული იქნა საგანგებო კომისიის 25.07.02წ. სხდომაზე ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე ჯგუფის წევრებისათვის ცნობილი არ ყოფილა.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვისას მოსარჩელემ შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, უარი თქვა ორი თვის საკომპენსაციო თანხის ანაზღაურებაზე და მოითხოვა სახელფასო დავალიანების თანხის მხოლოდ ფინანსთა სამინისტროსათვის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ მან უკანონოდ მოახდინა მათი კუთვნილი და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე საფრანგეთის მთავრობის მიერ ჩარიცხული 28070 ლარის ჩამოწერა და სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა. ამასთან, რაიონული სასამართლოს მიერ მოპასუხეთა რიგებიდან ამოირიცხა მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექცია და ჩაბმულ იქნა საქმეში მესამე პირად, საქმეში მესამე პირად იქნა ჩაბმული აგრეთვე საგანგებო კომისია.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.10.03წ გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა და ფინანსთა სამინისტროს ........... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის თანამშრომელთა სასარგებლოდ 21856 ლარის გადახდა დაეკისრა.
რაიონული საასამართლოს გადაწყვეტილებაზე სააპელაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მოსარჩელემ კვლავ დაადასტურა, რომ უარს აცხადებდა სარჩელის მოთხოვნაზე ორი თვის ხელფასის კომპენსაციის _ 5464 ლარის გადახდის ნაწილში, მოსარჩელემ დაადასტურა, რომ დარჩენილი მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე მიმართული იყო მხოლოდ ფინანსთა სამინისტროს მიმართ, რომელმაც სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სპეციალურ ანგარიშზე ჩარიცხული 28000 ლარის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა არასწორად მოახდინა.
24.03.04წ. სხდომაზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტრო წარმოადგენდა არასათანადო მოპასუხეს, ხოლო სათანადო მოპასუხეს განეკუთვნებოდა აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისია, რომელთანაც მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფებოდნენ. მოსარჩელეთა წარმომადგენელმა მოპასუხედ საგანგებო კომისიის დასახელებაზე და მის მიერ ფინანსთა სამინისტროს, როგორც მოპასუხის, შეცვლაზე უარი განაცხადა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 24.03.04წ. გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაიცო საჩივარი, კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.10.03წ გადაწყვეტილების გაუქმებით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის სარჩელი ორი თვის სახელფასო კომპენსაციის _ 5464 ლარის გადახდის მოთხოვნის ნაწილში შეწყდა წარმოებით მოსარჩელის მიერ მოთხოვნაზე უარის თქმის გამო, სარჩელი სახელფასო დავალიანების _ 21856 ლარის ანაზღაურების მოთხოვნის ნაწილში არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის წარმომადგენლის მიერ.
საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.12.04წ. განჩინებით ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის წარმომადგენლის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გასაჩივრებულ ნაწილში გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვისათვის დაუბრუნდა იმავე პალატას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.07.05წ. გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი, უცვლელად დარჩა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 17.10.03წ. გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატის აზრით, მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექცამ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საგადასახადო დავალიანების გამო 04.05.01წ. საინკასო დავალებით სპეცანგარიშიდან 28 070 ლარის სახემწიფო ბიუჯეტში გადარიცხვით დაირღვა «გრანტების შესახებ” კანონი და საქართველოსა და საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობებს შორის დადებული ხელშეკრულება. სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება მისი არასათანადო მოპასუხედ მიჩნევის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის არამართლზომიერ ქმედებას მიიჩნევდა. ფინანსთა სამინისტრომ არ შეასრულა აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის 25.07.03წ. გადაწყვეტილება სადავო თანხის საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროსათვის დაბრუნების თაობაზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ განსახილველ საქმეში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს და სადავო თანხის ანაზღაურებაც მას უნდა დაეკისროს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 04.07.05წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ. კასატორი თვლის, რომ ფინანსთა სამინისტრო არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, ვინაიდან სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს წარმოადგენს აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის 25.07.03წ. გადაწყვეტილება. კასატორი აღნიშნავს, რომ სათანადო მოპასუხის აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის საგანგებო კომისიის გაუქმების შემდეგ საქმის არსებითი განხილვის დროს არ დადგენილა უფლებამონაცვლე და მიუხედავად ამისა‚ სათანადო მოპასუხედ სასამართლომ ფინანსთა სამინისტრო მიიჩნია.
კასატორი მიუთითებს, რომ .......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ბოლო ბიუჯეტი დამტკიცდა 02.07.2000წ., ამავე აქტით ........... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ბიუჯეტი 2000წ. 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა. აღნიშნულის გათვალისწინებით დაუდგენელია‚ იმყოფებოდნენ თუ არა მოსარჩელეები შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში რომელიმე ადმინისტრაციულ ორგანოსთან. კასატორი თვლის, რომ თბილისის საოლქო სასამართლოს 04.07.05წ. განჩინებით უკანონოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის გადახდა. კასატორი აღნიშნავს, რომ ასკ-ის მე-9 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხებთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება.
ზემოთაღნიშნულიდან გამომდინარე კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა მხარეთა ახსნა-განმატებების მოსმენის, საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ 13.12.96წ. საფრანგეთის რესპუბლიკის მთავრობასა და საქართველოს მთავრობას შორის დაიდო შეთანხმება «ფრანგული სასურსათო დახმარების ბლოკირებული მიზნობრივი ფონდების შექმნისა და მათი მართვის შესახებ", შეთანხმების საფუძველზე საფრანგეთი, სასურსათო დახმარების სახით, გამოყოფდა ოთხი ათას ტონა ხორბალს, რომლის ამონაგები თანხა, აფხაზეთიდან და სამაჩაბლოდან ........ კავშირების შესაქმნელად, განთავსდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საამისოდ გახსნილ სპეცანგარიშზე. «აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 17.12.97წ. ¹644 განკარგულების საფუძველზე, აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის, ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის შემუშავებისა და მისი განხორციელების კოორდინაციის მიზნით სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის თავმჯდომარეობით შეიქმნა საგანგებო კომისია, რომელიც ანგარიშვალდებული იყო საქართველოს პრეზიდენტის წინაშე. საგანგებო კომისიის 15.05.98წ. სხდომის ¹2 საოქმო გადაწყვეტილების საფუძველზე, შეიქმნა ......... კავშირების კრედიტების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფი, დამტკიცდა ადმინისტრაციული ჯგუფის დებულება, საშტატო განრიგი, 1998წ. ბიუჯეტი. ........ კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ყოველწლიური ბიუჯეტი მტკიცდებოდა «აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის” საგანგებო კომისიის სხდომაზე, რომელსაც სოფლის მეურნეობის და სურსათის მინისტრი თავმჯდომარეობდა. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მუშაკისათვის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის გადახდა წარმოადგენს ადმინისტრაციის ვალდებულებას, რომელთანაც მუშაკი შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში იმყოფება. განსახილველ შემთხვევაში ......... კავშირების კრედიტების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფი წარმოადგენდა რეაბილიტაციის პროგრამის მაკოორდინირებელი საგანგებო კომისიის სამსახურს, რომელიც ამტკიცებდა ადმინისტრაციული ჯგუფის საშტატო განრიგს, ბიუჯეტს, კონტროლს უწევდა ადმინისტრაციული ჯგუფის პერსონალის დანიშვნა-გათავისუფლებას, გამოყოფილი ფინანსური სახსრების ხარჯვას.
........ კავშირების კრედიტების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ბიუჯეტი უკანასკნელად საგანგებო კომისიის მიერ 02.07.2000წ დამტკიცდა, კრედიტების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ბიუჯეტი 2000წ 1 ოქტომბრამდე განისაზღვრა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფი მუშაობას 2001წ. მაისის ბოლომდე აგრძელებდა. ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ხელმძღვანელი დაფინანსების საკითხის გარკვევის მიზნით წერილობით მიმართავდა საგანგებო კომისიის წევრებს, მათ შორის‚ კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელს. ჯგუფის წევრებს დაფინანსების შეწყვეტის თაობაზე ოფიციალური დასტური არ მიუღიათ, რის გამოც ჯგუფი მუშაობას 2001წ. მაისის ბოლომდე აგრძელებდა. საქმეში დაცულია ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებთან დადებული შრომითი ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა პერიოდულად გრძელდებოდა 2001წ. ივლისამდე. 2000 წელს თანამდებობიდან განთავისუფლდა სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი, რომელიც იმავდროულად საგანგებო კომისიის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი იყო. 2002 წლამდე კომისიის ახალი თავმჯდომარე არ დანიშნულა, შესაბამისად არ ჩატარებულა საგანგებო კომისიის სხდომა. სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სპეცანგარიშზე დარჩენილი იყო თანხა, რომლის სახელფასო ფონდად გამოყენებაზე პრეტენზიას საფრანგეთის მხარე არ აცხადებდა. ამდენად, ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის წევრებს რეალური საფუძველი გააჩნდათ ევარაუდათ, რომ მათ მიერ შესრულებული სამუშაო ანაზღაურდებოდა. «აფხაზეთის, პირველ ეტაპზე გალის რაიონის ეკონომიკური და სოციალური რეაბილიტაციის პროგრამის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 17.12.97წ. ¹644 განკარგულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე” საქართველოს პრეზიდენტის 19.08.02წ. ¹1119 განკარგულებით საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ დაინიშნა საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრი. საქმის მასალებით დასტურდება, რომ საგანგებო კომისიის სხდომა, რომელსაც ........... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის ბიუჯეტის განსაზღვრის უფლებამოსილება გააჩნდა, 02.07.2000წ. შემდეგ მხოლოდ 25.07.03წ. გაიმართა. ამდენად, 2001წ. 1 ოქტომბრიდან ......... კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის დაფინანსების საკითხი საგანგებო კომისიამ მხოლოდ 25.07.03წ. განიხილა. საქმეზე დადგენილად არის ცნობილი, რომ მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ სპეცანგარიშზე დარჩა 28 070 ლარი, რომელიც მთაწმინდა-კრწანისის საოლქო საგადასახადო ინსპექციის მიერ 04.05.01წ. საინკასო დავალებით, სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საგადასახადო დავალიანების გამო, გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. საგანგებო კომისიის 25.07.03წ. საოქმო გადაწყვეტილებით საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაევალა სოფლის მეურნეობის და სურსათის სამინისტროს სპეცანგარიშიდან ჩამოჭრილი 28070 ლარის სამინისტროს ანგარიშზე დაბრუნება, ხოლო სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დაევალა აღნიშნული თანხიდან მართვის ადმინისტრაციული ჯგუფის 8 თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება. საქმის მასალებით დადგენილია, რომ საგანგებო კომისიის აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს არ შეუსრულებია.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ფინანსთა სამინისტრო არის არასათანადო მოპასუხე. მოსარჩელე სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად უთითებს იმ გარემოებას, რომ ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურულმა ქვედანაყოფმა არამართლზომიერად გადარიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში სპეცანარიშზე რიცხული თანხა, ფინანსთა სამინისტრომ აგრეთვე არ შეასრულა საგანგებო კომისიის 25.07.03წ. საოქმო გადაწყვეტილება. ამდენად, მოსარჩელეები თვლიან, რომ სახელფასო დავალიანების გადახდა შეუძლებელი შეიქმნა ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების შედეგად, სპეცანგარიშზე დარჩენილი თანხა სწორედ საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის არამართლზომიერი საინკასო დავალების შედეგად გადაირიცხა სახელმწიფო ბიუჯეტში. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ განსახილველ დავაში საქართველოს ფინანსთა სამინისტრო სათანადო მოსარჩელეს წარმოადგენს.
საკასაციო პალატა აგრეთვე‚ იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს სპეცანგარიშზე რიცხული თანხით საგადასახადო დავალიანების დაფარვა საგადასახადო კოდექსის ნორმათა დარღვევით განხორციელდა. აღნიშნული თანხა სამინისტროს სპეცანგარიშზე ჩარიცხული იყო ფინანსური გრანტის სახით, თანხა არ წარმოადგენდა სამინისტროს კუთვნილებას და ამდენად, დაუშვებელი იყო ამ თანხის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს საგადასახადო დავალიანების დაფარვის მიზნით გამოყენება. ფინანსთა სამინისტროს აღნიშნული თანხა სპეცანგარიშზე არ დაუბრუნებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას, როგორც სათანადო მოპასუხეს, მართებულად დაეკისრა ............. კავშირების მართვის ადმინისტრაციული ჯგუფისათვის სადავო თანხის დაბრუნების ვალდებულება.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ მისთვის სახელმწიფო ბაჟის უკანონოდ დარიცხვის თაობაზე. ასკ-ის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდევინება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელებზე. განსახილველ შემთხვევაში სასარჩელო მოთხოვნას სახელმწიფო ბიუჯეტში არამართლზომიერად გადარიცხული თანხის დაბრუნება წარმოადგენს. ფინანსთა სამინისტრო სააპელაციო საჩივრით სწორედ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნების ვალდებულებისაგან განთავისუფლებას ითხოვდა. ამდენად, განსახილველი დავა ფინანსთა სამინისტროსთან მიმართებაში არ წარმოადგენს სახელმწიფო სოციალურ დაცვასთან დაკავშირებულ დავათა კატეგორიას.
ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისადაა მიღებული და არ არსებობს მისი გაუქმების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად, საკასაციო საჩივარში მითითებულ კანონი არ დარღვეულა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 04.07.05წ. გადაწყვეტილება;
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.