Facebook Twitter
ბს-521-448-კ-04 15 ოქტომბერი, 2004 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე

სარჩელის საგანი: კონკურსის შედეგებისა და ხელშეკრულების გაუქმება, კონკურსის ოქმისთვის იურიდიული ძალის აღდგენა.

აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 31 ოქტომბერს დ. ჩ-ამ სარჩელი აღძრა მარტვილის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის განყოფილების მიმართ.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ იგი მუშაობდა ქ. მარტვილის შემნახველ ბანკში, რომელიც 1997წ. აპრილში ლიკვიდირებულ იქნა, რის შემდეგაც ბანკში მომუშავე თანამშრომლებმა ყოფილი შემნახველი ბანკის მიერ დაკავებული ფართის იჯარა-გამოსყიდვის უფლებით შესასყიდად შექმნეს ამხანაგობა ბ. ე-ას თავმჯდომარეობით.
მოსარჩელის განმარტებით, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1997წ. 26 დეკემბრის ნებართვით, მარტვილის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებამ მარტვილში, ..... და ..... ქუჩების გადაკვეთაზე მდებარე მარტვილის კომუნალური მეურნეობის კუთვნილი საცხოვრებელი სახლის პირველი სართულის არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების შესახებ გამოაცხადა კონკურსი, რისთვისაც ამხანაგობამ დროულად შეიტანა აღნიშნული ფართის შესასყიდად ბე _ 197 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით, საკონკურსო კომისიის 1998წ. 27 იანვრის ¹1 სხდომის ოქმით მარტვილის კომუნალური მეურნეობის ბალანსზე რიცხული საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მდებარე არასაცხოვრებელი ფართის იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზების უფლება მიეცა ამხანაგობას, თუმცა საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმი მოსარჩელეს გადაეცა მხოლოდ 2002წ. ივლისში, რის გამოც იჯარის ხელშეკრულება არ დადებულა. ამასთან, მოსარჩელისთვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ ფართზე ჩატარდა მეორე კონკურსი და მასში გამარჯვებულ ამხანაგობას (თავმჯდომარე ე. წ-ა) საკონკურსო კომისიის 2001წ. 28 მაისის ¹1 ოქმის საფუძველზე, 2001წ. 10 ივნისს გაუფორმდა იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ითხოვა საკონკურსო კომისიის 1998წ. 27 იანვრის ¹1 სხდომის ოქმის იურიდიული ძალის აღდგენა, საკონკურსო კომისიის 2001წ. 28 მაისის ¹1 ოქმისა და მარტვილის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასა და საიჯარო ამხანაგობას შორის 2001წ. 10 ივნისს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 3 ივნისის განჩინებით საქმეში თანამოსარჩელეებად ჩაებნენ ამხანაგობის წევრები ლ. მ-ა, დ. გ-ა, დ. გ-ა და ბ. ე-ა, ხოლო მესამე პირად ჩაება ამხანაგობა (თავმჯდომარე ე. წ-ა).
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 20 ივნისის განჩინებით საქმეში მოპასუხეებად ჩაებნენ ამხანაგობის წევრები ზ. თ-ე, ე. გ-ა, მ. გ-ა და გ. გ-ა, ხოლო მესამე პირად _ მარტვილის რაიონის გამგეობა.
მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ, რომელმაც ითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის განჩინებით დ. ჩ-ას სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა მარტვილის რაიონული სასამართლოს 2003წ. 13 აგვისტოს გადაწყვეტილება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა დ. ჩ-ამ, რომელმაც აღნიშნა, რომ გასაჩივრებული განჩინება იყო უკანონო შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ შეაფასა კონკურსში გამარჯვების შემდეგ ხელშეკრულების არდადებისა და მიღება-ჩაბარების აქტის არშედგენის ფაქტი, რაც კასატორის განმარტებით, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის დარღვევაა და აღნიშნულის მიზეზი იყო არა მყიდველის უარი, არამედ კომუნალური საწარმოს ხელმძღვანელობასა და გამგეობას შორის არსებული უთანხმოება.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიკვლია, ჩააბარა თუ არა მარტვილის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილების უფროსმა ლ. ს-ამ კონკურსში გამარჯვებული ამხანაგობის თავმჯდომარე ბ. ე-ას ხელშეკრულების გაფორმების შესახებ შეტყობინება, ვინაიდან ამ შემთხვევაში უსაფუძვლო იყო სასამართლოს პრეტენზია კასატორთან იმის თაობაზე, რომ კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან კანონით გათვალისწინებული თხუთმეტი დღის განმავლობაში მეიჯარესა და მოიჯარეს შორის იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა იმის თაობაზე, რომ მან ცალმხრივი ნების გამოხატვით უარი განაცხადა იჯარის ხელშეკრულების დადებაზე, ვინაიდან კონკურსის შედეგების გაუქმების შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილების ანგარიშიდან გამოიტანა ბეს სახით შეტანილი 197 ლარი. კასატორის განმარტებით, აღნიშნული ბე ლ. ს-ამ თავისი ინიციატივით გასცა ამხანაგობის წევრებზე 2002წ. 8 ოქტომბერს.
კასატორმა აღნიშნა, რომ 1998წ. 27 იანვრის საკონკურსო კომისიის სხდომაზე იჯარა-გამოსყიდვის უფლება მიენიჭა მათ ამხანაგობას, თუმცა კონკურსის შედეგები მათთვის არავის უცნობებია და არც ხელშეკრულების დადების შესახებ შეტყობინება მიუღიათ, რითაც დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-4 მუხლი.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სააპელაციო სასამართლოს მითითება, რომ სადავო ობიექტის პრივატიზება მოხდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ” დებულების მოთხოვნათა შესაბამისად. აღნიშნულთან დაკავშირებით, კასატორმა მიუთითა, რომ 2001წ. 10 ივნისის საიჯარო ხელშეკრულება დაამტკიცა არა მარტვილის, არამედ ხონის ნოტარიუსმა, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტზე არ იყო მითითებული თარიღი.
კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლომ არ იმსჯელა სადავო ობიექტის ღირებულების ხელოვნურად შემცირების ფაქტზეც, ვინაიდან მისთვის მისაყიდი ფასი იყო 1518 აშშ დოლარის ეკვივალენტი _ 1973 ლარი და აღნიშნულ თანხაში არ შედიოდა მიწის გადასახადი, თუმცა 2001წ. 28 მაისს სადავო ობიექტი ფარულად იყიდებოდა 1603 ლარად, რაც იმდროინდელი კურსით შეადგენდა 776 აშშ დოლარს და აღნიშნულ თანხაში შედიოდა მიწის ღირებულებაც _ 520 ლარი.
კასატორმა ასევე აღნიშნა, რომ ჩატარებული ორი კონკურსიდან 2001წ. 28 მაისს ჩატარებული კონკურსი იყო უკანონო, ვინაიდან 1998წ. 28 იანვრის კონკურსის შედეგები გაუქმდა სახელმწიფო ქონების მარტვილის განყოფილების, ე.ი. არაუფლებამოსილი პირის მიერ, ვინაიდან “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პრივატიზების ბათილად ცნობის საკითხს წყვეტს სასამართლო. ამდენად, ე. წ-ას ამხანაგობას საპრივატიზაციო ობიექტი მიეყიდა მითითებული კანონის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევით.
კასატორმა უსაფუძვლოდ მიიჩნია სასამართლოს მსჯელობა 2001წ. 18 მაისს ჩატარებული კონკურსის შედეგების გაუქმების მოთხოვნის ხანდაზმულობაზე, ვინაიდან სკ-ის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად კი ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ბ. ე-ას ამხანაგობამ კი, მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, ვერ შეიტყო აღნიშნული გარემოება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორმა ითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, კერძოდ, სახელმწიფო ქონების მართვის მარტვილის განყოფილების 2001წ. 28 მაისის დადგენილების, მარტვილის რაიონის გამგეობის 2001წ. 11 აპრილის ¹2 განკარგულებისა და 2001წ. 28 მაისს დამტკიცებული კონკურსის შედეგების გაუქმება.
მოგვიანებით, კასატორმა დაზუსტებული საკასაციო საჩივარი შეიტანა საქართველოს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც დააზუსტა მოთხოვნები და ითხოვა მარტვილის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებისა და საიჯარო ამხანაგობის მიმართ საკონკურსო კომისიის 1998წ. 27 იანვრის ¹1 სხდომის ოქმის იურიდიული ძალის აღდგენა, საკონკურსო კომისიის 2001წ. 28 მაისის ¹1 ოქმისა და მარტვილის რაიონის სახელმწიფო ქონების მართვის განყოფილებასა და საიჯარო ამხანაგობას შორის 2001წ. 10 ივნისს დადებული იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გაუქმება.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლო ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა საკასაციო საჩივრისა და გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლები, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მისთვის სავალდებულოა ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები, რადგანაც კასატორს არ წარმოუდგენია დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია, კერძოდ, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
1998წ. 27 იანვარს ჩატარებულ კონკურსში გაიმარჯვა ამხანაგობამ (თავმჯდომარე ბ. ე-ა).
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილების 1998წ. 3 თებერვლის ¹11 ბრძანებით დამტკიცდა საკონკურსო კომისიის 1998წ. 27 იანვრის ¹1 ოქმი სადავო არასაცხოვრებელი ფართის იჯარის უფლებით გამოსყიდვის თაობაზე, თუმცა კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან კანონით გათვალისწინებული 15 დღის განმავლობაში მეიჯარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილებასა და მოიჯარე ამხანაგობას (თავმჯდომარე ბ. ე-ა) შორის იჯარის ხელშეკრულება არ გაფორმებულა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არსებობს ბ. ე-ას 2002წ. 27 მაისის წერილობითი განმარტება იმის თაობაზე, რომ კონკურსში გამარჯვების შემდეგ სადავო ფართზე იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების გასაფორმებლად ამხანაგობა არ მისულა სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილებაში. რაც შეეხება საკონკურსო კომისიის 1998წ. 27 იანვრის ¹1 ოქმს, იგი მიღებული ჰქონდა ამხანაგობას.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ამხანაგობამ (ბ. ე-ა) არ გამოხატა ნება სადავო ფართზე იჯარა-გამოსყიდვის ხელშეკრულების დადების შესახებ.
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილების 1998წ. 17 ივლისის ¹18 ბრძანებით გაუქმდა 1998წ. 27 იანვარს ჩატარებული კონკურსის შედეგები. აღნიშნული ბრძანება მოსარჩელეს არ გაუსაჩივრებია.
ამ ბრძანების გამოცემის შემდეგ, 2001წ. 27 აპრილს, გაზეთ “.......-ში”, კანონით დადგენილი წესის სრული დაცვით, კერძოდ, “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ" საქართველოს კანონის მე-9 მუხლისა და “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მე-3 მუხლის შესაბამისად, გამოქვეყნდა აღნიშნული სადავო ფართის იჯარა-გამოსყიდვის წესით პრივატიზაციის თაობაზე კონკურსის პირობები.
კონკურსში მონაწილეობის მიღებაზე სურვილი გამოთქვა მხოლოდ ერთმა მონაწილემ _ ამხანაგობამ (თავმჯდომარე ე. წ-ა). 2001წ. 28 მაისს ჩატარდა კონკურსი, რის შემდეგაც იმავე დღის ¹9 ბრძანებით დამტკიცდა კონკურსის შედეგები, კერძოდ, სადავო არასაცხოვრებელი ფართი იჯარა-გამოსყიდვის უფლებით გადაეცა ზემოაღნიშნულ ამხანაგობას (თავმჯდომარე ე. წ-ა). კონკურსის შედეგების დამტკიცებიდან 15 დღეში _ 2001წ. 10 ივნისს მეიჯარე სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს მარტვილის რაიონის განყოფილებასა და მოიჯარე ამხანაგობას (თავმჯდომარე ე. წ-ა) შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულება.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოტივაციას, რომ სადავო არასაცხოვრებელი ფართის პრივატიზება მოხდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონისა და “სახელმწიფო ქონების იჯარა-გამოსყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ" დებულების მოთხოვნათა შესაბამისად და კასატორის მოთხოვნები სამართლებრივ საფუძველსაა მოკლებული.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ. ჩ-ას საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 2 თებერვლის განჩინება;
3. დ. ჩ-ას დაეკისროს სახელმწიფო ბაჟი 30 ლარი;
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.