Facebook Twitter
ბს-717-621-კ-04 23 დეკემბერი, 2004 წ.,
ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა:ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი,
მ. ვაჩაძე
დავის საგანი: თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ ¹11, 50. 453 და 13.11.97წ. ¹22.22 1933 დადგენილების ბათილად ცნობა, ი. ჩ-ის მფლობელობიდან ¹9 ნაკვეთის ამორიცხვა, ნაკვეთის მესაკუთრედ ი. გ-ის ცნობა.

აღწერილობითი ნაწილი:
ი. გ-ემ სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის საოლქო სასამართლოს მოპასუხე ი. ჩ-ის და მესამე პირის _ ქ. თბილისის მერიის მიმართ და მოითხოვა ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. და 13.11.97წ. დადგენილებების გაუქმება, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღდგენა. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ მისმა პაპამ ნ. მ-მა საქალაქო საბჭოს აღმასკომის დადგენილებით უვადო სარგებლობაში მიიღო მიწის ნაკვეთი. აღნიშნულ 600 კვ.მ მიწის ნაკვეთს ის 1950 წლიდან გარდაცვალებამდე _ 1994 წლამდე ფლობდა. მებაღეობის ამხანაგობის საერთო კრების 23.05.93წ. გადაწყვეტილებით ნ. მ-ი გაურიცხავთ ამხანაგობიდან ისე, რომ ნ. მ-ისათვის აღნიშნულის შესახებ არ იყო ცნობილი. მუნიციპალიტქეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 და 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილებებით მიწის ნაკვეთი დაუმაგრდა ი. ჩ-ს. მოსარჩელემ აღიშნა, რომ არის ნ. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრე და ამდენად ნაკვეთი უნდა ჩამოერთვას ი. ჩ-ს და გადაეცეს მას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 29.05.2000წ. განჩინებით საქმე ი. გ-ის სარჩელისა გამო განსახილველად გადაეცა კრწანისი-მთაწმინდის რაიონულ სასამართლოს, რომლის 26.06.2000წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. გ-ის განცხადება სადავო მიწის ნაკვეთზე ყადაღის დადების შესახებ. ამავე სასამართლოს 17.01.01წ. საოქმო განჩინებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის შუამდგომლობა და ქ. თბილისის მერია თანამოპასუხედ ჩაერთო საქმეში, ამავე სხდომაზე სსკ-ის 83.2 მუხლის საფუძველზე გაზრდილ იქნა დავის საგანი, კერძოდ, მოსარჩელემ დამატებით მოითხოვა მისი ამხანაგობის წევრად ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 08.02.02წ. განჩინებით ი. გ-ის სარჩელზე საქმის წარმოება შეწყდა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების არსებობის გამო, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანთან დაკავშირებით. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 19.04.02წ. განჩინებით დაკმაყოფილდა ი. გ-ის კერძო საჩივარი, გაუქმდა კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრათლოს 08.02.02წ. განჩინება, საქმე განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს.
16.07.02წ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის დაზუსტების შედეგად მოითხოვა სადავო ადმინისტრაციულ აქტებში ცვლილებების შეტანა ახალი ადმინისტრაციული აქტის გამოცემის გზით, სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობა.
კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამრათლოს 21.10.02წ. გადაწყვეტილებით ი. გ-ის სარჩელი არ დაკმყაოფილდა. გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება, სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილება. თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.04.04წ. განჩინებით სააპელაიცო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა გასაჩივრებული გადაწყვეტილება. სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ნ. მ-ს არ გაუსაჩივრებია ამხანაგობა “შრომის” წევრთა 23.05.93წ საოქმო და მებაღეთა რესპუბლიკური გაერთიანების 30.05.93წ გადაწყვეტილება. ნ. მოსკვჩოვს არც საქართველოს რესპუბლიკის ¹48 დადგენილებით და არც “საკუთრების უფლების შესახებ” 15.07.93წ კანონით არ წარმოშობია საკუთრების უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე. “მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების” მე-15 პუნქტის საფუძველზე სასამართლომ მიიჩნია, რომ ნ. მ-ი რომც არ ყოფილიყო გარიცხული მებაღეობის ამხანაგობიდან, ი. გ-ე, როგორც ნ. მ-ის მემკვიდრე, მაინც ვერ ისარგებლებდა ამხანაგობაში გაწევრიანების უპირატესი უფლებით. სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 და 13.11.97წ. ¹22.22.1233 დადგენილებები ი. გ-ეს ზიანს არ აყენებს, მოთხოვნა მათი ბათილად ცნობის შესახებ არის ხანდაზმული და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.04.04წ. განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა ი. გ-ის მიერ. კასატორი აღნიშნავს, რომ საბურთალოს რაიონის გამგეობაში ამხანაგობა რეგისტრირებული არ არის, ამხანაგობას არ გააჩნია რაიმე კავშირი ქალაქის მერიასთან. მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 დადგენილება საერთოდ არ პასუხობს, ხოლო 13.11.97წ ¹22.22.1233 გადაწყვეტილება ნაწილობრივ პასუხობს სზაკ-ის 53-ე მუხლის მოთხოვნებს. სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა სზაკის 53-ე, მე-60-63-ე მუხლები. კასატორი უთითებს, რომ ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 28.01.2000წ გადაწყვეტილებით ი. გ-ეს გაუგრძელდა 23.12.94წ. გარდაცვლილი ბაბუის _ ნ. მ-ის სამკვიდროს მიღების ვადა და გაშვებული ვადა ჩაეთვალა საპატიოდ. მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო აქტების შესახებ კასატორისათვის ცნობილი გახდა 18.11.99წ., როდესაც მესამე პირად დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე საქმეში ჩაერთო ი. მ-ის (ნ. მ-ის ვაჟის) სარჩელთან დაკავშირებით, რომელიც ითხოვდა მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. და 13.11.97წ. დადგენილებებში ნაწილობრივი ცვლილებების შეტანას, ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობას. კასატორი თვლის, რომ საქმე 1997წ. სკ-ის 1507-ე და 128-146-ე მუხლების გათვალისწინებით უნდა გადაწყვეტილიყო.
კასატორი ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ნ. მ-ი ამხანაგობის კრებას არ ესწრებოდა, მისთვის უცნობი იყო კრების შედეგი, 23.04.93წ. განცხადებით ის ითხოვდა ნაკვეთის შვილიშვილზე გადაფორმებას. კასატორი თვლის, რომ ნაკვეთის ჩამორთმევა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 22.09.76წ გადაწყვეტილებით არ მომხდარა, ვინაიდან ის გარემოებები, რომელთა საფუძველზეც იყო გამოცემული 23.09.76წ გადაწყვეტილება, ნ. მ-ის მიმართებაში არ არსებობდა, კერძოდ, მას არ გამოუყენებია ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. სზაკ-ის 62.2 მუხლის თანახმად ადმინისტრაციული აქტის ძალადაკარგულად გამოცხადება არ იწვევს ამ აქტის სხვა ნაწილების ძალადაკარგულად გამოცხადებას, ამდენად 20.04.50წ აქტი, რომლითაც ნ. მ-ს ნაკვეთი გამოეყო უვადო სარგებლობაში, არ გაუქმებულა. საქართველოს რესპუბლიკის მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ ¹48 დადგენილების მე-5 პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებზე კანონით დადგენილი ნორმის ფარგლებში რიცხული საკარმიდამო საბაღე და სააგარაკო მიწები უსასყიდლოდ გადადის მათ კერძო საკუთრებაში.
ი. ჩ-ს და ქ. თბილისის მერიას შორის 17.07.98წ დადებული საიჯარო ხელშეკრულება კასატორის მიერ არ გასაჩივრდა, ვინაიდან მისთვის მიუწვდომელი იყო ის პირველადი საბუთები, რომლის საფუძველზეც დაიდო ხელშეკრულება. სასამართლოს სასკ-ის 26-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე საკუთარი ინიციატივით უნდა მიეღო გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის მოსაპოვებლად და ემსჯელა იჯარის ხელშეკრულების კანონიერებაზე. მუნიციპალიტეტის კაბინეტის სადავო აქტების ბათილად ცნობა გამოიწვევს იჯარის ხელშეკრულების ბათილად ცნობას. 03.04.93წ ნ. მ-მა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება ნოტარიული წესით უანდერძა ი. გ-ეს. ნ. მ-ი გარდაცვალებამდე იყო ¹9 ნაკვეთის მფლობელი, ანუ მესაკუთრე (სკ-ის 158.1 მუხ). გარდაცვალებამდე მასზე გავრცელდა მიწის რეფორმის მომწესრიგებელი ყველა აქტი, რის შედეგადაც მან მოიპოვა უფლება ნაკვეთზე. სკ-ის 157-ე მუხლის თანახმად, მფლობელობა მემკვიდრეებზე გადადის იმავე სახით, რა სახითაც არსებობდა იგი მამკვიდრებელთან. აღნიშნული იძლევა, კასატორის აზრით, მისი ¹9 ნაკვეთის მესაკუთრედ ცნობის საფუძველს, რაც არ მიაყენებს მატერიალურ ზიანს ი. ჩ-ს, ვინაიდან მშენებლობა ნაკვეთზე არ განხორციელებულა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას, საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორმა მხარი დაუჭირა საკასაციო საჩივარს და ითხოვა მისი დაკმაყოფილება. ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა საკასაციო საჩივარი არ ცნო და ითხოვა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო. ი. ჩ-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მოთხოვნა არსებითად უსაფუძვლოა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრა-ციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.03.2000წ. განჩინებით უცვლელად იქნა დატოვებული საოლქო სასამართლოს კოლეგიის 18.11.99წ გადაწყვეტილება, რომლითაც ი. გ-ის ბიძას ი. მ-ს უარი ეთქვა ამჟამად ი. გ-ის მიერ სადავოდ გამხდარი მიწის ნაკვეთის მიკუთვნებისა და მთელი რიგი სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობაზე, ამ პროცესში მონაწილეობას ღებულობდა ი. გ-ეც. სასკ-ის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის, აგრეთვე, 186.1 მუხლის “ბ” ქვეპუნქტის, 272-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის საფუძველზე, არსებობდა სარჩელის წარმოებაში მიღების ან შეწყვეტის საფუძველი. საბოლოოდ ი. ჩ-ის წარმომადგენელმა მოითხოვა ი. გ-ის საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების და საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმყაოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ ¹1984 გადაწყვეტილებით საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს 26.03.49წ დადგენილების შესაბამისად, მუშა-მოსამსახურეთა კოლექტიური და ინდივიდუალური მებოსტნეობისა და მებაღეობის განვითარების მიზნით, საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებას უვადო სარგებლობაში გადაეცა 3 ჰა მიწის ნაკვეთი. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ. გადაწყვეტილების საფუძველზე, 20.04.50წ. აქტით, აღმასკომის მუშაკს ნ. მ-ს, ინდივიდუალური მებაღეობის მოსაწყობად უვადო სარგებლობაში გადაეცა 600 კვ.მ ¹9 მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისში, ...ის რაიონში, საბურთალოს ტერიტორიაზე.
“ქ. თბილისში ორჯონიკიძის რაიონში საირმის მთაზე საცხოვრებელი სახლებისა და ბაღების თვითნებური მშენებლობის შესახებ” საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ., ¹21.14.647 გადაწყვეტილებით ძალადაკარგულად ჩაითვალა საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ ¹1984 გადაწყვეტილების I პუნქტის “ა”, “ბ”, “ვ” ქვეპუნქტები. 1977 წლიდან 1980 წლამდე ამხანაგობა “შ.” არ ფუნქციონირებდა.
თბილისის საშენმასალათა კომბინატის კუმისის მებაღეობის თავმჯდომარის 20.06.95წ. ¹27 წერილით ირკვევა, რომ 1975 წლიდან თბილისის საშენ მასალათა კომბინატის კუმისის მებაღეობაში ნ. მ-ის მეუღლეს, ლ. მ-ას გამოყოფილი ჰქონდა ¹69 მიწის ნაკვეთი. 1990 წლიდან ¹71 მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ი. გ-ეს.
1980 წელს კომუნალური მეურნეობისა და ქალაქის საბჭოს აღმასკომის მუშაკები გაერთიანდნენ მებაღეობის ამხანაგობა “შ-ში”. მებაღეთა რესპუბლიკური გაერთიანების სათათბიროს 26.11.92წ დადგენილებით დაკმაყოფიდა მებაღეობა-მევენახეობის ამხანგობა “შ-ის” წევრთა თხოვნა მებაღეთა რესპუბლიკურ გაერთიანებაში გაწევრიანების შესახებ, მებაღეობა-მევენახეობის ამხანაგობა “შ-ს” მიეცა უფლება, მებაღეთა რესპუბლიკურ გაერთიანებასთან მჭიდრო თანამშრომლობით დამოუკიდებლად განეხორციელებინა ორგანიზაციული, სამეურნეო, საფინანსო საქმიანობა. ამხანაგობის საერთო კრების 23.05.93წ. ¹16 ოქმის თანახმად, ნ მ-ი გაირიცხა ამხანაგობიდან. მებაღეთა რესპუბლიკურმა გაერთიანებამ 30.05.93წ. გადაწყვეტილებით დაამტკიცა თბილისში, საირმის მთაზე მებაღეობა “შ-ის” წევრთა კრების 23.05.93წ ოქმი. თბილისის ყოფილი ქალაქის საბჭოსა და საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების მუშაკთა ამხანაგობა “შ-ის” წევრთა საერთო კრების 19.09.93წ. გადაწყვეტილებით სადავო ნაკვეთი დაუმთავრდა ი. ჩ-ს. 03.04.93წ ნ. მ-მა მთელი თავისი უძრავ-მოძრავი ქონება, სანოტარო წესით დამოწმებული ანდერძით, უანდერძა ი. გ-ეს. 23.12.94წ გარდაიცვალა ნ. მ-ი. 18.11.94წ მებაღეობა “შ-ის” წევრებმა განცხადებით მიმართეს ქ. თბილისის მერიას ინდივიდუალური მებაღეობის სტატუსის ინდივიდუალური ბინათმშენებლობის სტატუსით შეცვლის შესახებ. მიწათსარგებლობის კომისიის 18.01.95წ სხდომის ოქმის საფუძველზე დაკმაყოფილდა მებაღეობა “შ-ის” წევრთა თხოვნა. ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ ¹11.50. 453 დადგენილებით მებაღეობა “შ-ის” წევრებს დაუმაგრდათ კანონიერად დაკავებული ტერიტორია ინდივიდუალური ბინათმშენებლობი-სათვის არსებული ნორმის ფარგლებში თანდართული სიის მიხედვით, სიის 36-ე ნომრად მიეთითა ი. ჩ-ზე. მუნიციპალიტეტის კაბინეტის 19.11.97წ ¹22. 1233 დადგენილებით ცვლილებები იქნა შეტანილი მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ ¹11.50. 453 დადგენილებაში. 17.07.98წ ქ. თბილისის მერიასა და ი. ჩ-ს შორის დაიდო იჯარის ხელშეკრულება სადავო მიწის ნაკვეთზე.
საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ ნ. მ-ს არ ჩამორთმევია სადავო ნაკვეთი საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ გადაწყვეტილებით, ვინაიდან მას არ გამოუყენებია მიწის ნაკვეთი საცხოვრებელი სახლის ასაშენებლად. “ქ. თბილისში, ორჯონიკიძის რაიონში, საირმის მთაზე საცხოვრებელი სახლებისა და ბაღების თვითნებური მშენებლობის შესახებ” საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ ¹21.14.647 გადაწყვეტილების I-ლი პუნქტის თანახმად, ძალადაკარგულად ჩაითვალა “ქ. თბილისის წარმოება-დაწესებულებებისათვის ინდივიდუალური და კოლექტიური მებაღეობისათვის მიწის ნაკვეთების გამოყოფის შესახებ” თბილისის საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ ¹1984 გადაწყვეტილების I პუნქტის “ა”, “ბ”, “ვ” ქვეპუნქტები. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 07.04.50წ ¹1984 გადაწყვეტილების I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტი ითვალისწინებდა მებაღეობისათვის უვადო სარგებლობაში 3 ჰა მიწის ნაკვეთის გამოყოფას საქალაქო საბჭოს აღმასკომის საერთო განყოფილებისათვის, სახელდობრ ამ დებულების საფუძველზე საქალაქო საბჭოს აღმასკომის მუშაკს _ ნ. მ-ს გამოეყო ¹9 მიწის ნაკვეთი (600 კვ.მ). ამდენად, საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ გადაწყვეტილებით 07.04.50წ გადაწყვეტილების I პუნქტის “ბ” ქვეპუნქტის ძალადაკარგულად გამოცხადება სამართლებრივად იწვევდა მიწის ნაკვეთებით სარგებლობის უფლების გაუქმებას საქალაქო საბჭოს აღმასკომის ყველა იმ მუშაკისათვის, რომლებსაც მიწის ნაკვეთები გადაეცათ ამ დებულების საფუძველზე. ამასთანავე, კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ გადაწყვეტილებაში მითითებულ გარემოებებს ადგილი არ ჰქონია ნ. მ-თან მიმართებაში არ დასტურდება საქმის მასალებით, კერძოდ 23.09.76წ გადაწყვეტილების შესრულების მიმდინარეობასთან დაკავშირებით ქ. თბილისის ორჯონიკიძის სახელობის რაიონის აღმასკომის 02.03.77წ ¹324 გადაწყვეტილების თანახმად ნ. მ-ის მიერ უნებართვოდ აშენებული სახლი დანგრეულ იქნა.
საქართველოს მინისტრთა საბჭოს და საქართველოს პროფკავშირთა რესპუბლიკური საბჭოს 14.11.86წ. ¹709 დადგენილებით დამტკიცებული მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების მე-15 მუხლი გამორიცხავდა მოქალაქის მებაღეობის ამხანაგობის წევრობას უკეთუ მას ან მასთან ერთად მცხოვრებ და საერთო მეურნეობის მქონე ოჯახის წევრს სარგებლობაში ჰქონდათ ინდივიდუალური საბინაო მშენებლობისათვის გამოყოფილი საკარმიდამო მიწის ნაკვეთები, პირადი საკუთრების აგარაკები ან სარგებლობდნენ სახელმწიფო აგარაკებით, გამოყოფილი მიწის ნაკვეთებით, იყვნენ სააგარაკო-საამშენებლო კოოპერატივის წევრები ან სხვა მებაღეობის ამხანაგობის წევრები. თბილისის საშენმასალათა კომბინატის კუმისის მებაღეობის ამხანაგობის თავმჯდომარის 20.06.95წ. ¹27 წერილით, აგრეთვე 06.08.90წ ცნობით, ქ. თბილისის საბურთალოს რაიონის 02.08.95წ გადაწყვეტილებით ირკვევა, რომ ნ. მ-ის მეუღლეს ლ. მ-ას თბილისის საშენმასალათა კომბინატის მებაღეობაში 1975 წლიდან გამოყოფილი ჰქონდა ¹69 მიწის ნაკვეთი. 1990 წლიდან ¹71 მიწის ნაკვეთი ეკუთვნოდა ი. გ-ეს. საკასაციო პალატის სხდომაზე კასატორს სადავოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ნ. მ-ის მეუღლემ და მათთან ერთად მცხოვრებმა ქალიშვილებმა მიიღეს ორი მიწის ნაკვეთი კუმისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. ის გარემოება, რომ ნ. მ-ი მეუღლესთან ერთად 1975 წლიდან სარგებლობდა საბაღე ნაკვეთით კუმისის ტბაზე დადგენილია აგრეთვე საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.03.2000წ კანონიერ ძალაში მყოფი განჩინებით. სსკ-ის 106-ე მუხლის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, მტკიცებას არ საჭიროებენ ფაქტები, რომლებიც დადგენილია საქმეზე სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით, თუ სხვა საქმის განხილვისას იგივე მხარეები მონაწილეობენ. მებაღეობის ამხანაგობის ტიპობრივი წესდების 21-ე მუხლის თანახმად მებაღეობის ამხანაგობის წევრად დარჩენის შესაძლებლობის გამომრიცხავი გარემოების გამოვლენა, საწევრო შენატანების გადაუხდელობა იწვევდა მებაღეობის ამხანაგობის წევრის მებაღეობის ამხანაგობიდან გარიცხვას. მებაღეთა რესპუბლიკურ გაერთიანებასთან არსებული თბილისის საბჭოს აღმასკომისა და საყოფაცხოვრებო და კომუნალური მეურნეობის მუშაკთა საერთო კრების 23.05.93წ ¹16, 04.07.93წ ¹12 ოქმების მიხედვით ნ. მ-ი ამხანაგობის წევრობიდან გაირიცხა იმის გამო, რომ საშენმასალათა კომბინატის ამხანაგობაში სარგებლობდა სხვა ნაკვეთებით, აგრეთვე არ ჰქონდა გადახდილი რამოდენიეწ. საწევრო გადასახადი, ნ. მ-ი არ დასწრებია მებაღეობის ამხანაგობის არც ერთ კრებას, მებაღეობის საქმიანობაში არავითარი მონაწილეობა არ მიუღია. ამდენად, უსაფუძვლოა კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ი კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით გაირიცხა ამხანაგობიდან, მართებულია სააპელაციო სასამართლოს მითითება იმის შესახებ, რომ ნ. მ-ის მემკვიდრე ი. გ-ე ამხანაგობაში გაწევრიანების უპირატესი უფლებით ვერ ისარგებლებდა.
მიუხედავად იმისა, რომ სადავო ნაკვეთის მესაკუთრედ აღიარების მოთხოვნას საფუძვლად უდევს ნ. მ-ის ამხანაგობიდან გარიცხვა, ი. გ-ეს სადავოდ არ გაუხდია ამხანაგობა “შ-ის” წევრთა 23.05.93წ. გადაწყვეტილება, რომლითაც ნ. მ-ი გაირიცხა ამხანაგობიდან, მოსარჩელეს არ მოუთხოვია აგრეთვე მებაღეთა რესპუბლიკური გაერთიანების 30.05.93წ. გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, რომლითაც დამტკიცდა მებაღეობა “შ-ის” წევრთა კრების 23.05.93წ გადაწყვეტილება, ამხანაგობა “შ-ის” წევრთა საერთო კრების 19.09.93წ გადაწყვეტილება, რომლითაც დაკმაყოფილდა ი. ჩ-ის თხოვნა და გამოთავისუფლებული მიწის ნაკვეთი გამოეყო ი. ჩ-ს. მოსაჩრელეს სასარჩელო წესით სადავოდ არ გაუხდია აგრეთვე ქ. თბილისის მერიასა და ი. ჩ-ს შორის 17.07.98წ დადებული აჭარის ხელშეკრულება სადავო მიწის ნაკვეთზე, სსკ-ის 134-ე მუხლის საფუძველზე არ დაუსვია შუამდგომლობა სასამართლოს წინაშე მისი გამოთხოვის შესახებ. 1976-77წწ სამართლებრივი აქტები, რომლითაც საწარმოო-დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა დაკარგეს მიწათსარგებლობის უფლება, არ გასაჩივრებულა აგრეთვე ნ. მ-ის მიერ. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ ¹21.14.647 გადაწყვეტილების შემდეგ ნ. მ-ი წარმოადგენდა მიწის ნაკვეთის უკანონო მოსარგებლეს, ამ პერიოდიდან მოყოლებული მას მიწის ნაკვეთი კანონიერ სარგებლობაში არასოდეს არ ჰქონია. ხელახლა დაფუძნებულ ამხანაგობას არ გააჩნდა ნ. მ-ის ამხანაგობაში გაწევრიანების საფუძველი, მით უფრო, რომ ამხანაგობის ხელახალი დაფუძნებისათვის არსებობდა მებაღეობის ამხანაგობის წევრობის გამომრიცხავი გარემოება. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის კაბინეტის 08.06.95წ. ¹11.50.453 და 13.11.97წ ¹22.22.1233 დადგენილების გამოცემისას ნ. მ-ი არ იყო ამხანაგობის წევრი, ხსენებული დადგენილებებით დაკმაყოფილდა კოლექტიური მებაღეობა “შ-ის” წევრების თხოვნა მათ მიერ კანონიერად დაკავებული ტერიტორიის ინდივიდუალური ბინათმშენებლობისათვის დამაგრების შესახებ. ვინაიდან ნ. მ-ი არ შედიოდა ხელახლა დაფუძნებული ამხანაგობის წევრთა რიცხვში, უკანასკნელი მართებულად არ იქნა გათვალისწინებული ზემოაღნიშნული დადგენილებების დანართებში. ნ. მ-ს არ გააჩნდა რაიმე უფლება სადავო მიწის ნაკვეთზე, იგი არ შედიოდა სამკვიდრო მასაში, შესაბამისად საკასაციო პალატა თვლის, რომ საფუძველს მოკლებულია ნ. მ-ის ანდერძისმიერი მემკვიდრის მოთხოვნა ნაკვეთის მისთვის გადაცემის შესახებ. სადავო აქტები გამოცემულია სზაკ-ის ძალაში შესვლამდე, ამდენად ის გარემოება, რომ აქტები არ პასუხობს სზაკ-ის მოთხოვნებს არ ქმნის მათი ბათილად ცნობის საფუძველს.
სადავო ნაკვეთზე ი. გ-ის უფლებას არ ადასტურებს აგრეთვე მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ ¹42 დადგენილება, რომლითაც საკარმიდამო, საბაღე და სააგარაკო მიწები საკუთრებაში გადაეცათ ნაკვეთების მართლზომიერ მოსარგებლეებს. საქალაქო საბჭოს აღმასკომის 23.09.76წ. ¹21.14.647 გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ ნ. მ-ი წარმოადგენდა სადავო მიწის ნაკვეთის არამართლზომიერ მოსარგებლეს, მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ ¹48 დადგენილების მიღების პერიოდში ამხანაგობა არ ფუნქციონირებდა, სადავო ნაკვეთი არ ირიცხებოდა ნ. მ-ის სახელზე, ნ. მ-ი არ წარმოადგენდა ¹9 მიწის ნაკვეთის მართლზომიერ მფლობელს, არ არსებობდა ნაკვეთის მფლობელობის, აგრეთვე ხელახლა ჩამოყალიბებული მებაღეობის ამხანაგობაში ნ. მ-ის გაწევრიანების საფუძველი. ამდენად, მართებულია სააპელაციო პალატის მოსაზრება იმის შესახებ, რომ მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ ¹48 დადგენილება და “საკუთრების უფლების შესახებ” 15.07.93წ. კანონი არ წარმოშობდა ნ. მ-სა და მისი მემკვიდრისათვის სადავო მიწის ნაკვეთზე რაიმე უფლებას.
საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველს არ ქმნიდა აგრეთვე სკ-ის 158-ე მუხლის I ნაწილი, რომლის თანახმად ივარაუდება, რომ ნივთის მფლობელი არის მისი მესაკუთრე. მესაკუთრედ ყოფნის ეს პრეზუმფცია მოქმედებს მოძრავი ნივთის მფლობელის მიმართ, მფლობელში მესაკუთრის ვარაუდი დაუშვებელია უძრავი ნივთების მიმართ, რაც დასტურდება ამავე მუხლის მეორე ნაწილის შინაარსით. გარდა ამისა, კანონიერ ძალაში მყოფი საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატის 14.03.2000წ განჩინებით, რომლითაც უცვლელად დარჩა საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა კოლეგიის 18.11.99წ გადაწყვეტილება, დადგენილია, რომ ნ. მ-ი სადავო ნაკვეთს, არ ფლობდა 1976 წლიდან, აღნიშნულ ნაკვეთს, კანონიერი საფუძვლის გარეშე, 1977 წლიდან დაეპატრონა ი. გ-ის ბიძა ი. მ-ი. სსკ-ის 266-ე მუხლის თანახმად, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ მხარეებს, აგრეთვე მათ უფლებამონაცვლეებს არ შეუძლიათ ხელახლა განაცხადონ სასამართლოში იგივე სასარჩელო მოთხოვნები იმავე საფუძველზე, აგრეთვე სადავო გახადონ სხვა პროცესში გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტები და სამართლებრივი ურთიერთობანი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ არ არსებობს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, რაც სსკ-ის 410-ე მუხლის თანახმად საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს წარმოადგენს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სააქრთველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის I-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ი. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 01.04.04წ განჩინება;
2. გაუქმდეს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, მოიხსნას ქ. თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართ-ლოს 26.06.2000წ განჩინებით სადავო მიწის ნაკვეთზე დადებული ყადაღა;
3. კასატორ ი. გ-ეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 30 ლარის ოდენობით;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.