გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-64-259-კ-03 1 სექტემბერი, 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ბ. კობერიძე (თავმჯდომარე),
მ. ვაჩაძე,
ნ. ქადაგიძე
სარჩელის საგანი: შეცდომით გადარიცხული თანხის უკან დაბრუნება.
აღწერილობითი ნაწილი:
2002წ. 5 აპრილს სააქციო საზოგადოება “ბ-მ” სარჩელით მიმართა ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოს მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის მიმართ და მოითხოვა ამ უკანასკნელისათვის მათ სასარგებლოდ 1586,66 ლარის გადახდის დაკისრება.
სასარჩელო განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ 2001წ. 26 დეკემბერს სს “ბ-მ” ¹104 საგადასახადო დავალებით შეცდომით გადარიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹023103423 ანგარიშზე თავისი კუთვნილი თანხა 1427,66 ლარი.
მოსარჩელის არაერთი წერილობითი მოთხოვნის მიუხედავად, მოპასუხეს ზემოაღნიშნული თანხა არ დაუბრუნებია იმ მოტივით, რომ ფინანსთა სამინისტროს არ ჰქონდა გამოცემული ნორმატიული აქტი ცენტრალურ ბიუჯეტში ზედმეტად ჩარიცხული თანხების დაბრუნების თაობაზე. სარჩელში ასევე მითითებული იყო იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა გამოიწვია მოსარჩელეზე საურავის, 159 ლარის, დარიცხვა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მიიჩნია, რომ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის უარი თანხის დაბრუნებაზე იყო უსაფუძვლო და სს “ბ-ს” სასარგებლოდ მოპასუხეს უნდა დაკისრებოდა შეცდომით გადარიცხული და საურავის სახით დარიცხული თანხა, სულ _ 1586,66 ლარი.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა სს “ბ-ს” სარჩელი და მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ შეცდომით, ანუ ზედმეტად გადარიცხული თანხის _ 1427,66 ლარის, აგრეთვე, სს “ბ-ს” მიერ საურავის სახით გადახდილი 159 ლარის უკან დაბრუნება.
ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილება თბილისის საოლქო სასამართლოში სააპელაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ. აპელანტმა ჩათვალა, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება კანონმდებლობის დარღვევით იყო გამოტანილი, ამასთანავე, იყო იურიდიულად დაუსაბუთებელი და მოითხოვა აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება.
თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილებით ფინანსთა სამინისტროს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ვაკე-საბურთალოს რაიონული სასამართლოს 2002წ. 28 მაისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; სს “ბ-ს” სარჩელი დაკმაყოფილდა, კერძოდ, ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს მოსარჩელე სააქციო საზოგადოება “ბ-ს” სასარგებლოდ დაეკისრა 1427,66 ლარის დაბრუნება.
აღნიშნული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ფინანსთა სამინისტრომ და მოითხოვა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილების იმ ნაწილის გაუქმება, რომლითაც ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს დაეკისრა 1427,66 ლარის გადახდა სს “ბ-ს” სასარგებლოდ.
კასატორმა საკასაციო საჩივრის საფუძვლად მიუთითა ის გარემოება, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, კერძოდ, აღნიშნული საკითხი რეგულირდება საგადასახადო კოდექსის 240-ე მუხლით, ხოლო სასამართლო თავისი მსჯელობისას დაეყრდნო სკ-ს 976-ე მუხლს, რაც არასწორია, ვინაიდან სახეზეა საგადასახადო ურთიერთობა, ხოლო საგადასახადო კოდექსის მე-4 მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, აკრძალულია არასაგადასახადო კანონმდებლობით ისეთი საკითხების დარეგულირება, რომლებიც დაკავშირებულია გადასახადებით დაბეგვრასთან.
კასატორმა საკასაციო საჩივრით ითხოვა ახალი გადაწყვეტილების გამოტანა, რომლითაც არ დაკმაყოფილდება სს “ბ-ს” სარჩელი.
სამოტივაციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა ზეპირი მოსმენის გარეშე გაეცნო საქმის მასალებს, შეამოწმა გასაჩივრებული გადაწყვეტილებისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობა, რის შემდეგაც მივიდა დასკვნამდე, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილ ფაქტობრივ გარემოებას, რომ სს “ბ-მ” ¹104 საგადასახადო დავალებით შეცდომით გადარიცხა ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ¹... ანგარიშზე მისი კუთვნილი თანხა 1427,66 ლარი.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა კონკრეტულ სადავო ურთიერთობასთან მიმართებაში, ანუ ამ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ სწორად გამოიყენა სკ-ს 976-ე მუხლი, რომლის თანახმად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სს “ბ-ს” არ გააჩნდა არანაირი საგადასახადო ვალდებულება, რომ მოპასუხე ფინანსთა სამინისტროს ზემოთ მითითებულ ანგარიშზე ჩაერიცხა სადავო თანხა. ვინაიდან სადავო თანხის ჩარიცხვა მოხდა შეცდომის გამო, ამიტომ სს “ბ.” უფლებამოსილია მოითხოვოს ვითომ კრედიტორისაგან (მიმღებისაგან) _ ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან _ აღნიშნული თანხის უკან დაბრუნება.
საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ სწორად მიუთითა სს “ბ-ს” დისპოზიციურობის პროცესუალური შეუზღუდაობის მომენტზე, შეამცირა რა სარჩელის ფასი სადავო თანხაზე დარიცხული საურავის (159 ლარი) ოდენობით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ გადასახადებით დაბეგვრა ყოველთვის გამომდინარეობს საგადასახადო ორგანოსა და გადამხდელს შორის არსებული შესაბამისი საგადასახადო უფლება-მოვალეობებიდან. ამიტომ, რადგანაც მოცემულ მხარეებს შორის არ არსებობდა არანაირი საგადასახადო ურთიერთობა და არც შესაბამისი უფლება-მოვალეობები, ამ შემთხვევაში საგადასახადო კანონმდებლობის გამოყენებაზე მითითება არასწორია და არ გამომდინარეობს საქმის გარემოებებიდან.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორ ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს უსაფუძვლობის გამო.
სარეზოლუციო ნაწილი:
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ფინანსთა სამინისტროს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2003წ. 7 აპრილის გადაწყვეტილება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.