ბს-143-321-კ-03 27 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
გ. ქაჯაია,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 14 თებერვალს გ. ვ-ემ სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ და მოითხოვა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება იმ საფუძვლით, რომ 1995 წელს ჩაირიცხა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე და 1999 წელს აღნიშნული უნივერსიტეტის ბაკალავრიატის სრული კურსი დაამთავრა სპეციალობით _ ბიზნესის სამართალი. აღნიშნული ფაკულტეტი ადრე ასეთი სახით არ არსებობდა და მას 1995წ. 12 სექტემბრამდე ეწოდებოდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სპეცფაკულტეტი, ბიზნესის უმაღლესი სკოლა და დამოუკიდებლად ფუნქციონირებდა. მისი სტუდენტობის პერიოდში აღნიშნული სპეცფაკულტეტი შეუერთდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს და ეწოდა საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტი. მოსარჩელემ განმარტა, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დამკვიდრებული სპეციალობა _ ბიზნესის სამართალი ასევე ცნობილია ბიზნეს-იურისტის ცნებით, რასაც მოწმობდა მასმედიის საშუალებით გაკეთებული რეკლამები და ბიულეტენები. 1998 წლამდე აღნიშნული ფაკულტეტი “ბიზნეს-იურისტის” კვალიფიკაციის მქონე კადრებს ამზადებდა, მაგრამ 1999წ.ათვის საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტმა გასცა შემდეგი სახის დიპლომი: “სახელმწიფო საგამოცდო კომისიის 29 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ვ-ეს მიენიჭა ბიზნესის სამართალმცოდნეობის ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მენეჯერის კვალიფიკაცია” შესაბამისად, “ბიზნეს-იურისტი” ჩანაცვლებულია “მენეჯერით”, რაც სრულიად განსხვავებული ცნებებია. მას შემდეგ, რაც აღნიშნული დიპლომით სტაჟირებაზე არ მიიღეს ადვოკატურაში, მოსარჩელემ მიმართა უნივერსიტეტის რექტორს, რის შემდეგაც მას გადასცეს ბიზნეს-სამართლის ხარისხი “დიპლომი”, რომელშიც კვალიფიკაცია საერთოდ არ იყო აღნიშნული. გასაჩივრების შემდგომ უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ მოსარჩელეზე სრულფასოვანი დიპლომი გასცა, მაგრამ საქართველოს ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარეს ნ. ბ-ას აცნობა, რომ მის დიპლომში მითითებული იყო და მას მიენიჭა “ბიზნეს-იურისტის” და არა “იურისტის” კვალიფიკაცია, რაც ყოვლად უკანონო იყო, ვინაიდან დიპლომში პირდაპირ არის დაფიქსირებული კვალიფიკაცია “იურისტი” კონკრეტული აღიარებული სტატუსით. იგი ითვლება ზოგადად იურისტად და აქვს თეორიული ცოდნა და პროფესიული მომზადება. უნივერსიტეტის რექტორატის ასეთ უკანონო ქმედებას შეეწირა მისი დრო და თანხები და მიადგა მატერიალური და მორალური ზიანი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მატერიალური და მორალური ზარალის ანაზღაურების გადახდის დაკისრება ორას-ორასი ათასი ლარის ოდენობით.
ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წარმომადგენელმა ლ. დ-მა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მათივე ხელშეწყობით გამოსწორებულ იქნა შეცდომა და დაკმაყოფილდა გ. ვ-ის განცხადებაში მითითებული მოთხოვნა. მან უარყო გ. ვ-ის მოსაზრება იმის თაობაზე, რომ უნივერსიტეტმა გაავრცელა მოსარჩელისათვის ზიანის მომტანი ცნობები, რაც გამოიხატა უნივერსიტეტის პრორექტორის მიერ ადვოკატთა კოლეგიისთვის მიწერილ მიმართვაში იმის შესახებ, რომ გ. ვ-ეს მიანიჭეს არა იურისტის კვალიფიკაცია, არამედ ბიზნეს-სამართალმცოდნეობის ბაკალავრის ხარისხი. მოპასუხის განმარტებით, საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტისა და იურიდიულ ფაკულტეტზე შესასწავლი საგნები მნიშვნელოვნად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, ასევე განსხვავდება შესასწავლ საგანთა საათების რაოდენობაც, რის გამოც მოსარჩელეს ვერ მიენიჭებოდა იურისტის კვალიფიკაცია.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სარჩელი ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიმართ მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო.
აღნიშნული გადაწყვეტილება გ. ვ-ემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა თბილისის საოლქო სასამართლოში და მოითხოვა ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება.
საქმის სააპელაციო წესით განხილვის პერიოდში გ. ვ-ემ შუამდგომლობით მიმართა სასამართლოს, შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა მატერიალური ზარალის ანაზღაურების ნაწილში და ჯერ 30000 ლარამდე, ხოლო 2003წ. 15 მაისის სასამართლო სხდომაზე – 20000 ლარამდე, ასევე შეამცირა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც – 100000 ლარამდე.
თბილისის საოლქო სასამართლოს საოქმო განჩინებით შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და სსს კოდექსის 83-ე მუხლის შესაბამისად, გ. ვ-ის სასარჩელო მოთხოვნა შემცირდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილებით გ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შეიცვალა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც გ. ვ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო, შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გ. ვ-ე 1995 წელს ჩაირიცხა ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში _ საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე, რომელიც 1995წ. 11.12. ¹132 ბრძანების საფუძველზე 1996წ. 1 იანვრიდან გადაკეთდა თსუ-ს საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტად. 1999წ. 29 ივნისის საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილებით გ. ვ-ეს მიენიჭა ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და მენეჯერის კვალიფიკაცია. აღნიშნულ დიპლომში შეტანილ იქნა ცვლილება ფაკულტეტის საბჭოს წევრთა გადაწყვეტილებით და 2000წ. 31 აგვისტოს ამოღებულ იქნა ჩანაწერი _ მენეჯერის კვალიფიკაცია. მოგვიანებით, 2001 წელს, აპელანტის მოთხოვნის საფუძველზე, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ გაცემულ იქნა ახალი დიპლომი, რომელშიც მითითებული იყო, რომ გ. ვ-ეს მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია. ამდენად, მოწინააღმდეგის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ზემდგომი ორგანოს დებულების მოთხოვნათა დაცვით, განხილულ იქნა გ. ვ-ის განცხადება და, შესაბამისად, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა.
სასამართლომ მიიჩნია, რომ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონდა სკ-ს მე-18 მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვას, ვინაიდან, სადავო წერილში აღნიშნული ცნობები შეესაბამება სინამდვილეს. მით უფრო, რომ თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი საჯარო ინფორმაციის შემცველი იყო, რომლითაც ადვოკატთა კოლეგიის თავმჯდომარეს მხოლოდ ეცნობა, რომ გ. ვ-ეს მენეჯერის ნაცვლად მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ გ. ვ-ის სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილებულიყო, ვინაიდან მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელი უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ სამ პირობას, კერძოდ: ინფორმაცია უნდა იყოს გავრცელებული _ (გარკვეულ პირთა წრისათვის ცნობილი). შემლახველი და სინამდვილესთან შეუსაბამო, ხოლო რომელიმე მათგანის არარსებობა გამორიცხავს სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. ვ-ემ საქართველოს უზენაეს სასამართლოში და ახალი გადაწყვეტილებით ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისათვის მატერიალური ზიანის – 30000 ლარის და მორალური ზიანის – 10000 ლარის დაკისრება მოითხოვა შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი მიიჩნევს, რომ საოლქო სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 386-ე მუხლი. კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლოს თვითონ გამოაქვს გადაწყვეტილება, თუ დაშვებულია შეცდომები გადაწყვეტილების ფაქტობრივი გარემოებების დადგენისას ან არასწორადაა გამოყენებული მატერიალური თუ საპროცესო სამართლის ესა თუ ის ნორმა. ახალი გადაწყვეტილება კი გულისხმობს სააპელაციო საჩივარში მოთხოვნილის მთლიანად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლომ გააუქმა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეცვალა გასაჩივრებული გადაწყვეტილება მოთხოვნის შესაბამისად, რის გამოც მიღებულ იქნა იგივე გადაწყვეტილება მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
კასატორის მითითებით, იგი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს მოტივაციას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად, მისი განცხადების განხილვის თაობაზე, მაგრამ ამ შემთხვევაშიც, მისი განმარტებით, განცხადების დაკმაყოფილება ვალდებულების დარღვევის პირდაპირი აღიარება იყო, ანუ უნივერსიტეტმა აღიარა თავისი ბრალი და ამიტომ სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სკ-ს 408-ე და 411-ე მუხლები და დაეკისრებინა უნივერსიტეტისათვის ზიანის ანაზღაურება. კასატორის აზრით, მან რომ ვერ დაიწყო მუშაობა, არის უნივერსიტეტის ბრალი, მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში კი იგი იმუშავებდა და მიიღებდა შემოსავალს.
კასატორი მიიჩნევს, რომ მოპასუხემ ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარისადმი გაგზავნილი წერილით გაავრცელა საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობები, მიუთითა რა, რომ კასატორს მიენიჭა ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია და არა იურისტის კვალიფიკაცია. სააპელაციო სასამართლომ არსწორად განმარტა სკ-ს მე-18 მუხლი. საქმიანი რეპუტაციის შემლახველი ცნობების გავრცელების ქვეშ არ იგულისხმება მატო პრესაში, ტელევიზიით, რადიოთი და სხვა საინფორმაციო საშუალებებით ცნობების გადაცემა, არამედ იგულისხმება სიტყვიერად თუ ზეპირად მათი მიწოდება დაწესებულებისა და ორგანიზაციებისათვის, რაც ნ. ბ-ასადმი გაგზავნილ წერილში განხორციელდა. აღნიშნული მე-18 მუხლის მე-2 პუნქტი ცალკე იცავს პირის საქმიან რეპუტაციას. იგი სწორედ საქმიანი რეპუტაციისათვის ითხოვდა მორალური ზიანის ანაზღაურებას, მოპასუხემ კი ვერ დაადასტურა წერილით გავრცელებული ცნობების სინამდვილესთან შესაბამისობა.
კასატორმა დამატებით წარმოდგენილ განცხადებაში განმარტა, რომ მის მიერ საოლქო სასამართლოს მთავარ სხდომაზე შემცირებულ იქნა სასარჩელო მოთხოვნა, კერძოდ, მატერიალური ზარალი შეამცირა 20000 ლარამდე, ხოლო მორალური ზარალი _ 100000 ლარამდე. მაგრამ მიუხედავად ამისა, სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ გ. ვ-ემ მატერიალური ზარალის სახით, მოითხოვა 30000 ლარის დაკისრება მოპასუხისათვის, ნაცვლად 200000 ლარისა, რაც ეჭვს ბადებს, რომ სააპელაციო სასამართლოში პროცესი ჩატარდა ფორმალურად და გადაწყვეტილება წინასწარ იყო დაწერილი. აღნიშნულით დარღვეულ იქნა სსკ-ს მე-3 მუხლი, დისპოზიციურობის პრინციპი. კასატორმა განცხადებაში დააკონკრეტა და დააზუსტა მატერიალური ზარალი, რომელიც შემდეგი მოთხოვნებისაგან შედგებოდა: საერთაშორისო ბიზნესის ფაკულტეტზე ხუთიწ. სწავლის საფასური _ 5500 ლარი, უმუშევრობით გამოწვეული ზიანი 1999-2003 წლების პერიოდში _ სპს “ჯ-ის” წერილის საფუძველზე _ 14400 ლარი, უნივერსიტეტში სასიარულო ხარჯები _ 1300 ლარი, სულ 21200 ლარი, მაგრამ მიუთითა, რომ მის მოითხოვნას მხოლოდ 20000 ლარის ზიანის ანაზღაურება წარმოადგენდა.
კასატორის მითითებით, სააპელაციო სასამართლომ საერთოდ უგულებელყო სკ-ს 408-ე მუხლი და მთლიანად სკ-ს მოთხოვნა, რომლის მიხედვით მთავარია, არსებობდეს ზიანის უტყუარი ფაქტი, მოცემულ შემთხვევაში – ვალდებულების დარღვევა და მათემატიკური სიზუსტით არ არის სავალდებულო, ზიანი დასაბუთდეს. სასამართლოს ზარალის გამოსათვლელად შეეძლო გამოეყენებინა სახელმწიფო მინიმუმიდან აღებული თანხა, რაც დამტკიცებულია საქართველოს პრეზიდენტის 1999წ. 4 ივნისის ¹351 ბრძანებულებით.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება-დასაბუთებულობა და მიიჩნევს, რომ კასატორის, გ. ვ-ის, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის მოტივით და უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო პალატა განუმარტავს კასატორს, რომ სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას სასამართლო ხელმძღვანელობს ამავე კოდექსის 393-ე და 399-ე მუხლების მოთხოვნებით. გ. ვ-ის საპელაციო საჩივრის განხილვის შედეგად სააპელაციო პალატა არ დაეთანხმა რაიონულ სასამართლოს გადაწყვეტილების სარჩელზე უარის თქმის საფუძველს და ახალი გადაწყვეტილებით განსხვავებული საფუძვლით არ დააკმაყოფილა კასატორის სარჩელი. სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის არსებითად გადაწყვეტის შესაძლებლობა განსაზღვრულია სსკ-ს 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რომლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ახალი გადაწყვეტილება გულისხმობს გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლას აპელანტის მოთხოვნის შესაბამისად. სააპელაციო სასამართლოს ასეთ ვალდებულებას სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსები არ ითვალისწინებენ.
საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნას, რომ მოწინააღმდეგე მხარის – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, განხილულ იქნა კასატორის განცხადება, დაკმაყოფილდა მისი მოთხოვნა და დიპლომში შეტანილი იქნა ცვლილებები გ. ვ-ისათვის ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაციის მინიჭების თაობაზე. როგორც განათლების მინისტრის, ალ. კარტოზიას, 2002წ. 10 აპრილის ¹01-16-20-1/1029 წერილიდან ირკვევა, აღნიშნული ცვლილება დიპლომში მოხდა არა კონკრეტულად ნ. ვ-ის შემთხვევაში, არამედ კვალიფიკაციის საერთოდ შეცვლის გამო, ანუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა საკითხის არსებითად განხილვის შედეგად მიიღო ის გადაწყვეტილება, რასაც კასატორი ითხოვდა განცხადებაში.
საკასაციო სასამართლო კასატორს ასევე განუმარტავს, რომ სააპელაციო პალატის მიერ გადაწყვეტილებაში მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი მატერიალური ზარალის ოდენობად, 30000 ლარის მითითებასთან დაკავშირებით, ნაცვლად 20000 ათასისა მას შეეძლო სსკ-ს 260-ე მუხლის საფუძველზე მიემართა განცხადებით სასამართლოსთვის დაშვებული უსწორობის გასწორების მოთხოვნით. საკასაციო სასამართლო აღნიშნულ არითმეტიკულ შეცდომას ვერ მიიჩნევს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად.
საკასაციო სასამართლო ეთანხმება საკასაციო პალატას და მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოწინააღმდეგე მხარის უკანონო ქმედებებით მორალური და მატერიალური ზიანის მიყენების ფაქტი და სრულიად ალოგიკურად თვლის კასატორის მოთხოვნებს, მიყენებული მატერიალურ ზარალად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სწავლების საფასურისა და სწავლის პერიოდში უნივერსიტეტში სიარულს გზის ხარჯების მიჩნევის თაობაზე, რადგან საკასაციო პალატა თვლის, რომ მოწინააღმდეგე მხარემ შეასრულა თავისი ვალდებულება, მისცა შესაბამისი განათლება კასატორს და გასცა გ. ვ-ეზე დიპლომი, მართალია, თავდაპირველად შეცდომით, მაგრამ კასატორის განცხადების განხილვის შედეგად იმ კვალიფიკაციით, რომელსაც იგი ითხოვდა. საკასაციო პალატა თვლის, რომ თსუ არ არის ვალდებული, ფასიან ფაკულტეტებზე ჩარიცხულ სტუდენტებს უფასოდ მისცეს განათლება და სწავლის პერიოდში უხადოს გზის ხარჯი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო პალატის მიერ სკ-ს 408-ე და 411-ე მუხლების უგულებელყოფის თაობაზე, რადგან ვალდებულების დარღვევას უნდა მოჰყვეს ზიანი და მხოლოდ ამის შემდეგ დგება ამ ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. მოცემული დავის საგანს სწორედ ამ ზიანის არსებობის დადასტურება წარმოადგენს და ვინაიდან სააპელაციო პალატამ ჩათვალა რა, რომ გ. ვ-ისათვის ზიანის მიყენების ფაქტი არ ყოფილა დადასტურებული არც ერთი მტკიცებულებით, არ გამოიყენა აღნიშნული 408-ე მუხლი. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ, თუ არ დგინდება ზიანის მიყენების ფაქტი, შესაბამისად, არ არსებობს მისი ანაზღაურების ვალდებულებაც. ანალოგიური სიტუაციაა 411-ე მუხლთან დაკავშირებითაც. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის მოთხოვნის დასადასტურებლად. საკასაციო პალატა მტკიცებულებების სახით ვერ გაიზიარებს კასატორის მიერ საქმეში წარმოდგენილ სპს “ჯ-ის” წერილს და უსაფუძვლოდ მიიჩნევს ამ წერილის მონაცემებზე დაყრდნობით კასატორის მიერ გამოანგარიშებული მატერიალური ზარალის _ 14400 ლარის, მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნას. საქმის მასალებით დადგენილია, რომ, მიუხედავად სააპელაციო პალატის მოთხოვნისა, გ. ვ-ის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი რაიმე ოფიციალური მტკიცებულება აღნიშნულის დასასაბუთებლად. თავად გ. ვ-ემ სააპელაციო სასამართლოს 2003წ. 15 მაისის სხდომაზე განაცხადა, რომ სპს “ჯ-ისათვის” ოფიციალურად არ მიუმართავს.
მორალურ ზიანთან დაკავშირებით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სკ-ს 413-ე მუხლის თანახმად, არაქონებრივი ზიანისთვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით, რასაც მოცემულ დავაში ადგილი არა აქვს. რაც შეეხება სკ-ს მე-18 მუხლით განსაზღვრული პირის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შელახვის ფაქტსა და, შესაბამისად, მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნას, საკასაციო პალატა ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას და მიიჩნევს, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წერილი ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის თავმჯდომარისადმი არ შეიცავს კასატორის პატივის, ღირსებისა და საქმიანი რეპუტაციის შემლახველ მონაცემებს. ამ წერილით არ გავრცელებულა კასატორის შემლახველი და სინამდვილესთან შეუსაბამო ინფორმაცია. აღნიშნულ წერილში მითითებულია ის ფაქტობრივი მონაცემები, რომლებიც გ. ვ-ისათვის შეცვლილი კვალიფიკაციით გაცემულ დიპლომშია დაფიქსირებული, კერძოდ, გ. ვ-ეს მიენიჭა კონკრეტულად ბიზნეს-იურისტის კვალიფიკაცია. აღნიშნული წერილის მიწერა არ შეიძლება გ. ვ-ისათვის მუშაობაში ხელშეშლის პირდაპირ განზრახვად იქნეს მიჩნეული მოპასუხის მხრიდან.
საკასაციო პალატა აღნიშნავს იმ გარემოებას, რომ კასატორს არ გაუსაჩივრებია ადვოკატთა კოლეგიაში მიღების მოთხოვნასთან დაკავშირებით მის მიმართვაზე ადვოკატთა კოლეგიის პრეზიდიუმის 2001წ. 22 ნოემბრის პასუხი მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ დიპლომში მითითებული კვალიფიკაციის საფუძველზე.
საკასაციო პალატა გ. ვ-ის ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, რომ იგი არის უმუშევარი და არა აქვს შემოსავალი, სსკ-ს 47-ე მუხლის საფუძველზე შესაძლებლად მიიჩნევს კასატორის განთავისუფლებას სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ამდენად, საკასაციო პალატა აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით თვლის, რომ არ არსებობს გ. ვ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები და შესაბამისად, უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 399-ე, 404-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. კასატორის, გ. ვ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 15 მაისის გადაწყვეტილება;
3. გ. ვ-ე განთავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.