Facebook Twitter
ბს-308-448-კ-03 28 იანვარი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
2003წ. 24 მარტს ფიზიკური პირის, ა. ა-ის, წარმომადგენელმა ი. კ-ემ თბილისის საოლქო სასამართლოში მოპასუხეების: სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების რეგიონალური სამმართველო ,,ფოთის” მე-2 საზღვაო დივიზიონისა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის მიმართ სარჩელი აღძრა და სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების რეგიონალური სამმართველო ,,ფოთის” მე-2 საზღვაო დივიზიონის სადარაჯო ხომალდ “P-21” კაპიტნის 2002წ. 19 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹2-ის, შავი ზღვის დაცვის კონვენციური ინსპექციის განყოფილების უფროსის 2002წ. 19 ნოემბრის ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ¹1-ისა და “ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ” სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველო “ფოთის” მე-2 საზღვაო დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის 2002წ. 22 ნოემბრის დადგენილების ბათილად ცნობა მოითხოვა. მოსარჩელემ, დამატებით, ,,სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ზოგიერთი წესის დამტკიცების შესახებ” დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანების იმ ნაწილის ბათილად ცნობა მოითხოვა, რომლითაც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის, დადგენილებისა და სამართალდარღვევის აღრიცხვის ჟურნალის ფორმების დამტკიცება მოხდა.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ 2002წ. ნოემბერში თევზსაჭერი გემი ,,შ-ა” ქ. სამსუნის პორტიდან ზღვაში გავიდა და ქ. სოჭის მიმდებარე ნეიტრალურ წყლებში 7 ტონამდე სხვადასხვა თევზი მოიპოვა, რის შემდეგაც, ასევე ნეიტრალური წყლებით, სადაც ნაოსნობა ნებადართულია, თურქეთში ბრუნდებოდა. მეთევზე გემს ნეიტრალურ წყლებში საპატრულო კატარღა წამოეწია, რომელზეც საქართველოს დროშა იყო აღმართული. ვინაიდან გემზე მყოფი პირებისათვის ქართული ენა გაუგებარი იყო, იგი თურქეთის მიმართულებით მოძრაობას განაგრძობდა, ვიდრე კატარღიდან ცეცხლი არ გაუხსნეს.
ზემოაღნიშნული გასაჩივრებული ოქმების საფუძველზე, 2002წ. 22 ნოემბერს, რეგიონალური სამმართველო “ფოთის” მე-2 დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის მიერ მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება, რომლითაც გემის კაპიტან ა. ა-ს ადმინისტრაციული სახდელის, ჯარიმის სახით 200000 ლარის გადახდა დაეკისრა, რაც გასაჩივრებულ იქნა ფოთის საქალაქო სასამართლოში, ხოლო შემდეგ ქუთაისის საოლქო სასამართლოში, მაგრამ ქუთაისის საოლქო სასამართლოს თავმჯდომარის 2003წ. 26 თებერვლის დადგენილებით ფოთის საქალაქო სასამართლოს დადგენილება უცვლელი დარჩა.
მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ზემოთ მითითებული გასაჩივრებული ოქმები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს ეწინააღმდეგებოდა, კერძოდ, ოქმში, კოდექსის 52-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მითითებული არ იყო ის ორგანო, რომელშიც შეიძლებოდა ადმინისტრაციული აქტის გასაჩივრება, მისი მისამართი და საჩივრის (ან სარჩელის) შეტანის ვადა, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოს მიერ გამოცემულ ადმინისტრაციულ აქტზე არ იყო გამოსახული საქართველოს სახელმწიფო გერბი.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141, 1901 და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმების დადგენა მოხდა, ხოლო ამავე ბრძანების მე-2 პუნქტით დადგენილების ფორმა იქნა დამტკიცებული. აღნიშნული ბრძანებით ოქმისა და დადგენილების ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსთან შეუსაბამო ფორმა იქნა დადგენილი.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 25 მარტის განჩინებით ა. ა-ის წარმომადგენლის _ ი. კ-ის _ სარჩელი მხოლოდ იმ ნაწილში იქნა წარმოებაში მიღებული, რომლითაც იგი სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობას მოითხოვდა, ხოლო სარჩელი დანარჩენ ნაწილში განსჯადობით განსახილველად ფოთის საქალაქო სასამართლოს გადაეგზავნა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ა-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო კოლეგიამ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
სასამართლომ მიიჩნია, რომ სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანებით დამტკიცებული ოქმის, დადგენილებისა და სამართალდარღვევის აღრიცხვის ჟურნალის ფორმების ბათილად ცნობის საფუძველი არ შეიძლება გამხდარიყო ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლის მოთხოვნათა დარღვევა, ვინაიდან სადავო ფორმები ადმინისტრაციულ აქტებს არ წარმოადგენდა.
სასამართლომ განმარტა, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე მუხლით დადგენილ რეკვიზიტებს ადმინისტრაციული აქტები უნდა შეიცავდნენ, ხოლო ის რეკვიზიტები, რომლებიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებისა და დადგენილებებისთვისაა გათვალისწინებული, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება, კერძოდ, აღნიშნული კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კოდექსი განსაზღვრავს, თუ რომელი მოქმედება ან უმოქმედობა წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ოქმი უნდა შედგეს საამისოდ უფლებამოსილი თანამდებობის პირის ან საზოგადოებრივი ორგანიზაციის, ან საზოგადოებრივი თვითმოქმედების ორგანოს წარმომადგენლის მიერ. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შინაარსი 240-ე მუხლით განისაზღვრება, ხოლო ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 266-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განხილვის შემდეგ ორგანომ (თანამდებობის პირმა) საქმეზე დადგენილება უნდა გამოიტანოს, რომლის შინაარსიც ამავე მუხლით განისაზღვრება.
აქედან გამომდინარე, სასამართლო კოლეგიამ ჩათვალა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენის შესახებ ოქმებისა და დადგენილებების ფორმები ადმინისტრაციულ აქტებს არ წარმოადგენდა და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოებასთან იყო დაკავშირებული.
აღნიშნული გადაწყვეტილება ა. ა-ის წარმომადგენელმა ი. კ-ემ საკასაციო წესით გაასაჩივრა და გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით მისი სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილება მოითხოვა.
კასატორი მიიჩნევს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-17 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის შესაბამისად, ,,საქართველოს მინისტრისა და აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით”.
კასატორი მიუთითებს, რომ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლში მოცემულია ადმინისტრაციული აქტის დეფინიცია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ,,თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ მუხლის პირველ ნაწილში მოცემულ ტერმინებს სხვა სამართლებრივი აქტით არ შეიძლება მიეცეს სხვა მნიშვნელობა”.
კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მოსაზრებას, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილებებისა და ოქმების ფორმებზე ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი არ ვრცელდება, ვინაიდან სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს იმდენად, რამდენადაც მითითებულ კოდექსს დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანებასთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალა აქვს. ეს მოთხოვნა ,,ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის 24-ე მუხლითაც არის დადგენილი.

სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ ა. ა-ის წარმომადგენლის, ი. კ-ის, საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად უნდა დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, საოლქო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და სწორად განმარტა იგი, ამდენად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს.
საოლქო სასამართლოს მიერ დადგენილია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებანი:
ა. ა-ის კაპიტნობით მცურავმა თევზსაჭერმა გემმა ,,შ-ამ” 2002წ. 19 ნოემბერს სასაზღვრო ზოლი გადმოლახა და უკანონო თევზჭერა განახორციელა. ხსენებული გემი საქართველოს სადარაჯო ხომალდის მიერ დაკავებულ იქნა. “ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” ნორმების დარღვევისა და ჯარიმის სახით 200000 ლარის დაკისრების თაობაზე, სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელწიფო დეპარტამენტის რეგიონალური სამმართველო “ფოთის” მე-2 საზღვაო დივიზიონის მეთაურის მოვალეობის შემსრულებლის მიერ, 2002წ. 22 ნოემბერს, მიღებულ იქნა ადმინისტრაციული სახდელის დადების შესახებ დადგენილება. ამავე დადგენილებით, სახდელის უზრუნველყოფის მიზნით, გემი ჩამორთმეულ იქნა.
საქმის მასალებით, ასევე, დადგენილია, რომ “სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალებში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების წარმოების ზოგიერთი წესის დამტკიცების შესახებ” სახელმწიფო საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანებით, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1141, 1901 და 1902 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე ოქმის, დადგენილებისა და სამართალდარღვევის აღრიცხვის ჟურნალის ფორმები დამტკიცდა. ხსენებული ბრძანება იუსტიციის სამინისტროში კანონით დადგენილი წესით იქნა რეგისტრირებული და შესაბამისი სარეგისტრაციო კოდიც მიენიჭა.
საკასაციო სასამართლო მოიხმობს სსკ-ს 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნებს და განმარტავს, რომ საოლქო სასამართლოს მიერ დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის.
ზემოთქმული გარემოებების გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს და ეთანხმება საოლქო სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ ა. ა-ის წარმომადგენლის მიერ გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმები ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ აქტებს არ წარმოადგეს და მათზე ხსენებული კოდექსის 52-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ გავრცელდება. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებულ ნაწილში საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის ბრძანება თავისი შინაარსით ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული აქტი არ არის, რადგან გასაჩივრებულ ფორმებს, თავისთავად, არანაირი დამოუკიდებელი სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება, სანამ მათი გამოყენება კონკრეტული სამართალდარღვევისას არ მოხდება. ამასთან, აღნიშნული ბრძანება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საფუძველზე მიღებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომელიც არ ეწინააღმდეგება ამ კოდექსს და რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.
საკასაციო სასამართლოს მართებულად მიაჩნია საოლქო სასამართლოს მოსაზრება იმის თაობაზე, რომ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2002წ. 4 აგვისტოს ¹435 ბრძანებით დამტკიცებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმები სპეციალურ ფორმებს წარმოადგენენ, რომლებიც, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად, უშუალოდ მხოლოდ საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის სასაზღვრო ძალების იმ თანამშრომლების მიერ გამოიყენება, რომლებიც საზღვაო სივრცეში სამართალდარღვევას აღმოაჩენენ.
“საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” პირველი მუხლი განსაზღვრავს თუ რომელი ქმედება წარმოადგენს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევას, რომელი ადმინისტრაციული სახდელი, რომელი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ და რა წესით შეიძლება დაედოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ჩამდენს. ამავე კოდექსის 1901 მუხლი საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო გადაკვეთას ადმინისტრაციულ სამართალდარვევად მიიჩნევს და სახდელის სახით დამრღვევის 200 000 ლარით დაჯარიმებას ადგენს. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 239-240-ე მუხლების თანახმად, ამაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება, იგი სპეციალურ რეკვიზიტებს შეიცავს და ოქმის ნამდვილობისათვის მისი დაცვა სავალდებულოა. სამართალდაღვევის ფაქტზე გაფორმებული ოქმი, ხსენებული კოდექსის 241-ე მუხლის თანახმად, გაეგზავნება იმ პირს, რომელიც უფლებამოსილია, განიხილოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე.
საზღვრის დაცვის სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ¹435 ბრძანების მე-4 და მე-5 პუნქტებით, “საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის” მოთხოვნათა დაცვით, საზღვაო სფეროში ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები განისაზღვრა, ხოლო ბრძანების დანართებით სპეციალური ფორმები დამტკიცდა.
ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ა. ა-ის წარმომადგენლის, ი. კ-ის, მოთხოვნა სადავო ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ა. ა-ის წარმომადგენლის, ი. კ-ის, საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 2003წ. 16 ივნისის გადაწყვეტილება;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.