გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-62-257-კ-03 17 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის და მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 15 მარტს გ. ფ-მა სასარჩელო განცხადებით მიმართა თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიმართ და საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს მიერ მისი სამსახურიდან გათავისუფლების უკანონოდ ცნობა, შესაფერის თანამდებობაზე აღდგენა, სამსახურში იძულებითი არყოფნის და 1998 წლიდან 2000წ. 25 აგვისტომდე გაუცემელი ხელფასის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა.
2002წ. 22 აპრილს გ. ფ-მა დაზუსტებული სასარჩელო განცხადება წარადგინა და მოითხოვა: საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობა, შესაფერის თანამდებობაზე აღდგენა, სადავო ბრძანებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება (2000წ. 25 აგვისტოდან სასამართლო გადაწყვეტილების მიღებამდე მისი ყოველთვიური შემოსავლის _ 485,94 ლარის გათვალისწინებით), მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 1998 წლიდან 2000წ. 25 აგვისტომდე გაუცემელი ხელფასის 1639 ლარის და წარმომადგენლის დახმარების გამო გაწეული ხარჯის 400 ლარის გადახდის დაკისრება.
მოსარჩელემ სარჩელის დაკმაყოფილების საფუძვლად შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანება უფლებამოსილი პირის მიერ გამოცემული არ არის. ამასთან, შინაარსით, ფორმით და რეკვიზიტებით იგი კანონით დადგენილ მოთხოვნებს არ შეესაბამება. საგადასახადო კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ოპერატიული სამსახური საგადასახადო დეპარტამენტის შემადგენლობაში შედიოდა. მოგვიანებით, აღნიშნულ მუხლში ცვლილებების შეტანის შედეგად, ოპერატიული სამსახური საგადასახადო დეპარტამენტის შემადგენლობიდან გამოვიდა და 2000წ. 14 აპრილიდან საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შევიდა, რის შემდეგაც დეპარტამენტის თავმჯდომარეს მოხელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანების მიღების უფლება არ გააჩნდა.
მოსარჩელემ სასარჩელო განცხადებაში აგრეთვე მიუთითა, რომ სადავო ბრძანება მას კანონით დადგენილი პირობებით და ვადაში არ ჩაბარებია. ამასთან, ის არ არის დაფუძნებული კანონით განსაზღვრულ ფაქტებსა და მტკიცებულებებზე. Mმისი მომზადებისას დარღვეულ იქნა “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 97-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რომლის თანახმად “მოხელე არ შეიძლება გაათავისუფლონ სამსახურიდან, თუ იგი თანახმაა დაინიშნოს სხვა თანამდებობაზე.”ასევე, ამავე კანონის 110-ე მუხლისა და შკკ-ს 41-ე მუხლის მოთხოვნები. უკანონო ბრძანებით უშუალო ზიანი მიადგა მას და მის ოჯახს, რაც გამოიხატა მისი ყოველთვიური ანაზღაურების 485,94 ლარის დაკარგვაში. მოპასუხეს მის მიმართ აქვს სახელფასო დავალიანება 1998 წლიდან 2000წ. 25 აგვისტომდე, 1639 ლარის ოდენობით.
თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 26 ივნისის განჩინებით საქმეში მესამე პირებად ჩაბმულ იქნენ საგადასახადო დეპარტამენტი და საგადასახადო ლეგიონი.
საქართველოს პრეზიდენტის 2002წ. 26 მაისის ¹261 ბრძანებულებით ძალადაკარგულად ჩაითვალა “საქართველოს საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2000წ. 30 ივნისის ¹280 ბრძანებულება. განხორციელდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის ლიკვიდაცია, აგრეთვე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოების ფინანსთა სამინისტროს გამგებლობაში გადაცემა და მათი შემდგომი რეორგანიზაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. შეიქმნა საგადსახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისია ფინანსთა მინისტრის თავმჯდომარეობით.
აღნიშნული ბრძანებულების საფუძველზე, მოსარჩელის თანხმობით მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო შეიცვალა უფლებამონაცვლე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიით.
2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიას გ. ფ-ის სასარგებლოდ დაეკისრა 1998-2000 წლებში გაუცემული სახელფასო დავალიანების 1638,42 ლარის გადახდა. გ. ფ-ის სარჩელი მისი სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ, როგორც არასათანადო მოპასუხის მიმართ წარდგენილი, არ დაკმაყოფილდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ფ-მა სააპელაციო წესით ნაწილობრივ გაასაჩივრა და მისი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება მოითხოვა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სახელფასო დავალიანების მიპასუხისათვის დაკისრების ნაწილში არ გასაჩივრებულა არც ერთი მხარის მიერ. აპელანტმა გ. ფ-მა შემდეგ გარემოებებზე მიუთითა:
ის გარემოება, რომ საგადასახადო დეპარტამენტი მოპასუხის საქვეუწყებო დაწესებულებას წარმოადგენს, სასამართლოს არანაირ საფუძველს არ აძლევდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისია არასათანადოდ ეღიარებინა. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს დებულების შესაბამისად საგადასახადო დეპარტამენტი უშუალოდ შედის სამინისტროს სისტემაში. სადავო ბრძანების გამოცემის საფუძველს საგადასახადო შემოსავლების მინისტრის 2000წ. 14 აგვისტოს ბრძანება და მინისტრის მოადგილის 2000წ. 24 აგვისტოს წერილი წარმოადგენდა. კანონშეუსაბამოა სასამართლოს მიერ სამინისტროს, შემდგომში მისი სალიკვიდაციო კომისიის არასათანადო მოპასუხედ გამოცხადება. სასამართლოს მიერ იგნორირებულ იქნა კანონმდებლობის ის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად საქმეში ჩართულ მესამე პირს “ეკისრება მოპასუხის ყველა მოვალეობა”, ანუ საგადასახადო დეპარტამენტი პროცესში ჩაბმის მომენტიდან საქმეში მონაწილეობდა მოპასუხის ყველა უფლება-მოვალეობით და შესაბამისად, აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, იგი ისევე აგებდა სარჩელის მოთხოვნებზე პასუხს, როგორც საგადასახადო შემოსავლების სამინისტრო, შემდგომში მისი სალიკვიდაციო კომისია.
სააპელაციო სასამართლოში საქმის მთავარ სხდომაზე განხილვისას გ. ფ-მა თავისი მოთხოვნა შეამცირა და მიუთითა, რომ სამუშაოზე აღდგენას აღარ მოითხოვდა.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილებით გ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად გამოცხადების, სამუშაოზე აღდგენის, განაცდურისა და ზიანის ანაზღაურების შესახებ მოსარჩელის მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა ხანდაზმულობის გამო.
სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებებზე დააფუძნა:
ვინაიდან სააპელაციო სასამართლო გადაწყვეტილებას ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, მხოლოდ სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ამოწმებს, შესაბამისად თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომელიც არ გასაჩივრებულა, შემოწმების გარეშე რჩება ძალაში, ხოლო აპელანტის მოთხოვნა, საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2000წ. 25 აგვისტოს ბრძანების ბათილად ცნობისა და 2000 წლიდან ყოველთვიური შემოსავლის 485,94 ლარის გათვალისწინებით ზიანის ანაზღაურების შესახებ, არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან გასულია “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის 127-ე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ხანდაზმულობის ვადა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ფინანსთა სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიამ საკასაციო წესით მოსარჩელის მიერ მიუღებელი სახელფასო დავალიანების მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში გაასაჩივრა.
კასატორი აღნიშნავს, რომ “საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად მოხელის სამსახურიდან გათავისუფლებისას მასთან ანგარიშვალდებულია ის დაწესებულება, სადაც იგი მუშაობდა. ვინაიდან მოსარჩელე მუშაობდა საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის ოპერატიული სამსახურის დაცვისა და უზრუნველყოფის სამმართველოში, ამდენად საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო კომისიაზე სახელფასო დავალიანების დაკისრება არამართებულია.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი ითხოვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ნაწილში და მოსარჩელისათვის სარჩელის სრულად დაკმაყოფილებაზე უარის თქმას.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა და თვლის, რომ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ სააპელაციო სასამართლომ თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 31 ივლისის გადაწყვეტილების კანონიერება შეამოწმა აპელანტ გ. ფ-ის სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, რადგან ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილისა და სსკ-ს 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით, რაც მითითებულია სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში. კერძოდ, რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება გ. ფ-ის სასარგებლოდ საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიისათვის 1998-2000 წლების გაუცემელი სახელფასო დავალიანების _ 1638,42 ლარის დაკისრების ნაწილში არც მოსარჩელე გ. ფ-ს და არც მოპასუხე საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიას არ გაუსაჩივრებია. ამდენად, ამ ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული.
სსკ-ს 264-ე მუხლის პირველი ნაწილის “ბ” ქვეპუნქტის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შედის სააპელაციო (ან საკასაციო) წესით გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც დასაშვებია გადაწყვეტილების სააპელაციო (ან საკასაციო) გასაჩივრება, თუ იგი არ იყო ამ წესით გასაჩივრებული. ამავე კოდექსის 265-ე მუხლის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება ან შეცვლა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში და იმ წესით, რაც დადგენილია ამ კოდექსის 421-432 მუხლებით. ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე გ. ფ-ის მიერ 1998-2000 წლებში მიუღებელი ხელფასის 1638,42 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში, იგი აპელაციის წესით არ გასაჩივრებულა და ამდენად შეუძლებელია ამ ნაწილში საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის საკასაციო საჩივრის დაშვება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ს 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს ცენტრალური აპარატის სალიკვიდაციო სამთავრობო კომისიის საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნეს მიჩნეული.
2. უცველელი დარჩეს თბიოლისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 2003წ. 28 იანვრის გადაწყვეტილება.
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.