¹ ბს-913-773-კ-04 14 დეკემბერი, 2004 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ი. ლეგაშვილი (მომხსენებელი),
ნ. კლარჯეიშვილი
დავის საგანი: მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
მ. ნ-ემ სარჩელით მიმართა სასამართლოს მოპასუხეების _ გ. კ-ს და ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების მიმართ და მოითხოვა მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოსარჩელე მიუთითებდა, რომ 1968 წელს დაქორწინდა ზ. ნ-ეზე, ერთად ცხოვრების პერიოდში შეეძინათ სამი შვილი. 1980 წელს ოჯახმა მიიღო ოთხოთახიანი ბინა, მდებარე ქ. ქუთაისში, ... 1990წ. 21 დეკემბერს განქორწინდა. სასამართლოს 1991წ. 25 იანვრის გადაწყვეტილებით მითითებულ ბინაში სარგებლობის უფლებით გამოეყო საცხოვრებელი 9,0 კვ.მ. გადაწყვეტილების აღსრულება წლების მანძილზე გაჭიანურდა. 1995წ. 15 მაისს მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილების მიერ ბინას დაედო ყადაღა. 1997წ. 24 თებერვალს მან განცხადებით მიმართა ტექნიკური აღრიცხვის ბიუროს, რათა ბინაზე არ მოხსნილიყო ყადაღა და მის მეუღლეს ბინა არ გაესხვისებინა. აღნიშნული ვარაუდის საფუძველი მას გააჩნდა იმის გამო, რომ 1993წ. 11 ივნისს იგი თანხმობის გარეშე იქნა ამოწერილი ბინიდან და მოხდა ბინის პრივატიზაცია. მიუხედავად მისი თხოვნისა, მერიის საბინაო მეურნეობის სამსახურის უფროსის _ ქ-ის მიმართვის საფუძველზე ბინას მოეხსნა ყადაღა. 1998წ. 16 ივნისის სასამართლოს განჩინებით (მოსამართლე გ. კ-ა) ბინას დაედო ყადაღა, რომელიც გაუქმდა იმავე წლის 25 აგვისტოს ¹5/5 მიმართვით. მოსამართლე გ. კ-მ ბინაზე ყადაღის მოხსნით ხელი შეუწყო მის მეუღლეს ბინის გასხვისებაში, რის შედეგად იგი დარჩა უბინაოდ და განიცდიდა მძიმე მატერიალურ და მორალურ ზიანს. ითხოვდა გ. კ-სა და ქუთაისის მერიის საბინაო მეურნეობის მართვის განყოფილებისათვის სოლიდარულად მატერიაულრი და მორალური ზიანის ანაზღაურების მიზნით 100000 ლარის დაკისრებას, საიდანაც მატერიალური ზიანი შეადგენდა 2300 აშშ დოლარს.
სასამართლოს 2003წ. 17 ივლისის განჩინებით, მოსარჩელის შუამდგომლობით საქმეში მოპასუხედ ჩართულ იქნა ფინანსთა სამინისტრო, რის შემდეგაც მოსარჩელემ მოითხოვა სამივე მოპასუხისათვის სადავო თანხის სოლიდარულად დაკისრება. წყალტუბოს რაიონული სასამართლოს 2003წ. 27 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სარჩელი, რომელიც სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა ამ უკანასკნელმა.
სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის განჩინებით მოსამართლე გ. კ-ს მიმართ საქმის წარმოება შეწყდა სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე. აღნიშნული განჩინება მ. ნ-ეს კერძო საჩივრით არ გაუსაჩივრებია.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა მ. ნ-ის სარჩელი. სასამართლომ მიუთითა, რომ მოქმედი კანონმდებლობა მორალური ზიანის ფულადი ანაზღაურებით შესაძლებლობას ითვალისწინებდა მხოლოდ კანონით ზუსტად გათვალისწინებულ შემთხვევებში და უკავშირდებოდა პირად არაქონებრივ უფლებათა ხელყოფას. ვინაიდან მოსარჩელე არ ითხოვდა კანონში მითითებული არც ერთი საფუძვლით მორალური ზიანის ანაზღაურებას და ვერ ასაბუთებდა, რომ მის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა და ეს ზიანი გამოწვეული იყო მოპასუხეთა ბრალეული მოქმედებით, ამიტომ მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. მ. ნ-ე მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მისი განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ და გაუქმდა ამავე სასამართლოს გადაწყვეტილება მ. ნ-ის სარჩელის გამო ზ. ნ-ის მიმართ ბინის პრივატიზაციის ბათილად ცნობისა და ბინიდან წილის გამოყოფის შესახებ. განახლებული საქმის წარმოება შეწყდა მხარეთა მორიგებით, რომლის თანახმად, ზ., მ. და ნ. ნ-ეებს ლ. ე-ისათვის უნდა გადაეხადათ 2300 აშშ დოლარი, რის შემდეგაც დაიბრუნებდნენ ბინას. მ. ნ-ის განცხადების საფუძველზე აღნიშნული მორიგების ვადამ გადაიწია 2003წ. სექტემბრამდე. მატერიალური ზიანის ასანაზღაურებელი თანხა სწორედ მხარეთა შეთანხმების საფუძველზე ასანაზღაურებელ თანხას შეადგენდა, რომლის ანაზღაურებასაც ითხოვდა ფინანსთა სამინისტროსაგან და მიუთითა, რომ მხარეთა მორიგება მოხდა მათი ნების საფუძველზე და მორიგებით ნაკისრი თანხის გადახდის ვალდებულება არ შეიძლებოდა ჩათვლილიყო ვინმეს მხრიდან მიყენებულ ზიანად, ვინაიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება ზიანის მიმყენებელს. ასეთი ვალდებულება წარმოიშობა მაშინ, როდესაც არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძვლები. არსებობს ზიანის მიყენების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრივი კავირი. საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რომ მ. ნ-ეს ქუთაისის საბინაო სამსახურის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიადგა ზიანი.
სასამართლომ მიუთითა, რომ სკ-ის 1005-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფოს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება ეკისრება სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მიყენებული ზიანისათვის. საქმეზე მოპასუხედ დასახელებული ერთ-ერთი მოპასუხის _ ყოფილი მოსამართლე გ. კ-ს მიმართ საქმის წარმოება შეწყვეტილი იყო, ხოლო საბინაო მეურნეობის სამსახურის მხრიდან ზიანის მიყენების ფაქტი საქმის მასალებით არ დასტურდებოდა, რის გამოც სახელმწიფოს მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა უსაფუძვლო იყო. ასევე მიუთითა, რომ სარჩელი მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ წარდგენილი იყო სკ-ის 1008-ე მუხლით გათვალისწინებული სამწლიანი სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ, რადგან დადგენილი იყო, რომ მ. ნ-ისათვის 1998 წლიდან ცნობილი იყო ბინაზე ყადაღის მოხსნის და ბინის გასხვისების შესახებ, მან კი სარჩელი წარადგინა 2002წ. ივნისში.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო საჩივრით გაასაჩივრა მ. ნ-ის წარმომადგენელმა ლ. ქ-ემ, რომელიც ითხოვს სააპელაციო სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის განჩინების და 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებას და სარჩელის დაკმაყოფილებას.
კასატორს მიაჩნია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა კანონი. სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით’. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ითვალისწინებს ზიანის ანაზღაურებას ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების გამო. სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ უთხრა უარი ზიანის ანაზღაურებაზე, რადგან წარდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მოსარჩელემ ჯანმრთელობის დაზიანება განიცადა მის მიმართ განხორციელებული უკანონო ქმედებებით.
ასევე, უსაფუძვლო იყო სასამართლოს გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც უარი ეთქვა მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე იმ მოტივით, რომ საქმე შეწყდა მხარეთა მორიგების გამო, ვინაიდან ზიანი გამოწვეული იყო სწორედ მორიგების პირობების შეუსრულებლობით _ ზ. და ნ. ნ-ეებმა არ შეასრულეს მორიგების პირობა და მთლიანი თანხა მ. ნ-ემ უნდა გადაუხადოს ლ. ე-ს.
კასატორი არ ეთანხმება სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის განჩინებას ყოფილი მოსამართლე გ. კ-ს მიმართ მოთხოვნის ნაწილში საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და მიაჩნია, რომ სასამართლომ არასწორად განმარტა საქართველოს კონსტიტუციის 82-ე და 84-ე მუხლები და “სასამართლოს დამოუკიდებლობის ძირითადი პრინციპების შესახებ’’ გაეროს 1985წ. კონვენციის მე-16 მუხლი და უთითებს, რომ აღნიშნული ნორმებით უზრუნველყოფილია სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის პრინციპი და ისინი არ ათავისუფლებენ მოსამართლეს პასუხისმგებლობისაგან. იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოხსენებული ნორმები გაგებული იქნება იმდაგვარად, რომ მოსამართლე გათავისუფლებულია მატერიალური პასუხისმგებლობისაგან, მაშინ სწორედ სახელმწიფოს ეკისრება ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.
ასევე, არასწორად მიაჩნია სასამართლოს მსჯელობა მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით და უთითებს, რომ მ. ნ-ე რამდენიმე წ. განმავლობაში ცდილობდა, სასამართლო ორგანოების მეშვეობით აღედგინა თავისი კანონიერი უფლებები, მაგრამ საკითხი დღემდე არ არის გადაწყვეტილი, რის გამოც მიაჩნია, რომ სკ-ის 138-ე მუხლის შესაბამისად, გაშვებული არა აქვს ხანდაზმულობის ვადა.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობისა და საკასაციო საჩივრის მოტივების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ნ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინების გაუქმების ნაწილში განუხილველად უნდა დარჩეს, ხოლო 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინებით მ. ნ-ის სარჩელი ყოფილი მოსამართლე გ. კ-ს მიმართ მორალური და მატერიალური ანაზღაურების დაკისრების ნაწილში საქმის წარმოებით შეწყდა, სსკ-ის 272-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის საფუძველზე, როგორც სასამართლოს არაგანსჯადი საქმე. განჩინებაში მიუთითა გასაჩივრების წესი და ვადა. საქმის მასალებით დასტურდება, რომ აღნიშნული განჩინება ჩაჰბარდა მ. ნ-ეს, მიუხედავად ამისა, მას განჩინება კანონით დადგენილი წესით და ვადაში არ გაუსაჩივრებია და შევიდა კანონიერ ძალაში. აღნიშნულიდან გამომდინარე, მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2004წ. 14 აპრილის განჩინების გაუქმების ნაწილში დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული და დარჩეს განუხილველად, რაც შეეხება კასატორის მოთხოვნას ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილების გაუქმებისა და სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის მოტივით.
მ. ნ-ე მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად მისი თხოვნისა, მერიის საბინაო მეურნეობის სამსახურის უფროსის _ ქ-ის მიმართვის საფუძველზე სადავო ბინას მოეხსნა ყადაღა და ბინა გასხვისებულ იქნა მისი მეუღლის მიერ, რის შედეგად იგი დარჩა უბინაოდ და განიცადა მძიმე მატერიალური და მორალური ზიანი. საქმის მასალებით დადგენილია და მ. ნ-ე თავის სასარჩელო განცხადებაშიც მიუთითებს, რომ სადავო ბინაზე, მდებარე ქ. ქუთაისში, ..., ყადაღის დადება და მოხსნა განხორციელდა 1998წ. ივნის-აგვისტოში, რის შემდეგაც გასხვისდა სადავო ბინა. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ასევე დასტურდება, რომ სადავო ბინაზე ყადაღის მოხსნისა და გასხვისების თაობაზე ცნობილი იყო მ. ნ-ისათვის, მაგრამ მას კანონით დადგენილ ვადაში არ მოუთხოვია მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება. უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მოსაზრება სარჩელის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით სკ-ის 138-ე მუხლზე მითითებით, ვინაიდან განსახილველ საქმეზე დართული სამოქალაქო საქმეებით არ დასტურდება, რომ მ. ნ-ეს კანონიY დადგენილ 3 _ წლიან ვადაში სარჩელი წარედგინოს და მოეთხოვოს მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება. ის გარემოება, რომ იგი სადავოდ ხდიდა ბინის პრივატიზაციისა და ბინის გაცვლის ხელშეკრულების კანონიერებას, არ წარმოადგენს განსახილველი სარჩელის ხანდაზმულობის ვადის შეწყვეტის საფუძველს სკ-ის 138-ე მუხლის საფუძველზე, რადგან სარჩელი სხვადასხვა დავის საგანზე არის აღძრული. ამასთან, საკასაციო პალატა მთლიანად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას მ. ნ-ის სასარჩელო მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ სკ-ის 413-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევაში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე კოდექსის მე-18 მუხლი განსაზღვრავს მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, თუმცა კასატორი მითითებული მუხლის არც ერთი საფუძვლით არ ითხოვს მორალური ზიანის ანაზღაურებას.
უსაფუძვლობის გამო არ უნდა იქნეს გაზიარებული კასატორის მიერ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად სკ-ის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნაზე მითითება, ვინაიდან აღნიშნული ნორმის თანახმად, სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევაში, დაზარალებულს შეუძლია, მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისათვის. საქმის მასალებით არ დასტურდება, რომ მ. ნ-ის ჯანმრთელობას ზიანი მიადგა და ზიანის მიყენება გამოწვეული იყო მოპასუხეთა ბრალეული ქმედებით.
კასატორი მატერიალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2001წ. 8 ნოემბრის განჩინებით დაკმაყოფილდა მისი განცხადება, ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო, საქმის წარმოების განახლების შესახებ და გაუქმდა ამავე სასამართლოს 2000წ. 14 აპრილის გადაწყვეტილება მ. ნ-ის სარჩელის გამო ზ. ნ-ის მიმართ ბინის პრივატიზების ხელშეკრულების ბათილად ცნობისა და წილის გამოყოფის შესახებ. განსახილველი საქმის წარმოება შეწყდა სასამართლოს 2002წ. 28 იანვრის განჩინებით მხარეთა მორიგების გამო. მორიგების თანახმად, ზ., მ. და ნ. ნ-ეებმა იკისრეს ვალდებულება, გადაეხადათ ლ. ე-ისათვის 2300 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი დაუბრუნებდა მის კუთვნილ ერთოთახიან ბინას და ეს ბინა აღირიცხებოდა ნ-ეების საკუთრებად. კასატორი მიუთითებს, რომ ზ. და ნ. ნ-ეებმა არ შეასრულეს მორიგების პირობა, ხოლო მან მარტომ ვერ შეძლო თანხის (2300 აშშ დოლარი) მოგროვება და მიაჩნია, რომ აღნიშნული თანხა წარმოადგენს იმ მატერიალურ ზიანს, რომელიც უნდა გადაუხადოს ლ. ე-ს. საკასაციო პალატას მიაჩნია რომ კასატორის მიერ მითითებული საფუძველი არ წარმოადგენს სკ-ის 1005-ე მუხლის საფუძველზე სახელმწიფოსაგან (ფინანსთა სამინისტროსაგან) ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველს, რადგან მხარეთა მორიგება მოხდა ნების საფუძველზე და ამ მორიგებით ნაკისრი ვალდებულება არ შეიძლება ჩაითვალოს ვინმეს მხრიდან ზიანად. იმ შემთხვევაში, თუ რომელიმე მხარე არ ასრულებს სასამართლოს განჩინებით დამტკიცებული მორიგების პირობებს, იმ მხარეს, ვისაც ინტერესი გააჩნია მორიგების მიმართ, უფლება აქვს, იდავოს მორიგების იძულებით აღსრულების თაობაზე და არა მორიგების რომელიმე მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს სახელმწიფოსაგან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ხანდაზმულობისა და უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ის 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 14 აპრილის განჩინების გაუქმების ნაწილში დარჩეს განუხილველად;
2. მ. ნ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
3. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2004წ. 27 მაისის გადაწყვეტილება;
4. კასატორი გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადასახადისაგან;
5. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.