Facebook Twitter
ბს-518-513(კ-11) 19 ოქტომბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი


ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ
შემდეგი შემადგენლობით:


ნინო ქადაგიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
მოსამართლეები: ნუგზარ სხირტლაძე, ლევან მურუსიძე

სხდომის მდივანი _ნ. გოგატიშვილი

კასატორი (მოსარჩელე) _ს. პ-ი, წარმომადგენელი ნ. ო-ი

მოწინააღმდეგე მხარეები (მოპასუხეები) _ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური, წარმომადგენელი გიორგი კიკვიძე; ქ.თბილისის მერია, წარმომადგენელი ს. ბ-ე;

გასაჩივრებული განჩინება_ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება;

დავის საგანი _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა.

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

2010 წლის 2 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა ს. პ-მა მოპასუხეების ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურისა და ქ. თბილისის მერიის მიმართ.
მოსარჩელე სარჩელით ითხოვდა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის ¹00001180 დადგენლებისა და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹2148 განკარგულების ბათილად ცნობას.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით ს. პ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს მითითებით, ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის ¹00001180 მიწერილობით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში ს. პ-ის მიერ განხორციელებულ იქნა ერთ სართულიან სახლზე მეორე სართულის დაშენება თბილისის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე. მიწერილობის შედგენის დროისათვის მშენებლობა იყო დაუსრულებული. მიწერილობით ს. პ-ს დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 10 ოქტომბრის ¹00001180 შემოწმების აქტით დადგენილია, რომ 2009 წლის 08 სექტემბერს გაცემული მიწერილობით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დადგენის მიზნით შედგენილ იქნა შემოწმების აქტი მასზედ, რომ ს. პ-ის მიერ არ იქნა შესრულებული მიწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2009 წლის 16 ნოემბერს გამოტანილ იქნა ¹00001180 დადგენილება, რომლითაც ს. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით უნებართვო მშენებლობისათვის და 3000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-51 მუხლის «ბ» პუნქტითა და მე-58 მუხლის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, კერძოდ ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში ს. პ-ის მიერ განხორციელებულ იქნა ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მეორე სართულის დაშენება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის (შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა) გარეშე, ასევე არ იქნა შესრულებული მიწერილობით მითითებული მოთხოვნები.
ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹2148 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ს. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის ¹00001180 დადგენილება.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 03 იანვრით დათარიღებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დადგენილია, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში მიმდებარედ დაზუსტებული 179 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 330,21 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს. პ-ის სახელზე.
საქალაქო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ს. პ-ის მიერ ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში მიმდებარედ საცხოვრებელი სახლის მეორე სართულის რეკონსტრუქცია ნაწარმოები იქნა შეთანხმებული პროექტისა და მშენებლობის ნებართვის გარეშე. საქალაქო სასამართლოს მითითებით, მოსარჩელე და მისი წარმომადგენელი აცხადებენ, რომ სადავო შენობა ს. პ-ის მიერ აშენდა 1994 წელს და 2009 წელს განხორციელებულ იქნა მხოლოდ შენობა-ნაგებობის სახურავის და ფანჯრების შეცვლა, თუმცა მხარემ ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც შესაძლებელი იქნებოდა მითითებული გარემოების დადასტურება. აქედან გამომდინარე, სასამართლომ არ გაიზიარა მოწმეთა წერილობითი განცხადება და მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტზე.
სასამართლომ მიუთითა «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტზე, რომლის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოების ამოცანას შეადგენს : ა) მშენებლობაში მონაწილეთა მიერ მშენებარე შენობა-ნაგებობების საპროექტო, ნორმატიულ და სახელმძღვანელო დოკუმენტაციასთან შესაბამისობის კონტროლი და ბ) კანონმდებლობით დადგენილი ორგანიზაციულ-სამართლებრივი წესრიგის უზრუნველყოფა მშენებლობის დაწყებიდან მის დასრულებამდე. იმავე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოებს უფლება აქვთ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დარღვევის არსებობის შემთხვევაში, მშენებლობაში მონაწილეთათვის გასცენ მიწერილობა პროექტის სამშენებლო ნორმებისა და წესების და სხვა ნორმატიული დოკუმენტაციის მოთხოვნების დარღვევათა გამოსწორების შესახებ. მიწერილობა გაიცემა აგრეთვე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაში დადგენილი საორგანიზაციო წესების დარღვევისათვის. დამრღვევი მიწერილობის შეუსრულებლობის შემთხვევაში, დადგენილებით ჯარიმდება, როგორც მიწერილობის შეუსრულებლობისათვის ან არადროულად შესრულებისათვის, ასევე არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევისათვის, რომლის გამოსასწორებლადაც გაიცა მიწერილობა. იმავე კანონის მე-41 მუხლის თანახმად, არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის წარმოებისას არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო დამრღვევის მიმართ საქმის წარმოებას იწყებს მიწერილობის გაცემით. მიწერილობით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ამოწმებს დამრღვევს, რაზედაც დგება შემოწმების აქტი. შემოწმების აქტის საფუძველზე, თუ აქტში დაფიქსირებულია დარღვევა, არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო იღებს დადგენილებას დაჯარიმების შესახებ. დადგენილების მიღებამდე არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანო ვალდებულია დამრღვევს უწყებით აცნობოს არქიტექტურულ-სამშენებლო სამართალდარღვევის საქმის განხილვის ადგილი, თარიღი, დრო და საქმის განმხილველი თანამდებობის პირი. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის აღსრულება ხდება ამ კანონითა და «სააღსრულებო წარმოებათა შესახებ» საქართველოს კანონით დადგენილი წესით. არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს დადგენილება უნდა იყოს დასაბუთებული და ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტისათვის დადგენილ რეკვიზიტებთან ერთად უნდა შეიცავდეს მითითებას იმ ორგანოზე, რომელშიც შეიძლება ამ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრება, აღნიშნული ორგანოს მისამართსა და გასაჩივრების ვადას.
პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრებით, საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილების მე-3 მუხლის 50-ე პუნქტის თანახამად, რეკონსტრუქციად მიიჩნევა არსებული შენობა-ნაგებობის ან/და მისი ნაწილ(ებ)ის არსობრივად შეცვლა, მათი ფიზიკური, ხარისხობრივი და თვისობრივი განახლების მიზნით. იმავე დადგენილების 36-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშებლობის განხორციელების სამართლებრივი საფუძველია კანონმდებლობით, მათ შორის, ამ დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებში სათანადო წესით მიღებული მშენებლობის ნებართვა, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშენებლობის ნართვა გაიცემა: ა) ახალ მშენებლობაზე (მათ შორის მონტაჟზე); ბ) არსებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციაზე; გ) არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟზე; დ) სამშენებლო დოკუმენტის ისეთ ცვლილებაზე, რომელიც საჭიროებს ახალ ნებართვას.
საქალაქო სასამართლომ მიიჩნია, რომ გასაჩივრებული ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის ¹00001180 დადგენილება და ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹2148 განკარგულება გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და მოსარჩელე მხარის მიერ ვერ იქნა მითითებული ვერც ერთ სამართლებრივ ნორმაზე, ან კანონით დადგენილ პროცედურულ დარღვევაზე, რომელიც შესაძლოა საფუძველი გამხდარიყო გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობისათვის.
მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-მა.
აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებას.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინებითYს. პ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინსტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 31 მარტის გადაწყვეტილება.
აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს. პ-მა.
საკასაციო საჩივარში აღნიშნულია, რომ სასამართლომ არ გამოიყენა საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 ივლისის ¹135 დადგენილება «მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ», საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის ¹57 დადგენილებაში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გამოარკვია ადგილი ჰქონდა თუ არა სახურავის სამუშაოთა (სახურავის შეცვლის) შესრულებას და საჭიროებდა თუ არა იგი მოცემულ შემთხვევაში მშენებლობის ნებართვას, სასამართლომ არ შეაფასა აგრეთვე ტექ.აღრიცხვის მასალები სახლთმფლობელობის 1990 წლის მდგომარეობის შესახებ, საიდანაც დგინდება, რომ 1990-იან წლებში ...ის ქუჩა ¹9-ში ს. პ-ის სახლი იყო ორსართულიანი თავისი სარდაფით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებასა და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოსათვის დაბრუნებას, საკასაციო სასამართლოს სხდომაზე კასატორმა დააზუსტა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა ახალი გადაწყვეტილების მიღების გზით სარჩელის სრული მოცულობით დაკმაყოფილება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ს. პ-ის საკასაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, გაუქმდეს გასაჩივრებული განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს, შემდეგ გარემოებათა გამო:
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 08 სექტემბრის ¹00001180 მიწერილობით ირკვევა, რომ ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში ს. პ-ის მიერ განხორციელებულ იქნა ერთ სართულიან სახლზე მეორე სართულის დაშენება თბილისის არქიტექტურის სამსახურის ნებართვის გარეშე. მიწერილობის შედგენის დროისათვის მშენებლობა იყო დაუსრულებული. მიწერილობით ს. პ-ს დაევალა დარღვევის გამოსწორების მიზნით, ობიექტის პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა ან შესაბამისი სანებართვო დოკუმენტაციის წარდგენა 30 (ოცდაათი) დღის ვადაში.
ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 10 ოქტომბრის ¹00001180 შემოწმების აქტით დადგენილია, რომ 2009 წლის 08 სექტემბერს გაცემული მიწერილობით გათვალისწინებული პირობების შესრულების მდგომარეობის დადგენის მიზნით შედგენილ იქნა შემოწმების აქტი მასზედ, რომ ს. პ-ის მიერ არ იქნა შესრულებული მიწერილობით გათვალისწინებული მოთხოვნები.
ქ.თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მიერ 2009 წლის 16 ნოემბერს გამოტანილ იქნა ¹00001180 დადგენილება, რომლითაც ს. პ-ი დაჯარიმდა 10 000 ლარით უნებართვო მშენებლობისათვის და 3000 ლარით მიწერილობის შეუსრულებლობისათვის, «არქიტექტურულ-სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის შესახებ» საქართველოს კანონის მე-51 მუხლის «ბ» პუნქტითა და მე-58 მუხლის «ბ» პუნქტით გათვალისწინებული სამართალდარღვევისათვის, კერძოდ ქ. თბილისში, ...ის ქ.¹9-ში ს. პ-ის მიერ განხორციელებულ იქნა ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მეორე სართულის დაშენება შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის (შეთანხმებული პროექტი და მშენებლობის ნებართვა) გარეშე, ასევე არ იქნა შესრულებული მიწერილობით მითითებული მოთხოვნები.
ქ. თბილისის მერიის 2009 წლის 28 დეკემბრის ¹2148 განკარგულებით არ დაკმაყოფილდა ს. პ-ის ადმინისტრაციული საჩივარი და ძალაში დარჩა ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის 2009 წლის 16 ნოემბრის ¹00001180 დადგენილება.
საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საქმე გამოკვლეულია არასრულყოფილად, რაც არ იძლევა გასაჩივრებული განჩინების კანონიერების შემოწმებისა და საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და აღნიშნულთან დაკავშირებით მიუთითებს სააპელაციო და პირველ ინსტანციაში დაცულ მტკიცებულებებზე და თვლის, რომ მითითებული დოკუმენტები არ ქცეულა სასამართლოს მსჯელობის საგნად, რამდენადაც გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტებით ს. პ-ი 2009 წლის 16 ნოემბერს სახდელდადებულია ერთსართულიან საცხოვრებელ სახლზე მეორე სართულის დაშენების გამო საპროექტო დოკუმენტაციის გარეშე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის, მაშინ როდესაც იგი აწარმოებდა საცხოვრებელი სახლის სახურავის მოხსნასა და ფანჯრების შეცვლას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია.
მოცემული ნორმის მოთხოვნებიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო სააპელაციო სასამართლოს ყურადრებას მიაქცევს ტექაღრიცხვის ბიუროდან წარმოდგენილ დოკუმენტებზე. კერძოდ, საქმეში ს.ფ. 271-279 დაცულია საინვენტარიზაციო გეგმა-ნახაზები, მათ შორის 1990 წლების მდგომარეობით, რომლითაც დასტურდება მითითებულ შენობაზე მეორე სართულის არსებობა (ლიტ «ბ» შენობა-ნაგებობა). ს.ფ. 270-ზე წარმოდგენილი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2010 წლის 26 ოქტომბრის ¹273672 წერილი შეიცავს იგივე მითითებას, რომ თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის ტექნიკური აღრიცხვის არქივის მონაცემების შესაბამისად, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე სახლთმფლობელობა უკანონო მიშენება-დაშენების ჩათვლით 1990 წლის და შემდგომი პერიოდის მდგომარეობით შედგება: ლიტ. «ა» ერთ სართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობისაგან სარდაფით და ლიტ. «ბ» ორ სართულიანი საცხოვრებელი შენობა-ნაგებობისაგან.
საკასაციო სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს, ზემოაღნიშნულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლოს კვლევის საგნად იქცეს ის გარემოება, ს. პ-ი სახდელდადებულია მეორე სართულის მშენებლობისათვის, თუ უკვე არსებულ და 1990 წლის მდგომარეობით დაფიქსირებული შენობა-ნაგებობის რეკონსტრუქციისათვის, რაც არსებითად ცვლის საქმეზე მისაღები გადაწყვეტილების სამართლებრივ შედეგს.
სააპელაციო სასამართლომ შეფასება უნდა მისცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თბილისის სარეგისტრაციო სამსახურის 2008 წლის 3 იანვრით დათარიღებულ ამონაწერს საჯარო რეესტრიდან, რომლითაც ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მიმდებარედ დაზუსტებული 179 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართით 330,21 კვ.მ. საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს. პ-ის სახელზე.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2010 წლის 5 თებერვლის ¹19-515 დასკვნით საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით ქ. თბილისში, ...ის ქ. ¹9-ში მდებარე ს. პ-ის სახელზე რიცხული მიწის ნაკვეთის საერთო ფართი შეადგენს 179 კვ.მ. ხოლო მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის საერთო ფართი შეადგენს 330,21 კვ.მ. წარმოდგენილი შპს «...ის» მიერ 2007 წელს შესრულებული შენობის შიდა აზომვითი ნახაზის მიხედვით მისი ოთახებისა და სათავსოების საერთო ფართი შეადგენს 330,21 კვ.მ. რასაც ემთხვევა ექსპერტიზის მიერ ფაქტობრივად ჩატარებული აზომვითი სამუშაოების მონაცემები. აღნიშნული შენობა-ნაგებობისა და შპს «...ის» მიერ შესრულებული შიდა აზომვითი ნახაზის ურთიერთშედარების შედეგად ექსპერტიზამ დადგენილად მიიჩნია, რომ მისი შიდა ტიხრების ფაქტობრივი მდგომარეობა ოთახებისა და სათავსების შიდა ზომები და მათი ფართები შეესაბამება შპს «...ის» მიერ შესრულებულ შიდა აზომვით ნახაზე დატანილ მონაცემებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შენობის შიდა ოთახებისა და სათავსების გაბარიტული ზომები, ასევე კედლებისა და ტიხრების მდებარეობა არ არის შეცვლილი შპს «...ის» მიერ შესრულებული შიდა აზომვით ნახაზთან მიმართებაში.
იმ პირობებში, როდესაც შესაბამის ორგანოებში დაცული დოკუმენტაციით ცალსახად დასტურდება მე-2 სართულის არსებობის ფაქტი, საკასაციო სასამართლო ეჭქვეშ აყენებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას მე-2 სართულის დაშენების თაობაზე.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მე-8 მუხლის შესაბამისად, არავის არ შეიძლება შეეფარდოს ზემოქმედების ზომა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო, თუ არა კანონმდებლობით დადგენილ საფუძველზე და წესით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს აწარმოებენ კანონმდებლობის მკაცრი დაცვის საფუძველზე. საამისოდ უფლებამოსილი ორგანოები და თანამდებობის პირები ადმინისტრაციული ზემოქმედების ზომებს შეუფარდებენ თავიანთი კომპენტეციის ფარგლებში, კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით.
სამართალდარღვევათა კოდექსის ზოგადი პრინციპიდან გამომდინარე საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ პასუხისმგებლობის დადება უნდა მოხდეს კანონმდებლობის ზუსტი შესაბამისობით, დაუშვებელია პირს სახდელი დაედოს იმ გადაცდომისათვის, რომელიც მას არ ჩაუდენია.
სადავო აქტების კანონიერების შეფასების პროცესში სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის საგნად უნდა იქცეს ჩაიდინა თუ არა კასატორმა (მოსარჩელემ) ის კონკრეტული სამართალდარღვევა, რომელიც მას შეერაცხა.
ამასთან საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს ადმინისტრაციული ორგანოს წარმომადგენელთა განმარტებას მტკიცების ტვირთან მიმართებაში და აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტევს შემდეგს: უდავოა, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენა და მის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს სპეციფიკურ მმართველობით საქმიანობას. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილება არსებითად განსხვავდება სხვა მმართველობით სფეროში მიღებული გადაწყვეტილებისაგან მისი მიღებისა და გამოცემის პროცედურის თვალსაზრისით, რის გამოც საკასაციო სასამართლო ამ ტიპის აქტების კანონიერების შემოწმების პროცესში არ არის კატეგორიული და საჭიროდ არ მიიჩნევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის უპირობო დაცვას, რომლის თანახმადაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის თაობაზე მიღებული აქტების კანონიერებას შემოწმების პროცესში სასამართლო ვერ გამორიცხავს ადმინისტრაციული სამართალწარმოების ზოგადი პრონციპის_შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვის სავალდებულობას, რომლის შესაბამისადაც, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წარმოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას უზრუნველყოფს ასევე ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი პუნქტი.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, მტკიცების ტვირთის ამგვარი განაწილება სარჩელის წარდგენისას არცერთ შემთხვევაში არ გულისხმობს იმას, რომ ქ. თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური საერთოდ გათავისუფლებულია სარჩელის უარყოფის ვალდებულებისაგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით უარყოფის მოვალეობისაგან, რომლითაც ეჭქვეშ აყენებს მისი აქტის კანონიერებას.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ ყოველი კონკრეტული სამართალდარღვევის თაობაზე წარმოებულ დავაში ისევე როგორც წინამდებარე შემთხვევაში გადამწყვეტია გარკვეული ფაქტის დადგენა, რა დროსაც მოსარჩელესა და ადმინისტრაციულ ორგანოს შორის მტკიცების ტვირთი პროპორციულად უნდა გადანაწილდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი ყველა მტკიცებულების შეჯერების საფუძველზე უნდა დაადგინოს, ჰქონდა თუ არა ადგილი მოსარჩელის მხრიდან ერთ სართულიან სახლზე მეორე სართულის დაშენების ფაქტს, ვინაიდან კონკრეტული სამართალურთიერთობა აღმოცენებულია სწორედ აღნიშნული ფაქტის საფუძველზე და სადავო აქტი დამდგარ იურიდიულ შედეგს უკავშირებს წორედ ამ კონკრეტული ფაქტის არსებობას და არა სხვა რაიმე გარემოებას.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის თაობაზე.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმე საჭიროებს დამატებით შესწავლა-გამოკვლევას, რა მიზნითაც საქმეს განსახილველად უბრუნებს იმავე სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს. პ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2010 წლის 17 დეკემბრის განჩინება და საქმე განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.