გ ა ნ ჩ ი ნ ე ბ ა
¹ ბს-74-268-კ-03 16 ოქტომბერი 2003 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციული და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი,
ნ. ქადაგიძე
დავის საგანი: კომისიის აქტის აღსრულება, მიწის ნაკვეთის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება.
აღწერილობითი ნაწილი:
25.07.02წ. ო. შ-ემ სარჩელით მიმართა სამტრედიის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე – სოფ. გორმაღლის საკრებულოს თავმჯდომარის მიმართ, მოსარჩელე აღნიშნავდა, რომ ცხოვრობს სამტრედიის რაიონის სოფ. ..., სოფლის გამგებელმა – ზ. ლ-ემ უკანონოდ მიანიჭა დ. ზ-ს მიწის მიმღებ კომლთა პირველი კატეგორია და გადასცა საკუთარებაში მის მეზობლად არსებული ნაკვეთი. დ. ზ-მა გააუქმა ნაკვეთზე გამავალი, მოსარჩელის ეზოსა და ჩაის პლნტაციის დამაკავშირებელი ოთხი მეტრის სიგანის გზა. რაიონის მიწის მართვის სამმართველოს მიერ შეიქმნა კომისია რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და რაიონის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს სპეციალისტების, ასევე სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის შემადგენლობით. კომისია ადგილზე ნაკვეთის და დოკუმენტების შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ დ. ზ-ი ძირითადი ოჯახიდან ცალკე კომლად გამოყოფილია პრივატიზაციის დაწყებამდე. 21.09.92წ. .... მევენახეობის სახელმწიფო მეურნეობის დირექტორის ¹100 ბრძანებით დ. ზ-ი მიღებული იქნა მეურნეობაში სეზონურ მუშად, რის გამო იგი განეკუთვნება მიწის მიმღებ კომლთა მე-2 კატეგორიას, შესაბამისად მას პირველი კატეგორიის კომლის კუთვნილი 1.02 ჰა მიწის ნაკვეთის ნაცვლად უნდა გამოყოფოდა 7. 500მ2 ნაკვეთი. მეორე კატეგორიას განეკუთვნება აგრეთვე ქ. გ-ე, რომელიც ნაცვლად 8400მ2 ფლობს 7500მ2 მიწის ფართობს. კომისიამ 03.07.01წ. აქტით დაადგინა, რომ დ. ზ-ის სარგებლობაში არსებული სადავო 1200 მ2 მიწის ნაკვეთზე აღდგენილი იყო სახელმწიფო ფონდში დარჩენილი ჩაის პლანტაციასთან დაკავშირებული აუცილებელი გზა. აქტის მიხედვით ნაკვეთი უნდა დარჩენილიყო სახელმწიფო ფონდში, მისი სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის საკითხი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ უნდა გადაწყვეტილიყო. ქ. გ-ეს და დ. ზ-ს დაევალათ სარგებლობაში არსებული ზედმეტი მიწის ფართზე კანონმდებლობით დადგენილი წესით სარგებლობის უფლების გაფორმება. მოსარჩელემ აღნიშნა, რომ კომისიის 03.07.01წ. აქტი, მისი და კომპეტენტური ორგანოების არაერთი მიმართვის მიუხედავად, არ სრულდება სოფლის საკრებულოს თავმჯდომარის მიერ.
რაიონულ სასამართლოში საქმის განხილვის დროს თანამოსარჩელედ საქმეში ჩაება ო. შ-ის მეუღლე _ ქ. გ-ე. სამტრედიის რაიონული სასამართლოს 15.11.02წ. გადაწყვეტლებით ო. შ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, სოფ. გორმაღლის საკრებულოს დაევალა სამტრედიის რაიონის მიწის მართვის სამმართველოსა და სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამმართველოს 03.07.01წ. აქტის დაუყოვნებლივი აღსრულება, კერძოდ, სადავო 0,12 ჰა მიწის ნაკვეთზე მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმება და სადავო ნაკვეთის სახელმწიფო ფინდში დატოვება; ნაკვეთზე აუცილებელი გზის გაყვანა სახელმწიფო ფონდის ჩაის ფართობამდე მისასვლელად; ნაკვეთის სარგებლობაში ან საკუთრებაში გაცემის საკითხის გადაწყვეტა; სასამართლომ ქ. გ-ეს და დ. ზ-ს დაავალა ზედმეტი მიწის ფართის სარგებლობის გაფორმება. სასამართლომ მიიჩნია, რომ დ. ზ-ი განეკუთვნება მეორე კატეგორიის კომლს, რის გამო უნდა ფლობდეს 7500 მ2 მიწის ნაკვეთს. მიუღებლად იქნა მიჩნეული საკრებულოს წარმომადგენლის მოსაზრება კომისიის 03.07.01წ. აქტის უკანონობის შესახებ, ვინაიდან აქტის კანონიერება სადავო არ გამხდარა, სზაკ-ს მე-5-ე, 164-ე მუხლების თანახმად, ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით უფებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს კანონიერი მოთხოვნა სავალდებულოა შესასრულებლად.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 15.11.02წ. გადაწყვეტლება სააპელაციო წესით გასაჩივრდა დ. ზ-ის მიერ. ქუთაისის საოლქო სასამართლოს 22.04.03წ. გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 15.11.02წ. გადაწყვეტილების შეცვლით მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება, ო. შ-ის და ქ. გ-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ კომისია არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, კომისიის მიერ მიღებული 03.07.01წ. აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემულ ადინისტრაციულ აქტს, რის გამო უსაფუძვლოა სზაკ-ს 164-ე მუხლის საფუძველზე მისი აღსრულების მოთხოვნა.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.04.03წ. გადაწყვეტილება საკასაციო წესით გასაჩივრდა ო. შ-ისა და ქ. გ-ის მიერ. კასატორები არ ეთანხმებიან სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებას იმის შესახებ, რომ აქტი არ იყო შედგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. სპეციალისტები ადგილზე გავიდნენ განცხადებაში მოყვანილი ფაქტების გადასამოწმებლად, აქტი შედგა დარღვევის აღმოჩენის შედეგად, აქტი საფუძვლად დაედო მხარეებისათვის და საკრებულოსათვის გადაგზავნილ მიწის მართვის სამმართველოს 23.07.01წ. ¹36 და 18.03.02წ. ¹79 წერილებს, მიწის მართვის სამმართველოს მიერ შექმნილი დოკუმენტები სრულად პასუხობს სზაკ-ს მე-2 მუხლის 1 ნაწილის «დ” ქვეპუნქტის მეორე და მესამე წინადადებების მოთხოვნაბს. სზაკ-ს 162-ე მუხლის 1 ნაწილის მიხედვით ადმინისტრაციულ აქტს აღასრულებს მისი გამოცემი ორგანო, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ადმინისტრაციული აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქველდგომმა ან სხვა ოერგანომ. დავის საგანს წარმოადგენს არა მხოლოდ 03.06.01წ. აქტის აღსრულება. არამედ მიწის მართვის სამმართველოს წერილების აღსრულებაც. თუ კომისიის 03.06.01წ. აქტი არ წარმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, ასეთად უნდა იქნეს მიჩნეული მიწის მართვის სამმართველოს მიმართვები. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს არა კომისიის 03.06.01წ. აქტის და მიწის მართვის სამმართველოს მიმართევების კანონიერებას, რომლებიც არ ცვლიან მოთხოვნის მატერიალურ ნაწილს, არამედ სამართლებრივ შედეგს. ამდენად, კანონიერია აქტში მოყვანილი დარღვევების აღმოფხვრის დავალდებულება სოფ. გორმაღლის საკრებულოსათვის.
კასატორები არ ეთანხმებიან აგრეთვე სააპელაციო სასამართლოს მითითებას იმის შესახებ, რომ სადავო 1200მ2 მიწის ნაკვეთი დ. ზ-ს გადაცემული ჰქონდა საკუთრების უფლებით. მიწის მიღება-ჩაბარების აქტში მითითებულია, რომ მიწის ნაკვეთი გამოყოფილია სარგებლობის და არა საკუთრების უფლერბით, სადავო ნაკვეთი არ არის რეგისტრირებული საჯარო რეესტრში დ. ზ-ის სახელზე. ამასთანავე, დ. ზ-ი განეკუთვნება მიწის მიმღებ კომლთა მე-2 კატეგორიას, რის გამო ნაკვეთის ოდენობა მას კანონით დადგენილი წესით უნდა შეუმცირდეს.
სააპელაციო სასამართლოს უნდა ემსჯელა აქტის აღსრულებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, მიუხედავად ამისა სასამართლო შეეხო აქტის კანონიერების საკითხს, ცნო ის უკანონოდ, რისი უფლებაც მას არ ჰქონდა, ვინაიდან სზაკ-ს 22-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაიული აქტის კანონიერების საკითხის გადაწყვეტა პირველი ინსტანციის სასამართლოს კომპეტენციას განეკუთვნება. უკანონოა აგრეთვე ქ. გ-ეზე 01.04.98წ. ¹62 გაცემული მიღება-ჩაბარების აქტი, ვინაიდან აწ გარდაცვლილი თ. შ-ის კომლის მემკვიდრე ანდერძის საფუძველზე არის ო. შ-ე, რის გამო კასატორები ითხოვენ 01.04.98წ. ¹62 მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას და ო. შ-ის სახელზე ახალის გაცემას, საქმეში სამტრედიის მიწის მართვის სამმართველოს ჩართვას, სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას, სარჩელის დაკმაყოფილებას.
საქმის განხილვის პროცესში კასატორებმა მხარი დაუჭირეს საკასაციო საჩივარს და ითხოვეს მისი დაკმაყოფილება. მოწინააღმდეგე მხარემ _ სამტრედიის რაიონის სოფ. .... საკრებულოს წარმომადგტენელმა და დ. ზ-მა საკასაციო საჩივრის საფუძვლები არ ცნეს და ითხოვეს საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა უსაფუძვლობის გამო, სააპელაციო პალატის გასაჩივრებული გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების შესწავლის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების, გასაჩივრებული გადაწყვეტილების კანონიერების შემოწმების შედეგად თვლის, რომ საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
საკასაციო სასამართლო ეთანხმება სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ კომისიის 03.06.01წ. აქტი არ წატმოადგენს ადმინისტრაციულ აქტს, იგი არ პასუხობს სზაკ-ს 52-ე მუხლის მოთხოვნებს, არ შეიცავს სზაკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპუნატით გათვალისწინებულ ადმინისტრაციული აქტის ლაგალური დეფინიციის ელემენტებს. კერძოდ, აქტი არ არის გამოცემული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, აქტის შემდგენელი კომისია არ არის საჯარო სამართლებრივი უფებამოსილებით აღჭურვილი ორგანო, ვინაიდან არ გამოცემულა რაიმე სამართლებრივი აქტი, რომელიც განსაზღვრავდა კომისიის შემქნას, კომპეტენციას, მისი მოქმედების სივრცეს და ვადებს. არ არსებობს აგრეთვე აქტის გამოცემის საკანონმდებლო საფუძველი. კომისიის 03.06.01წ. აქტი არ ახდენს პირის ან პირთა წრის უფლებებისა და მოვალეობების დადგენას, რამდენადაც კომისიის შექმნა მიზნად ისახავდა მხოლოდ საკითხის შესწავლას, კომისიის აქტს შეიძლება ჰქონოდა მხოლოდ ფაკულტატური, სარეკომენდაციო და არა იმპერატიული ხასიათი. აღნიშნულიდან გამომდინარე, კომისიის აქტის აღსრულების მოთხოვნა არ ემყარება კანონმდებლობის მოთხოვნებს, უმართებულოა კასატორის მითითება სზაკ-ს 162-ე მუხლის მე-2 ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაიული აქტის გამომცემი ორგანოს დავალებით ადმინისტრაციული აქტის აღსრულება შეიძლება განახორციელოს ქვემდგომმა ან სხვა ადმინისტრაციულმა ორგანომაც. «ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ” ორგანული კანონის მე-61 მუხლის თანახმად სახელმწიფო ორგანოს მიერ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსათვის დავალების მიცემა დასაშვებია მხოლოდ სახელმწიფო ო-ორგანოს მიერ დელეგირებული უფლებამოსილების მიმართ, სამკაციანი კომისიის შემადგენლობაში შეყვანილი გორმაღლის საკრებულოს თავმჯოდომარეს, ხელი არ მოუწერია კომისიის აქტისათვის, ვინაიდან არ ეთანხმებოდა მის შინაარს. ამასთანავე, სზაკ-ს 173-ე მუხლის თანახმად, ადმინისტრაციული აქტის აღსრულებასთან დაკავშირებით სზაკ-ს დებულებანი არ ვრცელდება ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოთა მიმართ.
საკასაციო პალატა არ იზიარებს საკასაციო საჩივარში მოყვანილ მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სზაკ-ს მე-2 მუხლის პირველი ნაწილის «დ” ქვეპყუნქტის მე-2 და მე-3 წინადადებების მიხედვით მიწის მართვის სამმართველოს მიმართვები წარმოადგენენ ადმინისტრაციულ აქტებს. სასარჩელო განცხადებით ო. შ-ე და ქ. გ-ე ითხოვდნენ კომისიის აქტის და არა 23.07.01წ. და 18.03.02წ. წერილების აღსრულებას, ამასთანავე, ხსენებული წერილები ეყრდნობიან კომისიის აქტს, ინფორმაციულ ხასიათს ატარებენ და არ იწვევენ რაიმე სამართლებრივ შედეგს. კომისიის 03.06.01წ. აქტი ვერ დაედებოდა საფუძვლად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემას, ვინაიდან სადავო მიწის ნაკვეთი იმყოფება დ. ზ-ის საკუთრებაში, საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის მიხედვით საკუთრების უფლების ჩამორთმევა შესაძლებელია მხოლოდ კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირის საკუთრებაში მყოფი მიწის ნაკვეთის ჩამორთმევა ადმინისტრაციული აქტის გამოცემით არ დაიშვება, უფლებამოსილების გადამეტებით გამოცემულ აქტს ან ქმედებას, სზაკ-ს 5.3. მუხლის თანახმად, არ აქვს იურიდიული ძალა.
პალატა არ იზიარებს კასატორის მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სადავო აქტი იმყოფება დ. ზ-ლის სარგებლობაში. დ. ზ-ზე 01.04.98წ. გაცემული ¹62 მიღება-ჩაბარების აქტი, მინისტრთა კაბინეტის 28.06.93წ. ¹503 დადგენილების თანახმად, წარმოადგენს მიწათსარგებლობის უფლების დამადასტურებელ სახელმწიფო აქტის გაცემის ერთადერთ საფუძველს, ამასთანავე, «სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ” კანონის ამოქმედების თაობაზე” საქართველოს პარლამენტის 22.03.96წ. დადგენილებით საქართველოს მოქალაქეთა კომლებისათვის გაცემული მიწის ნაკვეთები გამოცხადდა მათ კერძო საკუთრებად. საქართველოს პრეზიდენტის 16.05.99წ. ¹327 ბრძანებულების თანახმად, მიწის მიღება-ჩაბარების აქტი წარმოადგენს სასოპფლო-სამეურნეო დაიშნულების მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების რეგისტრაციის საფუძელს. «მიწის (უძრავი ქონების) საკუთრების სარეგისტრაციო მოწმობის” მიხედვით ნაკვეთი დ. ზ-ის ოჯახის საკუთრებაში არის რეგისტრირებული.
საფუძველს მოკლებულია აგრეთვე კასატორის მოსაზრება იმის შესახებ, რომ დ. ზ-ი განეკუთვნება მიწის მიმღებ კომლთა მე-2 და არა პირველ კატეგორიას. დ. ზ-ი მინისტრთა კაბინეტის 06.02.92წ. ¹128 დადგენილების თანახმად მიწის პრივატიზაციის დაწყებამდე, 1984 წელს ჩამოყალიბდა ცალკე კომლად, 1992წ. 1 იანვრისათვის და მის შემდეგ იგი არის სოფლად მუდმივად მცხოვრები და სოფლის მეურნეობაში დასაქმებული პირი, სოფლის მეურნეობის სპეციალიეტი, საქმიანობის საზონური ხასიათი თვით სოფლის მეურნეობის სპეციფიკით არის განპირობებული. ამდენად, მინისტრთა კაბინეტის 18.01.92წ. ¹48, 10.03.92წ. ¹290 დადგენილებების თანახმად, დ. ზ-ი განეკუთვნება მიწის მიმღებ კომლთა პირველ კატეგორიას.
საკასაციო პალატა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ქ. გ-ე 01.04.98წ. გაცემული ¹62 მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმების, ო. შ-ის სახელზე ახალი აქტის გაცემის მოთხოვნა არ წარმოადგენდა დავის საგანს ქვედა ინსტანციის სასამართლოებში, სასარჩელო განცხადებით ო. შ-ე, ქ. გ-ე ითხოვდნენ კომისიის 03.07.01წ. აქტის აღსრულებას, კერძოდ, დ. ზ-ისათვის პირველი კატეგორიის ნაცვლად მიწის მიმღებ კომლთა მე-2 კატეგორიის მიკუთვნებას, 1200 მ2 მიწის ნაკვეთის ჩამორთმევას და სახელმწიფო ფონდში ჩარიცხვას, ჩაის პლანტაციამდე მისასვლელი გზის აღდგენას, დ. ზ-ზე გაცემული მიწის მიღება-ჩაბარების აქტის გაუქმებას. სსკ-ს 406-ე მუხლის თანახმად, დავის საგნის შეცვლა ან გადიდება საკასაციო ინსტანციის სასამართლოში დაუშვებელია. ამდენად, საკასაციო პალატა ვერ იქონიებს მსჯელობას საკასაციო საჩივრის აღნიშნულ მოთხოვნაზე.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო სასამართლომ ხიელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, სსკ-ს 390-ე, 399-ე, 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ო. შ-ის და ქ. გ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა პალატის 22.04.03წ. გადაწყვეტილება.
2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.