Facebook Twitter
გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა

¹ ბს-234-373-კ-03 27 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
ნ. ქადაგიძე,
გ. ქაჯაია

დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი:
მოსარჩელე ს. ხ-მა სარჩელით მიმართა ახალქალაქის რაიონულ სასამართლოს, რომელშიც იგი მიუთითებდა, რომ უკანონოდ იქნა გათავისუფლებული ს. მ-ის სკოლის .... თანამდებობიდან და მოითხოვა სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის, მატერიალური და მორალური ზიანის ანაზღაურება.
მოპასუხე ს. მ-ის სკოლის დირექტორმა არ სცნო სარჩელი იმაზე მითითებით, რომ ს. ხ-ი სამუშაოდან დათხოვნილი იყო შრომის კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით, ამდენად, მისი სარჩელი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტლებით მოსარჩელე ს. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის მოტივით.
რაიონულმა სასამართლომ დადასტურებულად სცნო ს. ხ-ის მხრიდან შრომის დისციპლინის დარღვევა და ამასთან კანონიერად მიიჩნია მისი შტატების შემცირების მოტივით გათავისუფლებაც, რაც მითითებული იყო ს. ხ-ის სამუშაოდან გათავისუფლების თაობაზე მიღებულ ბრძანებაში.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრით გაასაჩივრა აპელანტმა ს. ხ-მა თბილისის საოლქო სასამართლოში.
სააპელაციო საჩივრით აპელანტი მოითხოვდა რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებას იმაზე მითითებით, რომ მისი გათავისუფლება მოხდა კანონდარღვევით, მის მიმართ დისციპლინური ღონისძიების ზომები გამოყენებული არ ყოფილა, იგი გათავისუფლებული იქნა არაუფლებამოსილი პირის მიერ, რის გამოც მისი გათავისუფლების შესახებ ბრძანება ექვემდებარებოდა გაუქმებას.
სააპელაციო საჩივარს არ დაეთანხმა მოწინააღმდეგე მხარე, რომელმაც მიუთითა, რომ აპელანტის გათავისუფლებისას დაცული იქნა კანონის ყველა მოთხოვნა და ამდენად სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილებით ს. ხ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; გაუქმდა ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2003წ. 14 მარტის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, მოსარჩელე ს. ხ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის მოტივით.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრებული იქნა ს. ხ-ის მიერ, რომელმაც საკასაციო საჩივრის საფუძველზე მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის ხელახლა არსებითად განხილვის მიზნით იმავე სასამართლოში დაბრუნება.
კასატორი ძირითადად მიუთითებდა შემდეგ საფუძვლებზე: მისი სამსახურიდან დათხოვნისას დარღვეულ იქნა შკკ-ს მოთხოვნები. კერძოდ, ისე მოხდა კასატორის სამსახურიდან გათავისუფლება, რომ მის მიმართ გამოყენებული არ ყოფილა დისციპლინური ზემოქმედების ღონისძიებები, ადგილი არ ჰქონია შტატების შემცირებას, მიუხედავად აღნიშნულისა, გათავისუფლების ბრძანებას საფუძვლად დაედო სწორედ ზემოაღნიშნული ორი გარემოება.
აქვე კასატორი მიუთითებდა სასამართლოს მხრიდან შკკ-ს 204-ე მუხლის გამოყენების აუცილებლობაზე და აღნიშნავდა, რომ მოთხოვნა არ იყო ხანდაზმული, ვინაიდან, მიუხედავად მისი არაერთი მოთხოვნისა, არ ჩაბარებია ბრძანება და შრომის წიგნაკი, მასთან არ განხორციელებულა ანგარიშსწორება.
შესაბამისად, აღნიშნულზე მითითებით კასატორი ითხოვდა საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებას.

სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი საფუძვლიანია და დაკმაყოფილებული უნდა იქნეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო სასამართლომ ნაცვლად შკკ-სა, არასწორად გამოიყენა «საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, ვინაიდან, მასწავლებლებთან დაკავშირებული შრომითი ურთიერთობა ვერ მოექცევა «საჯარო სამსახურის შესახებ” კანონის რეგულირების ფარგლებში. იგი არ აკმაყოფილებს მითითებული კანონის I, მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 მუხლების მოთხოვნებს და შეყვანილი არ არის საქართველოს პრეზიდენტის 2001წ. 21 ივლისის ¹286 ბრძანებულებით დამტკიცებულ «საჯარო სამსახურის თანამდებობათა რეესტრში”.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო იზიარებს კასატორის განმარტებას და მიიჩნევს, რომ სასამართლოს მიერ საქმის გადაწყვეტილებისას გამოყენებული უნდა იქნეს შრომის კანონთა კოდექსი, რომლის 204-ე მუხლის I ნაწილი ხანდაზმულობის ვადის ათვლას პირდაპირ და იმპერატიულად უკავშირებს ბრძანების ჩაბარების მომენტს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმის ხელმეორედ განხილვისას, სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოკვლეული უნდა იქნეს გათავისუფლების თაობაზე გადმოცემული ბრძანების დადგენილი წესით ჩაბარების ფაქტი, რაც, თავის მხრივ სასამართლოს მისცემს სარჩელის შემდგომი ბედის გადაწყვეტის შესაძლებლობას.
ამასთან, მხარეთა უფლების დაცვის მიზნით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, რომელიც მისაწვდომი უნდა იყოს როგორც მხარეებისათვის, ისევე სასამართლოსათვის.
ყოველივე ზემოაღნიშნული, საკასაციო სასამართლოს აძლევს საფუძველს მიიჩნიოს, რომ საკასაციო საჩივარი ექვემდებარება დაკმაყოფილებას და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით უნდა დაუბრუნდეს თბილისის საოლქო სასამართლოს.

სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ს. ხ-ის საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;
2. გაუქმდეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 3 ივლისის გადაწყვეტილება და საქმე ხელახალი განხილვის მიზნით დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.