ბს-506-598-კ-03 1 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატი.
აღწერილობითი ნაწილი:
ჯ. მ.-მ სარელი აღძრა ქ. თბილისის დიდუბე-ჩუღურეთის რაიონულ სასამართლოში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის მიმართ და აღნიშნა, რომ მუშაობდა შსს ორგანმოებში, 12.09.98წ. დაენიშნა ასაკისა და სტაჟის გამო პენსია, არის უმუშევარი, კმაყოფაზე ყავს 03.02.93წ. დაბადებული არასრულწლოვანი შვილი. “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვეპუნქტზე მითითებით მოსარჩელემ მოითხოვა დანიშნულ პენსიაზე დანამატი ასაკის გამო მინიმალური პანსიის 2/3 ოდენობით (9ლარი და 33 თეთრი), დანამატის დანიშვნა 1998წ. 12 სექტემბრიდან, მოპასუხისათვის ამ პერიოდიდან მიუღებელი დანამატი თანხის _ 480 ლარისა და 40 თეთრის მის სასარგებლოდ გადახდის დაკისრება.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, ვინაიდან საქართველოში პენსიაზე გასვლის ზღვრული ასაკი 65 წელს შეადგენს, მოსარჩელეს არ აქვს მიღწეული ზღვრული ასაკისათვის.
დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 20.11.02წ. გადაწყვეტილებით სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხე მხარეს დაეკისრა მოსარჩელისათვის პენსიაზე საპენსიო დანამატის დანიშვნა 9,33 ლარის ოდენობით, მოპასუხეს დაეკისრა აგრეთვე მიუღებელი საპენსიო დანამატის ანაზღაურება ჯ. მ.-ის სასარგებლოდ 111,96 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა მოპასუხის მიერ. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.10.03წ. განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 03.01.51წ. დაბადებული ჯ. მ.-ი იღებს პენსიას შსს სამინისტროდან წელთა ნამსახურობით, ჰყავს 03.02.93წ. დაბადებული შვილი. პალატამ არ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება იმის შესახებ, რომ პენსიაზე დანამატი ეკუთვნით მხოლოდ იმ პირებს, რომლებსაც შეუსრულდათ შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი 65 წელი, რადგან “სამხედრო და შს ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის 1-ლი მუხლის 1 აბზაცის თანახმად ამ კანონით დადგენილი პირობებით, ნორმებითა და წესებით საპენსიო უზრუნველყოფას ექვემდებარებიან სამხედრო და შს ორგანოების სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილი საქართველოში მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები. პირველი მუხლის დებულება განვითარებას პოულობს ამავე კოდესის მე-15 მუხლში, რომელიც ითვალისწინებს წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატს, ხოლო ამ მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს შრომისუუნარო ოჯახის წევრზე, რომელიც არ ღებულობს შრომის ან სოციალურ პენსიას, საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3-ს დანამატს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.01.03წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენლის ი. კ.-ის მიერ (მინდობილობა 30.01.03წ. ¹05/1რხ). კასატორი თვლის, რომ სააპელაციო პალატამ არასწორად განმარტა “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი, აღნიშნული ნორმა ითვალისწინებს ისეთი პირებისათვის საპენსიო დანამატის დანიშვნას, რომლებმაც მიაღწეს საპენსიო ასაკს და კმაყოფაზე ჰყავთ არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო ოჯახის წევრები. კასატორი თვლის, რომ კანონმდებლობით დადგენილ საპენსიო ასაკში იგულისხმება შრომის კანონთა კოდექსით დადგენილი ასაკი _ მამაკაცებისათვის 65, ხოლო ქალებისათვის 60 წელი. საპენსიო ასაკის განსაზღვრა სხვა არცერთ ნორმატიულ აქტში არ არის მოცემული. ამდენად საპენსიო ასაკის გაიგივება “საქართველოს შსს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლით გათვალისწინებულ ზღვრულ ასაკთან ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას. ჯ. მ.-ს პენსია დანიშნული აქვს წელთა ნამსახურობისათვის ანუ შსს ორგანოებში დაგროვილი სამუშაო სტაჟის საფუძველზე და არა საპენსიო ასაკის შესრულებასთან დაკავშირებით, რის გამო იგი ვერ იპოვებს ხსენებული კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანამატის დანიშვნის უფლებას. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
საკასაციო პალატის სხდომაზე სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის წარმომადგენელმა ე. ო.-მ (მინდობილობა 29.01.04წ. ¹01გდ/07-318) მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ჯ. მ.-მ საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნო და ითხოვა სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საქმის მასალების შესწავლის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
“სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნევლყოფის შესახებ” კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად უმუშევარ პენსიონერებს, რომლებმაც მიაღწიეს კანონით დადგენილ საპენსიო ასაკს და ინვალიდ პენსიონერებს, რომელთა კმაყოფაზე იმყოფებიან არასრულწლოვანი ან შრომისუუნარო წევრები, ოჯახის თითოეულ წევრზე საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით, დანამატი დაერიცხებათ ოჯახის შრომისუუნარო იმ წევრებს, რომლებიც არ ღებულობენ შრომის ან სოციალურ პენსიას. ამდენად, კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვერპუნქტით გათვალისწინებული დანამატი არის წელთა ნამსახურობის პენსიის დანამატი, მითითებული ნორმის ტექსტის მიხედვით დანამატის დანიშვნა უშუალოდ უკავშირდება კანონით დადგენილი საპენსიო ასაკის მიღწევას.
საქართველოს პრეზიდენტის 17.03.97წ. ¹139 ბრძანებულებით დამტკიცებული “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლით განსაზღვრულია რიგითი შემადგენლობის, აგრეთვე უმცროს და უფროს ოფიცერთა შემადგენლობის სპეციალური წოდებების მქონე შს ორგანოების თანამშრომელთათვის შს ორგანოებში სამსახურის გავლის ზღვრული ასაკი. ზღვრულ ასაკს მიღწეული შს ორგანოების თანამშრომლები ექვემდებარებიან დათხოვნას, რაც “სამხედრო და შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ” კანონის თანახმად, სათანადო წელთა ნამსახურების შემთხვევაში, წარმოადგენს პენსიის დანიშვნის საფუძველს. სააპელაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ ჯ. მ.-ი დაბადებულია 03.01.51წ. ჯ. მ.-ის სასარჩელო განცხადების მიხედვით მას პენსია დანიშნული აქვს სტაჟის და ასაკის გამო 1998 წ. 12 სექტემბრიდან. შს ორგანოებიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა საპენსიო უზრუნველყოფის განყოფილების 16.09.02წ. ¹4/28853 ცნობის თანახმად ჯ. მ.-ს დანიშნული აქვს პენსია წელთა ნამსახურობის მიხედვით. ამდენად, საქმის მასალების თანახმად, ჯ. მ.-ს წელთა ნამსახურობის პენსია დაენიშნა 47 წლის ასაკში, რაც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 61-ე მუხლის თანახმად არ წარმოადგენს ზღვრული ასაკის მიღწევის გამო საქართველოს სამხედრო ძალების თადარიგში ან გადადგომით დათხოვნის საფუძველს, ხსენებული ნორმის თანახმად პოლიციის მაიორისათვის ზღვრული ასაკი შეადგენს 55 წელს, ხოლო გადადგომით _ 60 წელს. ამდენად, საქმის განხილვის დროისათვის ჯ. მ.-ს არ აქვს მიღწეული არც “საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულებით დადგენილი ზღვრული ასაკისათვის და არც კანონით დადგენილ საპენსიო ასაკისათვის. საკასაციო პალატა ყურადღებას ამახვილებს აგრეთვე იმ გარემოებაზე, რომ კანონის მე-15 მუხლის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებს საქართველოში დადგენილი ასაკის გამო მინიმალური პენსიის 2/3 ოდენობით დანამატის დანიშვნას კანონის პირველი მუხლის “ა”-”ზ” ქვეპუნქტებში ჩამოთვლილი სამხედრო მოსამსახურეების წელთა ნამსახურობის პენსიაზე მაშინ, როდესაც კასატორი იყო არა სამხედრო მოსამსახურე არამედ შს ორგანოების თანამშრომელი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებით და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ჯ. მ.-ის სარჩელს უარი უნდა ეთქვას დაკმაყოფიოლებაზე. საკასაციო პალატა, სსკ-ის 47.1 მუხლის საფუძველზე, ათავისუფლებს ჯ. მ.-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაცუილი საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 411-ე მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 07.10.03წ. განჩინების შეცვლით მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება.
2. ჯ. მ.-ს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.