საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ
ბს-1335-1320(კ-11) 14 ნოემბერი, 2011 წელი
ქ. თბილისი
ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ შემდეგი შემადგენლობით:
მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ლევან მურუსიძე, პაატა სილაგაძე
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის შესაბამისად, ზეპირი მოსმენის გარეშე, შეამოწმა თ. ჯ-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებაზე, მოწინააღმდეგე მხარის _ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის _ გონიო-აბსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმის დირექციის მიმართ.
2011 წლის 24 ივნისს თ. ჯ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს, მოპასუხეების – ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკუთრების უფლების აღიარების კომისიის, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსა და მესამე პირის _ გონიო-აბსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული მუზეუმის დირექციის მიმართ.
მოსარჩელის განმარტებით, 2008 წლის 20 მაისს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიამ თ. ჯ-ის საკუთრებად აღიარა ხელვაჩაურის რაიონის, სოფელ ...ში მდებარე 2228 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, ხოლო 2010 წლის 3 დეკემბერს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის მიერ ბათილად იქნა ცნობილი თ. ჯ-ზე 2008 წლის 20 მაისს გაცემული ¹8273 საკუთრების უფლების მოწმობა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკუთრების უფლების აღიარების კომისიის 2010 წლის 3 დეკემბრის ¹39 გადაწყვეტილების ბათილად ცნობა მოითხოვა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილებით თ. ჯ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-მ. აპელანტმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინებით თ. ჯ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 19 მაისის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ. ჯ-მ. კასატორმა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება მოითხოვა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით მიიჩნია, რომ თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნას, კერძოდ, საკასაციო საჩივარს არ ერთვოდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით თ. ჯ-ს დაევალა ხარვეზის შესახებ განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში შეევსო ხარვეზი, კერძოდ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოედგინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს შესაბამის ანგარიშზე სახელმწიფო ბაჟის დავის საგნის ღირებულების 5%-ს, მაგრამ არანაკლებ 300 ლარის გადახდის ქვითარი. კასატორს განემარტა, რომ ხარვეზის ვადაში შეუვსებლობის შემთხვევაში საკასაციო საჩივარი არ დაიშვებოდა და დარჩებოდა განუხილველი.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინების შემცველი გზავნილი თ. ჯ-ის მეუღლეს ნ. ჯ-ს და თ. ჯ-ის წარმომადგენელს შ. ჯ-ს 2011 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდათ.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების ვადა განისაზღვრება ზუსტი კალენდარული თარიღით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. იმავე კოდექსის 61-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი სასამართლოს მიერ მხარეთათვის სასამართლო უწყების, დოკუმენტების გადაცემისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე-78-ე მუხლები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს, თუ როდის ჩაითვლება უწყება ჩაბარებულად მხარეებისა და მათი წარმომადგენლებისათვის, კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, მხარეს ან მის წარმომადგენელს სასამართლო უწყებით ეცნობება სასამართლო სხდომის ან ცალკეული საპროცესო მოქმედების შესრულების დრო და ადგილი. უწყება მხარისათვის ან მისი წარმომადგენლისათვის ჩაბარებულად ჩაითვლება, თუ იგი ჩაბარდება ერთ-ერთ მათგანს ან ამ კოდექსის 74-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს. წარმომადგენელი ვალდებულია, უწყების ჩაბარების შესახებ აცნობოს მხარეს. ამასთანავე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, წარმომადგენლისათვის გაგზავნილი დოკუმენტი ჩაითვლება მხარისათვის გაგზავნილად, ხოლო მხარისათვის გაგზანილი – წარმომადგენლისათვის გაგზავნილად.
საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინების ასლი როგორც კასატორის მეუღლეს ნ. ჯ-ს, ისე კასატორის წარმომადგენელს შ. ჯ-ს 2011 წლის 5 ოქტომბერს ჩაბარდათ, სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის ათვლა 2011 წლის 6 ოქტომბრიდან უნდა დაწყებულიყო და შესაბამისად, საკასაციო სასამართლოს მიერ განსაზღვრული ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადა 2011 წლის 17 ოქტომბერს (ვინაიდან, 2011 წლის 15 ოქტომბერი იყო დასვენების დღე შაბათი) 24 საათზე იწურებოდა. კასატორმა მისთვის მიცემულ ვადაში არ შეავსო 2011 წლის 30 სექტემბრის განჩინებით დადგენილი ხარვეზი. ამასთან, მას არც ხსენებული ხარვეზის შევსებისათვის დადგენილი ვადის გაგრძელების თხოვნით მიუმართავს საკასაციო სასამართლოსათვის, რის გამოც, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული გარემოება საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების წინაპირობას წარმოადგენს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და 401-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი დატოვებულ უნდა იქნეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 401-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. განუხილველი დარჩეს თ. ჯ-ის საკასაციო საჩივარი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.