Facebook Twitter
ბს-1027-835-კ-04 28 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევა და სახელმწიფოსთვის გადაცემა.

აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 23 ივნისს საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურორმა დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ სარჩელი აღძრა აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში მოპასუხეების _ გ., ე., გ., მ. და ა. კ.-ების მიმართ.
სარჩელში აღნიშნული იყო, რომ 2004წ. 9 მაისს საქართველოს მთავარმა სამხედრო პროკურატურამ ბრალი წარუდგინა გ. კ.-ს იმის გამო, რომ მან ჩაიდინა: თავისუფლების უკანონო აღკვეთა, მოხელის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური პირის უფლების არსებითი დარღვევა გამოიწვია; სახელმწიფო ორგანოს მოხელის ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების განმახორციელებლის მიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენის შეუსრულებლობა, ე.ი. დანაშაული, გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის I ნაწილით, 333-ე მუხლის I ნაწილით და 381-ე მუხლით.
მოსარჩელის განმარტებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის I ნაწილის თანახმად, პროკურორს ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი ევარაუდა, რომ ბრალდებულ გ. კ.-ის და მისი ოჯახის წევრების _ ე., ა., მ. და გ. კ.-ების საკუთრებაში არსებული შემდეგი ქონება იყო დაუსაბუთებელი და უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს, კერძოდ:
1. მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლითა და დამხმარე ნაკვეთით აბაშის რაიონის სოფ. ...-ში, რომლის საბაზრო ღირებულება, ბრალდებულის შეფასებით, შეადგენდა 140000 ლარს და მესაკუთრე იყო გ. კ.-ი;
2. ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე ბინა ¹14, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 18000 ლარს და მისი თანამესაკუთრე, ბრალდებულ გ. კ.-თან ერთად, იყო მისი მეუღლე _ ე. კ.-ი;
3. ქ. ბათუმში, ... მდებარე ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომლის საბაზრო ღირებულება, ბრალდებულის შეფასებით, შეადგენდა 320000 ლარს და მესაკუთრე იყო გ. კ.-ის ვაჟი _ ა. კ.-ი;
4. ქ. ბათუმში, ... მდებარე ¹10 და ¹11 ბინები, რომელთა საბაზრო ღირებულება, ბრალდებულის შეფასებით, შეადგენდა 45000 ლარს და მესაკუთრე იყო გ. კ.-ის ქალიშვილი _ მ. კ.-ი;
5. აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომლის საბაზრო ღირებულება შეადგენდა 7000 ლარს და მესაკუთრე იყო გ. კ.-ის და _ გ. კ.-ი.
მოსარჩელე სარჩელში აღნიშნავდა, რომ გ. კ.-ს ქონებრივ დეკლარაციაში დაფიქსირებული არ ჰქონდა შემდეგი ქონება: 1. ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე ბინა, რომელიც ირიცხებოდა გ. კ.-ის სახელზე. 2004წ. 14 აპრილს აღნიშნული ბინა გასხვისდა გ. ყ.-ზე 10000 ლარად (დეკლარაციის შესაბამისად, თუმცა 2003წ. დეკლარაციაში იგი შეფასდა 95000 ლარად); 2. ქ. ბათუმში, ... ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც გასხვისდა 80000 ლარად (დეკლარაციის შესაბამისად), აგრეთვე, 7400 ლარად გასხვისდა ე. კ.-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ნივა”. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ქონება იყო დაუსაბუთებელი. შესაბამისად, მათი გასხვისებით მიღებული შემოსავალიც იყო დაუსაბუთებელი და ხსენებული ქონებაც და შემოსავალიც უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს.
მოსარჩელის განმარტებით, გ. კ.-სა და მისი ოჯახის წევრებს საკუთრებაში გააჩნდათ ფულადი თანხებიც, კერძოდ, გ. კ.-ს _ 17000 აშშ დოლარი, ე. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, გ. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, მ. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარი, ა. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარი, რაც, აგრეთვე, წარმოადგენდა დაუსაბუთებლად მიღებულ მატერიალურ ფასეულობას და უნდა დაბრუნებოდა სახელმწიფოს.
როგორც სარჩელში იყო აღნიშნული, პროკურორს ქონების დაუსაბუთებლობის ეჭვის საფუძველს აძლევდა ის გარემოება, რომ გ. კ.-ი თავისი ცხოვრების მანძილზე მსახურობდა საჯარო სამსახურში და მის მიერ მთელი აღნიშნული ხნის განმავლობაში მიღებული ოფიციალური შემოსავლით შეუძლებელი იყო იმ ქონების შეძენა, რაც მას გააჩნდა, რამდენადაც მისი ოფიციალური შემოსავალი, პრაქტიკულად, წარმოადგენდა საარსებო წყაროს, კერძოდ, გ. კ.-ი 1996-2004 წლებში მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ და მისი სახელფასო განაკვეთი შეადგენდა თვეში 494 ლარს, საიდანაც გასაცემი თანხა იყო 414 ლარი. გ. კ.-ის ოჯახის წევრებს არ გააჩნდათ საკმარისი სახსრები მათზე რიცხული ქონების შესაძენად, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ არანაირი შემოსავალი.
მოსარჩელემ სარჩელში აღნიშნა, რომ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში ასახული უძრავი ქონება თავად ბრალდებულის მიერ არ იყო შეფასებული ობიექტურად, ვინაიდან მასში დაფიქსირებული ღირებულება გაცილებით ნაკლები იყო მის რეალურ საბაზრო ღირებულებაზე და, სსკ-ის 162-ე მუხლის შესაბამისად, იშუამდგომლა ექსპერტიზის დანიშვნა სადავო ქონების დეკლარაციაში ასახვისა და შეძენის მომენტისთვის მისი რეალური საბაზრო ღირებულების დასადგენად.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხეების _ გ., ე., გ., მ. და ა. კ.-ების _ ზემოაღნიშნული ქონების დაუსაბუთებლად ცნობა და მისი სახელმწიფოსთვის დაბრუნება.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 24 ივნისის განჩინებით დაკმაყოფილდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის მოთხოვნა გ., ა., გ., ე. და მ. კ.-ების სადავო ქონებაზე ყადაღის დადების შესახებ და ყადაღა დაედო საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის სარჩელში მითითებულ მთელ სადავო ქონებას.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 24 ივნისის განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანეს გ., ე., ა., მ. და გ. კ.-ებმა. კერძო საჩივრის ავტორებმა მოითხოვეს აღნიშნული განჩინების გაუქმება მთელი თავისი სამართლებრივი შედეგით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 7 ივლისის განჩინებით მოსარჩელე გ., ა., გ., ე. და მ. კ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა დაუსაბუთებლობის მოტივით და საქმის მასალებთან ერთად გადაეგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 2004წ. 12 ივლისის განჩინებით გ., ე., ა., მ. და გ. კ.-ების კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 23 ივლისის განჩინებით გ., ე., გ., ა. და მ. კ.-ების წარმომადგენელ პ. გ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და დაინიშნა ექსპერტიზა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მოპასუხეთა ქონების შეფასების მიზნით.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ 2004წ. 29 ივლისს განიხილა მოცემული საქმე და გამოიტანა გადაწყვეტილება, რომლითაც საქართველოს პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდა; მოპასუხეების _ გ., ე., გ., მ. და ა. კ.-ების ქონება ცნობილ იქნა დაუსაბუთებლად; სახელმწიფოს გადაეცა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში გ. და ე. კ.-ების სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი 230541 ლარის საერთო ღირებულებით; სახელმწიფოს გადაეცა, აგრეთვე: აბაშის რაიონის სოფ. ...-ში გ. კ.-ზე რიცხული მიწის ნაკვეთი და შენობა-ნაგებობანი 12785 ლარის საერთო ღირებულებით; ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, 16606 ლარის ღირებულების ერთოთახიანი ბინა ¹14; ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, 173495 ლარად შეფასებული სახლთმფლობელობა; ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე ¹10 და ¹11 ბინები, შესაბამისად, 40872 და 16820 ლარად ღირებული; გ. კ.-ს დაეკისრა 2003-2004 წლებში გაყიდული ქონების, კერძოდ: ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე ბინის გასხვისებით მიღებული შემოსავალი _ 10000 ლარი; ქ. ბათუმში, ... ¹23-ში არსებული სახლთმფლობელობის გასხვისებით მიღებული 80000 ლარი და ავტომანქანა “ნივის” გასხვისებით მიღებული 7400 ლარი; მოპასუხეებს დაეკისრათ გ. კ.-ის მიერ შედგენილი დეკლარაციის შესაბამისად არსებული ნაღდი ფულის სახელმწიფოსთვის გადაცემა: გ. კ.-ს _ 17000 აშშ დოლარის, ე. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარის, გ. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარის და მ. და ა. კ.-ებს 1500-1500 აშშDდოლარის ეკვივალენტი ლარი.
აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილებაზე შემდეგმა პირებმა ცალ-ცალკე შეიტანეს სამი საკასაციო საჩივარი: კასატორმა, აგრეთვე, ა. და მ. კ.-ების წარმომადგენლის, კასატორ ე. კ.-ის წარმომადგენელმა გ. კ.-მა; კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელმა, ადვოკატმა ე. ბ.-ამ; გ., ე., მ. და ა. კ.-ების წარმომადგენელმა _ ადვოკატმა პ. გ.-ემ.
გ. კ.-ი თავის საკასაციო საჩივარში ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნებას იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისთვის და მიუთითებს საკასაციო საჩივრის შემდეგ საფუძვლებზე:
1. სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილება უკანონოა, რადგან სასამართლომ არ გამოიკვლია საქმის ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებები და გადაწყვეტილებაში სრულიად მოულოდნელად აისახა ისეთი არგუმენტები და მოსაზრებები, რომლებიც სადავოც კი არ გამხდარა მთავარ სხდომაზე, კერძოდ, პროკურატურის წარმომადგენელს არც ერთ სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია გ. კ.-ის ძმის, გ. კ.-ის დეკლარაციაში მითითებული მონაცემები, რომლებიც შეეხებოდა გ. კ.-ის შემოსავლებს. გ. კ.-ისთვის მოულოდნელი იყო ის, რომ სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, თითქოს მას არ წარუდგენია მის მიერვე მიღებული შემოსავლების დამადასტურებელი მტკიცებულებები მაშინ, როდესაც ეს საკითხი არც დაუყენებია მოსარჩელეს. პროკურატურამ ბათუმის საგადასახადო სამსახურიდან გამოითხოვა ცნობა გ. კ.-ის შემოსავლებისა და დივიდენდების შესახებ. აღნიშნული ცნობა კი მიიღო პროკურატურამ, მაგრამ იგი საქმეში არ არის. ხსენებული საკითხის სადავოდ გახდომის შემთხვევაში გ. კ.-ი სასამართლოსა და მოსარჩელეს წარუდგენდა ყველა ქვითარს, შემოსავლისა და გასავლის ორდერებს, ანუ მისი შემოსავლების დამადასტურებელ ყველა დეტალურ ინფორმაციას. სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო აღნიშნული საკითხის გარკვევის გარეშე, რაზედაც მოსარჩელესაც არ გაუმახვილებია ყურადღება, ხოლო სარჩელში პირიქით იქნა მითითებული, რომ შემოსავლები არათუ არ არსებობდა, არამედ ნაკლები იყო ნაჩვენები. ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, ხსენებული ქვითრების წარდგენა პირველი ინსტანციის სასამართლოში არ გამხდარა საჭირო, თუმცა სასამართლომ არასწორად მიიჩნია, რომ გ. კ.-ს არანაირი შემოსავალი არ გააჩნდა მაშინ, როდესაც მან მთელი სიცოცხლე ერთადერთ ძმას და მის ოჯახს შეალია და თავისი ფიზიკურ-გონებრივი შრომით უვლიდა მშობლების სახლს, რომელშიც ამჟამადაც ცხოვრობენ. სასამართლოს დაინტერესების შემთხვევაში, უნდა დაეთვალიერებინა ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე სახლი, რომელზეც არასწორი ინფორმაცია წარადგინა მოსარჩელემ. აღნიშნულ სახლში გაკეთებული ძველი რემონტი, მეორე სართულზე დაბზარული კედლები და მოკრძალებული ავეჯი მეტყველებს იმაზე, რაც მოპასუხეთა დასამტკიცებელი გახდა მაშინ, როდესაც ექსპერტიზა არ ჩატარებულა და სასამართლოს არ გაურკვევია, თუ რა გაუმჯობესება აღენიშნება სახლს და როდის არის გაუმჯობესებული. ხსენებული სახლი არსებობს იმ ფორმითა და მოცულობით, როგორიც ჰქონდათ გ. და გ. კ.-ების მშობლებს;
2. სპეციალისტმა არასწორად, ვირტუალური ციფრებით შეაფასა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში არსებული სასიმინდე, საწიწილე, საღორე და ა.შ. აღნიშნული ნაგებობების ფოტოსურათებითაც თვალნათლივ დასტურდება მოსარჩელის მიერ წარდგენილი ყველა მონაცემის ზედაპირულობა და გადაჭარბებულობა, ხოლო ექსპერტის ცნობა არის ზედაპირული და არარეალური;
3. გ. კ.-ი დაბადებიდან ცხოვრობს ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე სახლში, არ გააჩნია სხვა საცხოვრებელი და თავის შემოსავლებს ყოველთვის ახმარდა აღნიშნული სახლის რემონტს, რეკონსტრუქციას თუ შეკეთებას. 1997 წელს გ. კ.-ის დედამ _ მ. კ.-მა _ მეუღლისგან _ ა. კ.-ისგან _ მემკვიდრეობით მიღებული სახლი აჩუქა შვილიშვილს _ ა. გ.ს-ძე კ.-ს. ხსენებულ სახლს 1997წ. შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია, გარდა იძულებით შესაკეთებელი სამუშაოებისა, კერძოდ, ქ. ბათუმში არსებული ნესტიანი ჰავის გამო, აღნიშნულ სახლს მთლიანად დაუნესტიანდა საწვიმარი მხარის კედელი და მოხდა თუნუქის ფილებით მისი იძულებითი მოპირკეთება. შესაბამისად, ახლად მოსაპირკეთებელი დარჩა კედლის შიდა მხარე, ხოლო დაზიანებული ფანჯრები _ გამოსაცვლელი. გარდა ამისა, ზედიზედ ორი დიდთოვლობის გამო, დაზიანდა მდარე ხარისხის სახურავი და სანიაღვრე მილები, რამაც განაპირობა სახურავისა და სანიაღვრე მილების შეკეთება და სახურავზე თოვლდამჭერების დაყენება. გ. კ.-ის მამა _ ალ. კ.-ი, ძირითადად, სახლის მიშენებით და დაშენებით სარეკონსტრუქციო სამუშაოებს აწარმოებდა და არასწორად წარმოებულმა სამუშაოებმა აივნის მორღვევა და კიბის ავარიულობა გამოიწვია, რამაც განაპირობა აივნისა და კიბის იძულებითი შეკეთება. 1974 წლიდან 1998 წლამდე გ. კ.-ი მუშაობდა ბათუმის ინდუსტრიული ტექნიკუმის, შემდეგში ინდუსტრიულ-პედაგოგიური კოლეჯის პედაგოგად, ჰქონდა დიდი დატვირთვა და შეთავსებით _ ლაბორანტის თანამდებობა, მრავალი წლის განმავლობაში ღებულობდა მაღალ ანაზღაურებას და ჰქონდა იმის საშუალება, რომ მატერიალურად დახმარებოდა ოჯახს სახლის სარემონტო-სარეკონსტრუქციო სამუშაოებში. 1996წ. სექტემბრიდან გ. კ.-ი პარტნიორებთან ერთად იყო შპს “კ. 96-ის” დამფუძნებელი, შემდეგ კი, 2001წ. მაისიდან _ შპს “კ. 2001-ის” დამფუძნებელი და დირექტორი. 1999-2001 წლებში გ. კ.-მა შპს “კ. 96-დან” დივიდენდის სახით მიიღო 81940 ლარი, ხოლო 2001-2004 წლებში შპს “კ. 2001-დან” _ 94764 ლარი. 2001წ. სექტემბრიდან 2003წ. ჩათვლით გ. კ.-ი ეკონომისტად მუშაობდა შპს “კ. XXI-ში” და აღნიშნულ პერიოდში ხელფასის სახით სულ დაერიცხა 12700 ლარი. აღნიშნულიდან გამომდინარე, გ. კ.-ს ჰქონდა იმის სახსრები, რომ სახლის საჭიროებისთვის ეწარმოებინა სარემონტო და შესაკეთებელი სამუშაოები. ამასთან, გ. კ.-ს და მის ოჯახს აბაშის რაიონის სოფ. ...-ში აქვთ დამხმარე მეურნეობა, სადაც იგი ხელმძღვანელობს სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს და საიდანაც მის ოჯახს ჰქონდა დამატებითი სოლიდური შემოსავლები. აღნიშნულს გ. კ.-ი ახმარდა სოფ. ...-ში დამხმარე სათავსი ნაგებობების მშენებლობას;
4. აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში ისე ჩატარდა ძირითადი სხდომა მოცემულ საქმეზე, რომ ადვოკატებს არ აცნობეს სხდომის თაობაზე, რის გამოც ადვოკატმა ე. ბ.-მ ვერ მიიღო სასამართლო პროცესში მონაწილეობა.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ.-ა თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე:
1. გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია კანონის აშკარა დარღვევით, კერძოდ:
1) სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა;
2) სასამართლომ არასწორად განმარტა კანონი;
3) სასამართლომ არაერთხელ და უხეშად დაარღვია საპროცესო სამართლის ნორმები, რამაც განაპირობა საქმეზე არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა;
4) სახეზეა ასევე სსკ-ის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საკასაციო საჩივრის აბსოლუტური საფუძვლები, კერძოდ, სასამართლომ საქმე განიხილა მოპასუხის წარმომადგენლის დაუსწრებლად, რომელსაც არ მიუღია შეტყობინება კანონით დადგენილი წესით;
5) გადაწყვეტილება გამოტანილია იმ სასამართლოს მიერ, რომელსაც უწყებრივად არ ექვემდებარებოდა აღნიშნული კატეგორიის საქმის განხილვა;
6) გადაწყვეტილება იურიდიულად არ არის საკმაოდ დასაბუთებული, რის გამოც, სსკ-ის 202-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოს განხილვის საგანი ასევე უნდა გახდეს მოცემულ საკასაციო საჩივარში მოყვანილი ის არგუმენტები და გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს საკასაციო საჩივრის მოთხოვნებს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების თაობაზე, აგრეთვე, ის განჩინებები, რომლებიც წინ უსწრებდა სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას;
7) პირველი ინსტანციის კოლეგიის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები არ არის სავალდებულო საკასაციო სასამართლოსთვის, რამდენადაც საკასაციო საჩივარი და პრეტენზია დასაბუთებულია.
2. მოცემულ საქმეზე სასარჩელო განცხადება შეიტანა საქართველოს სამხედრო პროკურორმა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის საფუძველზე, ხოლო საქმის განხილვის მოსამზადებელი ეტაპისთვის საქართველოს სამხედრო პროკურატურა უკვე გაუქმებული იყო და, შესაბამისად, მოსარჩელე პ. ჯ.-ი სარჩელის შეტანის დროისთვის აღარ ასრულებდა მისთვის დაკისრებულ მოვალეობას. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-15 მუხლის მიხედვით, თუ მხარე სახელმწიფო ან ადგილობრივი მმართველობის ორგანოა, სასამართლოში მას წარმოადგენს მისი ხელმძღვანელი ან ის თანამდებობის პირი, რომელსაც კანონმდებლობით მინიჭებული აქვს წარმომადგენლობის უფლება. სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას იღებდა რ. გ.-ე, რომელსაც არ გააჩნდა სათანადო წესით გაფორმებული რწმუნება, კერძოდ, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებულია, რომ, თითქოს საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის წარმომადგენელი იყო რ. გ.-ე მაშინ, როდესაც სამხედრო პროკურატურისგან მას არ გააჩნდა რწმუნება ზემოაღნიშნული მიზეზების გამო. სასამართლოს მთავარი სხდომის დაწყებისთანავე სადავო გახდა რ. გ.-ის უფლებამოსილების საკითხი, რის გამოც რამდენჯერმე გამოცხადდა შესვენება.საქმეში წარმოდგენილი იყო რწმუნება, რომელიც გაცემული იყო გენერალური პროკურორის მიერ, მაგრამ არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნებს, კერძოდ, სსკ-ის 93-ე მუხლს, რომლის თანახმად, იურიდიული პირები ან სხვა პირები ან სხვა ორგანიზაციები საქმეს სასამართლოში აწარმოებენ იმ თანამდებობის პირის მეშვეობით, რომელსაც წესდებით ან დებულებით შეუძლია ამ იურიდიული პირისა თუ ორგანიზაციის სახელით იმოქმედოს;
3. დაირღვა სსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, უფლებამოსილება სასამართლოში საქმის წარმოების შესახებ უფლებას აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, გარდა კერძო არბიტრაჟისათვის საქმის გადაცემისა, სასარჩელო მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა, სარჩელის ცნობისა, მორიგებისა, სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებისა, მიკუთვნებული ქონების ან ფულის მიღებისა. წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლში აღნიშნული თითოეული მოქმედების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში. გენერალური პროკურატურის მიერ გაცემულ მინდობილობაში აღნიშნული იყო, რომ რ. გ.-ს ეძლეოდა ყველა უფლება, რაც გათვალისწინებული იყო სსკ-ის 98-ე მუხლში, თუმცა გაცემულ მინდობილობაში არ იყო სპეციალურად აღნიშნული ამ უფლებათა შესახებ, რაც ეწინააღმდეგებოდა სწორედ სსკ-ის 98-ე მუხლის მოთხოვნას;
4. განსჯადობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-5 და მე-6 მუხლებით განსაზღვრული სპეციალური განსჯადობის მიხედვით, საოლქო სასამართლო პირველი ინსტანციის წესით იხილავს სარჩელს თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო ან დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსათვის გადაცემასთან დაკავშირებით. სსკ-ის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილში კი მითითებულია ის სარჩელები, რასაც იხილავს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლო. ამდენად უდავოა, რომ დარღვეულია განსჯადობის წესები;
5. სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის დარღვევასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ საქმის განხილვის შესახებ მოპასუხე გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს არ აცნობა კანონით დადგენილი წესით და საქმე განიხილა მისი მონაწილეობის გარეშე. 2004წ. 23 ივლისს ჩატარდა მთავარი სხდომა, სადაც მოპასუხე გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს შუამდგომლობით დაინიშნა ექსპერტიზა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ღირებულების შესაფასებლად. აღნიშნული ექსპერტიზის დანიშვნის დროს ე. ბ.-მ იშუამდგომლა ექსპერტიზის ჩატარებაში, როგორც მისი მარწმუნებლების, ასევე მათ მიერ წარდგენილი ექსპერტის მონაწილეობის მიღების თაობაზე, რაზეც სასამართლო სხდომის თავმჯდომარე ა. ა.-მ განაცხადა, რომ მათ შეეძლოთ მონაწილეობის მიღება და სთხოვა ექსპერტ-სპეციალისტის მონაცემები და რეკვიზიტები მიეწოდებინათ აჭარის უმაღლეს სასამართლოში არაუგვიანეს 2004წ. 26 ივლისისა, თუმცა 26 ივლისს ცნობილი გახდა შემდეგი ფაქტის შესახებ:
განჩინება უკვე გამოიგზავნა აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოდან ქ. თბილისში, იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის კვლევით ცენტრში ისე, რომ სასამართლო არ დაელოდა მოპასუხეთა ექსპერტის შესახებ მონაცემების მიწოდებას და უფრო მეტიც, ადვოკატი ე. ბ.-ა პირადად მივიდა იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზის კვლევით ცენტრში, სადაც აცნობეს, რომ ექსპერტიზის ჩატარება უკვე დაევალა ქუთაისის ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრს (თუმცა, განჩინება ქ. თბილისიდან გაგზავნილი არ იყო). განჩინებაში სასამართლომ რატომღაც არ მიუთითა ექსპერტიზის ჩატარებაში მხარეთა მონაწილეობის შესახებ, რაზეც მოსამართლე დ. ა.-მ ე. ბ.-ს ტელეფონით განუმარტა, რომ აღნიშნული საკითხი ზეპირად შეათანხმა ექსპერტიზის ხელმძღვანელობასთან, თუმცა არც ამის საჭიროება აღარ იყო, რადგან იმ დროისთვის ექსპერტიზა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობებზე თურმე უკვე ჩატარებული იყო.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებით, სასამართლომ სხდომა დანიშნა 27 ივლისს მაშინ, როცა მიღებული არ ჰქონდა 26 ივლისს ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა. აღნიშნული დასკვნა 27 ივლისს მიმართვით გაიგზავნა სასამართლოში და იმავე დღეს ჩაჰბარდა პროკურორს. აღნიშნულის თაობაზე არსებობს ადვოკატ ე. ბ.-ს 2004წ. 26 ივლისის განცხადება, რომელიც მან ჩააბარა მოსამართლე დ. ა.-ის თანაშემწე ი. ნ.-ს და სსკ-ის 70-ე მუხლის თანახმად, სთხოვა მისთვის ექსპერტიზის დასკვნის ასლის გადაცემა, აგრეთვე, საქმისთვის მოსამზადებლად საკმარისი დროის მიცემა, მით უფრო, რომ სასამართლოს მიღებული ჰქონდა ახალი ცნობები, რომლებიც მოპასუხეთათვის და მათი წარმომადგენლებისთვის არ წარუდგენიათ გასაცნობად.
სასამართლომ ისე დანიშნა სხდომა 2004წ. 28 ივლისს, რომ ამის თაობაზე მოპასუხე გ. კ.-ის წარმომადგენლისთვის, ადვოკატ ე. ბ.-სთვის საერთოდ არ უცნობებია, ხოლო მოპასუხეთა მეორე წარმომადგენელი, ადვოკატი პ. გ.-ე შემთხვევით მოხვდა სასამართლო პროცესზე _ იგი იმყოფებოდა ქ. ბათუმში.
ამდენად, კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებით, დაირღვა სსკ-ის 394-ე მუხლის “ბ” პუნქტის მოთხოვნა, კერძოდ, მას არ მიეცა საშუალება, მონაწილეობა მიეღო საქმის ზეპირ განხილვაში მაშინ, როდესაც მთავარი მოპასუხე გ. კ.-ი პატიმრობაში იმყოფებოდა და სასამართლო სხდომაზე მონაწილეობას ვერ იღებდა. შესაბამისად, დაირღვა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-13, აგრეთვე, სსკ-ის 70-ე მუხლი, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ.-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ სხდომის ოქმში მითითებული ის გარემოება, თითქოს მხარეებისთვის ცნობილი იყო 28 ივლისს მთავარი სხდომის დანიშვნის შესახებ, არ შეესაბამება სინამდვილეს, რადგანაც საქმეში არ არის შესაბამისი უწყების გაგზავნისა და ჩაბარების შესახებ მტკიცებულება. 27 ივლისის სხდომაზე გაფრთხილებულები იყვნენ მხოლოდ გ. კ.-ი და პროკურორი. ადვოკატი ე. ბ.-ა იყო თბილისში და მისთვის სრულიად უცნობი იყო 28 ივლისს სხდომის დანიშვნის ფაქტი;
6. გადაწყვეტილების იურიდიულად დაუსაბუთებლობასთან დაკავშირებით კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ.- მიუთითებს, რომ გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, როგორც საქმეში არსებულ დოკუმენტებთან, ასევე სასამართლო კოლეგიის მიერ დადგენილ ფაქტებთან მიმართებაში. არ არსებობდა სარჩელის წარდგენის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, თუ პროკურორს აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებული თანამდებობის პირის მფლობელობაში არსებული ქონება შესაძლებელია იყოს მოპოვებული სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, იგი აღძრავს სარჩელს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში განმარტებულია თანამდებობის პირის ცნება და, რაც მთავარია, მითითებულია ის დანაშაულები, კერძოდ, უკანონო შემოსავლის ლეგალიზება, გამოძალვა, მითვისება, გაფლანგვა ან გადასახადებისაგან თავის არიდება და ა.შ., როდესაც სახელმწიფოს ეძლევა სამოქალაქო სარჩელის წარდგენის უფლება, გ. კ.-ს კი ბრალად არ ედება არც ერთი იმ დანაშაულის ჩადენა, რაც მითითებულია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში;
7. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მიხედვით, მოსარჩელე ვალდებულია, დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები.ამავე კოდექსის 215-ე მუხლის თანახმად, უკანონოა ქონება (ქონების შემოსავალი, აქცია, წილი), რომელიც თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს მოპოვებული აქვს კანონის მოთხოვნათა დარღვევით. დაუსაბუთებელია ქონება, რომლის კანონიერი საშუალებებით მოპოვების დამადასტურებელი დოკუმენტები თანამდებობის პირს, მისი ოჯახის წევრს არ გააჩნიათ. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს უნდა ემტკიცებინა სარჩელის მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაც ვერ შეძლო. უფრო მეტიც, სასამართლომ, სათანადო მტკიცებულებების არარსებობის გამო, უმოძრაოდ დატოვა სარჩელი და ხარვეზის შესავსებად პროკურატურას მისცა ათდღიანი ვადა. პროკურატურამ ვერც მითითებულ ვადაში შეძლო იმ დოკუმენტების წარდგენა, რითაც დაასაბუთებდა სარჩელის მოთხოვნას, მაგრამ სასამართლო კოლეგია რატომღაც საკუთარი პოზიციის წინააღმდეგ წავიდა და მიუხედავად იმისა, რომ თავად მიიჩნია არასაკმარისად მოსარჩელის მიერ წარდგენილი დოკუმენტები, დაუსაბუთებლად დააკმაყოფილა სარჩელის ყველა მოთხოვნა;
8. სასამართლო კოლეგიამ არასწორად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ. კ.-ი 1996 წლიდან 2004 წლამდე მუშაობდა აჭარის ა/რ უშიშროების მინისტრის მოადგილედ და ამ პერიოდში მას ხელფასი ჰქონდა 414 ლარი, ე.ი. სულ ხელფასის სახით მიღებული აქვს 38502 ლარი. გ. კ.-ი აღნიშნულ მოვალეობას ასრულებდა არა 1996, არამედ _ 1998 წლიდან. სასამართლო კოლეგიამ არასწორად დაასკვნა, რომ გ. კ.-ს არ შეეძლო სარჩელში აღნიშნული ქონების შეძენა კანონიერი შემოსავლებით და ამ ქონების გაუმჯობესება უკავშირდებოდა მისი უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ მუშაობის წლებს.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებით, საქმეში წარდგენილ დეკლარაციებში მითითებულია, რომ 2000 წელს გ. კ.-ს შპს “კ.-96-დან" მიღებული აქვს 18000 ლარი, 2001 წლისთვის _ 27480 ლარი, 2002წლისთვის _ 41440 ლარი, 2003 წლისთვის _ 41440 ლარი, ხოლო შპს “კ.-21-დან" _ 3155 ლარი. 2003წ. დეკლარაციით ე. კ.-ს მიღებული აქვს 5040 ლარი, ხოლო 2004წ. დეკლარაციით გ. კ.-ს შპს “კ.-2001-დან" _ 34243 ლარი, ე. კ.-ს შპს “გ.-21-დან" _ 4304 ლარი, წილის გაყიდვით კი _ 2000 ლარი. 2004წ. დეკლარაციით ე. კ.-ის შემოსავალი ქონების ქირავნობის შედეგად შეადგენდა 4600 ლარს. არც ერთი აღნიშნული ჩანაწერი მოსარჩელეს სასამართლო სხდომაზე სადავოდ არ გაუხდია და, შესაბამისად, დეკლარაციაში მითითებული შემოსავლების დამადასტურებელი დოკუმენტების წარდგენა არ მოუთხოვია, თავად კი არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება დეკლარაციაში მითითებული შემოსავლების საწინააღმდეგოდ.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ.-ა საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია სასამართლოს დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ, რადგან მოპასუხემ საქმის განხილვის დროს არ წარადგინა რაიმე დოკუმენტი აღნიშნული დივიდენდების მიღების შესახებ, ე.ი. გ. კ.-ი თავის საფინანსო დეკლარაციებში თანხებს მიუთითებდა ზერელედ, მისი არალეგალური შემოსავლების გათეთრების მიზნით;
9. ადვოკატი ე. ბ.-ა არ ეთანხმება სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილებას, რადგანაც სასამართლომ, ერთი მხრივ, დეკლარაციაში ზემოთ მითითებული შემოსავლები არ მიიჩნია სარწმუნოდ და, მეორე მხრივ, მთლიანად დააკისრა გ. კ.-ს 17000 აშშ დოლარი, ე. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, გ. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, ა. და მ. კ.-ებს კი _ 1500-1500 აშშ დოლარი მხოლოდ იმიტომ, რომ ეს თანხები მითითებული იყო დეკლარაციაში. ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებით, თუ სასამართლო კოლეგიამ არ მიიჩნია სარწმუნოდ ე. და გ. კ.-ების დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები, მაშინ უპირობოდ არ უნდა მიეღო იმავე დეკლარაციის მონაცემები მათ შესახებ ნაღდი ფულის არსებობის თაობაზე, როცა ამის დამადასტურებელი არანაირი ცნობა და დოკუმენტი მოპასუხეს არ წარუდგენია და, შესაბამისად, სასამართლოს არ გამოუკვლევია ამ თანხების არსებობის საკითხიც კი;
10. ადვოკატ ე. ბ.-სთვის გაუგებარი და დაუსაბუთებელია სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ, თითქოს გ. კ.-ს დეკლარაციაში მითითებული არ ჰქონდა აბაშის რაიონის სოფ. ...-ში დამხმარე მეურნეობის შემოსავლები, რის გამოც სასამართლომ არ გაიზიარა მოპასუხე გ. კ.-ის განმარტება ამ შემოსავლების არსებობის თაობაზე. საქმის მასალებში არის 2004წ. აპრილისთვის შედგენილი დეკლარაცია, სადაც გ. კ.-ს აღნიშნული აქვს სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი _ 23400 ლარი;
11. ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე სახლმფლობელობა 1947 წლიდან ეკუთვნოდა გ. კ.-ის მშობლებს, აღნიშნულ მისამართზე _ ... ¹3-ში, ცხოვრობდნენ ა. და მ. კ.-ები. აღნიშნული სახლი გ. კ.-ის მშობლებმა მიიღეს 1947 წელს და ამის თაობაზე მიღება-ჩაბარების აქტი შედგენილია 1950წ. 5 მარტს. გ. კ.-ის მშობლებმა სადავო სახლზე რამდენჯერმე ჩაატარეს რეკონსტრუქცია და რემონტი, მათ შორის, ბოლო _ 1994-95 წლებში, რის შემდეგაც, მოგვიანებით _ 1996 წელს ექსპლუატაციაში იქნა მიღებული ...-ის ქ. ¹3-ში მდებარე, მარგალიტა კ.-ზე რიცხული საცხოვრებელი სახლი ამჟამინდელი სახით. აღნიშნული სახლი მარგალიტა კ.-მა ჩუქების ხელშეკრულებით აჩუქა ა. კ.-ს. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ სახლი არის ორსართულიანი, მანსარდით, აივნებით, 169,89 კვ.მ საცხოვრებელი ფართით, 7 საცხოვრებელი ოთახით, რომლებიც განლაგებულია 221 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. რაც შეეხება ხელშეკრულების მე-5 პუნქტში მითითებულ საინვენტარიზაციო ფასს (504 ლარს), რასაკვირველია, აღნიშნული არ წარმოადგენს სახლის ღირებულებას და სახლის ჩამორთმევის დროს სასამართლოს კოლეგიას არ უნდა ესარგებლა ამ მონაცემით. აღნიშნულ სახლში ბოლო დრომდე ცხოვრობდა გ. კ.-ი ოჯახთან ერთად და ამავე სახლში ცხოვრობს მისი დაც. სახლის ერთი შეხედვით დათვალიერებაც კი ცხადყოფს, რომ სარემონტო სამუშაოები დიდი ხნის წინ არის ჩატარებული. მოსარჩელეს არ წარმოუდგენია არანაირი მტკიცებულება აღნიშნულ სახლზე ბოლო წლებში ჩატარებული სარემონტო სამუშაოებისა და ამ სახლის რეკონსტრუქციის თაობაზე. ამდენად, სასამართლო გადაწყვეტილება ამ ნაწილშიც აშკარად დაუსაბუთებელია;
12. აბაშის რაიონის სოფ. ...-ში არსებულ შენობა-ნაგებობებთან დაკავშირებით ადვოკატი ე. ბ.-ა აღნიშნავს შემდეგს: სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ 2004წ. 26 ივლისის ექსპერტიზის დასკვნით, შენობა-ნაგებობები აშენებულია ბოლო 10-12 წლის განმავლობაში, რაც იმას ნიშნავს, რომ აშენებულია იქამდე, ვიდრე გ. კ.-ი დაინიშნებოდა აჭარის უშიშროების მინისტრის მოადგილედ. აქედან გამომდინარე, დაუსაბუთებელია, თუ რატომ ჩამოართვა აღნიშნული ქონება სასამართლომ მოპასუხეებს. სასამართლოს მიერ იმაზე მითითება, რომ მოპასუხემ ვერ წარადგინა ცნობა გ. კ.-ის მამის _ ალ. კ.-ის მიერ აბაშის რაიონის სოფ. ...-ში უძრავი ქონების ფლობის შესახებ, არასწორია, რადგანაც საქმეში არსებობს სოფ. ...-ში მდებარე სახლის თაობაზე შედგენილი ანდერძი;
13. ადვოკატ ე. ბ.-ს აზრით, დაუსაბუთებელი და უკანონოა სასამართლოს გადაწყვეტილება გ. კ.-ისთვის ... ¹3-ში არსებული ბინის დაუსაბუთებლად ცნობისა და ჩამორთმევის თაობაზე, ვინაიდან გ. კ.-ს აღნიშნული ბინა მიღებული აქვს სამსახურებრივად ყოფილი სსრკ უშიშროების კომიტეტიდან, კერძოდ, ვოლგოგრადის ოლქის უშიშროების სამმართველოდან წამოსვლის შემდგომ, როდესაც ვოლგოგრადში ჩააბარა სახელმწიფოს მიერ მიცემული ოროთახიანი ბინა და ქ. ბათუმში მიიღო ზემოაღნიშნული ბინა;
14. სასამართლო კოლეგიამ მიიჩნია, რომ ბინის გაუმჯობესებაზე დახარჯული სახსრები დაუსაბუთებელია, თუმცა სასამართლოს არ გააჩნდა არანაირი დოკუმენტი, თუ რა ღირებულებას შეადგენდა ბინა მიღების დროს და როდის და რა ოდენობით გაიზარდა მისი ღირებულება. უფრო მეტიც, ასეთი დოკუმენტების არსებობის შემთხვევაშიც კი, გაუგებარია, ბინაში ჩატარებული კოსმეტიკური რემონტის გამო, რატომ უნდა ჩამორთმეოდა მთლიანი ბინა მოპასუხეს;
15. ადვოკატი ე. ბ.-ა დაუსაბუთებლად თვლის სასამართლოს გადაწყვეტილებას მ. კ.-ის სახელზე რიცხული ბინების (...-ს ქ. ¹50/52), ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე გაყიდული ბინის, ქ. ბათუმში, ... ¹23-ში მდებარე გასხვისებული სახლისა და ავტომანქანა “ნივის" გასხვისებით მიღებული თანხების მოპასუხისთვის გადასახდელად დაკისრების ნაწილში.
კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებით, სასამართლო კოლეგიამ სათანადო შეფასება არ მისცა საქმეში წარმოდგენილ მასალებს და ყოვლად დაუშვებლად დააკმაყოფილა პროკურატურის სარჩელი, რითაც ღია ცის ქვეშ დატოვა გ. კ.-ი მეუღლითა და ორი მოზარდი შვილით და ერთადერთი და, რომელთაც აღარაფერი გააჩნიათ სასამართლო გადაწყვეტილების შემდგომ.
საქმეში წარდგენილი დოკუმენტებით (დეკლარაცია, ცნობები) დასტურდება, რომ შპს “კ.-დან” და შპს “გ. XXI-დან” მიღებული შემოსავლების, ასევე ქ. ბათუმში, გამსახურდიას ქუჩაზე არსებული ფართის ქირავნობის შედეგად მიღებული თანხებით მოხდა ... ¹50-ში მდებარე ბინის და ავტომანქანის შეძენა და მიმდინარე სარემონტო სამუშაოების შესრულება;
16. ადვოკატ ე. ბ.-სთვის გაუგებარია სასამართლო კოლეგიის გადაწყვეტილების ის ნაწილიც, სადაც აღნიშნულია, რომ გ. კ.-ის ხელფასის გარდა, მის ოჯახს სხვა შემოსავალი არ გააჩნდა და სასამართლომ სარწმუნოდ არ მიიჩნია დეკლარაციაში მითითებული შემოსავლები, რომლებიც გააჩნდა გ. კ.-ს. ეს გარემოება მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია არც მოსამზადებელ და არც მთავარ სხდომებზე. უფრო მეტიც, მოპასუხეთათვის ცნობილი იყო, რომ პროკურატურამ ბათუმის საგადასახადო დეპარტამენტიდან აიღო ცნობა გ. კ.-ის მიერ მიღებული შემოსავლებისა და დივიდენდების შესახებ, რომელიც რატომღაც აღარ აღმოჩნდა საქმეში;
17. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენელი, ადვოკატი ე. ბ.-ა აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება მიღებულია კანონის აშკარა დარღვევით, საპროცესო სამართლის ნორმების უგულებელყოფით, საქმის მასალების გამორკვევის გარეშე და ითხოვს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
კასატორების _ გ., ე., ა., მ. კ.-ების წარმომადგენელი, ადვოკატი პ. გ.-ე თავის საკასაციო საჩივარში მიუთითებს შემდეგ გარემოებებსა და საკასაციო საჩივრის საფუძვლებზე:
1. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უკანონო აქტია, რომელიც უპირობოდ უნდა იქნეს გაუქმებული.
საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის სარჩელი დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევაზე გ. კ.-ისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში აღძრული იქნა 2004წ. 23 ივნისს, რომელიც 2004წ. 24 ივნისის რეზოლუციით დაეწერა მოსამართლე დ. ა.-ეს და რომელსაც დაერთო დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ. ირკვევა, რომ 2004წ. 9 მაისს გ. კ.-ს შეერაცხა ბრალი. აღნიშნული დადგენილება საქმის მასალებში წარდგენილია სამი ფურცლით და მას არ ერთვის საპროცესო გადაწყვეტილების აქტის დადგენილებითი ნაწილი, კერძოდ, გ. კ.-ის ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის გადაწყვეტილების დადასტურება და იმ თანამდებობის პირის ხელმოწერა, ვინც გ. კ.-ი ბრალდებულის სახით მისცა პასუხისგებაში.
სასარჩელო განცხადებაზე დართულია ცნობა, გაცემული ბათუმის რეგიონული სამხედრო პროკურატურის თანამშრომელ დ. ა.-ზე, რომელიც პროცესში მონაწილე მხარეს არ წარმოადგენდა.
კასატორთა წარმომადგენლის, ადვოკატ პ. გ.-ის განმარტებით, საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის სარჩელის წარმოებაში მიღების შესახებ 2004წ. 1 ივლისით დათარიღებული განჩინებით დგინდება, რომ სარჩელი წარმოებაში მიღებულ იქნა წინა დღით, ხოლო უკვე წარმოებაში მიღებულ სარჩელზე ხარვეზის გამოსწორება დაევალა საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორს.
ხარვეზის დადგენის შესახებ 2004წ. 28 ივნისის განჩინებით დადგენილია ხარვეზის გამოსწორების ათდღიანი ვადა და სასამართლო მიუთითებდა მოსარჩელეს, რომ თუ 10 დღის ვადაში არ იქნებოდა ხარვეზი გამოსწორებული, მოსარჩელეს შეეძლო სასამართლოსთვის მიემართა სსკ-ის 64-ე მუხლის შესაბამისად ვადის გაგრძელების შესახებ. პროკურორმა ო. დ.-მ ხარვეზის გამოსწორება დაიწყო 2004წ. 2 ივლისს, მას შემდგომ, როდესაც გ. კ.-ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ სამხედრო პროკურორის სარჩელი სასამართლო კოლეგიას უკვე განჩინებით ჰქონდა წარმოებაში მიღებული. ადვოკატი პ. გ.-ე საკასაციო საჩივარში აღნიშნავს, რომ 2004წ. 28 ივნისის განჩინება ხელმოწერილია მოსამართლეების _ დ. ა.-ისა და ი. ქ.-ის მიერ, ხოლო, რაც შეეხება მოსამართლე ო. ქ.-ეს და აღნიშნულ განჩინებაზე მის მიერ ხელის მოწერას, შეუიარაღებული თვალით, ვიზუალურადაც კი ჩანს, რომ იგი შესაძლებელია არა ქ.-ის, არამედ სხვა, დაუდგენელი პირის იყოს.
ადვოკატი პ. გ.-ე საკასაციო საჩივარში მიუთითებს, რომ საქმის მასალებით ირკვევა შემდეგი:
1. საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურორს სარჩელის აღძვრამდე, 2004წ. 18 ივნისს ¹01-პ-29 წერილით მიუმართავს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს მოსამართლე დ. ა.-ისთვის (რომელსაც აღნიშნული საქმე დაეწერა 2004წ. 24 ივნისს) და წინასწარ სცოდნია, რომ მოსამართლე დ. ა.-ე იქნებოდა კოლეგიის თავმჯდომარე, ატყობინებს მას, რომ მთავარი სამხედრო პროკურატურიდან საქმის წარმოებაში მონაწილეობას მიიღებს ბათუმის რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილე ო. დ.-ა, რომელმაც ჩაიბარა ხარვეზის გამოსწორების შესახებ 2004წ. 2 ივლისის განჩინების ასლი და სასამართლოს წარუდგინა გ. კ.-ის პასპორტის ასლი. იმავე 2004წ. 2 ივლისს პროკურორი ო. დ.-ა მიმართავს ქ. ბათუმის მერიის ტექნიკური აღრიცხვის სამსახურის უფროს რ. ა.-ს და სთხოვს გ., ა., გ., ე. და მ. კ.-ების ქონებაზე საჯარო რეესტრიდან გაიცეს ამონაწერი მაშინ, როდესაც 2004წ. 30 ივნისს უკვე გაუქმდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა;
2. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ მოპასუხეთა კერძო საჩივარი აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში შესულია 2004წ. 2 ივლისს და მასში მითითებულია ის ფაქტები და იურიდიული მხარე, რომლებიც აისახა 2004წ. 28 ივნისის განჩინებაში. 2004წ. 7 ივლისის განჩინებაზე ხელს აწერენ მოსამართლეები _ დ. ა.-ე, თ. წ.-ე და ი. ქ.-ე. მოსამართლე თ. ქ.-ე კი, რომელსაც 2004წ. 1 ივლისის განჩინებით, რომელიც არ საჩივრდებოდა, საქმე კოლეგიური წესით ჰქონდა წარმოებაში მიღებული, საქმის განხილვა-გადაწყვეტაში აღარ მიიღო მონაწილეობა, ხოლო რა მექანიზმით იქნა საქმის განხილვაში ჩართული მოსამართლე თ. წ.-ე, დაუდგენელია. ფაქტი კი ერთია _ განჩინებას ხელს აწერს ორი მოსამართლე, რომლებსაც საქმე წარმოებაში ჰქონდათ მიღებული და მოსამართლე, რომელსაც საქმე კოლეგიური წესით არ ჰქონდა წარმოებაში მიღებული და არაუფლებამოსილი პირი იყო საქმის განხილვა-გადაწყვეტაზე;
3. 2004წ. 7 ივლისით დათარიღებული გზავნილებიდან ვერ დგინდება, თუ რომელი განჩინების ასლები იქნა მხარისთვის გაგზავნილი. შესაბამისად, აღნიშნული დაუდგენელი განჩინების ასლები მოპასუხეებს და მათ წარმომადგენლებს არ ჩაჰბარებიათ;
4. მოპასუხეთა კერძო საჩივრამდე აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოს არანაირი ხარვეზი არ დაუდგენია და 2004წ. 1 ივლისის განჩინებით საქმე ისე იქნა წარმოებაში მიღებული, რომ არ არსებობდა საქმის წარმოებაში მიღების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძველი, ხოლო უზენაეს სასამართლოში მოპასუხეთა კერძო საჩივართან ერთად გაიგზავნა საქმე ¹3-21, რომელშიც პირველ ფურცლად განთავსებული იყო სასარჩელო განცხადების პირველი ფურცელი. აღნიშნული საქმის აჭარის ა/რ უმაღლეს სასამართლოში დაბრუნების შემდეგ, სასარჩელო განცხადებაზე მითითებული საქმის ფურცელი ¹1 გახდა ¹1ა, ხოლო 2004წ. 1 ივლისის განჩინება განთავსდა როგორც საქმის ფურცელი ¹1. აღნიშნულის დადასტურებაა ისიც, რომ საქმის საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაგზავნი ფურცლით დგინდება შემდეგი: გაგზავნილია კერძო საჩივარი, ერთი ტომი დანართით და არ არის მითითებული საქმის ფურცლების რაოდენობა, რაც მიზანმიმართულად განხორციელდა;
5. საქმის მასალებში არის მოსამართლე დ. ა.-ისთვის გაგზავნილი ცნობა, რომელიც დანომრილია 18/145-04-ით და დათარიღებულია 2004წ. 10 ივნისით. აღნიშნული ცნობით, ბათუმის რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილე ო. დ.-ა მოსამართლე დ. ა.-ეს ატყობინებს, რომ გ. კ.-ის ნაცვლად უნდა იკითხებოდეს გ. კ.-ი და ურთავს დანართს ერთ ფურცელზე გ. კ.-ის პასპორტის ასლით. ხსენებული პასპორტის ასლი ერთვის ¹01-პ-29 წერილს, რომლითაც მთავარი სამხედრო პროკურორი გაურკვეველი რწმუნებით, წინასწარ საქმის წარმოებაში ჩართვას სთხოვს სასამართლო კოლეგიის თავმჯდომარე დ. ა.-ეს. ადვოკატ პ. გ.-ის განმარტებით, ¹18/145-04 წერილი არ უნდა ყოფილიყო დათარიღებული 2004წ. 30 ივნისით მაშინ, როდესაც სასამართლოს მიერ დაწესებული ხარვეზი პროკურორ ო. დ.-ას ჩაჰბარდა 2004წ. 2 ივლისს და დაევალა სხვა ხარვეზებთან ერთად, კანონით დადგენილი წესით დაედგინა, ვის წინააღმდეგ იქნა სარჩელი აღძრული, რაც მიუთითებს იმაზე, რომ 2004წ. 2 ივლისამდე მუშაობდა მთავარი სამხედრო პროკურორი, რაც წარმომადგენელ ო. დ.-ასთვის ცნობილი არ იყო მაშინ, როდესაც 2004წ. 30 ივნისს გაუქმდა სამხედრო პროკურატურის უწყება და ამის შემდეგ ო. დ.-ა ვერ იქნებოდა არარსებული უწყების წარმომადგენელი და ბათუმის რეგიონული სამხედრო პროკურორის მოადგილე. ამიტომაც, მისი წერილი შეგნებულად დათარიღდა 2004წ. 30 ივნისით, რის გამოც მოპასუხეებს მიაჩნიათ, რომ გაყალბდა დოკუმენტი და მასზე დაყრდნობით ხარვეზის ეს ნაწილიც კი ვერ ჩაითვლება გამოსწორებულად;
6. აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ 2004წ. 1 ივლისის განჩინებით სარჩელი წარმოებაში მიიღო და დაიწყო მისი მომზადება სასამართლო სხდომაზე განხილვის მიზნით. სასამართლომ ჩათვალა, რომ საქმე რთულ კატეგორიას განეკუთვნებოდა და ამიტომ, სსკ-ის 105-ე მუხლისა და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და მე-6 მუხლების თანახმად, უნდა დანიშნულიყო მოსამზადებელი სხდომა და ეს მაშინ, როდესაც 2004წ. 1 ივნისს საქმე კოლეგიური წესით განხილვაში მიღებული ჰქონდა ერთ-ერთ მოსამართლე თ. ქ.-ეს. აღნიშნულ განჩინებას ხელს აწერს თ. წ.-ე და თან ისე, რომ 2004წ. 2 ივლისს ჩაბარებული ხარვეზი იმ ათი დღის განმავლობაში, 2004წ. 12 ივლისამდე ვერ გამოსწორდა. ამას დაემატა ისიც, რომ გაუქმდა საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურატურა. სასამართლოს აღნიშნულზე არც კი უმსჯელია და, სსკ-ის 92-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოსარჩელე მთავარი სამხედრო პროკურორი არ შეცვალა მისი უფლებამონაცვლით და ამავე კოდექსის 92-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 279-ე მუხლის შესაბამისად, არ შეაჩერა საქმის წარმოება. აღნიშნული განჩინება დათარიღებულია 2004წ. 19 ივლისით და ეს თარიღი შემდგომში გადასწორებულია 15 ივლისად;
7. მიუხედავად იმისა, რომ ადვოკატ პ. გ.-ის მიერ დაყენებულ ვერც ერთ შუამდგომლობას სასამართლომ ვერ უპასუხა და მოსამზადებელ სხდომაზე მონაწილეობდა არაუფლებამოსილი პირი, რომელიც უკვე ლიკვიდირებულ საქართველოს მთავარ სამხედრო პროკურატურას გაურკვეველი დოკუმენტის მეშვეობით წარმოადგენდა, სასამართლო კოლეგიამ საქმე მომზადებულად ჩათვალა და 2004წ. 19 ივლისის უკანონო განჩინებით სასამართლოს მთავარი სხდომა დანიშნა 2004წ. 23 ივნისს, 10 საათზე.
საქმის მასალებში განთავსებულია უკვე საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ გაცემული რწმუნებულება, რომლითაც დგინდება, რომ რეზო გორგოძე უფლებამოსილი იყო, როგორც პროკურატურის წარმომადგენელს, მონაწილეობა მიეღო ყველა ინსტანციის სასამართლოში გ. კ.-ისა და მისი ოჯახის წევრების მიმართ აღძრული სარჩელის განხილვაში. აღნიშნული დაუთარიღებელი რწმუნებულება შედგენილ იქნა სსკ-ის 94-ე და 96-ე მუხლების სრული იგნორირებით და მასში არ იყო აღნიშნული, თუ როდის იწყებდა იგი მოქმედებას. მიუხედავად აღნიშნულისა, სასამართლო კოლეგიამ დაარღვია კანონის ყველა მოთხოვნა _ საქმეში ჩართო და მასში მონაწილეობა მიაღებინა არაუფლებამოსილ პირს _ მთავარ სამხედრო პროკურორს;
8. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სოფ. ...-ში არანაირი საცხოვრებელი სახლები გ. კ.-ის სახელზე არ ირიცხება;
9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, უპირობოდაა დადგენილი, რომ მოხდა საქმის მასალების ფალსიფიცირება და სასამართლო სხდომებში მონაწილეობდნენ არაუფლებამოსილი პირები. შესაბამისად, მიღებული გადაწყვეტილება უკანონო და გასაუქმებელია.
კასატორთა წარმომადგენელი, ადვოკატი პ. გ.-ე ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას ან საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნებას.
საკასაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვის დროს კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივრებს. მოწინააღმდეგე მხარემ _ საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა ნაწილობრივ შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნები და ითხოვეს ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე სახლისა და ... ¹3-ში მდებარე ბინის სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაცვლად, აღნიშნული საცხოვრებელი სადგომების სარემონტო სამუშაოების ღირებულების სახით, დაუსაბუთებელი თანხის _ შესაბამისად, 120000 ლარისა და 10000 ლარის სახელმწიფოს სასარგებლოდ მოპასუხეებისთვის დაკისრება.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო გაეცნო საქმის მასალებს, მოისმინა მხარეთა და მათი წარმომადგენლების განმარტებები, შეამოწმა საკასაციო საჩივრებისა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივრები უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ. კ.-ისა და მისი ოჯახის წევრების საკუთრებაშია შემდეგი უძრავ-მოძრავი ქონება:
1. ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე ერთოთახიანი ბინა. აჭარის ასსრ ბათუმის სახალხო დეპუტატთა საქალაქო საბჭოს აღმასკომის მიერ 1987წ. 7 აპრილს გაცემული ორდერით, აღნიშნული ბინა გადაეცა გ. კ.-ს. 1993წ. 31 მარტს გაფორმებული პრივატიზების ხელშეკრულებით კი ზემოთ მითითებული ბინის თანამესაკუთრეები გახდნენ გ. და ე. კ.-ები. საქმეში არსებული საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობის თანახმად, აღნიშნული ბინის საერთო ფართი შეადგენს 28,76 კვ.მ-ს, მოპირკეთებულია მაღალი ხარისხით და შეფასებულია 16106 ლარად;
2. ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე სახლი. გ. კ.-ის მამა _ ა. კ.-ი 1950 წლიდან იყო ერთსართულიანი, ქვით ნაშენი სახლის მოქირავნე. ქ. ბათუმის აღმასკომის საბინაო-სარემონტო საწარმოო გაერთიანებასა და ა. კ.-ს შორის 1990წ. 31 აგვისტოს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებით, ხსენებული სახლის მესაკუთრე გახდა ა. კ.-ი. აღნიშნული სახლის საცხოვრებელმა ფართმა შეადგინა 55,6 კვ.მ, ხოლო დამხმარე ფართმა _ 72 კვ.მ. 1995წ. 1 მარტის კანონისმიერი მემკვიდრეობის მოწმობის თანახმად, გარდაცვლილი ა. კ.-ის მემკვიდრე გახდა მისი მეუღლე _ მ. კ.-ი. სამკვიდრო ქონებას შეადგენდა ქვით ნაშენი ერთსართულიანი სახლი (სასარგებლო ფართი _ 127 კვ.მ, საცხოვრებელი ფართი _ 55,6 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 72 კვ.მ). 1997წ. 21 მარტს გაფორმებული ჩუქების ხელშეკრულებით მარგალიტა კ.-მა თავის საკუთრებაში არსებული სახლი აჩუქა შვილიშვილ ა. კ.-ს. ჩუქების ხელშეკრულების მიხედვით, აღნიშნული სახლი იყო ორსართულიანი, მანსარდით, აივნებით და დამხმარე სათავსებით. მისი საერთო ფართი შეადგენდა 169 კვ.მ-ს, საცხოვრებელი ფართი _ 135,4 კვ.მ-ს, მანსარდის ფართი _ 59 კვ.მ-ს, ნახევარსარდაფის _ 96 კვ.მ-ს, დამხმარე სათავსების _ 34,49 კვ.მ-ს. სახლი აღნიშნული სახით იქნა ექსპლუატაციაში მიღებული ქ. ბათუმის მერიის კაბინეტის 1996წ. 18 ივნისის გადაწყვეტილებით. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობის თანახმად, მითითებული სახლი მაღალი ხარისხითაა მოპირკეთებული და მისი მთლიანი ღირებულება შეადგენს 173495 ლარს. 1997წ. შემდეგ სახლს მიემატა 27 კვ.მ, რის გამოც, მისმა ფასმა მოიმატა 16922 ლარით;
3. ქ. ბათუმში, ... ¹50-ში მდებარე ¹10 და ¹11 ბინები, რომელთა მესაკუთრეა გ. კ.-ის ქალიშვილი _ მ. კ.-ი. 2000წ. 14 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით მ. კ.-ის კანონიერმა წარმომადგენელმა ე. კ.-მ 10000 ლარად შეისყიდა ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე ¹10 ბინა (ოროთახიანი, საერთო ფართით 72 კვ.მ), რომლის მესაკუთრეც გახდა მ. კ.-ი. 2000წ. 1 დეკემბრის ბინის გაცვლის ხელშეკრულების საფუძველზე, მ. კ.-ი გახდა იმავე მისამართზე მდებარე ¹11 ბინის (ერთოთახიანი, საერთო ფართით 26,8 კვ.მ) მესაკუთრეც. გ. კ.-ის მიერ შევსებულ დეკლარაციაში ორივე ბინა პირველად მიეთითა 2001 წელს და შეფასდა 25000 ლარად. გ. კ.-ის 2002წ. დეკლარაციაში აღნიშნული ბინები შეფასდა იმავე ფასად, 2003წ. დეკლარაციაში _ 35000 ლარად, ხოლო 2004წ. დეკლარაციაში _ 45000 ლარად. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობის თანახმად, ორივე ბინა საშუალოზე მაღალი ხარისხით არის მოპირკეთებული. ამასთან, ¹10 ბინის ღირებულება შეადგენს 40872 ლარს, ხოლო ¹11 ბინის ღირებულება _ 16820 ლარს;
4. აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (მესაკუთრე გ. კ.-ი). გ. კ.-ის მიერ 1999 წელს შევსებულ დეკლარაციაში მითითებული იყო მხოლოდ 12000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი და 2000-2001 წლების დეკლარაციებშიც _ მხოლოდ მიწის ნაკვეთი. გ. კ.-ის 2002წ. დეკლარაციაში მიწის ნაკვეთთან ერთად უკვე მითითებულია 60000 ლარად შეფასებული სახლი, ხოლო 2003წ. დეკლარაციაში მიწის ნაკვეთისა და სახლის ფასი გაიზარდა 80000 ლარამდე. 2004წ. დეკლარაციაში კი, მიწის ნაკვეთსა და სახლს დაემატა დამხმარე ნაგებობები, რაც სულ შეფასდა 140000 ლარად. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 21 ივლისის ცნობის თანახმად, ეზოს ფართი შეადგენს 11000 კვ.მ-ს და იგი შეფასებულია 1100 ლარად. აღნიშნულ ეზოში განთავსებულია 52887 ლარად შეფასებული ორსართულიანი სახლი მანსარდით. გარდა ამისა, ეზოში განთავსებულია ცალკე მდგომი სათავსი 5 ფარდულით, ლორის შესაბოლი სათავსი, მარანი, ფაცხა-ფანჩატური, ცალკე სათავსი, ბამბუკის ფარდული, სასიმინდე, არყის გამოსახდელი სათავსი, წისქვილი, სასიმინდე ანგარი, საწიწილე, ბოსელი, საღორე, 2 ცალი ნალია, სულ შეფასებული 230541 ლარად.
5. აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი, რომელთა მესაკუთრეცაა გ. კ.-ის და _ გ. კ.-ი. 2002წ. 2 ოქტომბრის ხელშეკრულებით გ. კ.-მა 700 ლარად იყიდა 11000 კვ.მ მიწის ნაკვეთი სოფ. ...-ში. 2003წ. 19 ივნისის გაცვლის ხელშეკრულებით გ. კ.-მა თავისი 7500 კვ.მ მიწის ნაკვეთი გაცვალა 6500 კვ.მ-ში. 2000წ. 22 აგვისტოს ნასყიდობის ხელშეკრულებით გ. კ.-მა სოფ. ...-ში 900 ლარად იყიდა ხისგან ნაშენი, ერთსართულიანი, ოთხოთახიანი სახლი (საცხოვრებელი ფართი _ 43 კვ.მ, დამხმარე ფართი _ 13 კვ.მ). აღნიშნული მიწის ნაკვეთი მითითებულია გ. კ.-ის მიერ 2001-2002-2003 წლებში შევსებულ დეკლარაციებში, 2004წ. დეკლარაციაში კი, მიწის ნაკვეთთან ერთად მითითებულია დამხმარე ნაგებობა, რომელიც სულ შეფასებულია 7000 ლარად. იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 21 ივლისის ცნობის თანახმად, გ. კ.-ის საკუთრებაში არსებული 10000 კვ.მ მიწის ნაკვეთის ღირებულებაა 1000 ლარი, ხოლო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა _ 12785 ლარი;
6. 2004წ. დეკლარაციაში გ. კ.-ის მიერ მითითებულია ფულადი თანხები, რომლებიც გააჩნიათ მას, მისი ოჯახის წევრებსა და ახლო ნათესავს _ დას, კერძოდ, თავად გ. კ.-ს _ 17000 აშშ დოლარი, ე. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, გ. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარი, მ. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარი, ა. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარი.
საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, აგრეთვე, შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1. 2004 წლამდე ე. კ.-ის საკუთრებაში იყო ქ. ბათუმში, ... ¹23-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი, რომელიც გ. კ.-ის მიერ შევსებული 2004წ. დეკლარაციის თანახმად, გასხვისდა 80000 ლარად;
2. გ. კ.-ის მიერ 1999-2002 წლებში შევსებულ დეკლარაციებში გ. და ე. კ.-ების თანასაკუთრებად მითითებული იყო ქ. ბათუმში, ... ¹5-ში მდებარე, 18000 ლარად შეფასებული მიწის ნაკვეთი. 2003წ. დეკლარაციაში იმავე მისამართზე უკვე მითითებულია 95000 ლარად შეფასებული საცხოვრებელი სახლი, რომლის თანამესაკუთრეებიც იყვნენ გ. და ე. კ.-ები. 2004წ. დეკლარაციის თანახმად, აღნიშნული სახლი გასხვისდა 10000 ლარად;
3. გ. კ.-ის მიერ 2000 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ე. კ.-ის სახელზე ირიცხებოდა 8200 ლარად შეფასებული ავტომანქანა “ნივა”, რომელიც 2004წ. დეკლარაციის თანახმად, გასხვისდა 7400 ლარად.
საკასაციო სასამართლოს, აგრეთვე, დადგენილად მიაჩნია, რომ მოპასუხე გ. კ.-ი 1996წ. 13 აგვისტოდან 2004წ. 5 მაისამდე მუშაობდა აჭარის ა/რ სახელმწიფო უშიშროების მინისტრის პირველ მოადგილედ. 1996წ. აგვისტოდან 2004წ. მაისამდე გ. კ.-ს ხელფასის სახით სულ მიღებული ჰქონდა 38502 ლარი. ე. კ.-ს, როგორც შპს “გ. XXI-ის” პარტნიორს, 1999 წლიდან დივიდენდის სახით და წილის გაყიდვით მიღებული ჰქონდა 11344 ლარი, ხოლო უძრავი ქონების გაქირავებით მიღებული ქირის სახით _ 4600 ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება სამართლებრივად იმდენად არასრულყოფილად არის დასაბუთებული, რომ მისი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია. ეს კი სსკ-ის 394-ე მუხლის “ე” პუნქტის თანახმად, მისი გაუქმების აბსოლუტურ საფუძველს წარმოადგენს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, კერძოდ:
ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოპასუხეების _ გ. და ე. კ.-ების წარმომადგენლებმა საქმის წარმოების პროცესში სასამართლოს ვერ წარუდგინეს ქ. ბათუმში, .. ¹5-ში მდებარე, გ. და ე. კ.-ების საკუთრებაში არსებული, გ. კ.-ის შეფასებით, 95000 ლარად ღირებული სახლის, რომელიც 2004წ. 14 აპრილის ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისდა 10000 ლარად, აგრეთვე, ქ. ბათუმში, ... ¹23-ში მდებარე, ე. კ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი სახლის, რომელიც 2004წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით გასხვისდა 80000 ლარად და მის სახელზევე რიცხული ავტომანქანა “ნივის”, რომელიც 2003 წელს გასხვისდა 7400 ლარად, თავის დროზე მათი შეძენისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები, რადგანაც გ. კ.-ის ხელფასის ოდენობის თანხით, აგრეთვე, ე. კ.-ის მიერ საწარმოს პარტნიორობიდან მიღებული შემოსავლით შეუძლებელი იყო აღნიშნული ქონების შეძენა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის თანახმად, ქ. ბათუმში, ... ¹5-სა და ... ¹23-ში მდებარე, გ. და ე. კ.-ების სახელებზე რიცხულ და შემდგომში გასხვისებულ სახლებს, აგრეთვე, ე. კ.-ის სახელზე რიცხულ და შემდეგ გასხვისებულ ავტომანქანა “ნივას” საკასაციო სასამართლო ცნობს დაუსაბუთებლად.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ვინაიდან შეუძლებელია გ. და ე. კ.-ების მიერ გასხვისებული, ზემოაღნიშნული ქონების სახელმწიფოსთვის პირვანდელი მდგომარეობით დაბრუნება, გ. და ე. კ.-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ხსენებული დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხა _ 97400 ლარი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. კ.-ის მიერ 2004წ. დეკლარაციაში მითითებული მის და მისი ოჯახის წევრების _ ე., ა. და მ. კ.-ების _ მფლობელობაში არსებული 25000 აშშ დოლარი წარმოადგენს დაუსაბუთებელი ქონების, კერძოდ, ქ. ბათუმში, .. ¹5-სა და ... ¹23-ში მდებარე, გ. და ე. კ.-ების სახელებზე რიცხული სახლების, აგრეთვე, ე. კ.-ის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა “ნივის” _ გასხვისების შედეგად მიღებულ თანხის ნაწილს, რომლის ეკვივალენტი, დღეის მდგომარეობით, შეადგენს 45750 ლარს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლების მოთხოვნას, რომ გ. და ე. კ.-ებს ცალ-ცალკე უნდა დაეკისროთ ზემოაღნიშნული ქონების გასხვისებით მიღებული თანხა _ 97400 ლარი და გ. კ.-ის მიერ დეკლარაციაში მითითებული მის და მისი ოჯახის წევრების მფლობელობაში არსებული თანხა _ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ., ე., ა. და მ. კ.-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ, შესაბამისად, გ. კ.-ს 17000 აშშ დოლარის, ე. კ.-ს _ 5000 აშშ დოლარის, ა. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარის, მ. კ.-ს _ 1500 აშშ დოლარის, სულ _ 25000 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 45750 ლარი, ხოლო გ. და ე. კ.-ებს, აღნიშნული თანხის (45750 ლარი) ზემოთ მითითებული 97400 ლარისთვის გამოკლებით, სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ზემოაღნიშნული ქონების გასხვისებით მიღებული ფულადი თანხა _ 51650 ლარი.
საკასაციო სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია, აგრეთვე, ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე, მოპასუხე მ. კ.-ის სახელზე რიცხული ¹10 და ¹11 ბინები, რომლებიც გ. კ.-ს მითითებული აქვს 2001-2004 წლების დეკლარაციებში. აღნიშნული ბინები 2001-2002 წლების დეკლარაციებში შეფასებულია 25000 ლარად, 2003წ. დეკლარაციაში _ 35000 ლარად, 2004წ. დეკლარაციაში _ 45000 ლარად. საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ და საქმეში არ მოიპოვება აღნიშნული ბინების შეძენისთვის საჭირო თანხის კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები, ხოლო გ. კ.-ის მიერ დეკლარაციებში მითითებული თავისი ხელფასითა და ე. კ.-ის შემოსავლით შეუძლებელი იყო ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე ¹10 და ¹11 ბინების შეძენა და მათი საშუალოზე მაღალი ხარისხით მოპირკეთება.
საკასაციო სასამართლოს, აგრეთვე, დაუსაბუთებლად მიაჩნია აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მოპასუხეების _ გ. და ე. კ.-ების _ სახელებზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები, რომლებიც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტმა 2004წ. 21 ივლისის ცნობით სულ შეაფასა 230541 ლარად.
საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ას მოსაზრებას, რომ საქმის მასალებში არსებობს გ. კ.-ის მამის _ ა. კ.-ის მიერ 1989წ. 18 აგვისტოს შედგენილი ანდერძის ასლი, რომლითაც იგი მთელ თავის ქონებას, მათ შორის, აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე საცხოვრებელ სახლს ანდერძით უტოვებდა მის შვილს _ გ. კ.-ს.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გ. კ.-ის მიერ შევსებულ დეკლარაციებში აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე საცხოვრებელი სახლი პირველად, მიწის ნაკვეთთან ერთად, მიეთითა 2002წ. დეკლარაციაში და შეფასდა 60000 ლარად. 2003წ. დეკლარაციაში აღნიშნული მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი შეფასდა უკვე 80000 ლარად, ხოლო 2004წ. დეკლარაციაში _ 140000 ლარად. ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ზემოაღნიშნული ანდერძის ასლში მოხსენიებული სახლი გ. კ.-ს არ მიუთითებია 1999-2001 წლების დეკლარაციებში. სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა სხვა რაიმე მტკიცებულება ანდერძის ასლში მითითებული სახლის ა. კ.-ის მფლობელობაში არსებობის შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მხოლოდ საქმეში არსებული ანდერძის ასლზე დაყრდნობით, ვერ გაიზიარებს კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ას მოსაზრებას, რომ აბაშის რაიონის სოფ. ...-ში გ. კ.-ის მამის _ ა. კ.-ის სახელზე ირიცხებოდა საცხოვრებელი სახლი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოპასუხეებს სასამართლოში არ წარუდგენიათ ზემოაღნიშნული შენობა-ნაგებობების აშენებისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 218-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო გ. და ე. კ.-ების საკუთრებაში არსებულ, აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე შენობა-ნაგებობებს, აგრეთვე, ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე, მ. კ.-ის სახელზე რიცხულ ¹10 და ¹11 ბინებს ცნობს დაუსაბუთებლად და, ვინაიდან არ არსებობენ აღნიშნული დაუსაბუთებელი ქონების კანონიერი მესაკუთრეები და ამ ქონებაზე კანონიერი ინტერესების მქონე მესამე პირები, ამიტომ, საკასაციო სასამართლო აღნიშნულ დაუსაბუთებელ ქონებას გადასცემს სახელმწიფოს.
რაც შეეხება გ. და ე. კ.-ების თანასაკუთრებაში არსებულ, ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე ¹14 ბინას, აღნიშნულთან დაკავშირებით, მოსარჩელე საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა და მითითებული ბინის დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაცვლად, ითხოვეს დაუსაბუთებლად ყოფილიყო ცნობილი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, რადგანაც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობით, აღნიშული ბინა მაღალი ხარისხით არის მოპირკეთებული.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მოთხოვნას, მოტივაციას და განმარტავს, რომ ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, გ. კ.-ის სახელზე რიცხული ბინა სპეციალისტმა შეაფასა 16106 ლარად. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გ. კ.-ს უნდა დაეკისროს ამ ბინის მაღალი ხარისხით მოპირკეთებაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა 7000 ლარი, რადგანაც მისი და ე. კ.-ის წარმომადგენლებმა სასამართლოში ვერ წარადგინეს აღნიშნულ ბინაზე ჩატარებული მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლებმა საკასაციო სასამართლოს სხდომაზე, აგრეთვე, შეამცირეს სასარჩელო მოთხოვნა ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, ა. გ.ს-ძე კ.-ის სახელზე რიცხული სახლის დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის გადაცემის ნაწილში, კერძოდ, მოსარჩელის წარმომადგენლებმა ითხოვეს აღნიშნულ სახლზე ჩატარებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 120000 ლარის გ. და ა. კ.-ებისთვის დაკისრება, რადგანაც იუსტიციის სამინისტროს ექსპერტიზისა და სპეციალურ გამოკვლევათა ცენტრის სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობით, აღნიშნული სახლი მაღალი ხარისხით არის მოპირკეთებული.
საკასაციო სასამართლო ნაწილობრივ იზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მოთხოვნას, დასაბუთებას და განმარტავს, რომ ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე ორსართულიანი, საცხოვრებელი სახლი მანსარდით, აივნებითა და დამხმარე სათავსებით იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტის 2004წ. 7 და 22 ივლისის ცნობებით შეფასებულია 173495 ლარად, თუმცა თავად გ. კ.-მა 2004წ. დეკლარაციაში აღნიშნული სახლი შეაფასა 320000 ლარად. იუსტიციის სამინისტროს სპეციალისტის 2004წ. 7 ივლისის ცნობაში მითითებულია, რომ 1997წ. შემდეგ სახლს მიემატა 27,04 კვ.მ, რის გამოც, შესაბამისად, მისმა ფასმა მოიმატა 16922 ლარით. გარდა ამისა, გ. კ.-ის მიერ შევსებულ 2002წ. დეკლარაციაში სარემონტო ხარჯმა შეადგინა 37000 ლარი, ხოლო 2003წ. დეკლარაციაში _ 26000 ლარი.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ გ. და ა. კ.-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, ა. გ.ს-ძე კ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა _ 79922 ლარი, რადგანაც არასრულწლოვანი ა. კ.-ის კანონიერი წარმომადგენლების _ გ. და ე. კ.-ების წარმომადგენლებმა სასამართლოში ვერ წარადგინეს ზემოაღნიშნულ სახლზე ჩატარებული მიშენებისა და მაღალი ხარისხის სარემონტო სამუშაოებისთვის საჭირო ფინანსური საშუალებების კანონიერი გზით მოპოვების დამადასტურებელი მტკიცებულებები.
საკასაციო სასამართლო, დაუსაბუთებლობის გამო, ვერ გაიზიარებს საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მოთხოვნას ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, გ. კ.-ის სახელზე რიცხულ ბინაზე გაწეული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 3000 ლარის გ. კ.-ისთვის დაკისრებისა და ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, ა. კ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 40078 ლარის გ. და ა. კ.-ებისთვის დაკისრების თაობაზე.
საკასაციო სასამართლო, აგრეთვე, ვერ დაეთანხმება საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენლების მოთხოვნას გ. კ.-ის დის _ გ. კ.-ის სახელზე რიცხული, აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მდებარე 10000 კვ.მ. მიწის ნაკვეთის, ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლისა და გ. კ.-ის მიერ 2004წ. დეკლარაციაში მითითებული, გ. კ.-ის საკუთრებაში არსებული 5000 აშშ დოლარის დაუსაბუთებლად ცნობისა და სახელმწიფოსთვის დაბრუნების თაობაზე.
სასამართლოში წარმოდგენილ იქნა მტკიცებულებები, რომლებითაც დასტურდება გ. კ.-ის მიერ შპს “კ.-96-დან" და შპს “კ.-2001-დან" დივიდენდების და ხელფასის სახით მიღებული ის შემოსავლები, რომლებიც საკმარისი იყო აბაშის რაიონის სოფ. ...-ში, მის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთისა და ერთსართულიანი, ხით ნაშენი სახლის შეძენისთვის და დეკლარაციაში მითითებული 5000 აშშ დოლარის მფლობელობისთვის.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ე. ბ.-ს საკასაციო საჩივარში მითითებულ მოსაზრებას, რომ არ არსებობდა თანამდებობის პირის უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ სარჩელის აღძვრის კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძველი.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 371-ე მუხლის თანახმად, პროკურორს ჰქონდა საფუძვლიანი ეჭვი, რომ ბრალდებულ გ. კ.-ისა და მისი ოჯახის წევრების, აგრეთვე, ახლო ნათესავის _ დის მფლობელობაში არსებული ქონება შეიძლება მოპოვებული ყოფილიყო სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის 47-ე ნაწილში მითითებული დანაშაულის ჩადენის შედეგად, რის გამოც, კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, აღძრა სარჩელი გ., ე., მ., ა. და გ. კ.-ების მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონებისა და ამ ქონებიდან მიღებული შემოსავლების მათთვის ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით.
ადვოკატების _ ე. ბ.-ასა და პ. გ.-ის მიერ საკასაციო საჩივრებში მითითებულ საპროცესო დარღვევებთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს შემდეგი:
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ ე. ბ.-ას მოსაზრებას, რომ აჭარის ა/რ უმაღლესმა სასამართლომ მოცემული საქმე განიხილა განსჯადობის წესების დარღვევით. ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის სათაურია _ “საოლქო სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეები”. აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს არა მარტო თბილისისა და ქუთაისის საოლქო სასამართლოების, არამედ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოების განსჯად ადმინისტრაციულ საქმეებსაც. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “ვ" პუნქტის თანახმად, საოლქო სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელს თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის, ახლო ნათესავის ან დაკავშირებული პირის მფლობელობაში არსებული უკანონო და დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევასა და სახელმწიფოსთვის გადაცემასთან დაკავშირებით. აღნიშნული პუნქტით განსაზღვრულ სარჩელებს განიხილავენ, შესაბამისად, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი სასამართლოებიც პირველი ინსტანციის წესით, რადგანაც კანონმდებლის მიერ ამავე კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილში იმის მითითება, რომ აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი სასამართლოები პირველი ინსტანციის წესით განიხილავენ სარჩელებს აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტების კანონიერების თაობაზე, არ ნიშნავს, რომ აღნიშნულ სასამართლოებს განსჯადობით არ ექვემდებარება, აგრეთვე, სარჩელები ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტში მითითებული სოხუმისა და ბათუმის საკრებულოებისა და მერიების (მერები) მიერ მიღებული (გამოცემული) ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების კანონიერების შესახებ ან იმავე მუხლის “დ” პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული გარიგების დადების ან შესრულების, აგრეთვე, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ზიანის ანაზღაურების თაობაზე, თუ სარჩელის ფასი აღემატება 500000 ლარს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილი მოიცავს ამავე მუხლის პირველი ნაწილის “გ" პუნქტს ნაწილობრივ და “დ" და “ვ" პუნქტებს.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიამ მოცემული საქმე განიხილა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-6 მუხლით განსაზღვრული განსჯადობის წესების სრული დაცვით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორ გ. კ.-ის წარმომადგენლის, ადვოკატ ე. ბ.-ს განმარტებას, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ პროკურატურის თანამშრომელ რ. გორგოძეზე გაცემული რწმუნებულება არ შეესაბამებოდა სსკ-ის 93-ე და 98-ე მუხლების მოთხოვნებს.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ პროკურატურის თანამშრომელ რ. გორგოძეზე გაცემული რწმუნებულება სრულ შესაბამისობაშია სსკ-ის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნასთან, რომლის თანახმად, მხარეს შეუძლია საქმე აწარმოოს სასამართლოში წარმომადგენლის მეშვეობით. აღნიშნული რწმუნებულება არ ეწინააღმდეგება ამავე კოდექსის 98-ე მუხლსაც, ვინაიდან საქმეში არსებულ, საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ 2004წ. 19 ივლისს გაცემულ რწმუნებულებაში სპეციალურად არის მითითებული სსკ-ის 98-ე მუხლით გათვალისწინებული ის უფლებამოსილებები, რომელთა განხორციელების უფლებაც რწმუნებულებით მიენიჭა წარმომადგენელ რ. გ.-ს, კერძოდ, სარჩელის ცნობა, სარჩელის საგნის შეცვლა, საქმის მორიგებით დამთავრება, სარჩელზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმა.
საკასაციო სასამართლო იზიარებს ადვოკატ ე. ბ.-ს მოსაზრებას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით არ იყო მიწვეული აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის ბოლო სხდომაზე, თუმცა, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ დარღვეულა გ. კ.-ის უფლება დამცველის მომსახურებით სარგებლობაზე, კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გ. კ.-ის ინტერესებს წარმოადგენდა და იცავდა მისი მეორე წარმომადგენელი, ადვოკატი პ. გ.-ე, რომელსაც გ. კ.-ის მიერ გაცემული რწმუნებულებით იგივე უფლებამოსილება ჰქონდა მინიჭებული, რაც ადვოკატ ე. ბ.-ას.
ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ არ დარღვეულა სსკ-ის მე-4 მუხლით გათვალისწინებული შეჯიბრებითობის პრინციპი და ამავე კოდექსის 93-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნა, რომლის თანახმად, მხარეს შეუძლია საქმე აწარმოოს წარმომადგენლის მეშვეობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატ პ. გ.-ის მოსაზრებას, რომ, ვინაიდან მოპასუხეების _ გ., ე., ა., მ. და გ. კ.-ების მიმართ დაუსაბუთებელი ქონების ჩამორთმევისა და მისი სახელმწიფოსთვის გადაცემის შესახებ საქართველოს მთავარი სამხედრო პროკურორის სარჩელის 2004წ. 1 ივლისის წარმოებაში მიღების შესახებ განჩინებას ხელს აწერენ აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის მოსამართლეები: დ. ა.-ე, თ. ქ.-ე და ი. ქ.-ე, ხოლო საქმის არსებითად განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაში მოსამართლე თ. ქ.-ის ნაცვლად მონაწილეობდა თ. წ.-ე, იგი ამ კონკრეტულ შემთხვევაში იყო არაუფლებამოსილი მოსამართლე. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსამზადებელ და მთავარ სხდომებში მონაწილეობას იღებდა სასამართლო კოლეგია ერთი და იმავე შემადგენლობით (დ. ა.-ე, თ. წ.-ე, ი. ქ.-ე) და მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილებაც აღნიშნულმა შემადგენლობამ მიიღო.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ ადვოკატი პ. გ.-ე საკასაციო საჩივარში ვერ ასაბუთებს, თუ რატომ არ არსებობდა მოცემული საქმის წარმოებაში მიღების იურიდიული და ფაქტობრივი საფუძვლები.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ადვოკატ პ. გ.-ის საკასაციო საჩივარში მითითებული მოტივაცია დოკუმენტის გაყალბების შესახებ, დაუსაბუთებელია და აღნიშნულის თაობაზე მის მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს.
რაც შეეხება ადვოკატ პ. გ.-ის მოსაზრებას, სამხედრო პროკურატურის უფლებამონაცვლით შეცვლის თაობაზე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს გენერალურ პროკურატურას უფლებამონაცვლედ ჩაბმის გარეშეც ჰქონდა პროცესში მონაწილეობის მიღების უფლება სამხედრო პროკურატურის გაუქმების შემდეგ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახალი გადაწყვეტილების მიღების სამართლებრივი საფუძვლები.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და




გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. გ., ე., გ., მ. და ა. კ.-ების საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს აჭარის ა/რ უმაღლესი სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2004წ. 29 ივლისის გადაწყვეტილება და გამოტანილ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
4. დაუსაბუთებლად იქნეს ცნობილი, ჩამოერთვას და გადაეცეს სახელმწიფოს შემდეგი ქონება:
ა) აბაშის რაიონის სოფ. ...-ში მოპასუხეების _ გ. და ე. კ.-ების სახელზე რიცხულ მიწის ნაკვეთზე განთავსებული შენობა-ნაგებობები;
ბ) ქ. ბათუმში, ... ¹50/52-ში მდებარე მოპასუხე მ. გ.ს-ას კ.-ის სახელზე რიცხული ¹10 და ¹11 ბინები;
5. სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროთ მოპასუხეებს _ გ., ე., მ. და ა. კ.-ებს _ დაუსაბუთებელი ქონების რეალიზაციით მიღებული ფულადი თანხები, კერძოდ: გ. კ.-ს 17000 აშშ დოლარის, ე. კ.-ს 5000 აშშ დოლარის, მ. კ.-ს 1500 აშშ დოლარისა და ა. კ.-ს 1500 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარი;
6. სახელმწიფოს სასარგებლოდ გ. და ე. კ.-ებს დაეკისროთ მათ მიერ გაყიდული დაუსაბუთებელი ქონების ეკვივალენტი ფულადი თანხა 51650 ლარის ოდენობით;
7. გ. და ა. კ.-ებს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროთ ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, ა. კ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული მიშენებისა და სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა _ 79922 ლარი;
8. გ. კ.-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისროს ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, გ. კ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულება, დაუსაბუთებელი ფულადი თანხა 7000 ლარის ოდენობით;
9. არ დაკმაყოფილდეს საქართველოს გენერალური პროკურატურის სარჩელი:
ა) აბაშის რაიონის, სოფ. ...-ში, მოპასუხე გ. კ.-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთისა და დამხმარე ნაგებობების ჩამორთმევისა და სახელმწიფოსთვის დაბრუნების ნაწილში;
ბ) მოპასუხე გ. კ.-ისთვის სახელმწიფოს სასარგებლოდ 5000 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის დაკისრების ნაწილში;
გ) ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, ა. კ.-ის სახელზე რიცხულ საცხოვრებელ სახლზე განხორციელებული სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 40078 ლარის _ გ. და ა. კ.-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში;
დ) ქ. ბათუმში, ... ¹3-ში მდებარე, გ. კ.-ის სახელზე რიცხული საცხოვრებელი ბინის სარემონტო სამუშაოების ღირებულების _ 3000 ლარის _ გ. კ.-ზე სახელმწიფოს სასარგებლოდ დაკისრების ნაწილში;
ე) ე. და გ. კ.-ებზე სახელმწიფოს სასარგებლოდ ფულადი თანხის _ 45750 ლარის _ დაკისრების ნაწილში;
10. მოპასუხეებს _ გ., ე., ა. და მ. კ.-ებს _ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟი _ 5000 ლარი;
11. საკასაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.