¹ბს-8-8-კ-04 8 აპრილი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ი. ლეგაშვილი
დავის საგანი: ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
1998 წ. 28 დეკემბერს მოსარჩელე ა. ჩ.-ის მიმართ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის, კერძოდ, 0,20 ჰა მიწის ნაკვეთის თვითნებურად უკანონოდ მითვისების ფაქტთან დაკავშირებით. 1999 წ. აპრილში ხარაგაულის რაიონის პროკურორ რ. ხ.-ის მიერ დამტკიცდა ა. ჩ.-ის მიმართ წაყენებული ბრალდება. ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 1999 წ. 3 ივნისის განაჩენით ა. ჩ.-ი ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით, რისი აღსრულებაც გადაუვადდა 2 წლით. ხარაგაულის რაიონის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი სააპელაციო-საკასაციო წესით არ გასაჩივრებულა, მაგრამ ა. ჩ.-მ მოითხოვა განაჩენის გადასინჯვა ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო. საქართველოს უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატის 2000 წ. 26 ივლისის დადგენილებით მსჯავრდებულ ა. ჩ.-ის საჩივარი დაკმაყოფილდა; გაუქმდა ხარაგაულის რაიონის სასამართლოს 1999 წ. 3 ივნისის განაჩენი და ა. ჩ.-ის მიმართ შეწყდა საქმე სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის საფუძველზე, რადგან 2000 წ. 1 ივნისიდან ამოქმედებული სისხლის სამართლის კოდექსით გაუქმდა ძველი კოდექსის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯადობა.
2003 წ. 12 მარტს ა. ჩ.-მ სარჩელი აღძრა ხარაგაულის რაიონის პროკურორ რ. ხ.-ის მიმართ და სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, მორალური შეურაცხყოფისათვის შემდეგი მოტივით მოითხოვა 5000 ლარის დაკისრება:
მოსარჩელის მითითებით, ხარაგაულის რაიონის პროკურორის, მოსარჩელე რ. ხ.-ის მიერ უკანონოდ წარდგენილმა ბრალდებამ მას და მის ოჯახს მიაყენა მორალური შეურაცხყოფა. კანონის არასწორმა ინტერპრეტაციამ გამოიწვია მისი და მ. ჩ.-ის ოჯახებს შორის დაპირისპირება, რასაც შედეგად მოჰყვა მოსარჩელის მეუღლის, თ. ჩ.-ის, გარდაცვალება.
მოპასუხემ ხარაგაულის რაიონის პროკურორმა რ. ხ.-მ სარჩელი არ ცნო უსაფუძვლობის მოტივით და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა. მოპასუხის განმარტებით, ა. ჩ.-ის მიმართ კანონის დარღვევას ადგილი არ ჰქონია, ბრალდება წარდგენილ იქნა კანონის შესაბამისად და ხარაგაულის რაიონის სასამართლოს განაჩენით იგი ცნობილ იქნა კიდეც დამნაშავედ, მაგრამ უზენაესი სასამართლოს საზედამხედველო პალატამ ა. ჩ.-ის მიმართ გამოტანილი განაჩენი გააუქმა და საქმის წარმოება შეწყვიტა სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დასჯადობის გაუქმების გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 9 ივნისის გადაწყვეტილებით ა. ჩ.-ის სარჩელი ხარაგაულის რაიონის პროკურორ რ. ხ.-ის მიმართ არ დაკმაყოფილდა. სასამართლომ სკ-ის 992-ე და 412-ე მუხლების საფუძველზე უსაფუძვლოდ და დაუსაბუთებლად მიიჩნია სარჩელი, რადგან მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული მოპასუხე რ. ხ.-ის მიერ არამართლზომიერი ქმედების ჩადენის ფაქტი და ამ ქმედებით მიყენებული ზიანი. რაიონულმა სასამართლომ ა. ჩ.-ის სარჩელი განიხილა სამოქალაქო სამართალწარმოების წესით.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება ა. ჩ.-ის მიერ გასაჩივრდა სააპელაციო წესით. ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 30 სექტემბრის განჩინებით ა. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება და საქმე სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად შემდეგი საფუძვლით დაუბრუნდა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს:
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სადავო სამართალურთიერთობა ეხება ფიზიკური პირის მიმართ რეაბილიტაციისა და სისხლის სამართალწარმოების ორგანოების უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სახელმწიფოს ვალდებულებას, რაც რეგულირდება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე, 228-ე მუხლებით. კონკრეტულ შემთხვევაში ა. ჩ.-მ ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს მიმართა პროკურორის უკანონო მოქმედების შედეგად მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ, რაც რაიონულ სასამართლოს, სააპელაციო პალატის აზრით, სისხლის სამართალწარმოების წესით უნდა განეხილა სსკ-ის 227-ე, 228-ე მუხლების საფუძველზე. მოცემული საქმის სამოქალაქო წესით განხილვის გამო, რაიონული სასამართლო არაკანონიერ შემადგენლობად უნდა იქნეს მიჩნეული, რაც გადაწყვეტილების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, თანახმად სსკ-ის 394-ე მუხლისა. სააპელაციო პალატამ განჩინებაში მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ხარაგაულის რაიონის პროკურორმა რ. ხ.-მ, რომელიც შემდეგი მოტივით არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს განჩინებას სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად საქმის დაბრუნების შესახებ და ითხოვს სამოქალაქო სამართალწარმოების წესით ხელახლა განხილვისათვის საქმის დაბრუნებას.
კასატორის აზრით, ა. ჩ.-მ, სსკ-ის მე-2-3 მუხლების შესაბამისად, აღძრა მის მიმართ სამოქალაქო სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების თაობაზე, რომელსაც საერთო არა აქვს ფიზიკური პირის მიმართ სახელმწიფო ვალდებულებასთან. მოსარჩელემ ამავე კოდექსის 79-ე მუხლის საფუძველზე სარჩელი აღძრა არა იურიდიული პირის, ხარაგაულის რაიონის პროკურატურის, არამედ ფიზიკური პირის, რ. ხ.-ის, მიმართ. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მორალური ზიანის ანაზღაურება მისგან, ფიზიკური პირი რ. ხ.-ისაგან, მოითხოვა და არა სახელმწიფოსაგან. მოსარჩელე ა. ჩ.-ს სასამართლოსაგან რეაბილიტაცია არ მოუთხოვია და არც უზენაეს სასამართლოს მიუჩნევია დადგენილად სისხლის სამართალწარმოების ორგანოთა უკანონო ან დაუსაბუთებელი მოქმედება. ამიტომ, კასატორის აზრით, ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ სწორად განიხილა ა. ჩ.-ის სამოქალაქო სარჩელი ფიზიკური პირის _ რ. ხ.-ის მიმართ სამოქალაქო სამართალწარმოების წესით და სააპელაციო პალატის მითითება, საქმის სისხლის სამართლის წარმოების წესით განხილვის შესახებ, უმართებულოა. სააპელაციო სასამართლოს განჩინების სარეზოლუციო ნაწილში მითითებულია, რომ განჩინება არ გასაჩივრდება, რაც კასატორს უკანონოდ მიაჩნია, რადგან სააპელაციო სასამართლოს განჩინების გასაჩივრება გათვალისწინებულია სსკ-ის ნორმებით და გასაჩივრების უფლება გააჩნია როგორც მას, ასევე მის მოწინააღმდეგე მხარეს.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ რ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 3 სექტემბრის განჩინება და საქმე სასარჩელო მოთხოვნის, სარჩელის სამართლებრივი საფუძვლებისა და მოპასუხე მხარის დასაზუსტებლად უნდა დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს შემდეგ გარემოებათა გამო:
1. სააპელაციო პალატამ გასაჩივრებული განჩინებით ნაწილობრივ დააკმაყოფილა ა. ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი, გააუქმა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2003 წ. 9 ივნისის გადაწყვეტილება და მოცემული საქმე სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად გადასცა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოს. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ განჩინება არ საჩივრდება. სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა რ. ხ.-ის მიერ და მიუხედავად განჩინების გასაჩივრების აკრძალვის შესახებ სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული მითითებისა, საკასაციო პალატამ 2004 წ. 30 იანვრის განჩინებით დასაშვებად ცნო საკასაციო საჩივარი, თანახმად სსკ-ის 391-ე მუხლის პირველი ნაწილისა. მითითებული ნორმის მიხედვით: “სააპელაციო სასამართლოს, აგრეთვე, საოლქო სასამართლოს კოლეგიის გადაწყვეტილებები მხარეებმა შეიძლება კანონით დადგენილ ვადებში გაასაჩივრონ საკასაციო სასამართლოში”. ამდენად, განჩინების გასაჩივრების თაობაზე სააპელაციო პალატის მითითება უკანონოა და საკასაციო საჩივარი დასაშვებია;
2. საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის მოსაზრებას სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების შესახებ, რადგან სააპელაციო პალატამ თავად მისცა სამართლებრივი შეფასება სასარჩელო მოთხოვნას, სასამართლომ თვითნებურად, მოსარჩელეებთან შეუთანხმებლად შეცვალა სარჩელის საფუძველი და მოპასუხე მხარე, მიიჩნია, რომ ა. ჩ.-ის სარჩელი სამართლებრივად წარმოადგენდა რეაბილიტაციაზე მოთხოვნას და საქმე სისხლის სამართლის წარმოების წესით განსახილველად დააბრუნა რაიონულ სასამართლოში, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება, ვინაიდან სასამართლომ უგულებელყო პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები.
ხელყოფილი უფლებების სასამართლო წესით დაცვის უფლება საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით აღიარებული ყველა მოქალაქის კონსტიტუციური უფლებაა, რომლის რეალიზაცია ხორციელდება მოქმედი სამოქალაქო-ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი ნორმების შესაბამისად, კერძოდ, სსკ-ის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში სარჩელის შეტანის გზით, ისინი თავად განსაზღვრავენ დავის საგანს და უთითებენ მოპასუხე მხარეს, ხოლო ამავე კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე და მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ თავიანთი მოთხოვნის სამართლებრივ და ფაქტობრივ საფუძვლებს.
კონკრეტულ შემთხვევაში ა. ჩ.-მ სარჩელი აღძრა რ. ხ.-ის მიმართ და სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, მორალური შეურაცხყოფისათვის მოითხოვა ზიანის ანაზღაურება 5000 ლარის ოდენობით. ამდენად, სარჩელის მიხედვით, მოსარჩელე ფიზიკურმა პირმა, სკ-ის მე-18 მუხლის საფუძველზე, ასევე ფიზიკური პირისაგან მოითხოვა მორალური ზიანის ანაზღაურება, რაც სსკ-ის მე-11 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განსახილველი დავაა.
სააპელაციო პალატამ სამართლებრივი შეფასება (კვალიფიკაცია) მისცა რა სადავო სამართალურთიერთობას და დავის საგანს, მიიჩნია, რომ დავის საგანს წარმოადგენს უკანონო მსჯავრდების გამო სახელმწიფოს ვალდებულება რეაბილიტაციაზე, სადაც მოპასუხეა სახელმწიფო, ხოლო მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლებია სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე, 228-ე მუხლები და განსახილველი დავა, სააპელაციო სასამართლოს აზრით, სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველ საქმეთა კატეგორიას განეკუთვნება. ამრიგად, სააპელაციო პალატამ დავის სამართლებრივი კვალიფიკაციისას თვითნებურად შეცვალა სასარჩელო მოთხოვნა, მოპასუხე მხარე და სარჩელის იურიდიული საფუძველი, რაც, საკასაციო პალატის აზრით, პროცესის დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების უხეშ იგნორირებას წარმოადგენს და დაუშვებელია.
ამიტომ საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ რ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, უნდა გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს განჩინება საქმის სისხლის სამართალწარმოების წესით განსახილველად რაიონულ სასამართლოში გადაგზავნის შესახებ და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, რომელმაც მოსარჩელესთან უნდა დააზუსტოს სასარჩელო მოთხოვნა (მორალური ზიანის ანაზღაურება თუ უკანონო მსჯავრდებისათვის რეაბილიტაცია), მოპასუხე მხარე (რ. ხ.-ე თუ სახელმწიფო, ფინანსთა სამინისტროს სახით) და მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი (სკ-ის მე-18 მუხლი თუ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 227-ე, 228-ე მუხლები) და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა გადაწყვიტოს ა. ჩ.-ის სარჩელის განსჯადობის საკითხი საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წ. 24 მარტის მითითებების გათვალისწინებით (საქმე ¹3გ/ად-329-კ-02).
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 412-ე მუხლებით, 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. რ. ხ.-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003 წ. 30 სექტემბრის განჩინება და საქმე ზემოაღნიშნული მითითებებით ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.